,,ჩემს ცოლს შეიძლება ოჯახი დაენგრეს” – ბიძგი ღალატისკენ

,,ჩემს ცოლს შეიძლება ოჯახი დაენგრეს" - ბიძგი ღალატისკენ,,სარკე”, ნანა კობახიძე

ცხოვრება ნაირგვარი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მათ შორისაა დადებითიც და უარყოფითიც, რომლებიც მეტნაკლებად გარკვეულ გავლენას ახდენენ ჩვენს პიროვნებაზე, ფსიქიკაზე, ცხოვრების წესზე. ადამიანი, რომელთანაც სიყვარული გაკავშირებდა, ამ გამოწვევების გამო შეიძლება შეიცვალოს, გაუცხოვდეს, გაცივდეს, მიუღებლადაც მიგიჩნიოს. მაგრამ გავა დრო და შეიძლება გამოწვევამ პირიქით იმოქმედოს მასზე – შენკენ მოაბრუნოს, ძვირფასად ჩაგთვალოს, დააფასოს შენში ის, რასაც მანამდე არაფრად აგდებდა.

,,სარკის” რესპონდენტმა, შუახნის მამაკაცმა გიამ, პირადი ცხოვრებიდან უჩვეულო ამბავი გაგვანდო.

გია:

– თვალდახელშუა გაფრინდა ჩვენი სიყვარული! არადა როგორ გვიყვარდა ერთმანეთი! თქვენს სიყვარულზე ლეგენდები დადისო, გვეუბნებოდნენ. რამდენი დაბრკოლება გადავლახეთ, სანამ შევუღლდებოდით! ჩემი მშობლები, მისი მშობლები – ყველანი წინააღმდეგები იყვნენ. ერთი თქვეს ჩემებმა, მაგ გოგოს ოჯახი ჩვენი შესაფერისი არ არისო და ეს ხმა ქარბორბალასავით დატრიალდა, ლიას ოჯახი ააწრიალა.

ლიას მშობლებმა კუდი ყავარზე გადეს – რაკი ფული აქვთ (ჩემებს გულისხმობდნენ), თავს უფლებას აძლევენ, დაგვამცირონ, სულაც არ გვჭირდება მათი ბიჭი, ჩვენი წინაპარი ორბელიანის ქალი იყოო.

უფულობის გამო არ დაუძრახავთ ჩემებს. მათი ოჯახი ვალებით ცხოვრობდა, ლიას მამას მთელი სანათესაოს ვალები ედო კისერზე, ერთს გამოართმევდა, მეორეს გაისტუმრებდა. თავის დროზე რაღაც შარში გაება და მას შემდეგ ვეღარ ამოვიდა ვალებიდან, ასე ცხოვრებასაც მიეჩვია.

შეყვარებულებმა მაინც ჩვენი გავიტანეთ და ვიქორწინეთ. ამით ოჯახები შევარიგეთ. შეგვესია ორივე ოჯახი, მათი გაგებით, ჩვენდა სასიკეთოდ. სად მივდიოდით, რას ვჭამდით, ვისთან რას ვამბობდით და რას ვაკეთებდით, ყველაფერი უნდა სცოდნოდათ. “დედა ენაცვალოს” – ამ სიტკბოთი და სიყვარულით ყველაფერს გვიკონტროლებდნენ. იყო ერთმანეთთან  რეკვები, აბა, ცივი ნიავი არ მიეკაროს ჩვენს შვილებსო… ხელისგულზე ტარებამ მობეზრებაც იცის, გათამამებაც და გაფუჭებაც.

– როგორ იტანდით ახალგაზრდა წყვილი ასეთ კონტროლს?

– დავაყენე საკითხი ცალკე გასვლის შესახებ, მაგრამ ლია არ ამყვა. მართვის სადავე უფროსებს ჰქონდათ აღებული, მათ კი მხარი არ დამიჭირეს. მაშინ არც იყო ცალკე გასვლის კულტურა დამკვიდრებული. წყვილი თუ სხვა ბინაში გადასვლას ანუ ოჯახიდან გამოყოფას მოინდომებდა, მშობლებს ამის გადალახვა უჭირდათ, ოჯახის სირცხვილად თვლიდნენ.

– ცოლმა რატომ არ ისურვა, ცალკე გეცხოვრათ?

– დამოუკიდებლობის შეეშინდა, თავი როგორ გავიტანოთო. ზედიზედ ორი შვილი შეგვეძინა და მშობლები გვეხმარებოდნენ. საშუალებას გვაძლევდნენ, თავისუფალი დრო გვქონოდა, გვემოგზაურა, გასართობად გვევლო, ფინანსურად უზრუნველგვყოფდნენ. ლია იმ ფულით თავის მშობლებსაც უმართავდა ხელს.

– ვალის დაფარვაში ეხმარებოდა?

– ამასაც ახერხებდა ჩუმად, ფულს ზოგავდა. მეც ვაძლევდი, მათთვის რომ მიეცა. ჩემებმა ამის შესახებ არ იცოდნენ. არც სიდედრ-სიმამრმა იცოდნენ, მე რომ ვეხმარებოდი ცოლის ხელით.

მერე ცალკე გასვლა მაინც მოგვიწია, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებით იყო. ჩემმა უმცროსმა ძმამ ცოლი შეირთო და საჭირო გახდა. ჩემმა მშობლებმა ბინა იყიდეს. ან მე უნდა გადავსულიყავი ცოლ-შვილით, ან ჩემი ძმა. ჩვენ გადავედით, ცოლ-ქმარი – ორივე ვმუშაობდით, შვილები საბავშვო ბაღში დაგვყავდა. ჩემი ძმა ჯერ კიდევ გზაზე დასაყენებელი ჰყავდათ.

– დამოუკიდებლობამ უკეთესობისკენ შეცვალა თქვენი ცხოვრება თუ თავისებური სირთულეები შეგიქმნათ?

– თავიდან ავეწყვეთ, მაგრამ მალე ქვეყანაში აირია სიტუაცია. ავადსახსენებელმა 90-იანმა წლებმა ყველა უკან დაგვხია. როგორც ოჯახების უმრავლესობას, ჩვენც გაგვიჭირდა. ინფლაციამ ლამის ბოლო მოგვიღო. მთელი დანაზოგი გაგვიუფასურდა. მამა უშემოსავლოდ დარჩა. ჩემი ხელფასით თავი ძლივს გაგვქონდა. ლიამ ქსოვა დაიწყო, კარგ რაღაცებს ქსოვდა და მაღაზიებში აბარებდა. კერავდა კიდეც. გაყიდვა ჭირდა.

გამოჩნდა შანსი, უკანონოდ მეშოვა ფული. ლია მაქეზებდა, მაგ საქმეს მიხედე, უფრო კაცურია, ვიდრე შენი სამსახურიო. ის საქმე ჩემს მორალს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ვეღარ გადავწყვიტე. ცოლი მეუბნებოდა, სხვები უარესებს აკეთებენ, თავი რომ გადაირჩინონო. მაგალითები მოჰყავდა. მამაჩემზე ამბობდა, გგონია, კეთილსინდისიერად შოულობდა ფულს, მაქინაციებზე თუ არ წახვედი, ვერც იცხოვრებო.

ციდან ჩამოფრენილი არ ვყოფილვარ და რაღაც მეც გამეგებოდა ცხოვრებაში, მაგრამ მამის სახელის ასე ხსენება ცოლისგან არ მომწონდა. ამის გამო უსიამოვნებები გვქონდა. პირველად მაშინ იჩინა თავი ჩვენმა განსხვავებულმა მენტალობამ. დიდი მნიშვნელობა ჰქონია, რა პირობებში გაიზარდა ადამიანი და რა კომპლექსები დარჩა იმ ძველი ცხოვრების სტილიდან.

შიმშილით სული ნამდვილად არ გვძვრებოდა. რაც საჭირო იყო არსებობისთვის, ოჯახში შემომქონდა. ლიას უნდოდა, ისე ყოფილიყო, როგორც წლების წინ ჩემი მშობლების ოჯახში. თავად ფუფუნებაში არ გაზრდილა, ცუდად არ გამიგოთ, კარგ ცხოვრებას ჩემს ოჯახში გაუგო გემო და მადის დაკარგვა აღარ მოისურვა.

– 90-იანი წლებიც გადააგორეთ. ცოლქმრულ ურთიერთობაში კიდევ გაჩნდა რამე, უფრო სერიოზული სირთულე?

– ლიას ნიჭი დაფასდა, ერთ სერიოზულ კომპანიაში ჩაერთო და კარგი შემოსავალიც გაუჩნდა. მე კი შემცირებაში მოვყევი და ახალი სამსახურის შოვნა გამიჭირდა. რა ვაკანსიასაც მთავაზობდნენ, ყველგან მიზერული ანაზღაურებით. ბავშვებს რთული ასაკი ჰქონდათ, პატრონობა სჭირდებოდათ.

ლიამ გადაწყვიტა, რომ კაპიკებზე არ უნდა მერბინა და ოჯახისთვის მიმეხედა. ლოგიკურად დავეთანხმე, შინაგანად – არა. განა იმიტომ, რომ ბავშვების მოვლა და საოჯახო საქმეები, როგორც კაცს, მეთაკილებოდა. უბრალოდ ამ საქმეში ჩემს თავს ვერ ვპოულობდი.

– ეს ეტაპი გაგიჭირდათ?

– ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. სახლის დალაგებას, კერძების მომზადებას, ჭურჭლის რეცხვას და ბავშვების მწყემსვას მივეჩვიე. ამ ყველაფერს ლიას გამოც ვაკეთებდი, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს დაესვენა. გაშლილ სუფრას ვახვედრებდი, ვახშმობის შემდეგ მაგიდასაც არ ვალაგებინებდი, არც ჭურჭელს ვარეცხვინებდი.

– მეუღლე ალბათ შრომას ხედავდა და გიფასებდათ.

– თავიდან აფასებდა, შემდეგ პრეტენზიები დაიწყო. გაკეთებულს მიწუნებდა, შენიშვნებით მავსებდა. სხვების წარმატებულ ქმრებს მადარებდა კაცს, რომელმაც წლების მანძილზე კარიერულ წინსვლაზე კი არა, სამსახურზეც ოჯახის გამო ვეღარ ვიფიქრე.

ლია შვილებს საჩუქრებით ანებივრებდა. მათთან თავი ეჭირა, როგორც წარმატებულ ქალს. ჩემი მხრიდანაც ჰქონდა ეს პატივი, შვილებს დედის დაფასებას ვუნერგავდი. თავად კი არც ცდილობდა, მოზარდებთან ჩემი ავტორიტეტი დაეცვა, პირიქით, სულ რაღაცაზე მიშარდებოდა და მამცირებდა.

– ასეთმა დამოკიდებულებამ მეუღლის მიმართ თქვენი გრძნობა დააზიანა?

– როცა ერთი მხარე დომინირებს, მეორეს უჩნდება პროტესტის გრძნობა და თუ ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ღირსება გელახება. თუ დომინანტი ამას ვერ გრძნობს, იკარგება გაგება ცოლ-ქმარს შორის, თანდათან გრძნობაც ნელდება. როგორ შეიძლება გიყვარდეს მუდმივად შენი შეურაცხმყოფელი? ეს ორივე სქესისთვის რთულია, მით უფრო, მამაკაცს უჭირს ამის მონელება.

ვითმენდი, ვიტანდი, ქვებს არ ვისროდი და გინების კორიანტელს არ ვაყენებდი. მეგონა, ამას ცოლის სიყვარულით ვაკეთებდი, მერე კი მივხვდი, რომ სიყვარული აღარსად იყო. უბრალოდ შინაგანი კულტურა არ მაძლევდა სხვაგვარად მოქცევის საშუალებას. ლია იყო მშვიდად და იმედიანად, რომ ოჯახი ფეხზე ჰყავდა, მაგრამ დანახვა და აღიარება არ სურდა, ვის მიუძღოდა წვლილი.

ყოველმხრივ ხელს ვუწყობდი, ის კი დადიოდა საღამოებზე ისე, რომ ჩემთვის წასვლა ერთხელაც არ შემოუთავაზებია. მისთვის მე მხოლოდ ჩამორჩენილ კაცად ვიქეცი, რომელიც მის “დონეს” ვერ აკმაყოფილებდა. ჩემ გვერდით გავლაც კი ეთაკილებოდა. ამას სულ ვგრძნობდი.

– ეცადეთ, სიტუაცია შეგეცვალათ, მდგომარეობა გამოგესწორებინათ?

– არ ვკადრულობდი, შემეხსენებინა მისთვის, როგორი ოჯახიდან იყო, შემედარებინა პირობები, საიდანაც გამოვედით. ეს რომ გამეკეთებინა, იქნებ ეგრძნო სინდისის ქენჯნა, მაგრამ მეეჭვება. ისე იყო ამპარტავნებით შეპყრობილი, რომ შეიძლებოდა ჩემი ოჯახი და წარმომავლობაც გაესწორებინა მიწასთან, ეგენი ვინ მიგდიან, მე ვარ და ჩემი ნაბადიო.

სამწუხაროდ, ასეა ცხოვრება მოწყობილი: არავის აინტერესებს, ვინ იყავი გუშინ (ამას იოლად ივიწყებენ), მთავარია, ვინ ხარ დღეს. გულსატკენი ისაა, შენი უახლოესი ადამიანი რომ ივიწყებს ამას, ვისთვისაც შენი წარსული ხელისგულზეა.

გადავწყვიტე, თავი სათანადო სიმაღლეზე დამეყენებინა. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, მოვიძიე სამსახური და შინიდან გავედი. ჩემი ანაზღაურება ცოლისას ჩამოუვარდებოდა, მაგრამ, რაც მთავარია, მასზე დამოკიდებული აღარ ვიყავი.

– მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგიდგამთ. ამით ოჯახში მდგომარეობა გამოსწორდა თუ პირიქით?

– შევხვდი სხვა ქალს, ლიზას, რომელმაც ჩემი თავი და ცხოვრებაც სხვაგვარად დამანახა. ბუნებით პატიოსანი ვარ, ორმაგ ცხოვრებაზე ფიქრს ვერც დავუშვებდი, მაგრამ ასე მოხდა. ცხოვრებამ მოიტანა. კაცს სჭირდება სიყვარული და პატივისცემა ქალის მხრიდან, ისევე როგორც ქალს – კაცისგან. თუ ერთი ქალი გამუდმებით ცდილობს კაცის თვითშეფასების დაქვეითებას, ხოლო მეორე ამაღლებას, ცხადია, კაცი იმ ქალისკენ გადაიხრება, რომელთანაც თავს გარკვეულ სიმაღლეზე იგრძნობს და არ დაკნინდება.

– ორმაგი ცხოვრება ალბათ რთულია თქვენთვის. რა გავლენა იქონია თქვენს ოჯახზე?

– ჩემთვის იმაზე მძიმე არ არის, ვიდრე მანამდე ვიყავი ოჯახში. თავი კაცად და ადამიანად ვიგრძენი. თუ ცოლს არ უნდა შენ გვერდით ყოფნა, გამოჩნდებიან ქალები, ვინც სურვილს აგისრულებენ… მაგრამ არის მეორე მომენტი – ეს ღალატია. როგორ უნდა იყოს მშვიდად მოღალატე ადამიანი? ამას გამუდმებული შფოთი მოსდევს. ფარული ცხოვრება მუდმივად არ გრძელდება, ადრე თუ გვიან გაცხადდება.

– თქვენი რომანი თუ გამჟღავნდა, ცოლს რა რეაქცია ჰქონდა ამაზე?

– მიეცა ფიქრის საშუალება, სად დაუშვა შეცდომები. როგორც ჩანს, არც მთლად ხელწამოსაკრავი ვყოფილვარ მისთვის. იმ ფაქტმა, რომ შეიძლებოდა სრულიად დავეკარგე, სხვაგვარად მოაბრუნა ჩემკენ. ცდილობს, შეცდომები გამოასწოროს, თუკი ეს შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, მისი საქციელი დავაფასო.

– ანუ ფიქრობთ, რომ თქვენს ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება?

– არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ლიზასთვის ქორწინების პირობა არ მიმიცია, არც მოუთხოვია. უპირობოდ ვუყვარვარ. მეც დიდ პატივს ვცემ, არაჩვეულებრივი ქალია. კაცები ხელაღებით ოჯახს ვერ ანგრევენ, თუ რაღაცამ, ძალიან ძლიერმა არ აიძულა. ლია დგას საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება ოჯახი დაენგრეს და, ჩემდა გასაკვირად, ძალიან გონივრულად იქცევა.

ახლა ასეთი სიტუაცია მაქვს: ორ ქალს შორის ვდგავარ და ორივეს ძვირფასად მივაჩნივარ, ორივე მეფერება. არც ერთს აქვს მეორის მიმართ პრეტენზია, არც მე მიყენებენ ულტიმატუმებს. სასიამოვნო ფაზაა, არა? ეს – ხუმრობით! ალბათ ადრე თუ გვიან გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ასე ხომ დიდხანს ვერ გაგრძელდება.