თამუნა ქავთარაძე: “მალე მთელი ტელეკომპანია მე ვიქნები!”

თამუნა ქავთარაძე: "მალე მთელი ტელეკომპანია მე ვიქნები!"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

ქუთაისელ ჟურნალისტს, თამუნა ქავთარაძეს, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ადამიანი-ტელევიზია შეიძლება ვუწოდოთ. 28 წლის არის და უკვე 6 წელია, რაც “მეგა TV”-ში ოპერატორობაც შეითავსა, მემონტაჟეც თავად არის და წამყვანიც. მას ხშირად ხედავენ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში შტატივით, კამერითა და მიკროფონით ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იღლება, დასასვენებლად ერთი დღეც ჰყოფნის, რომ ძალები მოიკრიბოს და თავის საქმეს დაუბრუნდეს.

პროფესიისადმი ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა დაუფასდა და ახლახან არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმერეთის რჩეულ ჟურნალისტად დაასახელეს. ცხოვრების საქმეზე, რომელიც აირჩია და რომლის გარეშეც საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია, თამუნა “სარკესთან” იმერული იუმორით საუბრობს.

– თამუნა, იმერეთის რჩეულ ჟურნალისტად დაგასახელეს. მოგვიყევით, ვისგან მიიღეთ ეს პრიზი და ელოდით თუა არა მას.

– ძალიან გამიკვირდა, რომ დამირეკეს, კონკურსში გაიმარჯვეო. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. კონკურსებში მონაწილეობისათვის ვერ ვიცლი. მითხრეს, რომ ჩემს რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომცეს ხმა და გამარჯვება ასე შევძელი. ეს, რა თქმა უნდა, უფრო სასიხარულო იყო.

კონკურსი შედგა პროექტის “ეს ქვეყანა შენია” ფარგლებში. პრიზი კი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაშუქებისა და მათ შესახებ საზოგადოების აქტიური ინფორმირებისთვის გადმომცეს. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.

ცერემონიაზე აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ ჩვენ, ჟურნალისტები, ჯილდოების გამო არ ვმუშაობთ. ჩვენი მოვალეობა ხალხის სამსახურია, მაგრამ მსგავსი ჯილდოები დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ არ მოვდუნდეთ და მუშაობა მეტი შემართებით გავაგრძელოთ.

– ვიცი, რომ რეგიონულ მედიაში ბევრი საქმე და ცოტა თანამშრომელია. როგორია თქვენი ერთი დღე?

– ნამდვილად ასეა, ძალზე ბევრი საქმეა, დრო – ძალიან ცოტა. ოპერატიულობა კი უპირველესია, თუკი გინდა, როგორც მედია, წარმატებული იყო. როგორია ერთი დღე? დატვირთული. შესაძლოა სამუშაო დღე დილის 9-დან დაიწყოს და ღამის 12-მდეც გაგრძელდეს. მომდევნო დღეს კი ისევ სამსახურში ხარ მისასვლელი და ასეა კვირაში 6 დღეს, ხანდახან 7-ც.

სამსახური ფაქტობრივად სახლადაა გადაქცეული. ვამბობ ხოლმე, ლოგინი მაკლია სამსახურში, სახლში ამის გამო მივდივარ-მეთქი. დღის განმავლობაში სწორი კვება ფუფუნებაა ჩვენთვის. რასაც სად წაეწიო, ჭამე – ეს ჩვენი პატარა ჟურნალისტური სიბრძნეა. ყველაზე საშინელი ფრაზაა – “დღეს არაფერი ხდება”, რადგან ამის გაფიქრება და მობილურის აფეთქება ერთია ხოლმე.

რა თქმა უნდა, რთული სამუშაოა, მაგრამ ჟურნალისტური ადრენალინი ნარკოტიკივითაა, რომლის გარეშეც ვერ ძლებ.

– ოპერატორიც თქვენ ხართ, ჟურნალისტიც, მემონტაჟეც და წამყვანიც. როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს?

– თავიდან მარტო ჟურნალისტი ვიყავი, მერე ნელ-ნელა შემომაპარეს ჯერ მონტაჟი, შემდეგ წამყვანობა და ბოლოს ოპერატორობა. ცნობისმოყვარეობამ დამღუპა! როცა ახალი ხარ, ყველაფერი გაინტერესებს, გინდა, ყველაფერი ისწავლო და ყველაფერში გაერკვიო. ვამბობ, რომ გადაცემების გაშვებასაც ვისწავლი და მთელი ტელეკომპანია მე ვიქნები.

“მეგა TV” სწორედ იმიტომ ახერხებს მუშაობას, რომ აქ ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ, რამდენიმე ადამიანის საქმე საკუთარ თავზე აიღონ. რა თქმა უნდა, ეს რთულია, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია რეგიონში მწირი რესურსით ფუნქციონირება, თან დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე. თავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს.

– კონკრეტულად რა სიძნელეებია რეგიონულ მედიაში?

– სიძნელეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მწირი რესურსი რომ ვახსენე, ამაში ხშირად ფეხით, სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით, ტაქსებით სიარული ვიგულისხმე. მოკლედ, ყველა რესურსი გამოსადეგია დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.

ავხაბაკდები ხოლმე ქუთაისის ყველაზე ცნობილ ტრანსპორტში – ავტობუსში, შტატივით, კამერით და მიკროფონით. დასაჯდომი ადგილი ყოველთვისაა. ხალხი გაფართოებული თვალებით მიყურებს, ვერ გაურკვევიათ, ვინ ვარ, იქ რას ვაკეთებ.

ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში საინტერესო თემებს ვიგებ. იქ მყოფი ადამიანებისთვის აღარ ხარ ის ინტრიგანი ჟურნალისტი, მარტო კომა, სისხლი და კოშმარი რომ აინტერესებს. გარდა ამისა, კეთილი მძღოლები ხშირად მგზავრობის ფულსაც არ მართმევენ და ასე “დავგულაობ” გადაღებიდან გადაღებამდე.

– ამ სირთულეების მიუხედავად, მაინც არ აპირებთ, სხვა საქმეს მოჰკიდოთ ხელი?

– არა, სანამ ეს ოპტიმიზმი და ჯანი მაქვს და ჯერჯერობით მაქვს კიდეც. ეს პროფესია დაავადებასავითაა, თუ შეგეყარა, რთულია განკურნება. წელიწადში ერთი თვე ვისვენებ, მაგრამ ხშირად ერთ კვირაში უკვე “ლომკა” მეწყება. ვერ ვჩერდები, რაღაც მაკლია. ყოველდღე სიახლეებს და ახალ ადამიანებთან ურთიერთობას ვარ მიჩვეული.

ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტობა დამღლელი არაა და ხშირად – მოსაბეზრებელიც. ამიტომ კვირადღეს, როცა ვისვენებ, მხოლოდ ორ პოზიციას ვიკავებ სახლში – მჯდომარეს და მწოლიარეს. მობილური შორს! როგორც დედაჩემი ბრძნულად შენიშნავს ხოლმე, სკამის ფორმას ვიღებ.

– საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა, რისთვის არსებობს ის?

– ხალხის სამსახურისთვის. როცა ვინმეს რაიმე საკითხის გადაჭრაში ვეხმარები, სწორედ მაშინ ვგრძნობ პროფესიულ კმაყოფილებას. ასე ვხედავ ჩემს პროფესიას, როგორც იარაღს, რომ ხელი შევუწყო საზოგადოების განვითარებას.

ჟურნალისტები გარკვეულწილად ხიდებიც ვართ – მაკავშირებელი ხალხსა და მთავრობას შორის. როცა კითხვებს ვსვამ, ყოველთვის საზოგადოების ინტერესებიდან გამოვდივარ. რადგან მათ არ შეუძლიათ იქ ყოფნა, მე უნდა ვიყო მათი ხმა, მათი სათქმელი უნდა ვთქვა და მათი კითხვები დავსვა.

– პირადი ცხოვრებისთვის გრჩებათ დრო?

– სამწუხაროდ, ძალიან ცოტა და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო, განსაკუთრებით იმისთვის, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს დრო დავუთმო, არ მოვიმდურო.

– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომლის გვერდითაც ცხოვრების გატარება მოგინდებათ?

– ადამიანი, რომელთანაც ბევრი საერთო მექნება და ერთ მაგიდასთან მსხდომნი არამხოლოდ ამინდზე ვისაუბრებთ. არ მჯერა ერთი ნახვით შეყვარების და განსხვავებული პიროვნებების მიზიდულობის. ჩემი ფოლოსოფიაა – მსგავსი იზიდავს მსგავსს. სწორედ ესაა მყარი და ბედნიერი ურთიერთობის საფუძველი.

– ისურვებდით ქმრად ჟურნალისტ მამაკაცს?

– ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ – კი. მეტი საერთო ვისთან შეიძლება მქონდეს, თუ არა ჩემი პროფესიის მქონე ადამიანთან? უფრო მეტად ის გამიგებს და მიხვდება ჩემს შეპყრობილობას მობილური ტელეფონით.

– სხვა ტელეკომპანიაში მუშაობაზე გიფიქრიათ?

– ერთი წელი მაინც სხვაგან გადასვლას არ ვგეგმავ, შემდეგ კი, ვინ იცის, ან შეიძლება ახლაც… ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. იმედია, ძალიანაც არ დამცინებს.