ინდირა ჯგერნაია: ”ქუთაისში სტუდია მაქვს, სამსახური, ჩემებთან ვარ და რა მინდა თბილისში?!”

ინდირა ჯგერნაია: ”ქუთაისში სტუდია მაქვს, სამსახური, ჩემებთან ვარ და რა მინდა თბილისში?!”ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

ქუთაისელ მომღერალ ინდირა ჯგერნაიას შემოქმედებაში აქტიური  პერიოდია. საკუთარი სიმღერებისთვის ტექსტებსაც თავად წერს და მუსიკასაც, რეპერტუარს აახლებს და კლიპების გადაღებაზე ფიქრობს. უნდა, რომ 2020 წელი მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და “ევროვიზიაზე” გასასვლელი “ბილეთიც” მიიღოს. ამისთვის კი ისევ კონკურსანტობას აპირებს, ამჯერად პროექტ “საქართველოს ვარსკვლავში”.

ინდირას პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მინავლდა, დიდი ხანია აღარც სკანდალში გახვეულა და მასზე არც ჭორები აგორებულა. ახლა მისი მთელი ყურადღება შვილისკენ, პატარა ანდრიასკენ არის მიმართული და მისი მომავლისთვის ყველაფერს აკეთებს.

– ინდირა, როგორ დაიწყო თქვენთვის ახალი წელი?

– იყო სირთულეები და, ამავე დროს, იყოს კარგი სიახლეები. საახალწლო სიმღერა დავწერე, რომლის ტელე და რადიოპრემიერაც მქონდა. “მთავარ არხზე” ვიდეორგოლიც ტრიალებდა. ნიკა გვარამიამ მომწერა, ვიდეო მომეცი, ჩვენს არხზე დავატრიალებთო, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

ახალ წელს ზუგდიდში ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიულ საღამოზე ვიყავი მიწვეული. საშინელი რეჟიმი მქონდა. ოჯახში ყველას ვირუსი შეხვდა, აფთიაქსა და სცენას შორის დავრბოდი. მე ვირუსი ვერ მომერია, რადგან, როგორც კი ვატყობ, რამე მემართება, ანტიბიოტიკს ვიწყებ და გადასხმებს ვიკეთებ. მე თუ დავვარდი, ჩათვალეთ, რომ უპატრონოდ ვართ ყველა, რადგან ყველას პატრონი მე ვარ.

– ქუთაისის მთავარ სცენაზე ამ ახალ წელსაც არ მოგეცათ საშუალება, რომ გემღერათ?

– არ მთავაზობენ და გულიც აღარ მწყდება. ვინც ჩამოიყვანეს თბილისიდან, ჩემი მეგობრის ოჯახში, კახი მაჭავარიანთან შევიკრიბეთ. დათუნა მგელაძე, მიშო სულუხია, პაატა ხაჩიძე და სხვა მომღერლებიც ჰყავდათ. ყველამ მკითხა, შენ რატომ არ გამღერესო. სირცხვილი მათ, ზუგდიდში რომ მეძახიან და საკუთარი ქალაქი არ მეძახის კონცერტზე!

ქუთაისში ჰგონიათ, რადგან რესტორანში ყოველ საღამოს მისმენს მსმენელი, სცენაზე ხალხს ნაკლებად დავაინტერესებ. თავიანთი მოკლე ჭკუით ასე აზროვნებენ. ესენი სულ არ იქნებიან და მე სულ ვიმღერებ, სულ დავწერ. ჩემთვის კორპორატიულ საღამოზე სიმღერა უფრო კარგია, რადგან, ქუთაისში კონცერტზე რომ ვმღეროდი, ჰონორარის ჩარიცხვას ერთი თვე უნდებოდნენ.

– როგორც ვიცი, სიმღერების წერა დაიწყეთ. მოგვიყევით ამის შესახებ.

– მუსიკალური განათლება მაქვს, ვოკალისტი ვარ პროფესიით. სიმღერებს ვწერ, მაგრამ კომპლექსი მქონდა და საჯაროდ არასოდეს გამომიტანია. შემდეგ ვთქვი, ხალხი სამაკორდიან სიმღერებს მღერის, რომლებსაც ჰიტებად თვლიან და მეც დავწერ-მეთქი.

ძალიან კარგი გამოვიდა, ყველას მოსწონს. სიმღერას “ამ ახალ წელს” ჰქვია. პოზიტიურიც გამოვიდა და დასაფიქრებელიც. მეორე სიმღერაც დავწერე, კლიპის გადაღებაც მინდა, მაგრამ ძვირი ჯდება.

– საზოგადოებამ პროექტ “ჯეოსტარიდან” გაგიცნოთ. ისევ ხომ არ აპირებთ რომელიმე კონკურსში მონაწილეობას?

– მინდა, წელს “საქართველოს ვარსკვლავში” მივიღო მონაწილეობა და “ევროვიზიისკენ” მიმავალი გზა გავიარო. 28 წლის გავხდი, დიდი გოგო ვარ იმისთვის, რომ რაღაცები საკუთრ თავზე ავიღო. 2020 წელს ბოლომდე უნდა ავიწყვიტო.

– ქუთაისის დატოვებას და თბილისში გადასვლას ხომ არ აპირებთ?

– ქუთაისში სტუდია მაქვს, სამსახური, ჩემებთან ვარ და რა მინდა თბილისში?! სადაც რეალიზებული ვარ, ის არის ჩემთვის თბილისიც, ევროპაც და ამერიკაც. თუ რამე მინდა, ჩავჯდები მანქანაში და 2 საათში დედაქალაქში ვარ. გამორიცხულია, “პონტის” გამო თბილისში წავიდე და იქ მშიერი ვიყო. ქირით ცხოვრებას არ ვაპირებ. ოდესმე თუ მომეცემა საშუალება, დედაქალაქშიც მქონდეს სახლი, რატომაც არა.

– ქუთაისში ცხოვრების მიუხედავად, ე.წ. თბილისურმა ბომონდმა მიგიღოთ. როგორ მოახერხეთ მათ წრეში მოხვედრა?

– არც ერთი “სვეცკი” თბილისელი არ უყურებს, ვინ სად ცხოვრობს. ჩვენი საერთო ენა არის ნიჭიერება და შემოქმედება. გააჩნია, მე ვინ მივიღე, თორემ ვინ მიმიღო, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ვისაც მინდა, გავუღებ გულის კარს. ვინც არ მინდა, რასაც უნდა წარმოადგენდეს და როგორც უნდა ეცადოს, არ მივიღებ. ვაღიარებ, როგორც მომღერალს, მაგრამ მეგობრად – არა.

ადამიანი თუ არ ხარ, ვერც კარგი მომღერალი იქნები. სულის სილამაზე თუ არ გაგაჩნია, ვერანაირად იმღერებ ისე, რომ სხვის სულს ჩასწვდე. კოლეგიალობას პატივს ვცემ და ყველას ვუფრთხილდები, მაგრამ გაგიჟებული ინდირა ღმერთმა ნურავის ანახოს!

– ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ კომპანიაზე გაბრაზებული წერდით. მოგვიყევით, რა მოხდა.

– ამ კომპანიის მაღაზიაში სოსისი ვიყიდე და ბავშვი მომიწამლა. ჯოჯოხეთი გავიარე. ცალი ხელით საჭეს ვმართავდი, მეორე ხელი ბავშვის შუბლზე მედო და კლინიკაში გავრბოდი, გადასხმა გაამზადეთ-მეთქი. ორი დღე წნევა მქონდა, ვკანკალებდი ნერვიულობისგან. ამ კომპანიის მაღაზიაში რომ მივედი, მენეჯერს ასე გამოუვიდა ნათქვამი – მერე რატომ აჭამეო. ბოდიში, არ უნდა მეჭმია-მეთქი.

ანდრიას ძირითადად ჯანსაღ პროდუქტებს ვაჭმევ. ბოსტანიც კი გავაკეთეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ვაჭამო. მაქსიმალურად ვცდილობ, მისი ორგანიზმი შხამებისგან დავიცვა.

– მინდა, ანდრიას მამაზე გკითხოთ. მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ დაშორდით, ზოგი წერს, რომ ერთად ხართ. მინდა, პირდაპირ გკითხოთ, ერთად ცხოვრობთ?

– ანდრიას მამაზე არ ვსაუბრობ არანაირ კონტექსტში. იმდენი დაიწერა ამაზე, რომ ისიც დაიღალა და მეც.

– ერთად ხართ თუ ცალ-ცალკე?

– მაგ თემაზე საერთოდ არაფერს ვამბობ.

– სამომავლო გეგმები რა გაქვთ?

– ერთი სიმღერა ჩაშვებული მაქვს, მეორე სიმღერა დაწერილია და კვარტეტთან ერთად ვიმღერებ.