ისლამ გორგიშვილი: ,,ვაინახების მენტალიტეტში არ ჯდება სიყვარულზე საუბარი”

ისლამ გორგიშვილი: ,,ვაინახების მენტალიტეტში არ ჯდება სიყვარულზე საუბარი",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

25 წლის ისლამ გორგიშვილი პანკისის ხეობის მკვიდრია. წლების წინ არჩევანი ურთულეს პროფესიაზე შეაჩერა – ჟურნალისტი გახდა. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის იყო, რომ პანკისის ხეობაზე შექმნილი ბევრი სტერეოტიპი დაემსხვრია და ხეობის მკვიდრთა ცხოვრება დანარჩენი საქართველოსთვის სხვა კუთხით დაენახვებინა.

ისლამი ამჟამად ფინეთში სწავლობს და მომავლის გეგმებს აწყობს. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ განსაზღვრავს, მის ცხოვრებაში რა როგორ იქნება, მაგრამ ის კი დანამდვილებით იცის, რომ მისი მეორე ნახევარი პანკისელი იქნება.

საქართველოს ულამაზეს რეგიონზე, რომელზეც საზოგადოებას მცირე და გარკვეულად არასწორი ინფორმაცია აქვს, იქაურ ტრადიციებსა და ადათ-წესებზე ისლამმა ,,სარკეს” უამბო.

– ისლამ, როგორც პანკისის ხეობის მკვიდრმა, ომალოელმა, მოგვიყევით, როგორია თქვენი მშობლიური კუთხის ყოველდღიურობა.

– ხეობას გარედან ვინც უყურებს, ალბათ ჰგონია, როგორ შეიძლება, ასეთ ლამაზ ადგილას ცხოვრება მოსაწყენი იყოსო, მაგრამ მთლად ასეც არაა. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, იქ ცხოვრება მრავალფეროვანია-მეთქი. ხეობა არის ძალიან წყნარი და დღის განმავლობაში ალაზნის ჩუხჩუხისა და დღეში ხუთჯერ აზანის (მეჩეთში ლოცვისკენ მოწოდება) გარდა, აქ ხმას ვერ გაიგონებთ. ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყარო არის მესაქონლეობა დ მიწათმოქმედება. ზოგს მცირე ბიზნესი აქვს, უმეტესად მაღაზიების სახით.

პანკისი ახალგაზრდებისთვის მოსაწყენი ადგილია, რადგან არ არსებობს გართობისა და დროის გაყვანის რაიმე კარგი საშუალება. ნორმალური მოედანიც კი არ არის, ძირითადად “ბირჟაობით” გაჰყავთ დრო.

ახალგაზრდების ჩვეულებრივი დღე იწყება ასე: დილით დგება და სახლში პატარა საქმე თუ არის გასაკეთებელი, მიხედავს, მერე კი მთელი დღე ბირჟაზე ან სახლში ტელეფონში “ფეისბუქს” “სქროლავს” ან ვიდეოთამაშებით ერთობა. როგორც მთელ საქართველოში, დასაქმება აქაც პრობლემაა. განვითარების პერსპექტივა არაა.

შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კრიტიკული კითხვა, რომ პანკისელებს ნამეტანი პრეტენზიები აქვთ და ეს პრობლემები სხვა რეგიონებშიც არისო, მაგრამ ეს ხეობა სპეციფიკური რეგიონია და, შესაბამისად, მეტი ყურადღება სჭირდება. რეალურად სპეციფიკური რეგიონი არ არის, მაგრამ გარე ძალებსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ასე რომ ჰგონია, ზუსტად ამიტომ არის საჭირო მეტი ყურადღება სტერეოტიპებისა და სტიგმების დასამსხვრევად.

– სიტყვები ,,ტერორიზმი”, ,,ტერორისტი” ასე ხშირად რატომ გაისმის პანკისის ხეობასთან დაკავშირებით?

– პირველ რიგში, ეს განაპირობა 2000-იანი წლების მოვლენებმა ხეობაში, როდესაც მართლა კრიზისული მდგომარეობა და საერთაშორისო სამიზნე იყო. ჩეჩნეთ-რუსეთის ომის მერე ბევრი ლტოლვილი გადმოვიდა, მათ მებრძოლებიც გადმოჰყვნენ, არაბული ქვეყნებიდან მოჯაჰედები შემოვიდნენ, ამას დამატებული ადგილობრივი კრიმინალი, ნარკოტიკების ყიდვა, ადამიანების გატაცებები და…

ისიც აღსანიშნავია, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა და ხეობას ყველა სათავისოდ იყენებდა, ხელებს ქისტებზე იწმენდდნენ. მაგალითად, გატაცებული ადამიანი პანკისში მოჰყავდათ და ისეთ სურათს ქმნიდნენ, თითქოს პანკისელები იყვნენ დამნაშავეები. ხელისუფლება და გარე ძალები ხეობას სათავისოდ იყენებდნენ. ეს იყო პერიოდი, როდესაც პანკისზე სახელმწიფო იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. ჰოდა, ზუსტად ამ დროიდან ასოცირდება ხეობა ტერორიზმთან და ათას სიბინძურესთან.

მეორე მიზეზი სირიაში ახალგაზრდების მიგრაციაა. ეს დაიწყო 2012-2013 წლებიდან, როდესაც ხდებოდა მასობრივი მიგრაცია სირიაში და ISIS-ის რიგებში გაწევრება. სამწუხაროდ, ხეობის სახელი ამანაც ძალიან შელახა, არადა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად პანკისზე მშვიდი რეგიონი საქართველოში არ არსებობს. არც სახელმწიფო გვეხმარება, რომ ეს ნეგატიური სტერეოტიპები დავამსხვრიოთ. ყველას ჰგონია, რომ აქ საშიშროებაა.

ჩემმა ნათესავმა, რომელიც თბილისში სწავლობს, თავისი კლასელები ჩამოიყვანა და ოჯახის წევრები დღეში ცხრაასჯერ ურეკავდნენ, შვილო, ხომ კარგად ხარ, ხომ მშვიდობაა, ფრთხილად იყავი, არაფერი დაგემართოსო.

თელავის სკოლა დავამთავრე და მეგობრები სულ მეკითხებოდნენ ხეობაზე, იქ იარაღი თუ იყიდება, სოფელში რომ გავიაროთ, ხომ არ მოგვკლავენო და ა.შ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ადგილობრივმა აქტივისტებმა რაც უნდა გავაკეთოთ, სიტუაცია არ შეიცვლება, სახელმწიფოც თუ არ დაგვიდგება გვერდით. რატომღაც ამ მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ და ყველაფერი პირიქითაა. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ აწყობთ ასეთი სიტუაცია და არაფერს აკეთებენ. პანკისი განტევების ვაცადაა ქცეული.

– ალბათ მედიის როლიც დიდია იმაში, რომ დღემდე ეს სტერეოტიპები არსებობს.

– უდიდესი წვლილი მიუძღვის მედიას, არასწორმა ინფორმაციებმაც განაპირობა სტერეოტიპების ჩამოყალიბება. მედია პანკისით მხოლოდ მაშინ ინტერესდებოდა, როდესაც აქ ცუდი ამბები ხდებოდა, მაგალითად, როდესაც ვიღაც სირიაში წავიდა ან იქ დაიღუპა. მედიის მხრიდან არასწორმა მიდგომამ, დეზინფორმაციების გავრცელებამაც განაპირობა ეს ყველაფერი.

– თქვენს საქმიანობაზე მოგვიყევით. რა თემებს აშუქებთ, რით ინტერესდებით?

– 2015 წლიდან დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. თავიდან სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებდით და კოორდინატორი ვიყავი. შემდეგ გადავწყვიტეთ ხეობაში მედიასაშუალების, სათემო რადიოს დაფუძნება. რადიო ყველაფერს აშუქებს, რაც ხეობას უკავშირდება.

მისი მიზანია, რომ ხეობა წარმოაჩინოს პოზიტიური კუთხით და დაამსხვრიოს ის სტერეოტიპები, რომლებიც არსებობს, ასევე – ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებასაც შეუწყოს ხელი. არ დამალოს ცუდი და ისაუბროს კარგზეც. მე ძირითადად სოციალურ საკითხებზე ვმუშაობდი, მაგრამ არამარტო ერთი მიმართულება მქონდა არჩეული, ყველა თემით ვინტერესდებოდი.

– თანამშრომლობენ ადგილობრივი მცხოვრებნი მედიასთან, ხომ არ ეშინიათ ჟურნალისტებთან საუბრის?

– ზოგადად ჟურნალისტების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება არასდროს იყო. ეს გასაგებიცაა და ობიექტური მიზეზებიც აქვს, რადგან მხოლოდ ცუდ ამბებს აშუქებდნენ და უამრავი დეზინფორმაციაც ვრცელდებოდა. “გუგლში” რომ ჩაწეროთ სიტყვა “პანკისი” – ამოგიგდებთ “ტერორიზმი”, “ტერორიზმი”… ამან კი ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. ზოგიერთისთვის ფაქტობრივად აგენტთან ასოცირდება ჟურნალისტი.

– თქვენ მიმართაც იყო ასეთი დამოკიდებულება?

– ხანდახან ჩემ მიმართაც იყო მსგავსი დამოკიდებულება. ადგილობრივები ახლაც ერიდებიან მედიასთან ურთიერთობას. როდესაც ხეობაში რომელიღაც მედიასაშუალება ამოდის, ხალხი ელოდება, რომ საღამოს პანკისზე ცუდ რაღაცებს მოისმენენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მედიაში შეინიშნება ტენდენცია, რომ ამბები ობიექტურად გავრცელდეს. ეს კი ხელს უწყობს, ხალხში მეტი ნდობა გაჩნდეს.

– გვიამბეთ პანკისის ხეობის ადათ-წესებზე, ტრადიციებზე.

– ხეობა ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო ადგილია. პირველი, რომ ძალიან ლამაზია და ამას ემატება ხალხი განსხვავებული ტრადიციებით, კულტურით, ადათ-წესებით, ყოფა-ცხოვრებით და განსხვავებული რწმენით. ხეობა ყველაზე საინტერესო და ლამაზი ამით არის და ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალს ქმნის.

ყველაზე თვალშისაცემი უფროს-უმცროსების ურთიერთობაა. უფროსებისადმი უპატივცემულობაში შემჩნეული ახალგაზრდა სახელს კარგავს საზოგადოებაში. ეს ის ტრადიციაა, რომელსაც მშობლები ბავშვებს პატარაობიდანვე უნერგავენ. როდესაც შენზე უფროსი შემოდის სახლში ან სხვა ნებისმიერ ადგილას, აუცილებლად ფეხზე უნდა წამოდგე. ქუჩაში როცა გამოივლის უფროსი ადამიანი, რაც უნდა უცხო იყოს, აუცილებლად უნდა წამოდგე და მიესალმო.

ახალგაზრდისთვის უფროსის სიტყვა კანონია, რაც უნდა მიუღებელი იყოს ის მისთვის. მეც ყველაზე მეტად ეს ტრადიცია მომწონს. ასევე სხვა ბევრი საინტერესო წესია, უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო ხეობას, რომ ამ ყველაფერს გაეცნო.

– როგორც ვიცი, დროებით საზღვარგარეთ წახვედით. როდის დაუბრუნდებით ხეობას და პროფესიულ საქმიანობას?

– დიახ, საზღვარგარეთ მომიწია წამოსვლა. ახლა ფინეთში ვარ და ერთ-ერთ კოლეჯში ვსწავლობ. არ ვიცი, ხეობას როდის დავუბრუნდები, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, სხვა გეგმები მაქვს. ამ ეტაპზე ენას ვსწავლობ. სწავლის გაგრძელება და მეტი განათლების მიღება მინდა.

– პირადზეც უნდა გკითხოთ. ახალგაზრდა კაცი ალბათ ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი მომავალი ოჯახი. მისი შექმნისას მშობლიური კუთხის ადათებს და ტრადიციებს გაითვალისწინებთ?

– პირადი არის ის თემა, რომელზეც არც ერთი ქისტი საუბრობს. ვაინახების (ქისტები, ჩეჩნები, ინგუშები) მენტალიტეტში არ ჯდება სიყვარულზე საუბარი. ამას ყველა თავის გულში ინახავს და არავის ესაუბრება, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი რჩეული ქისტი უნდა იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას არ ვკადრულობ ან უარყოფითად ვარ განწყობილი, არამედ ჩემი არჩევანია, რომ ის აუცილებლად ქისტი იყოს.

– ქალების მიმართ ცოტა მკაცრი ტრადიციები ხომ არ გაქვთ პანკისის მკვიდრებს?

– ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი ადათ-წესები ქალს ზღუდავს და მათ უფლებებს არღვევს. ამ მხრივაც ბევრი სტერეოტიპია. ზოგადად, ყველა ადამიანი, როცა რაღაც ტრადიციებს იცავს, ავტომატურად რაღაც ჩარჩოშია მოქცეული, რასაც არ უნდა გადააბიჯოს. ამიტომ, თუ ტრადიცია ზღუდავს, კაცსაც ზღუდავს და ქალსაც. ზოგ რამეში კაცი უფრო იზღუდება, ზოგ რამეში – ქალი. მე შეიძლება სხვისი ტრადიციები მიმაჩნდეს მკაცრად, სხვას – ჩემი ტრადიციები, ამიტომ ყოველი ტრადიცია და ადათ-წესი არის ადამიანის არჩევანი.

ვფიქრობ, რომ ქისტებს არ გვაქვს მკაცრი ტრადიციები, რომ ქალს ან კაცს ძალიან ზღუდავდეს. მაგალითად, როდესაც ქალს ვინმე სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ამგვარი დანაშაული ფაქტობრივად უპატიებელია, იმდენად დიდი პატივისცემა და დაფასებაა ქალის მიმართ.

ქალი მიჩნეულია ოჯახის და ერის სახედ. ადათ-წესების მიხედვით, ქალის მკვლელობის შემთხვევაში ორმაგი სასჯელია გათვალისწინებული, ვიდრე კაცის მკვლელობისას. ამიტომ, ვფიქრობ, ქალების მიმართ სიმკაცრე არ არის, როგორც ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია. შეგიძლიათ, ეს ქალებსაც ჰკითხოთ და ამას დაგიდასტურებენ.

– ქალისა და კაცის სხვაგვარად დასჯაში რა იგულისხმება? კანონის წინაშე ხომ ყველა თანასწორია.

– სხვაგვარად დასჯა – არა. მოკლედ, გავიმეორებ, ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაული უფრო მძიმეა, ვიდრე კაცის მიმართ. ადათობრივი სამართლის მიხედვით, ქალის მიმართ როცა ხდება დანაშაული, დამნაშავეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე კაცის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ქალის შეურაცხყოფა და მისი დამცირება უფრო მიუღებლადაა მიჩნეული.