მარინა ენდელაძე: ,,ერთადერთი შვილი გარდამეცვალა და ახლა მხოლოდ შვილიშვილისთვის ვცოცხლობ” – ცნობილი ინფექციონისტის ტკივილიანი ცხოვრება

მარინა ენდელაძე: ,,ერთადერთი შვილი გარდამეცვალა და ახლა მხოლოდ შვილიშვილისთვის ვცოცხლობ" - ცნობილი ინფექციონისტის ტკივილიანი ცხოვრება,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ორი მარინა და სამი მუშკეტერი – ასე შეარქვა საზოგადოებამ მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, პაატა იმნაძეს, ამირან გამყრელიძესა და თენგიზ ცერცვაძეს, ანუ იმ ექიმებს, რომლებიც დღეს თავგანწირულნი იბრძვიან, რომ ახალი საშიში ვირუსით ინფიცირებულთა სიცოცხლე იხსნან და საქართველოში პანდემიის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდონ (ინტერვიუ ჩაწერილია მარტში).

ისინი მოსახლეობას სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის, მათი მდგომარეობისა და გამოჯანმრთელებულთა შესახებ. თუ ჟურნალისტებისთვის კარგი ინფორმაცია აქვთ გადასაცემი, სახეზე ღიმილი დასთამაშებთ და ბედნიერნი ჩანან. მათ გამომეტყველებაზე, შეიძლება ითქვას, მთელი ერის განწყობაა დამოკიდებული.

ამ ღიმილის მიღმა კი ზოგიერთი მათგანისთვის ენით გადმოუცემელი პირადი ტრაგედია დგას, თავად კი იმაზე ზრუნავენ, სხვათა ოჯახებს ააცილონ უბედურება.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს, მარინა ენდელაძეს, 3 წლის წინ ერთადერთი შვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი, გარდაეცვალა, იქამდე ცოტა ხნით ადრე კი ქმარი დაკარგა.

ირაკლი ძიმისტარიშვილი 2017 წლის მარტში ანტალიაში ჩოგბურთელ შვილს ტურნირზე გაჰყვა, სადაც მოულოდნელად, უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა. დედას მისგან ერთადერთი შვილიშვილი დარჩა – ცოტნე ძიმისტარიშვილი და ახლა ის არის ქალბატონი მარინასთვის ცხოვრების აზრი.

– ქალბატონო მარინა, ქვეყანაში საშინლად დაძაბული მდგომარეობაა. ხალხი თქვენ, ინფექციონისტებს, შემოგცქერით იმედის თვალით. როგორია თქვენი განწყობა, განცდები და პროგნოზები?

პირადად მე დიდი სიამოვნებით ვმუშაობ. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა – ახალი და უცხო. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ, აქ ვყოფილიყავი თუ არა და ამ ახალ ინფექციასთან მემუშავა თუ არა, მით უმეტეს, არ ვარ იმ ასაკის, რომელსაც შეიძლება ამ ვირუსის მაინცდამაინც არ ეშინოდეს. ჩემი პროფესია ისედაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და, მით უმეტეს, ეს ახალი გამოწვევა.

მძიმე ინფექციასთან გვაქვს საქმე, რაც თავისთავად სიამოვნებას მანიჭებს. მართალია, ჩემი ცხოვრების ტრაგედიას ვერ მიმსუბუქებს, რადგან ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ გარკვეულწილად რაღაცნაირად გადმორთული ვარ და ამ ტრაგედიაზე ფიქრისთვის ნაკლები დრო მრჩება.

თუმცა ეს ახლა არ მომხდარა. ჩემმა პროფესიამ მანამდეც შეძლო, რომ მე საზოგადოებაში გამოვსულიყავი და მემუშავა, თორემ სხვაგვარად ვერ შევძლებდი.

ამჟამად ძალიან რთული სამუშაო გვაქვს. 24 საათიანი მუშაობა გვიწევს. თვენახევარია, რაც ღამეში მხოლოდ ოთხსაათიან ძილს თუ ვახერხებ. უზომოდ გადაღლილები ვართ, მაგრამ ის, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდება, ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარულია. არც ისე მსუბუქი პაციენტების გადასარჩენად გვიწევს ბრძოლა, მაგრამ, როცა ტელევიზიით გამოვდივართ, მაინც გვინდა, საზოგადოება გავამხნევოთ და ამბები მსუბუქად მივაწოდოთ.

რა თქმა უნდა, სირთულეები გვაქვს, რომლებიც გარკვეულწილად დავძლიეთ და იმედი მაქვს, კვლავ დავძლევთ.

– რითია საინტერესო ახალი ვირუსი?

– იმით, რომ ახალი და უცხოა. უამრავი კვლევა და სტატია დაიბეჭდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გარკვეული არ არის. საკმაოდ სერიოზული ვირუსი და ინფექციაა და ძალიან გასაფრთხილებელი. აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებებს და იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ატარებენ – საგანგებო მდგომარეობა, აქცია “დარჩი სახლში” და ა.შ.

თითქოს ყველაფერი უმტკივნეულოდ მიდის და ვამბობთ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებიო, მაგრამ ძალიან სერიოზული დარღვევები ახასიათებს, სერიოზული პნევმონიაა, რომელიც უმეტესობაში რთულად მიმდინარეობს. მარტივად სამართავი ინფექცია არ არის და ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– სხვა ქვეყნებში ბევრი ექიმი დაინფიცირდა. თავად როგორ უფრთხილდებით და იცავთ თავს?

– რა თქმა უნდა, ჩვენც საფრთხის წინაშე ვდგავართ, ამ ინფექციისგან დაცული არავინ ვართ. ჯერჯერობით ვიცავთ თავს და პაციენტებთან სრული ეკიპირებით შევდივართ. მათთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და დავმეგობრდით კიდეც. გვინდა, ჩვენი დადებითი ემოციები გადავიდეს მათზე, ყველა მშვიდად იყოს და ყველაფერი კარგად დამთავრდეს.

ინფექცია ორგანიზმიდან სამი კვირა და მეტი არ გამოდის. ადამიანს სხვა რომ არაფერი სჭირდეს, ესეც რთულია და უმეტესობას მაინც ფილტვების ანთება უვითარდება.

მსოფლიოსთვის ეს სერიოზული გამოწვევაა და მედიკოსებიც არ ვართ დაცული. ხშირად ვიმოწმებთ თავს. ერთი თვე გავიდა, რაც პირველი პაციენტი შემოგვივიდა და ჯერ ერთი ექიმიც არ გამხდარა ავად. იმედია, ბოლომდე არც ერთი მედიკოსი არ გვეყოლება დაინფიცირებული.

– ამირან გამყრელიძის შვილი იყო თქვენს კლინიკაში მოთავსებული. გაურთულდა რაიმე თუ ადვილად გადაიტანა?

– არაჩვეულებრივი და უსაყვარლესი ადამიანია. ყველაზე უპრეტენზიო პაციენტი იყო, ვინც კი გვყოლია. ყველაზე დამჯერი გახლდათ. სერიოზული ინტელექტუალია და ამირანის შვილობას ამართლებს. მძიმე პაციენტი არ იყო, თუმცა გარკვეული გართულებები ჰქონდა. საშუალო სიმძიმის პაციენტი გახლდათ.

– თავის დროზე რატომ და როგორ აირჩიეთ ექიმობა?

– ბავშვობიდან ექიმობა მინდოდა. სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ფიზიკისა და მათემატიკის ოლიმპიადების გამარჯვებული გახლდით და, სამედიცინოზე რომ ვაბარებდი, ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლები გამიბრაზდნენ, ცოდოა, ეს ნიჭი დაკარგოო, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ექიმი გავმხდარიყავი.

მაშინ სამედიცინოზე ჩაბარება ჭირდა, მაგრამ მე მოვხვდი. ახლა რომ თავიდან ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ ექიმი გავხდებოდი, რადგან ეს პროფესია ძალიან მიყვარს. ხელფასს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მქონდა პერიოდები, როდესაც ადმინისტრაციული თანამდებობაც შემომთავაზეს, მაგრამ მე მხოლოდ ექიმობა მინდოდა. პაციენტებთან ურთიერთობა უნდა მქონოდა, რადგან ეს მგვრის უდიდეს სიამოვნებას – ავადმყოფთან ურთიერთობა და მერე გამარჯვება ავადმყოფობაზე. ვერც წარმომიდგენია, იმაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს, პაციენტს რომ სწორად უმკურნალებ. თუ არ გიყვარს ეს პროფესია და ადამიანი, კარგი ექიმი ვერ დადგები.

ლეტალობა ძალიან მძიმედ აისახება ექიმის ცხოვრებაზე და ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი რომ არა, ადამიანი ვერც ამას გაუძლებდა. პაციენტსა და ჩემ შორის ისეთი უხილავი ძაფები იბმება ხოლმე… მეგობრები ვხდებით.

– გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ექიმები ხმარობენ იმ პრეპარატებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ჯერ არ გამოიყენება ამ ვირუსის სამართავად და იმიტომაც არის, ლეტალური შედეგი რომ არ გვაქვს. მართლაც ასეა?

– დიახ, ასეა. ამ ვირუსთან დაკავშირებული ყველა არსებული კვლევა დავამუშავეთ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა პრეპარატებით ვმკურნალობთ, მაგრამ ძირითადად ერთ მედიკამენტზე შევჯერდით. მთელმა მსოფლიომ ამის მერე აღიარა და დადასტურდა, რომ ამ ეტაპზე ძირითადი სამკურნალო საშუალება სწორედ ეს პრეპარატი იყო. სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირდაპირი მედიკამენტი გამოჩნდება, ინფიცირებულებს ამ პრეპარატით ვმკურნალობთ.

ვამაყობთ, რომ მანამდე გამოვიყენეთ, სანამ პირდაპირი რეკომენდაცია იქნებოდა. ამით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ჯერ ჯანმოს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რედ.შენ.) მიერ არ გვქონდა მოწოდებული ჰაიდლაინი, რომ ამ პრეპარატის გამოყენების უფლება არ გვქონოდა. ძალიან ბევრი მედიკამენტი გამოიცადა და ყველას შეეძლო, რომელიც უნდოდა, ის გამოეყენებინა. სრული უფლება გვქონდა მისი გამოყენების და მერე სხვებმაც დაიწყეს ამით მკურნალობა.

ახლა კი ჰაიდლაინებში წერია, რომ პირველი რიგის მედიკამენტად სწორეს ის ითვლება, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ. თავიდან უფრო მეტად გვეშინოდა, მაგრამ შევუწყვეთ ხელი, რომ პაციენტები ძალიან არ დამძიმებულიყვნენ და ამიტომაც მოხდა ყველას დროული გამოჯანმრთელება.

– ძალიან მძიმე თემას უნდა შევეხო – თქვენი ცხოვრების ტკივილს. რა გახდა თქვენი ვაჟის გარდაცვალების მიზეზი?

– 3 წლის წინ უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა. ძალიან მძიმე ტრაგედია დამატყდა თავს. ერთადერთი შვილი მყავდა.

თავის ბავშვს ახლდა ანტალიაში. მოგეხსენებათ, ჩემი შვილიშვილი, ცოტნე ძიმისტარიშვილი, 13 წლის ასაკში უკვე ცნობილი ჩოგბურთელი იყო. მსოფლიოში – მესამე და ევროპაში პირველი გახლდათ რეიტინგით. 13 წლის იყო, მამამისი რომ გარდაიცვალა და ფსიქოლოგიურად ისე განიცადა…

ცოტნე შემდეგ ბელგიამ მიიღო ჩოგბურთელთა აკადემიაში. იქ წელიწადნახევარი ივარჯიშა, მაგრამ ბავშვმა იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო მამის გამო, რომ გული აიცრუა და ჩოგბურთი ვეღარ ითამაშა. ამბობდა, ყველაფერი მამაჩემს მაგონებს და არ შემიძლიაო. ჩოგბურთს თავი დაანება და ახლა ხატავს ძალიან კარგად. მამამისიც ძალიან კარგად ხატავდა.

ჩემს შვილს იურიდიული ჰქონდა დამთავრებული, შემდეგ პოლიტოლოგიაც დაამთავრა და ფილოსოფიის დოქტორი გახლდათ. ცოტნე პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მისი მეორე მეუღლე ტელეწამყვანი და მსახიობი, ნელი აგირბა იყო. ცოტა ხნის დაქორწინებულები იყვნენ… 28 მარტს ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 3 წელი შესრულდა და ახლა ძალიან მძიმე დღეები მიდგას…

ჩემი მეუღლე ცნობილი იურისტი გახლდათ – ფელიქს ძიმისტარიშვილი. მუდამ თანამდებობაზე მუშაობდა და ყველა, ვინც იცნობდა, დაადასტურებს, რომ უზომოდ კარგი ადამიანი, კარგი პროფესიონალი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, კარგი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, მაგრამ ბოლოს ჯერ მეუღლის და მერე შვილის გარდაცვალებამ ისეთი ტკივილი დამიტოვა, რომელიც ვერასოდეს მოშუშდება. ეს საშინლად მძიმე განცდაა.

ცოტნე ახლა 16 წლის არის. იმედი მაქვს, ძალიან კარგი კაცი დადგება. ჩოგბურთზე კი დაგვწყდა ძალიან გული, მაგრამ… ჩემი შვილი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამდე 8 წლით ადრე მეუღლე დავკარგე.

ახლა ერთადერთი ცოტნე დამრჩა, რომელიც მამის ასლია. მხოლოდ ის მყავს და საყვარელი საქმე. ცოტნესთვის ვცოცხლობ და იმისთვის, რომ ჩემს შვილს აქედან იქ მივხედო და გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა. ცოტნე ჩემთვის ყველაფერია. ერთი პერიოდი ამბობდა, ექიმი გავხდებიო. ახლა კი, როგორც გითხარით, ხატვამ გაიტაცა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს.

– თქვენ პროფესიის მიღმა რაიმე გატაცება თუ გაქვთ?

– პოეზია მიყვარს ძალიან. შემეძლო, მთელი დღე გაუჩერებლად სხვადასხვა ლექსი მეთქვა. ლიტერატურული ნაწარმოებები ძალიან მიყვარს. მუსიკალური ათწლედიც მაქვს დამთავრებული და ვუკრავდი, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, აღარ ვუკრავ.