,,მინდოდა, სადისტი მამისგან გავქცეულიყავი და სადისტ ქმართან აღმოვჩნდი”

,,მინდოდა, სადისტი მამისგან გავქცეულიყავი და სადისტ ქმართან აღმოვჩნდი"

მგონი, მართალია, როცა ამბობენ, ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ, ვირჩევით მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს გონებაშიო. რამის შეცვლა რომ შემეძლოს, სწორედ ამას შევცვლიდი, ჩემი გონებიდან იმ ადამიანს ამოვიგდებდი, რომელმაც ფაქტობრივად ცხოვრება დამიმახინჯა.

შეიძლება ვინმემ ისიც კი თქვას, მამაზე ასეთ ცუდ რაღაცებს როგორ წერო, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ის არის. მე რომ სხვა ოჯახში დავბადებულიყავი, ახლა სულ სხვანაირი ვიქნებოდი.

მამა იყო უმკაცრესი, მაგრამ ზოგჯერ ხალხის დასანახად ყურადღებიანი მამიკოს როლს თამაშობდა. მაღაზიაში რომ შემიყვანდა, მკითხავდა, მამიკო, რა გიყიდოო. რა უნდა მომეთხოვა კაცისგან, რომელიც უსუსურ ბავშვსაც კი მცემდა?! მხრებაწურული ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი.

სახლში მუდმივად გაბრაზებული იყო, წარბშეკრული დადიოდა, ხმას ვერავინ იღებდა. რაღაც თუ არ მოეწონებოდა, გარეთ მიშვებდა, კარს მომიხურავდა და მაიძულებდა, კართან ვმდგარიყავი. მეზობლებმა ბევრჯერ დამინახეს, იცოდნენ, რომ ასე მამაჩემი მსჯიდა, მაგრამ არავინ შემომეშველა. არასოდეს არავის უთქვამს მამაჩემისთვის, კაცი ხარ და ასეთ რამეს როგორ აკეთებო. შეიძლება მათაც ეშინოდათ და ერთი პატარა გოგოს გამო მისი გადამტერება არ უღირდათ.

ვერც დედაჩემი მიცავდა ამ კაცისგან, რადგან თვითონ იყო დასაცავი და გასაცოდავებული. ერთ მაგალითს მოგიყვებით. დედაჩემის ძმის ქორწილი იყო. დედამ ადრიანად დაიწყო მზადება, რომ ლამაზად ყოფილიყო. იმ დღეს გამოიპრანჭა და უკვე სახლიდან რომ უნდა გავსულიყავით, მამაჩემმა რაღაცაზე შარი მოსდო, ძალიან ეჩხუბა. ბოლოს კი უბრძანა, კაბა გაიხადე და სახლში დარჩი, არსადაც არ წავალთო.

დედაჩემი ხმამაღლა ტიროდა, ამას როგორ მიკეთებ, მთელი ჩემი ოჯახი მელოდება და ძმის ქორწილში წაუსვლელობა როგორ შეიძლებაო. მამაჩემმა კაბა ძალით გახადა, თვითონაც გაიხადა ტანსაცმელი, ტელევიზორი მაღალ ხმაზე ჩართო და დედაჩემს უბრძანა, სადილი გაეკეთებინა.

იმ დღეს დედაჩემის საცოდაობით გული მომიკვდა. აღარ ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა. მამაჩემი იმის უფლებასაც კი არ აძლევდა, რომ ხმამაღლა ეტირა. საწყალი ქალი გაზქურასთან იდგა და სიმწრისგან ჩუმად იკვნეტდა ტუჩებს. დედამისს დაურეკა, ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, მოწამლული ჩანს და სასწრაფოდ კლინიკაში გადაგვყავს, ქორწილში ამიტომ ვერ მოვდივარო.

მითხარით, ასეთი კაცი იყო თუ არა სადისტი? რა თქმა უნდა, იყო და ამიტომაც, როცა უკანასკნელ გზაზე ვაცილებდი, ერთი ცრემლი არ ჩამომიგორდა, მისგან ხომ ერთი სიკეთე არ გამახსენდა.

სანამ სამუდამოდ გამოგვემშვიდობებოდა, მანამდე ბევრი რამის გაფუჭება შეძლო. მისგან რომ თავი დამეღწია, პირველმა ვინც ცოლობა მთხოვა, მას დავთანხმდი და, ბედის ირონიით, სადისტ ქმართან აღმოვჩნდი.

საბედნიეროდ, ისე არ მოვიქეცი, როგორც დედაჩემი იქცეოდა. როცა მივხვდი, რომ ჩემი ქმრის აგრესია შვილზეც გადადიოდა და მამამისი უკვე მასაც ავიწროებდა, ხელი მოვკიდე და ოჯახი დავტოვე. რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი ფეხზე დადგომა. ბრძოლაც დამჭირდა იმისთვის, რომ ქმარი საბოოლოდ ჩამომეშორებინა და ესეც შევძელი.

ხშირად მიწევს გაჭირვების გადატანა, მე და ჩემს შვილს ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ, როცა ვფიქრობ, რომ არავინ გვცემს, ისეთი სიმშვიდე მეუფლება, ისეთ ძალას ვგრძნობ და ბედნიერებას, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ! მხოლოდ ერთ რამეს ვსაყვედურობ საკუთარ თავს, როგორ ვერ მივხვდი, რომ ისეთ კაცს მივყვებოდი ცოლად, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამაჩემს. როგორ გამომეპარა მისი ქცევები, მე ხომ ზუსტად ისეთი სახლში მყავდა?!

,,სარკის” მკითხველი

თქვენი ისტორიები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ,,სარკის” ფეისბუქგვერდზე, ასევე ელ.ფოსტაზე sarke@mail.ru