20 წლის შემდეგ დაბრუნებული ჭორი – ,,ცოლიანმა კაცმა საყვარლობა შემომთავაზა, რადგან ჰგონია, რომ წარსულში სექსი მქონდა”

20 წლის შემდეგ დაბრუნებული ჭორი - ,,ცოლიანმა კაცმა საყვარლობა შემომთავაზა, რადგან ჰგონია, რომ წარსულში სექსი მქონდა",,სარკე”, ნანა კობახიძე

რა იწვევს იმას, რომ ზოგს უმართლებს ცხოვრებაში, სიყვარულში, მეგობრობაში, ადამიანურ ურთიერთობებში, ზოგი კი თამაშგარე რჩება, ზოგისთვის ცხოვრება დედაა, ზოგისთვის კი –  დედინაცვალი?

იქნებ ეს პიროვნული საკითხია – ადამიანი ხვდება ან ვერ ხვდება, რთულ სიტუაციებში როგორ მოიქცეს, როგორ გაუმკლავდეს პრობლემებს, როგორ მიიღოს გადაწყვეტილება, ენდოს თუ არა ირგვლივმყოფებს. იქნებ ალღოს საკითხია, რომელიც უნდა აუღო ცხოვრებას, ადამიანებს? იქნებ ინდივიდი თავად უშლის ხელს საკუთარ ბედნიერებას? ეს თემა საკამათო, სამსჯელოა.

ჩვენი რესპონდენტის, 40 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალის, ნატას, პირადი ცხოვრება საფიქრალს ნამდვილად აჩენს.

ნატა:

– სამწუხაროდ, ვეღარავის ვენდობი. ზოგჯერ საკუთარ თავშიც ეჭვი მეპარება, ისეთ რაღაცებს ვამჟღავნებ. ძნელია ასე ცხოვრება, მაგრამ მირჩევნია, მარტო ვიყო, ვიდრე მუდმივად დაძაბული იმის შიშით, როდის გამთქვამენ და მიღალატებენ. ჩაკეტილ ცხოვრებას არ ვეწევი, მაგრამ არც მეგობარი მყავს, ვისაც შეიძლება გავენდო და გული გავუხსნა.

სამწუხაროდ, ასე ყოფილა: ადამიანი სანამ შენია, ერთგულებას იჩენს, მაგრამ როგორც კი შენად აღარ ჩაგთვლის, უკვე აღარ გინდობს, შეუძლია, გაგწიროს კიდეც, თქვას შენზე ყველაფერი, რაც იცის და რაც არ იცის, ტყუილ-მართალი აურიოს. ყველაზე მეტად ტყუილი და ორპირობა მაგიჟებს.

– რა გადაგხდათ ისეთი, რამაც ნდობა დაგაკარგვინათ?

– ამ სიტუაციაში ვარ. სკოლის ასაკში ერთი ბიჭი მიყვარდა, ჩემზე უფროსი, დიმიტრი. ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მე პატარა ვიყავი, ის – დავაჟკაცებული. სიყვარულს გულში ვმალავდი, მეგონა, რომ გამჟღავნებულიყო, მოვკვდებოდი. მრცხვენოდა. პატარა ვიყავი სიყვარულისთვის. ზოგ ჩემს თანატოლს ჰქონდა რაღაც გატაცებები, ამით ერთობოდნენ, მე კი სერიოზული გრძნობა გამიჩნდა, მასზე ვოცნებობდი. ახლოს არ ვიცნობდი…

გრძნობა წლები გამყვა. დიმიტრი სკოლას ამთავრებდა, მე მეექვსე კლასში გადავდიოდი. გული მისკდებოდა, რა მეშველებოდა მის გარეშე. ჩვევად მექცა – ყოველი დილა თენდებოდა იმაზე ფიქრით, რომ სკოლაში დიმიტრის დავინახავდი, ეს ფრთებს მასხამდა და სტიმულს მაძლევდა, წარჩინებით მესწავლა.

კლასში ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთთან ვმეგობრობდი, ნუცასთან. ბოლო წელს განსაკუთრებით დავუახლოვდი, დასავით. მისმა ოჯახმა ჩემ მეზობლად იყიდა ბინა და სკოლაში ერთად გვიწევდა სიარული, ხშირად ერთად ვმეცადინეობდით. ერთმანეთს პატარა საიდუმლოებებსაც ვუმჟღავნებდით.

ერთხელ ნუცა გამომიტყდა, რომ ერთი ბიჭი მოსწონდა, ის კი უცნაურად ექცეოდა. იმ ბიჭის ქცევებს განვიხილავდით, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ახსნას, რატომ მოიქცა ასე ამა თუ იმ სიტუაციაში.

ნუცას ეგონა, რომ მარტო მას სჭირდა ასეთი რამ და სხვას არავის. ის ბიჭი რომ აწყენინებდა, ყველაზე უბედური ეგონა თავი. მე კი ვამშვიდებდი, ვუმტკიცებდი, რომ არამხოლოდ თვითონ იყო ამ დღეში, სხვებსაც შეიძლებოდა, ცალმხრივად ჰყვარებოდათ.

ასეთმა საუბრებმა მიმიყვანა იქამდე, რომ დაქალს დიმიტრის სიყვარულში გამოვუტყდი. ახლა უკვე ორმაგად განვიხილავდით საკითხებს, სკოლაში შესვენებებზე ვეჩურჩულებოდით ერთმანეთს, სხვებს რომ არ გაეგოთ.

– მიუხედავად ამისა, მაინც გამჟღავნდა, არა?

– გოგოები მიხვდნენ, რომ რაღაცაში იყო საქმე, ჩუმად ყური დაგვიგდეს, მაგრამ ვერ გაარკვიეს, ვის ვინ უყვარდა. იფიქრეს, რომ ნუცას ჰყავდა შეყვარებული და დაცინვა დაუწყეს. გამოვესარჩლე, გააფთრებით ვიცავდი მეგობარს, ნუცა ტიროდა. ცოტა ხნის შემდეგ მთელი სკოლა ჩემზე ალაპარაკდა, რომ დიმიტრი მიყვარდა. მის კლასელებს ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ – ციცქნა გოგო, ამხელა ბიჭზე შეყვარებული…

ირონიას არც ჩემი კლასელები მაკლებდნენ, ნუცა აღარავის ახსოვდა. დიმიტრი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. საშინელ დღეში აღმოვჩნდი.

– თქვენი საიდუმლო ნუცამ გათქვა?

– დიახ, გამიმეტა იმიტომ, რომ არავის ეჭორავა, არავის დაეცინა მისთვის. მას შემდეგ დიმიტრის გამოჩენისთანავე ყველა ჩემკენ იშვერდა თითს, იცინოდნენ. სხვა სკოლაში მინდოდა გადასვლა. კლასის დამრიგებელი ჩაერია და ბავშვები აიძულა, ბოდიში მოეხადათ ჩემთვის. მას შემდეგ არავის გავუბრაზებივარ, მაგრამ ვერც ვერავისთან ვიმეგობრე.

ნუცა ელოდა, რომ სამაგიეროს გადავუხდიდი და მის სიყვარულზე ავლაპარაკდებოდი, შიშით მიყურებდა, მაგრამ არ ვიკადრე. მერე უთქვამს ჩემზე, ნატა ძალიან მაგარი გოგო და იშვიათი ადამიანიაო. შერიგება უნდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, ვაპატიე, როგორც ადამიანს, მაგრამ არა – როგორც მეგობარს. აქ უკვე წერტილი დავსვი. ასეთი მწარე გამოცდილება მომცა ჩემმა პირველმა სიყვარულმა.

– ბავშვობის შემდეგ ახალი გრძნობაც გეწვეოდათ.

– სტუდენტობისას ვატოს შევუყვარდი. გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მეგობრების ფართო წრე ჰყავდა და ყველას უყვარდა. იმდენ ლამაზ გოგოსთან ახლობლობდა… არ ვიცი, რით მოვეწონე, ძალიან აქტიურობდა. გასაქანს არ მაძლევდა. ხომ ხდება ხოლმე, ადამიანს შეეჩვევი და მერე ლამაზი რომ გეჩვენება… ასე დამემართა.

ვატოს მიმართ სიმპათია გამიჩნდა. სხვა რომ არაფერი, ჩემს უფერულ და უმეგობრო ცხოვრებას მივსებდა, მიხალისებდა. ერთად რამდენჯერმე გავიარეთ, სიყვარულზე თანხმობა არ მითქვამს, მაგრამ უკვე შეყვარებულებად გვთვლიდნენ. ამ დროს კვლავ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში დიმიტრი. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ვატოს წრეში შევხვდი. თვალებს არ ვუჯერებდი. რაც სკოლა დაამთავრა, მას შემდეგ არსად მომიკრავს თვალი, მიუხედავად იმისა, რომ გვერდიგვერდ უბანში ვცხოვრობდით. არც არაფერი მსმენია მასზე და უცებ ეს შეხვედრა…

– მისმა ნახვამ თქვენზე გავლენა იქონია?

– როგორც ჩანს, არაფერი ქრება და მინავლულმა ცეცხლმა შეიძლება რაღაც ფორმით იჩინოს თავი. ჩემდა გასაკვირად, დიმიტრიმ მიცნო, კომპლიმენტიც მითხრა. ისე დამელაპარაკა, როგორც თანატოლს.

საოცარი ის იყო, რომ იმ შეხვედრის შემდეგ დიმიტრის ხშირად ვნახულობდი უბანშიც, ქუჩაში, გაბრწყინებული მიყურებდა და მაცილებდა კიდეც. ძალიან ავირიე. ვატოს წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, დიმიტრის რომ ვეკონტაქტებოდი. ჩემი გული ვის ეკუთვნოდა, ვეღარ გავერკვიე. წუთიწუთზე ველოდი, რომ დიმიტრი რაღაცას მეტყოდა სიყვარულზე, ეს მის თვალებში ირეკლებოდა.

ქალი ყოველთვის გრძნობს მამაკაცის მხრიდან სიმპათიას და უფრო მეტსაც. ამ მომენტს გავურბოდი და მის ყოველ შემოთავაზებას საწინააღმდეგო არგუმენტს ვახვედრებდი, რაღაცას ვიმიზეზებდი, რომ მასთან პირისპირ არ დავრჩენილიყავი.

– გაორებულ მდგომარეობაში ყოფნა ძნელია. როგორ გადალახეთ?

– საკუთარ თავში გარკვევა გამიჭირდა. დიმიტრის მიმართ სიყვარულს ვგრძნობდი, ვატოს წინაშე კი – უფრო მოვალეობას. დიმიტრის გამოჩენამდე ვატოსთან კარგად ვიყავი, მერე დავიძაბე. ორივესთან დაძაბული ვიყავი, ასე ვერ გავაგრძელებდი.

ვატოს წრიდან ერთი გოგო დამიახლოვდა, ანა. ვატოსთან ნათელმირონი აკავშირებდა, დიმიტრისაც იცნობდა. მეგობრული იყო, გახსნილი. ალღო ჰქონდა, ერთი შეხედვით შეეძლო აზრების წაკითხვა, სულში ჩაგიძვრებოდა, გვერდით დაგიდგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრთან მეგობრობდა, არ შემინიშნავს, ვინმეზე ეჭორავა, ვინმეს საიდუმლო გაეთქვა. ანამ ჩემს ჩაკეტილ გულს გასაღები მოუძებნა და მეც მივენდე, გავუმხილე, რაც მჭირდა.

– ინანეთ ანასთან თქვენი გულწრფელობა?

– დიახ. მან თითქოს გამიგო, თანამიგრძნო, ეცადა, გრძნობებში გავრკვეულიყავი, მაგრამ ამასობაში ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დიმიტრი ჩამომაცილა და ვატოსთან დამტოვა. დიმიტრის უცაბედი ცვლილების მიზეზს ვერ მივხვდი, მერე შევიტყვე, რატომ დამშორდა.

– თუკი დიმიტრის თქვენ მიმართ გრძნობა ჰქონდა, ანას ნათქვამის გამო ხომ არ დაგშორდებოდათ?

– დიმიტრის ყურამდე მიიტანა, თითქოს ვატოსთან ფიზიკური სიახლოვე მქონდა, ასე ვთქვათ, სექსი. მეგონა, ვატომ გაავრცელა. საშინლად გავბრაზდი და ვატოს დავშორდი, მისი დანახვაც არ მინდოდა. ისეთი გამწარებული და შეუვალი ვიყავი, ვეღარც მოვიდა, რომ რამე აეხსნა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ანამ გამიკეთა.

– ანამ რატომ დაგწამათ ცილი, რაში დასჭირდა?

– როგორც ჩანს, დიმიტრი მოსწონდა, მე კი ვერ მივუხვდი. განგებ დამიახლოვდა, რომ ჩემი გრძნობებით და სიტუაციით მანიპულირება შესძლებოდა. ჩემთვის ყველაფერი მაშინ გაცხადდა, დიმიტრის რომ გაჰყვა ცოლად.

– თქვენ კი ვატოც დაკარგეთ?

– ორი კურდღლის მდევარივით, არა? საკუთარ თავზე ვბრაზობ. არც ერთი იყო დასაკარგი, არც მეორე. ერთი მტაცებელმა გოგომ წამართვა, მეორეს კი თავად ვკარი ხელი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მეგობრობაში ბედი არ მწყალობს, არც სიყვარულში. მიზეზს ვერ ვხვდები.

იქნებ მე ვარღვევ რამეს, არასწორად ვიქცევი… იქნებ ისეთ ადამიანებს ვიღებ მეგობრებად, რომლებიც ამის ღირსნი არ არიან? იქნებ ზოგადად ადამიანები გახდნენ უგულოები და თავის გასამართლებლად, საკუთარი ბედნიერებისთვის მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ შენი ღირსება და გრძნობები? იქნებ მე ვარ არაადეკვატური ამ სამყაროში, ვერ ვიგებ, რა მოვიმოქმედო საკუთარი თავის სასარგებლოდ?

უკვე 40 წელს გავცდი და რა მრჩება ამ ცხოვრებიდან? ასე ვთქვათ, სუფთად, უმწიკვლოდ ვიცხოვრე, არც კი დამცალდა, ბიჭთან გამევლო და, სამწუხაროდ, შელახული სახელი შემრჩა ხელში.

– ჭორი, რომელიც სიმართლეს არ ეფუძნება, ფეხს ვერ მოიკიდებს, დიდხანს არ იტრიალებს ხალხში. მალევე ივიწყებენ და ამით აშკარავდება სიცრუე. ნუთუ დღეს ვინმე გიხსენებთ იმ პერიოდს?

– ბოლოხანს მქონდა შემთხვევა. ასაკოვანმა მამაკაცმა მომაქცია ყურადღება, ზედმეტ მზრუნველობას იჩენდა. ასაკისთვის შეუფერებლად იქცეოდა, ამჩატებული იყო. რომ მხედავდა, ლამის ყირაზე დგებოდა. თავიდან თითქოს მახალისებდა, მერე კი გამაღიზიანა. ვუთხარი, ბატონო, ცოლ-შვილს მიხედეთ-მეთქი. არ ესიამოვნა და პირდაპირ მითხრა, მათ თავიანთი ადგილი აქვთ და შენ – შენიო.

,,ჩემი ადგილით” რომ დავინტერესდი, მიპასუხა, ჩემი წინადადება მიიღე, დასაკარგი არაფერი გაქვსო. საყვარლად ვუნდოდი!

მსგავსი დამოკიდებულება მაცოფებს. ძალიან რომ გავბრაზდი, შეიცხადა – ისეთი რა ვთქვი, შენთვის მხოლოდ სიკეთე მინდაო. მითხრა, რაც იცოდა ჩემს წარსულზე. ამიტომ დაუშვა, რომ შეიძლებოდა საყვარლობაზე დავეთანხმებინე.

იმ ამბავმა და ჭორმა 20 წლის შემდეგ შემახსენა თავი. არ ვიცი, რა არის ეს, ბედისწერა თუ უიღბლობა, რატომ ხდება ჩემს თავს ის, რასაც არ ვიმსახურებ?! სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს. ფაქტი ერთია, რამდენსაც ვენდე, ყველამ მიღალატა.