გიორგი მახარაძე: “მე და მარიამს ყველაზე კარგი პერიოდი გვიდგას”

გიორგი მახარაძე: "მე და მარიამს ყველაზე კარგი პერიოდი გვიდგას"ავთო ჩიტიძე, სარკე

მსახიობმა გიორგი მახარაძემ შეძლო და მძიმე სენი, სიმსივნე დაამარცხა. როგორც კი მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ძალიან სწრაფად შეგროვდა თანხა, რამაც მსახიობს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების საშუალება მისცა და შედეგმაც არ დააყოვნა – გამოჯანმრთელდა.

მძიმე დაავადებასთან ბრძოლამ გიორგის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სიცოცხლე და ადამიანები მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდა. ყველას ურჩევს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს. ამას საკუთარი გამოცდილებით ამბობს, რადგან მკურნალობის არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია ნეგატიური განწყობა და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის გამოჯანმრთელებაში.

– გიორგი, ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც მძიმე სენი დაამარცხეთ. როგორ გახსენდებათ ეს რთული გზა?

– ზუსტად ახლა მიწევს ის სრულფასოვანი გამოკვლევები, რომლებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ყველაფერი კარგად არის და, თუ ასე იქნა, უკვე კონტროლი წელიწადში ერთხელ გამოკვლევების რეჟიმში გადავა. აქამდე 6 თვეში ერთხელ მიწევდა. ყოველი ამგვარი კვლევის წინ ვნერვიულობ და ახლაც ასეა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ყველაზე მეტად მაშინ ვინერვიულე, როდესაც ზუსტად არ ვიცოდი, რა მჭირდა. როცა ყველაფერი გაირკვა და დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე იყო, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაციის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ცუდი შედეგები არ მოჰყვებოდა. ეს აზრი ჩავიდე თავში და ასე შევუდექი მკურნალობას.

ყოველი გამოკვლევის წინ თავიდან მიახლდება ის ყველაფერი, რაც ამ დაავადებასთან ბრძოლას ახლდა. სხვა მხრივ, არაფერი მაქვს საწუწუნო, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.

– რას გულისხმობთ?

– გადაფასდა ჩემი ცხოვრება. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდნენ ადამიანები და ცხოვრება. ჩემი შეხედულებები, დამოკიდებულებები ბევრ რამეში შეიცვალა. ჩემს აზროვნებაში ისეთი ძირეული რამ შეიცვალა, რომელიც სამუდამოდ ასე დარჩება. ბევრი რამ, რასაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა მნიშვნელოვანი გახდა. ცხოვრება და სიცოცხლე უფრო დავაფასე.

ეს დაავადება რომ დავამარცხე, 90 პროცენტით იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც გვერდში დამიდგნენ. ხალხისგან უდიდესი გვერდში დგომა ვიგრძენი და ამას არასდროს დავივიწყებ. მათი ასეთი მხარდაჭერა მიასმაგებდა ამ სენთან ბრძოლის ჟინს. მარტო ვერაფერს გავხდებოდი.

– მხარდაჭერის გარდა იყო ადამიანებში იმედგაცრუებაც?

– არა, არ მახსენდება. იმდენად ყველასგან დადებითი ემოციები მოდიოდა, რომ ნეგატივი არავისგან დამინახავს.

– შეიძლება ითქვას, ეს პერიოდი იყო თქვენთვის ერთგვარი გამოფხიზლების ეტაპი?

– კი, ახლა სულ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო, თუნდაც შემოქმედებითად.

– ალბათ უარი თქვით ისეთ რაღაცებზე, როგორიცაა სმა, ქეიფი…

– არა, როგორც ჩვეულებრივ სხვა ადამიანისთვის შეიძლება რაღაც ან არ შეიძლება, ისეა ჩემთვისაც. სპეციალური შეზღუდვები არ დამიწესებია. საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაზე კარგი არჩევანია, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ამ შემთხვევაში ბევრი რამისგან იქნები დაზღვეული. მეც ვცდილობ, ამ წესს მივდიო.

– რას ურჩევთ მათ, ვინც ამ ვერაგ დაავადებას ებრძვიან, რა შეცდომები არ უნდა დაუშვან?

– ჩემ გარშემო ძალიან ბევრს აქვს ეს მძიმე დიაგნოზი და რა ხდება, ვერ გავიგე. ასეთი მასშტაბები რატომ მიიღო ამ დაავადებამ?! ბავშვობაში ამ დიაგნოზს ათასში ერთხელ ვიგებდი და მეგონა, რომ ეს დიდი ტრაგედია იყო. როცა მეც აღმოვჩნდი ამ რთულ სიტუაციაში, მათგან უფრო მეტი ვისწავლე, ვინც ამ დაავადებას ებრძოდნენ.

ამ დროს ძალიან რთულია, ადამიანს ურჩიო, რომ არ იფიქროს ცუდზე, არ დაითრგუნოს, მაგრამ განწყობა მართლაც დიდ როლს თამაშობს. გარშემომყოფების განწყობაც ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგს არაფერს მოიტანს, თუ ამ დაავადების წინაშე თავს დახრი და იფიქრებ, რომ არაფერი გეშველება. არაფერი მთავრდება. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, რომ შეიძლება ამ ვერაგი დაავადების დამარცხება. ვიმეორებ, პოზიტიური განწყობა ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

– მნიშვნელოვანია ექიმების მიდგომაც, რას და როგორ მიაწვდიან პაციენტს.

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება მთავარიც კი, როგორ მოგიდგება ექიმი. ჩემი მკურნალი ექიმი, ალექსანდრე თავართქილაძე, ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საკითხს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ამ დაავადებამ დეპრესიაში არ ჩამაგდო. როცა თურქეთში ჩავედი, იქ საერთოდ ისეთი გარემოა, სულ რომ უიმედოდ იყო, იმედი ჩაგესახება. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ უბრალოდ გაციებული ხარ და ექიმთან მიხვედი.

– თქვენს პოპულარულ ეკრანულ გმირზე, მაქსიმეზეც ვისაუბროთ სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”. ის ძალიან გააქტიურდა. მაქსიმეს გმირობა ვნახეთ – ბავშვი გაზით გაგუდვას გადაარჩინა. მისი ხასიათის ასეთ მოულოდნელი კუთხით შემობრუნებაზე რას ფიქრობთ?

– ძალიან მომწონს ის ყველაფერი, რაც ახლა მაქსიმეს თავს ხდება. მეც მაყურებლის თვალით ვუყურებ და მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები.

– რეალურ ცხოვრებაში თქვენც ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, ადამიანის გადარჩენა თუ არა მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა მაინც?

– გმირობა – ასეთ ხმამაღალ სახელს ვერ დავარქმევ ჩემს საქციელს, მაგრამ მეც მქონია ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ადამიანისთვის დახმარების ხელი გამიწვდია. ჩემი ცხოვრებაც შედგება პატარ-პატარა გმირობებით ისევე, როგორც ყველა ადამიანის.

სხვათა შორის, მაქსიმეს ისტორია ძალიან ჰგავს მამაჩემისას. ის მეშვიდე სართულზე გადაძვრა, როდესაც მეზობელი კარს არ აღებდა. სერიალში მამაჩემის ისტორია გაცოცხლდა.

– რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?

– გარდამტეხი. იმედია, ეს ჩემი ნერვიულობაც ჩაივლის და, მგონი, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ასე მგონია, ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს.

– თქვენ და მარიამ ნადირაძე დიდი ხანია, წყვილი ხართ, ერთად ცხოვრობთ. რაიმე სიახლე, ახალი ეტაპი ხომ არ არის თქვენს ურთიერთობაში?

– ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი გვიდგას. დინებას მივყვებით და ვცდილობთ, მეტი პოზიტივი მივიღოთ ერთად ცხოვრებისგან. მარიამი არის ის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს და ყოველთვის გვერდში მიდგას.

– ერთმანეთს მეორე ნახევრებად და მეუღლეებად მოიხსენიებთ. ამ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა არ შედის თქვენს გეგმებში?

– ვთვლით, რომ ჩვენ ოჯახი შევქმენით და წინა პლანზე სხვა თემები უფრო გვაქვს წამოწეული, ვიდრე ის, ხელს მოვაწერთ თუ არა.

– ძალიან სახალისო ვიდეოებს დებთ ხოლმე შვილთან, ელენესთან, ერთად გადაღებულს. მამა-შვილი ძალიან კარგად ერთობით. მოგვიყევით თქვენს ურთიერთობაზე.

– ძალიან გვიყვარს ერთად ყოფნა და ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. ისიც ხომ პატარა მსახიობია სერიალში “იდეალური დედა”. მომწონს, რომ მსახიობის გზას დაადგა.

– ელენე გახსენებთ თქვენს პატარაობას?

– კი, ძალიან მგავს ხასიათით. ჩემი ხასიათიდან ბევრ ნიუანსს ვიჭერ მასში. ჩემნაირი ჭკუამხიარულია.