ჟურნალი ,,სარკე”, ლია ოსაძე
თბილისში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, ერთ პატარა სახლში, გიორგი მარკოსიანის ოჯახში ადამიანები სასწაულების მომსწრენი არიან – ხატებს და ქართულ ენაზე ნათარგმნ ბიბლიას მირონი სდით. ახლახან კი საქართველოს პატრიარქ ილია II-ის სურათიდანაც მირონი წამოვიდა.
გიორგი მარკოსიანი 26 წლის არის და უკვე რამდენიმე წელია, რაც ასკეტურად ცხოვრობს. გვიამბობს, რომ მეუფე იობის კურთხევით შეიმოსა კაბით, ახლა კი მორჩილებაშია, რომ ბერობისთვის მოემზადოს.
– გიორგი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ხატებს და ბიბლიას მირონი როგორ სდით, შეიძლებოდა სხვების მოყოლილი არც დამეჯერებინა. როგორ დაიწყო ეს სასწაული?
– მე ეპილეფსია მქონდა, დედაჩემიც ავად იყო. ხატს ვთხოვე დახმარება და უფალმა შეგვიწყალა, განვიკურნეთ. ამის შემდეგ დაიწყო ხატებიდან მირონდენა. ახლა მირონი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის სურათსაც სდის და ბიბლიასაც.
– როგორც წესი, სურათებს არ სდით მირონი, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია.
– ჩემი აზრით, უწმინდესის სურათს მირონი იმიტომ გადმოუვიდა, ამით უფალმა გვამცნო, რომ ის ცოცხალი წმინდანია. რაც შეეხება ბიბლიას, მას ერთი პერიოდი სდიოდა მირონი, მერე შეწყდა, ახლა კვლავ სდის. ადრე ამ ბიბლიას ვკითხულობდი, მაგრამ რაც მირონი ჩამოდის, აღარ ვკითხულობ.
– გვიამბეთ, როგორ მიხვედით ტაძრამდე, როგორ გახდით მართლმადიდებელი.
– პროგრამისტი ვიყავი, ვირტუალური სამყაროთი გატაცებული, მაგრამ ღმერთმა სულ სხვა გზით წამიყვანა. ალბათ უფლის სურვილი იყო, სხვებს დავხმარებოდი. როდესაც ჩემს სახლთან ახლოს სამების ტაძარი აშენდა, ჩემი სურვილით მივდიოდი და სასულიერო პირებს ვეხმარებოდი – აუზებს ვწმენდდი, სასანთლეებს ვასუფთავებდი. ამ ყველაფერს უანგაროდ და ხალისით ვაკეთებდი.
2012 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, კრწანისის სამხედრო ბაზაზე მდებარე პატარა ეკლესიაში მართლმადიდებლურად მოვინათლე. ამის გამო ჩემმა ნათესავებმა საყვედური მითხრეს, მაგრამ ჩემს არჩევანში დარწმუნებული ვიყავი. უკვე 30 ნათლული მყავს.
ქართველების მხრიდანაც ყოფილა ასეთი ლაპარაკი, სომხები არიან და რანაირად ლოცულობს ქართულადო და სომხების მხრიდანაც – რატომ ლოცულობ ქართულად და არა – სომხურადო. ამ ყველაფერს ასე ვხსნი: შეიძლება ადამიანი თურქი იყოს, მაგრამ ბევრ ქრისტიანზე ძლიერი რწმენა ჰქონდეს. უფალი ადამიანებს ერთმანეთისგან არ არჩევს და ჩვენ, მოკვდავებს, რა უფლება გვაქვს, განვასხვავოთ ერთმანეთი?!
– ანაფორა გაცვიათ, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი არ ხართ. გაქვთ კაბის ტარების კურთხევა?
– არანაირი სასულიერო წოდება არ მაქვს, მორჩილი ვარ, ბერობას ვაპირებ. მეუფე იობმა მომცა კურთხევა ანაფორის ჩაცმის. როცა ბერი გავხდები, მინდა, ჩემს ეზოში ჯვარცმის სახელობის ეკლესია ავაშენო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეშიც უფალი დამეხმარება.
– როგორც ვიცი, ერთი სასწაული ანაფორას უკავშირდება. მოგვიყევით ამის შესახებაც.
– მოყოლას ცოტა შორიდან დავიწყებ. მამაჩემს გულის შუნტირება გაუკეთეს და გარკვეული პერიოდი მუშაობა არ შეეძლო. ოჯახს რჩენა უნდოდა, ამიტომ იძულებული გავხდი, ანაფორა გამეხადა და მუშობა დამეწყო. დედამ ჩემი ანაფორა დაკეცა და ტახტში შეინახა.
სამუშაოს დაწყებიდან 3 თვე იყო გასული, როდესაც ჩემს ოთახში სასწაული მოხდა. იმ მაგიდის გადასაფარებელზე, სადაც ხატები მაქვს დაბრძანებული, მაცხოვრის სახე გამოისახა, იატაკზე კი შავი რაღაც დავინახე და ხელში რომ ავიღე, ჩემი ანაფორა აღმოჩნდა. დაკუჭული კი არ იყო, არამედ დაუთოებული. მაშინვე ტახტში შენახული ანაფორა მოვძებნეთ, მაგრამ იქ აღარ დაგვხვდა. იმ ღამესვე რამდენიმე ხატმა მირონდენა დაიწყო.
– რას დაუკავშირეთ ეს სასწაული?
– ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გავხდი, ჩემი ხატები “მიმეტოვებინა”. სამსახურის გამო ვერც მარხვას ვიცავდი, ვერც ზიარებას ვიღებდი. ამ სასწაულით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი აქ არის. დიდება უფალს, რომ ჩემი გზა მაჩვენა.
აღელვებულმა მაშინვე ჩემს მოძღვარს, მამა მიქაელს და მიტროპოლიტს, მეუფე იობს, დავუკავშირდი. მათ მითხრეს, საერო სამსახურისთვის თავი დამენებებინა და ასეც მოვიქეცი, ისევ ანაფორით შევიმოსე.
არ არის ადვილი, ადამიანმა ანაფორა გაიხადოს და საერო ცხოვრება დაიწყოს. იმ 3 თვის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამყაროს გავემიჯნე და გავეცალე.
სასწაული ორი დღის მერეც განმეორდა – ღვთისმშობელი და მაცხოვარი გამომეცხადნენ.
შარშან, იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი რომ მოაბრძანეს ჩემთან, ცაზე ქრისტე გამოისახა თავისი 12 მოციქულით. ეს სასწაული ყველამ დაინახა, ვინც ჩემთან იყო.
წმინდა მამების აზრს თუ გავითვალისწინებთ, სასწაულები მეორედმოსვლის დროს გახშირდება. წმინდა მამების წერილებში ვკითხულობთ, რომ ბოლოჟამს უფლისგან ბევრი ხილული სასწაული მოხდება, ეკლესიებს ძალა დაეკარგება და ეს ძალა ოჯახებში გადაინაცვლებს. უწმინდესმაც იქადაგა, მეორედმოსვლა დაიწყო, მაგრამ რა დროს რა მოხდება, არავინ ვიცითო.
– როგორც ვიცი, თქვენი მირონმდინარე ხატებისგან განკურნებებიც ხდება. მოგვიყევით ამ ადამიანების ისტორიები.
– ახალგაზრდა მამაკაცს არაერთი დაავადება ჰქონდა, მათ შორის, ცე ჰეპატიტიც. კომაში იყო და მის გადარჩენას არავინ ელოდა. ოჯახის წევრები უკვე მისი გარდაცვალებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ სასწაული მოხდა. ჩემი ნათლულის შვილმა, თამთა ჩარკვიანმა, ამ ბიჭის დედას აქედან წაღებული მირონი გადასცა. დედამ თავის მომაკვდავ შვილს კლინიკაშივე წაუსვა მირონი, ასევე ლოცვებს უკითხავდა და ის მამაკაცი კომიდან გამოვიდა, ნელ-ნელა წამოდგა ფეხზე.
დედა-შვილი დადიოდნენ აქ. გოგონა 25 წლის განმავლობაში ყრუ-მუნჯი იყო. როგორც ამბობდნენ, პატარაობისას ხელიდან გაუვარდათ და მას შემდეგ ვეღარ ლაპარაკობდა. ერთ-ერთი პარაკლისის დროს გოგონამ დაიძახა, მამა გაბრიელი აქ არისო. მერე კვლავ ჟესტების ენაზე გააგრძელა საუბარი. დედამისს აუხსნა, რომ მამა გაბრიელი დაინახა, რომელიც ჩემ გვერდით იდგა, მერე ჩემ წინ გაიარა და მასთან მივიდა. ამ ამბიდან რამდენიმე ხანში გოგონას სმენაც დაუბრუნდა და ლაპარაკიც დაიწყო.
საოცარი წინათგრძნობა მაქვს ხოლმე. ერთხელ დავინახე, რომ ჩემი ერთ-ერთი მრევლის, ლიკა ვარდანიანის, ოჯახში ტრაგედია უნდა დატრიალებულიყო. ორი დღით ადრე ლიკას ასე შევაპარე ეს ამბავი, რომ თითქოს მე უნდა მოვმკვდარიყავი. 2 დღის შემდეგ, დილის 4 სააათზე, ლიკამ მესიჯი მომწერა, უბედურება მოხდაო. აღმოჩნდა, რომ ლიკას ძმა და ძმისშვილი ავარიაში მოყვნენ და მტკვარში გადაცვივდნენ. ძმა გარდაიცვალა, ძმისშვილი კი გადარჩა.
– განსაკუთრებით რომელი წმინდანების მფარველობას გრძნობთ?
– ყველა მიყვარს, მაგრამ ყაზანის ღვთისმშობელი, ჯვარცმის ხატი, წმინდა გიორგი და მამა გაბრიელი განსაკუთრებულად მმფარველობენ. მამაჩემს გულის შუნტირება რომ გავუკეთეთ, მთელი ღამე ვლოცულობდი და ვგრძნობდი, მამა გაბრიელი ჩემ გვერდით იდგა. სხვათა შორის, მამაჩემი ოპერაციის შემდეგ მოინათლა მართლმადიდებლურად.
საერთოდ, უფლის ნებაა, ადამიანი გადარჩება თუ არა, მაგრამ ლოცვასაც დიდი ძალა აქვს. მამაჩემი საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, ჯერ თბილისში მდებარე მამა გაბრიელის სახლში წავედი, მოვილოცე, მერე – მცხეთაში, დედათა მონასტერში, სადაც მისი ცხედარია დასვენებული.
მონასტრიდან რომ გამოვედი, ეზოში ხალხი იყო შეკრებილი, მოძღვრებიც იდგნენ. ისინი უჩვეულოდ ლამაზი ორი მტრედის დაჭერას ცდილობდნენ. ეზოში გამოსულს სათვალე დამივარდა და მის ასაღებად რომ დავიხარე, ორივე მტრედი ხელებში ჩამიჯდა. მათი შეხებით ჩემში თითქოს მადლი გადმოვიდა.
ცხოვრებაში ჩვენი მონდომებით არაფერი ხდება, ყველაფერი უფლის ნება, უფლის გადაწყვეტილებაა.

