თეონა ცხომელიძე: “ქმარს ტელევიზიაში ჩემი დაბრუნება არ გაუხარდა”

თეონა ცხომელიძე: "ქმარს ტელევიზიაში ჩემი დაბრუნება არ გაუხარდა"ირმა ჭკუასელი, სარკე

გასულ ზაფხულს თეონა ცხომელიძემ “რუსთავი 2” მანამდე დატოვა, სანამ სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილი გახდებოდა და ტელეკომპანიაში კრიზისი დაიწყებოდა. არხის ახალმა ხელმძღვანელებმა როცა “კურიერის” წამყვანობა შესთავაზეს, ბევრი იფიქრა, პლუს-მინუსები აწონ-დაწონა, ახლობლების მოსაზრებები მოისმინა, როგორც “სარკესთან” ამბობს, ლამის კონსილიუმები გამართა… და საბოლოოდ გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო.

თეონა ტელე-კინორეჟისორია, მაგრამ თავის პროფესიას ჯერჯერობით მხოლოდ სახლში იყენებს. საოჯახო ჩანაწერების გაკეთება და დამონტაჟება ძალიან უყვარს. წელს ქმარმა დაბადების დღეზე სასურველი საჩუქარი მიართვა – კამერა, რომლითაც თავისი ოჯახის ვიდეოარქივს შექმნის.

– თეონა, საკმაოდ რთული და, შეიძლება ითქვას, მეტად მძიმე იყო გასული ზაფხული თქვენთვის. ვგულისხმობ “რუსთავი 2”-ში განვითარებულ მოვლენებს. როგორ გადალახეთ ეს პერიოდი?

– “რუსთავი 2”-დან კრიზისამდე, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე წავედი, ამიტომ იქ განვითარებულ მოვლენებს გარედან ვუყურებდი. ძალიან განვიცადე, რაც მოხდა.

– რატომ დატოვეთ ტელეკომპანია და მერე როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყავით “რუსთავი 2”-ში?

– საერთოდ სხვა მიზეზით დავტოვე ტელეკომპანია და ამაზე საუბარი არ მინდა. სამთვიანი წყვეტა მქონდა და ეს დრო დასასვენებლად და რაღაცების გადასაფასებლად გამოვიყენე.

“კურიერი” ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და ახლაც ასეა. ძალიან მნიშვნელოვან გზას გავდივართ – კრიზისის შემდეგ საზოგადოებისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ობიექტურ, სიმართლეზე დაფუძნებულ საინფორმაციო გამოშვებებს ვაკეთებთ და, ვფიქრობ, ეს შევძელით.

– როგორ შეაფასეთ დაბრუნების რისკები და რა იყო გადამწყვეტი ამ შემთხვევაში?

– ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც “რუსთავი 2”-ში დაბრუნება გადამაწყვეტინა, ნინო შუბლაძეა. მისი ხელმძღვანელობის დროს მიმუშავია და ზუსტად ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა. ნინოს დაბრუნებას “კურიერში” დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გადამწყვეტი იყო გარანტია, რომელიც მივიღე, რომ “რუსთავი 2” დეკლარირებულად პროდასავლური და გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია იქნებოდა.

მესამე ფაქტორი ჩემი მეგობრებისა და ოჯახის დამოკიდებულება იყო. ადამიანები, რომლებსაც ტელევიზიასთან კავშირი არ ჰქონდათ და მხოლოდ მაყურებლები იყვნენ, მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა მეცადა. რამდენიმე დღის განმავლობაში ლამის კონსილიუმები იმართებოდა ჩემს სახლში, ვსაუბრობდით რისკებზე, პლუსებსა და მინუსებზე, საბოლოოდ მაინც დავუჯერე მათ და არც ვნანობ.

– ქმარმა რა გირჩიათ ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ჩემი მეუღლე საკუთარ აზრს არასოდეს მახვევს თავზე. ურჩევნია, ნაკლებად სტრესულ და მშვიდ ადგილას ვმუშაობდე, ამიტომ ტელევიზიაში ჩემი დაბრუნება არ გახარებია.

– მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად იღებთ?

– ცხადია, გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ მე მეხება, მარტო ვიღებ, ოღონდ მარტივად – არა. ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის პოზიცია და აზრი უნდა მოვისმინო და დასკვნას ამის შემდეგ ვაკეთებ.

– ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?

– ყველაზე ღირებული ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების აზრია. შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ვცდილობ, გავითვალისწინო.

– წლების განმავლობაში პირდაპირი ჩართვები გქონდათ პარლამენტიდან, ახლა კი “კურიერის” წამყვანი გახდით. როგორ მოგწონთ ეს ამპლუა?

– წამყვანობასთან ერთად ვრჩები საპარლამენტო ჟურნალისტად. გადაღებაზეც ჩვეულებრივად დავდივარ და მივლინებაშიც, ამიტომ საქმეში დიდად არაფერი შეცვლილა. ახალი ამპლუა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

– ახალგაზრდა ქალს არ გიძნელდებათ მუდმივად ქაოსურ რეჟიმში მუშაობა? მით უმეტეს, როდესაც გყავთ ოჯახი, ქმარ-შვილი. როგორ აბალანსებთ ამ ყველაფერს?

– 16 წელია ვმუშაობ, ამიტომ რეჟიმს მეც მივეჩვიე და ჩემი ოჯახიც. ცხადია, რთულია, ერთად ყოფნისთვის შედარებით ცოტა დრო რომ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ერთად და კარგად ვატარებთ.

ჩვენი დრო საღამოა, როცა სახლში ვბრუნდებით სამსახურებიდან, სკოლიდან და ბაღიდან. ერთმანეთს ვუყვებით, რა იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო, ვთამაშობთ ან რამეს ვაკეთებთ ერთად. რამდენიმე თვის წინ თავშესაფრიდან კნუტი ვიშვილეთ და ახლა მთავარი გასართობი ზოეა.

– რაში პოულობთ ყველაზე დიდ სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიას?

– ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი მაქვს – ჰარმონიას ვპოულობ ჩემს ოჯახში, მეგობრებთან და მოგზაურობისას.

– რა არის თქვენი და თქვენი ქმრის ამდენწლიანი სტაბილური და ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მთავარი საიდუმლო?

– ალბათ ის, რომ ერთმანეთს პატივს ვცემთ. თუ ოდესმე გვიკამათია, წითელი ხაზები არასოდეს გადაგვიკვეთია. ადამიანი შეურაცხყოფას თუ მოგაყენებს, მერე მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ვეღარ გექნება. ხუმრობითაც კი არასოდეს მიგვიმართავს ერთმანეთისთვის ცუდად. ორივეს გვაქვს პირადი სივრცე და ეს ხელშეუხებელია.

– ყოფით საკითხებში თუ გეხმარებათ ქმარი, როგორ გაქვთ გადანაწილებული ფუნქციები ოჯახში?

– საკითხის ასე დასმა, რომ “მეხმარება”, ალბათ არასწორია. საერთო საზრუნავი გვაქვს და ერთმანეთს ვეხმარებით. გაწერილი ფუნქციები არ გვაქვს, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს. ეს მიდგომა, ჩემი აზრით, ყველაზე სწორია და თქვენი წინა კითხვის პასუხიცაა.

– ახერხებთ, რომ ხშირად დაუთმოთ ერთმანეთს დრო, მაგალითად, ბოლოს როდის იმოგზაურეთ ერთად?

– თაფლობისთვის შემდეგ სამოგზაუროდ არასოდეს ვყოფილვართ. უფრო ცალ-ცალკე დავდივართ, რადგან ბავშვების რამდენიმე დღით დამტოვებელი არ გვყავს. რომ გაიზრდებიან, ალბათ მერე შევძლებთ. ამის მიუხედავად, ერთად დროის გატარებას მაინც ვახერხებთ. ორივეს გვიყვარს კლუბური მუსიკა და, როდესაც კარგი მუსიკოსი ჩამოდის, კლუბში ერთად მივდივართ.

– შვილების, დიმიტრის და კირას, მოვლაში ვინ გეხმარებათ?

– თუ არ ჩავთვლით, რომ დიმიტრი შაბათ-კვირას ჩემს მშობლებთან მიდის, ბავშვებს ჩვენ ვუვლით. რამდენიმე თვეა დამხმარე გვყავს, რომელიც ასევე გვეხმარება.

– როგორი დედა ხართ, როგორ შეაფასებთ საკუთარ თავს?

– მგონია, რომ საშუალოზე კარგი. სინამდვილეში კარგ დედობას არც ფული სჭირდება და არც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. ჩვენს შვილებს ხშირად ისეთი მარტივი რაღაცები ახარებთ, რასაც ვერ წარმოვიდგენთ. უბრალოდ უნდა მოვუსმინოთ.

მე და დიმიტრის ტრადიცია გვაქვს – ძილის წინ ვამბობთ, რა იყო იმ დღეს კარგი და ცუდი. თუ უცხოეთში ვარ, ამას ტელეფონით ვაკეთებთ. კვირას აუცილებლად სადმე მივდივართ ერთად. ძალიან მარტივ რაღაცებშია ბედნიერება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

– თქვენი ხანგრძლივი ჟურნალისტური მუშაობიდან შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი, რომელმაც თქვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა?

– ბოლო დროის მოვლენებს თუ გადავხედავთ, ეს იყო სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში და შემდეგ განვითარებული მოვლენები. რუსი დეპუტატის პარლამენტში გამოსვლა პირველმა მე გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში. მოგვიანებით პოლიტიკოსები მეუბნებოდნენ, რომ ამის შესახებ პირველად სწორედ ჩემი პოსტიდან გაიგეს. თუ უარყოფით კონტექსტში განვიხილავთ, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ეს იყო.

– ცოტა ხნის წინ გქონდათ დაბადების დღე. როგორ და რა ვითარებაში აღნიშნეთ?

– განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად კარგად გავერთეთ.

– ქმრისგან რა საჩუქარი მიიღეთ?

– დიდი ხანია, ძალიან მინდოდა და წელს საჩუქრად ვიდეოკამერა მივიღე, რომელიც 4 ფორმატის ვიდეოს იღებს. საოჯახო ჩანაწერების გაკეთება და დამონტაჟება მიყვარს.

– რას ელით 2020 წლისგან და როგორია თქვენი გეგმები?

– 2019 წელი რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ახლა მშვიდად, ბედნიერად ვარ. 2020 წლისგან განსაკუთრებულს არაფერს მოვითხოვ. ყველაფერი ზუსტად ისე რომ დარჩეს, როგორც არის, სრულიად საკმარისი იქნება. სინამდვილეში ყოველი დღე, როდესაც ჩვენ და ჩვენი ახლობლები ჯანმრთელები ვიღვიძებთ, სასწაულია და მინდა, ეს სასწაული რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

რაც შეეხება გეგმებს, წლის დასაწყისში 2020-ში შესასრულებელი დიდი და პატარა მიზნები ჩამოვწერე. იმედი მაქვს, წლის ბოლოს ყველა გადახაზული მექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა, რომ გავაკეთო, მაგისტრატურის დამთავრებაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ, მაგრამ დროის უქონლობის გამო პროცესი დროებით შევწყვიტე. მინდა, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. მეორე დიდი მიზანი რემონტის დასრულება და ახალ ბინაში გადასვლაა.