,,სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ
ბავშვის ძვლოვანი სისტემის სიჯანსაღე ბევრად განაპირობებს ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობას. ძვლების სიძლიერე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გენეტიკაზე, ფიზიკურ აქტივობასა და კვებაზე. ალბათ ბევრ მშობელს დააინტერესებს, რა უნდა ჩართოს შვილის რაციონში, რომ მისი ძვლების სიჯანსაღე უზრუნველყოს. მაშ, ასე:
მწვანე ფერის ბოსტნეული – მდიდარია ა ვიტამინითა და ფოსფორით, ასევე მცენარეული ბოჭკოებით, ომეგა 3-ით, ცხიმოვანი მჟავებითა და ბეტა კაროტინით. ეს ნივთიერებები მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვის ძვლოვან სისტემას და მის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები სასარგებლოა ჩვენი შვილების თმისა და ფრჩხილებისთვისაც.
შავი ქლიავი – მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. გამოირჩევა ა და კ ვიტამინების შემცველობით. 6 თვის განმავლობაში რეგულარულად დღეში 5-6 ცალი შავი ქლიავის მიღება ძვლებისთვის უებარი წამალია.
თხილეული – ცილებისა და მაგნიუმის არაჩვეულებრივი წყაროა, რომლებიც უზრუნველყოფს ძლიერ ძვლოვან სისტემას.
ცხიმიანი თევზი – დე ვიტამინის საბადოა. ამ ვიტამინის წყალობით, ორგანიზმი კალციუმს (რომელიც ძვლებისთვის აუცილებელია) ადვილად შეითვისებს. რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ ბავშვის რაციონში თევზეულის ჩართვა. ეს კოლაგენის გამომუშავებასაც უწყობს ხელს და კანის უჯრედებსაც აღადგენს.
ატმის წვენი – გარდა იმისა, რომ ატამი მდიდარი კვებითი ღირებულების პროდუქტია, დადებით როლს ასრულებს ძვლოვანი სისტემის სწორად ფორმირებაში. ამას ატმის ნატურალურ წვენში არსებული ფტორი, კალციუმი, მაგნიუმი და ფოსფორი განაპირობებს.
კივი – ეს გემრიელი და სასარგებლო ხილი უზრუნველყოფს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით, ცე ვიტამინით, მინერალებით, მაგნიუმით, კალციუმითა და თუთიით. თუ ბავშვი კივის რეგულარულად ჭამს, უმჯობესდება მისი ძვლების ჯანმრთელობა და სტრუქტურა, ძლიერდება კუნთები.
კვერცხი – ძვლოვანი სისტემისთვის აუცილებელი პროდუქტია. ეხმარება კალიუმისა და მაგნიუმის სინთეზს. ასევე ორგანიზმს კალციუმის სრულფასოვნად შეთვისებაშიც ეხმარება. ეს ყველაფერი კი სასარგებლოა როგორც ძვლებისთვის, ისე კბილებისა და კუნთებისთვის. ამიტომ აუცილებელია შვილების რაციონში რეგულარულად ჩავრთოთ ხილ-ბოსტნეული, თხილეული, თევზი, ბურღულეული.
გარდა ამისა, ეცადეთ, ბავშვი ფიზიკურად აქტიური იყოს, დაკავდეს სპორტით. ეს ყველაფერი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის.

