ირაკლი კაპანაძემ საყვარელი გოგონა თავის ქომაგებს შორის იპოვა – ,,მინდა, ამ ადამიანთან ერთად ბედნიერი ვიყო”

ირაკლი კაპანაძემ საყვარელი გოგონა თავის ქომაგებს შორის იპოვა - ,,მინდა, ამ ადამიანთან ერთად ბედნიერი ვიყო",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მუსიკალური ტელეპროექტის “დიდი სცენის” გამარჯვებული 20 წლის ირაკლი კაპანაძე გახდა. ამ კონკურსმა მას ბევრი სიურპრიზი მოუმზადა და მისი ცხოვრება შეცვალა. როცა შოუ იწყებოდა, შეყვარებული არ ჰყოლია, დასასრულს კი გამარჯვებასთან ერთად მასთან სიყვარულიც მივიდა.

ირაკლი ძალიან მიზანდასახული, მებრძოლი, დამოუკიდებელი პიროვნებაა. ასეთი ამერიკულმა ცხოვრებამ გახადა. პროექტში გამარჯვებამ კი მისი ცხოვრების გეოგრაფიული ორიენტირიც შეცვალა. რუსთაველი ბიჭი თბილისელი გახდება, რადგან ბინა სწორედ თბილისში გადაეცა.

თავისი დიდი წარმატებითა და სიყვარულით განცდილ ემოციებზე  ირაკლი კაპანაძე ,,სარკეს” ექსკლუზიურად უამბობს.

– ირაკლი, რა განცდა დაგეუფლათ, როცა სამთვიანი ბრძოლის შემდეგ “დიდი სცენის” გამარჯვებულის ტიტული მოიპოვეთ?

– ნახევარფინალშივე, როცა სამნი დავრჩით, უკვე გამარჯვებულად ვგრძნობდი თავს. არა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, მე გავიმარჯვებდი, არამედ თვითონ ფაქტი, რომ ფინალში მოვხვდი, ჩემთვის უკვე დიდი გამარჯვება იყო.

მონაწილეებს საოცრად დიდი საშუალება მოგვეცა განვითარებისთვის. ყველაზე დიდ გამარჯვებად იმას მივიჩნევ, რომ ამ პროექტში განვვითარდი და არა იმას, რომ გამარჯვებულის ტიტული მოვიპოვე.

პროექტი დასრულდა და ახლა იწყება ცხოვრებისეული კონკურსი, რასაც თავის დამკვიდრება ჰქვია. ბოლო წამამდე მაინც არ მჯეროდა, რომ ამხელა კონკურსში გავიმარჯვებდი. ისეთი ემოციები მქონდა, რომ კარგა ხანს ვერ დავმშვიდდი. ძალიან ვცდილობდი საკუთარი თავის ხელში აყვანას, მაგრამ იმ საღამოს ვერ მოვახერხე. შოუ როცა დამთავრდა და კამერები გამოირთო, არ დამეზარა და ვინც კი დარბაზში იყო, ნაცნობი თუ უცნობი, ყველას ჩავეხუტე.

– თქვენი ოჯახისთვისაც განსაკუთრებულად ემოციური იქნებოდა ეს გამარჯვება.

– ოჯახი ამ სამი თვის განმავლობაში სერიოზულ სტრესში ვამყოფე. ჩემ გამო იმდენს ნერვიულობდნენ, ცოტა არ იყოს, მრცხვენოდა. როცა ფინალში სტინგის სიმღერა შევასრულე, დარბაზში დედაჩემს გავხედე და თვალცრემლიანი იყო. მისი ემოციები მეც გადმომედო და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ავტირებულიყავი. ზუსტად მაშინ ვიგრძენი ის ბედნიერება, როცა მშობელში სიამაყეს იწვევ.

– გამარჯვებას მოჰყვა ბევრი პრიზიც. რომელი იყო თქვენთვის გამორჩეული?

– რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ბინა, რომელიც მივიღე. ბევრმა პრიზმა გამახარა, მაგრამ განსაკურთებულად გამოვყოფ პროფესიონალურ მიკროფონს. ძალიან მაგარი ხარისხის მიკროფონია და ძალიან მჭირდებოდა. როცა ბენდთან ერთად კონცერტებზე დავდიოდი, ყოველთვის მიკროფონის პრობლემა მქონდა.

სხვათა შორის, ახლა სახელი მაქვს მოსაფიქრებელი, რა დავარქვა მიკროფონს, რადგან რა ინსტრუმენტებიც მაქვს, ყველას ჰქვია სახელი. მაქვს კლავიში, რომელსაც სალომე ჰქვია, გიტარას – ფერნანდო კარლოსი. თან ეს სახელები ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან კონკრეტულ ადამიანებს უკავშირდება.

– სალომე ვინ იყო თქვენს ცხოვრებაში?

– ამერიკაში როცა ვმუშაობდი, სალომეც და ფერნანდოც ჩემი თანამშრომლები იყვნენ. ორივე ინსტრუმენტი ამერიკაში შევიძინე და სწორედ იმ ადამიანების დახმარებით, რომელთა სახელებიც დავარქვი. მიკროფონს როცა ტესტს ჩავუტარებ, სახელსაც მაშინ მოვიფიქრებ.

– ამერიკაში რამდენი ხანი ცხოვრობდით?

– 2019 წლის ზაფხული გავატარე იქ. სტუდენტური გაცვლითი პროგრამა იყო, რომელიც საშუალებას მაძლევდა, მემუშავა და გამომუშავებული ფულით ამერიკა დამეთვალიერებინა. იქ გატარებულმა ოთხმა თვემ ძალიან დიდი რამ მომცა. ჩემში განავითარა მეტი ბრძოლისუნარიანობა, დამოუკიდებლობის შეგრძნება მომცა.

ამერიკაში ყველაზე კარგად არის განვითარებული გადარჩენის ინსტინქტები და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევის საშუალებას გაძლევს. ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი კომპლექსი დამაძლევინა, უფრო თავისუფალი და პირდაპირი გავხდი ადამიანებთან ურთიერთობაში.

– ალბათ დასახეთ მიზანი, ამ გამარჯვებას როგორ გამოიყენებთ ცხოვრებაში.

– ძალიან ბევრი მილოცავს და თვლიან, რომ ეს დიდი გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ასეც არის, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი წარმატებების დასაწყისია. ჩემთვის “დიდი სცენა” ტრამპლინი უნდა იყოს ძალიან დიდი წარმატებისთვის. ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი პოპულარობა და გამარჯვება უფრო დიდი გამარჯვებებისთვის გამოვიყენო.

ბევრი კოლაბორაცია მაქვს ჩაფიქრებული როგორც კონკურსანტებთან, ასევე იმ გუნდის წევრებთან, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ. ეს დრო სწორად უნდა გამოვიყენო და, სანამ სავსე ვარ ამ ნაპერწკლებით, მინდა, დიდი ცეცხლი დავანთო.

– უკან ჩამოიტოვეთ ძალიან რთული სამი თვე. ახლა მაინც თუ შეგიძლიათ თქვათ, რა იყო ყველაზე რთული და მტკივნეული კონკურსში?

– ფინალშივე უკვე ვგრძნობდი, რომ კონკურსში გატარებული პერიოდი მენატრებოდა. ფაქტობრივად ამ კონკურსით ვცხოვრობდით. ძალიან ბევრ შრომას ვდებდით, რომ სცენაზე ღირსეულად გამოვსულიყავით. ეს სამი თვე ჩემთვის ყოველივე კარგთან ასოცირდება. იყო გაბრაზებაც, გულისტკენაც, მაგრამ ჩვენ გარშემო იმდენად კარგი ემოცია იყო, ყველაფერი გადაფარა.

– ამ ტიპის კონკურსებში, სადაც მაყურებლის ზარებზე არიან დამოკიდებულები, ხშირად კონკურსანტები პირად ცხოვრებას ნიღბავენ. მაგალითად, უარყოფენ, შეყვარებული თუ ჰყავთ, რომ საპირისპირო სქესის მეტმა თაყვანისმცემელმა დაურეკოს ან მესიჯი გაუგზავნოს. თქვენ თქვით “სარკესთან”, რომ შეყვარებული არ გყავთ. ახლა, როცა ყველაფერი ჩავლილია, ხომ არ გვეტყვით სიმართლეს?

– არასოდეს არაფერი მომიტყუებია. ამ კონკურსის განმავლობაში ყველა ინტერვიუში გულწრფელი ვიყავი. როცა ხარ გულწრფელი, მაყურებელი ამას სწორად აღიქვამს, სიყალბე კი ყოველთვის უნდობლობას იწვევს. ერთადერთი, რაც შემიძლია ჩვენი ინტერვიუს შემდეგ დავამატო, ისაა, რომ პროექტმა სხვა კუთხით შემახედა ერთ ადამიანს.

პროფესიულ საქმეში როცა ვარ ჩართული, ყველანაირად ვცდილობ, პირად ურთიერთობებზე ყურადღება არ გავმახვილო, მაგრამ ამ პროექტმა დამანახა ადამიანი, რომელთანაც მინდა, ურთიერთობა მქონდეს და ბედნიერი ვიყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

– ეს ადამიანი კონკურსანტებს შორის ხომ არ იპოვეთ?

– დარბაზში ვიპოვე, ჩემი გულშემატკივარი აღმოჩნდა. ვიცნობდი კიდეც, მაგრამ მთელ ამ პროცესში სულ სხვანაირი თვალით დავინახე და შემიყვარდა.