,,ბიცოლამ ჩემი ძმა ამოიჭამა და იმქვეყნად გაისტუმრა”

,,ბიცოლამ ჩემი ძმა ამოიჭამა და იმქვეყნად გაისტუმრა"ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მჯერა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბოროტებას ისე აფრქვევენ, სხვებს ვნებას აყენებენ. იმისიც მჯერა, რომ შეიძლება ვიღაცის თვალი გეცეს. ალბათ ბევრს გქონიათ ისეთი შემთხვევები, როცა კონკრეტულად ერთი ადამიანის დანახვა ცუდად გაქვს დაცდილი და იმ დღეს რაღაც უსიამოვნო ხდება.

სწორედ ასეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. მგონია, რომ ბიცოლამ ჩემი ძმა ამოიჭამა და ბოროტი ფიქრებით იმქვეყნად გაისტუმრა. იმას არ ვამბობ, რომ რაღაც ჯადო გაუკეთა და საშინელება დამართა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი კარგად ყოფნა აღიზიანებდა და ჩემი ძმის წარმატებები გულზე ეკლად ესობოდა. შეიძლება ეს არც უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ერეოდა. ძალიან ძნელია, ადამიანმა საკუთარ თავში ბოღმა და შური დაამარცხო, ჩაკლა.

ჩემი ძმა და ბიძაშვილი თანატოლები იყვნენ. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და ლამის ერთ საწოლში გაიზარდნენ. დედა მაზლის შვილს ისე უყურებდა, როგორც საკუთარ შვილს, ძალიან უყვარდა და მასზე ზრუნავდა. ბიცოლაჩემი ზოგჯერ ღამის ცვლაში მუშაობდა, ამიტომ ბავშვებს, და-ძმას, დედა იტოვებდა.

არ გეგონოთ, შვილებს მათგან გვარჩევდა, ისე გვექცეოდა, როგორც დედმამიშვილებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დედას ბიცოლაჩემის ოჯახზე დიდი ამაგი აქვს, მაგრამ ამ ქალს მაინც ვერაფერი დაანახა. როცა დასჭირდა, დედაჩემს გული ატკინა, მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა საუბარი.

 

იმის ნაცვლად, რომ ბიცოლა ჩემი ძმის მიმართაც ისეთივე კეთილგანწყობილი ყოფილიყო, როგორც დედაჩემი იყო მისი შვილის მიმართ, პირიქით, სულ ჯიბრით იქცეოდა. თავის შვილს გამუდმებით იმას ეუბნებოდა, არ გაჯობოს, არ დაგჯაბნოსო. საკმარისი იყო, ბავშვობაში ჩემს ძმას ბიძაშვილისთვის ან ფეხი წამოედო, ან თამაშისას წაკამათებოდა, რომ ბიცოლა უკვე გაცეცხლებული მორბოდა ჩვენი სახლისკენ. რამდენჯერმე ჩემს ძმას ხელიც დაარტყა, შვილს არ დაგაჩაგვრინებო.

მეზობლები დედას ყოველთვის ეუბნებოდნენ, ამდენს როგორ უთმენ, რატომ არაფერს ეუბნებიო. დედაჩემი ისეთი კეთილშობილი ადამიანი იყო, რომ მათ ლაპარაკს ყურს არ უგდებდა. ამბობდა, ბავშვები საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ, ისევ ერთად ითამაშებენ, უფროსები ამის გამო ერთმანეთს არ უნდა წავეკიდოთო.

ბიცოლამ დედაჩემისგან ვერაფერი ისწავლა. ვერც მისმა სიკეთემ მოულბო გული. მშობლები ჩემს ძმას რამეს რომ უყიდდნენ, ის ტირილს იწყებდა, ჩემს შვილს რატომ აჩვენებთ, რომ ჩვენ ღარიბები ვართ და თქვენ – მდიდრებიო.

ასე არ იყო, არც ჩვენ ვიყავით მდიდრები და არც ისინი – ღარიბები. თითქმის ერთნაირად ვცხოვრობდით, უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ ჩემს მშობლებს შვილებისთვის არაფერი ენანებოდათ, რაც შეეძლოთ, გვანებივრებდნენ.

საოცარი ძმა მყავდა. სკოლაშიც საუკეთესოდ სწავლობდა, ინსტიტუტშიც და მერე ისეთი საქმე წამოიწყო, რომ მთელ სანათესაოს ეხმარებოდა, მათ შორის – ბიძის ოჯახს. ბიცოლაჩემი ვითომ კმაყოფილი იყო, გაიხაროს მისმა ხელებმა, ამბობდა, როცა ჩემი ძმა რაღაცით ეხმარებოდა, მაგრამ იქვე დააყოლებდა, ჩემმა შვილმა ვერ ივარგაო.

მეზობლებთან ლაპარაკობდა, სხვა უბანში რომ გვეცხოვრა და მაზლის შვილის გვერდით არ გამეზარდა, სხვანაირი იქნებოდა. ჩემს ძმაზე ამბობდა, დამიჩაგრა და ამიტომ ვერაფერს ეწიაო. ეს იყო ტყუილი! პირიქით ხდებოდა, მუდამ ჩემი ძმა ეხმარებოდა, ყოველთვის გვერდით ედგა და ხელს უმართავდა. ბიცოლაჩემს კი ამ ყველაფრის დანახვა უბრალოდ არ სურდა და არც იმის აღიარება, რომ დედაჩემმა უკეთესი შვილი გაზარდა, ვიდრე მან.

ჩემს საოცარ ძმაზე იმდენი ილაპარაკა, რომ ამოიჭამა. სრულიად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კაცს სარკომა დაემართა და ვერაფერი ვუშველეთ. დედაჩემი და მამაჩემი დარდმა გაანადგურა. დედამ ფიზიკურად ვერ გაუძლო, თავის შვილს მალევე მიჰყვა, მამა კი ერთბაშად მოტყდა, დაბერდა, ყველაფერზე ხელი ჩაიქნია. ხშირად ვამბობ, რომ ჩემს სიცოცხლესაც აზრი არ აქვს, რადგან ჩემი ხორცის და სულის დიდი ნაწილი მკვდარია. ვცოცხლობ იმისთვის, რომ ქმარ-შვილს, ძმისშვილებს და ჩემს მოხუც მამას ვჭირდები.

ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ბიძაშვილის დანახვა აღარ მსურს. სადმე თუ მხვდება, თვალს ვარიდებ, რომ არ დაველაპარაკო. ვიცი, რომ სიკვდილთან ყველა უძლურია და ბიცოლაჩემი ვერ აცოცხლებდა და ვერც მოკლავდა, მაგრამ ფაქტია, ჩემი ძმისთვის კარგი არაფერი ემეტებოდა. დღემდე არ მესმის, რას ვუშავებდით, მტრად რატომ მოგვეკიდა და ასე რატომ შეგვიძულა.

სარკის ერთგული მკითხველი

თქვენი ისტორიები შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ,,სარკის” ფეისბუქგვერდზე, ასევე _ ელ.ფოსტაზე sarke@mail.ru