,,განქორწინების მერე გავიგე, რომ ცოლი მღალატობდა”

,,განქორწინების მერე გავიგე, რომ ცოლი მღალატობდა"კაცისთვის ადვილი არ არის, როცა ოჯახი ენგრევა და წლების შემდეგ გარემოს იცვლის. ეს ადამიანს სულიერად ანადგურებს და ამიტომაც არის, მეორე ქორწინებას მესამე და მეოთხეც რომ მოჰყვება ხოლმე. არავინ თქვას, რომ ეს ტრავმა ფსიქიკას არ ცვლის. როგორი ძლიერიც უნდა იყო, ამის გადატანა იოლი მაინც არ არის.

შემიყვარდა და ისე ვიქორწინე. ჩვენ შორის ანგარება და სხვა ქვენა გრძნობები არ ყოფილა. 24 წლის ახალგაზრდები ვიყავით, თითქოს ყველაფერი გაცნობიერებული გვქონდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრების ტვირთს მაინც ვერ მოვერიეთ და ჩვენი ცოლქმრობა განქორწინებით დასრულდა.

ამას წინ ბევრი რამ უძღოდა – კონფლიქტები, გაწევ-გამოწევაც, ოღონდ ჩემი მხრიდან – არა. ბუნებით მშვიდი ვარ. ერთადერთი, რასაც ვერ ვიტანდი, სიდედრის საქციელი იყო. მუდმივად ცდილობდა, ჩვენს ურთიერთობაში ჩარეულიყო. ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონდა. ცოლის თვალწინ მამცირებდა და შვილსაც ჩემ წინააღმდეგ აქეზებდა.

ოთახნახევრიანი ბინა მქონდა. შვილი რომ შეგვეძინა, გამოაცხადა, რომ იქ ვერ დავეტეოდით და მასთან უნდა გვეცხოვრა. მეორე შვილიც ჰყავდა, ქალიშვილი, მაგრამ ის გერმანიაში იყო გათხოვილი. ამიტომ მთელი ენერგია უმცროსი შვილისკენ, ანუ ჩემი ცოლისკენ, ჰქონდა მომართული. ვერაფერი და ვერავინ აოკებდა, ვერც თავისი ქმარი, ვერც ჩემი პასუხები, ვერც ჩემი ცოლის თხოვნა. მაინც ცდილობდა, რომ ჩვენი ოჯახი ემართა და, თავად როგორც სურდა, ყველაფერი ისე ყოფილიყო.

სიდედრის მბრძანებლობამ ძალიან დამღალა და ჩემი ოჯახის გადასარჩენად დავიწყე ბრძოლა. ცოლს გამოვუცხადე, რომ ჩემს ბინაში უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ ისევ დედამისი გადაგვეღობა. ფაქტობრივად მაიძულა, რომ ჩემი მშობლების შრომით შეძენილი ბინა გამეყიდა და ფული მშენებარე კორპუსში შემეტანა. ფულის გადახდაში ჩვენც მოგეხმარებით, გაფართოვდებით და მერე კარგად იცხოვრებთო. ოღონდ ეს ქალი როგორმე ჩამომეშორებინა და დავთანხმდი, ბინა გამეყიდა.

ჩემი საქციელი მაშინ ვინანე, როცა სახლიდან გამომაგდეს. ერთ დღეს სიდედრს შევეკამათე. ჩემი სიმამრი ნასვამი იყო, კარგად ვერც გაიგო, რა ხდებოდა და ხელით შემეხო. ქალებმა წივილი ატეხეს და გარეთ გამომისროლეს. ღამით ქუჩაში აღმოვჩნდი, წასასვლელი არსად მქონდა.

მაშინ ვთქვი, რომ შეცდომა იყო ჩემი ბინის გაყიდვა, ჩემი ბუდე აუცილებლად უნდა შემენარჩუნებინა. ის ღამე “ბომჟივით” ქუჩაში გავათენე. მეორე დღეს თვითონ მომძებნეს, ბოდიშები მომიხადეს და სახლში დამაბრუნეს. ბოდიშების მოხდა და ვითომ სინანული კარგად ეხერხებოდათ, ამაში ბადალი არ ჰყავდათ.

ერთ დღეს ჩემს კლასელს შევხვდი. ერთმანეთი წლები არ გვყავდა ნანახი, იქვე, კაფეში დავპატიჟე და ბევრი ვილაპარაკეთ. მის გვერდით სიმშვიდე ვიპოვე, თითქოს ერთბაშად დავწყნარდი. სკოლაში გაჩენილი სიმპათიები განახლდა და ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. აქვე უნდა ვთქვა, ამ სიყვარულს მოვერეოდი, ოჯახში რომ მშვიდად მეგრძნო თავი. კლასელი მაშინ ჩემი თავშესაფრი აღმოჩნდა და ამ ბედნიერებაზე უარი არ ვთქვი.

დიდად არც ვცდილობდი ამ ურთიერთობის დამალვას. გულის სიღრმეში ალბათ მინდოდა კიდეც, რომ ყველას გაეგო, მათ შორის ჩემს სიდედრსაც. ეს თითქოს შურისძიებას ჰგავდა ან საკუთარი თავის წარმოჩენას, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი.

ეს ამბავი, როგორც იტყვიან, გასკდა და ცოლმა გაიგო. ჩემდა გასაკვირად, დიდი კონფლიქტი არც მოგვსლია, შელაპარაკება მოგვივიდა და ოჯახიდან წამოვედი. საყვარელ ქალზე მალევე ვიქორწინე. ჩემს ბედნიერებას მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს – ყოფილი ცოლის მიმართ პასუხისმგებლობა. ვთვლიდი, რომ მას ტკივილი მივაყენე, გავაუბედურე.

ერთ დილას მანქანიდან ჩემი ყოფილი ცოლი დავინახე. სახლიდან იმ წუთში გამოსულს არ ჰგავდა, ეტყობოდა, რომ ღამე სხვაგან იყო. ამის მერე რაღაცებით დავინტერესდი. მინდოდა, გამეგო, როგორ წრეში ტრიალებდა, ცუდ ადამიანებს ხომ არ ხვდებოდა. ამ ყველაფრის გარკვევა იმიტომ მსურდა, რომ ჩემი შვილი საფრთხეში არ ყოფილიყო.

ამ ძიებამ ძალიან ცუდ ამბამდე მიმიყვანა. გავიგე, რომ ჩემს ყოფილ ცოლს საყვარელი ჰყავდა და ის კაცი მის ცხოვრებაში მაშინაც არსებობდა, როცა ცოლ-ქმარი ვიყავით და ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით.

ეს იყო დიდი შოკი! მერე რაღაცები აღვიდგინე მეხსიერებაში და გამახსენდა მისი მიმოსვლა დაქალებთან და ისიც, დედამისი როგორ უბრაზდებოდა. ახლა ვხვდები, რომ ჩემმა ყოფილმა სიდედრმა ყველაფერი იცოდა და ალბათ იმაშიც მე მადანაშაულებდა, მისი ქალიშვილი ქმარს რომ ღალატობდა. შვილს ყველანაირად ხელს აფარებდა, მე კი უმაქნისს მეძახდა.

ვერსად გავექცევი იმ ფაქტს, რომ ჩემი შვილის დედაა. მის ღალატზე შვილთან არაფერს ვიტყვი, მაგრამ უცნაური შეგრძნება მაქვს, მინდა, ვკითხო, რატომ მღალატობდა, რატომ მიმეტებდა ამისთვის. თუ ჩემთან ყოფნა არ სურდა, ჯობდა, ჩვენი ოჯახი ადრევე დანგრეულიყო, ვიდრე ხალხის თვალში მასხარად წარმოვეჩინე. ვინ იცის, რამდენი მეგობარი დამცინოდა, რამდენი ჭორაობდა, რომ ცოლი მღალატობდა, მე კი ამ დროს სიდედრის თავდასხმებს ვიგერიებდი. ძალიან ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრება ასეთ ადამიანებს დავუკავშირე.

,,სარკის” ერთგული მკითხველი

თქვენი ისტორიები შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ,,სარკის” ფეისბუქგვერდზე, ასევე _ ელ.ფოსტაზე sarke@mail.ru