გიორგი გაგნიძე: ,,ნიუ იორკში უამრავი მეგობარი მყავს და მათზე.ძალიან ვდარდობ”

გიორგი გაგნიძე: ,,ნიუ იორკში უამრავი მეგობარი მყავს და მათზე.ძალიან ვდარდობ"მსოფლიოს ოპერის ვარსკვლავი, ბარიტონი გიორგი გაგნიძე მე-9 დღეა კარანტინშია. ის საქართველოში ამერიკიდან 18 მარტს დაბრუნდა. მას მეტროპოლიტენ ოპერაში სპექტაკლ ,,ტოსკაში” უნდა ემღერა, მაგრამ კორონავირუსის გამო თეატრის მუშაობა შეჩერდა.

ახლა გიორგი იმ ადამიანებზე წუხს, იმ მეგობრებზე, რომლებიც ნიუ იორკში დატოვა.

გიორგი გაგნიძე:

-ნიუ იორკში 7 თებერვალს ჩავფრინდი. მაშინ კორონავირუსი უკვე მოდებული იყო ნახევარ მსოფლიოს, მაგრამ ნიუ იორკში არ შეიმჩნეოდა. მეტროპოლიტენ ოპერაში რეპეტიციები უნდა დაგვწყებოდა, მაგრამ თეატრის ხელმძღვანელმა, პიტერ გელბმა უსწრაფესი და დროული გადაწყვეტილება მიიღო და მუშაობა შეაჩერა.

მიზეზი ის გახლდათ, რომ ორკესტრის ორ წევრს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. თეატრის დირექტორმა დიდი გონიერება გამოიჩინა და ყველა სპექტაკლი შეაჩერა.

-მაშინვე მიიღეთ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება?

-მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ, დავრჩენილიყავი და ნიუ იორკში საშიში არაფერი იქნებოდა, საქართველოში წამოვედი, რადგან ჩემს ოჯახთან ახლოს, ჩემს სამშობლოში მინდოდა ყოფნა. ვიცოდი, რომ კარანტინში ან თვითიზოლაციაში მომიხდებოდა ორი კვირის გატარება, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემს ქვეყანაში, ჩემი ოჯახის გვერდით ვიქნებოდი.

-როგორი პირობები გაქვთ კარანტინში?

-არაჩვეულებრივი პირობებია. მინდა, მადლობა გადავუხადო  საქართველოს პრემიერმინისტრს, მთავრობას, ჩვენს გმირ ექიმებს, მთელ მედპერსონალს. ამ ურთულეს ვითარებაში ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად გაკეთდა და კეთდება. მიხარია, რომ საქართველო ამ საშიშ ვირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა და ამის შესახებ უკვე წერს მსოფლიო მედია.

ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, ნიუ იორკის მერიასაც ისე სწრაფად ემოქმედა, როგორც ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ და პიტერ გელბმა.

ახლა ჩემს ნიუიორკელ მეგობრებზე ვდარდობ. იქ უამრავი ახლობელი ადამიანი მყავს, ბევრი კოლეგა, რომლებთანაც მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს და ღმერთს ვთხოვ, ყველანი კარგად იყვნენ და ამ განსაცდელმა მალე გადაიაროს.

-ახლა ალბათ ყველაზე საჭიროა რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

-მე ერთს ვიტყვი, რომ  რწმენა არის, იყო და დარჩება ადამიანის ურყევ ძალად, მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია ის საერთო რეგულაციები, რაც მთავრობამ დააწესა. განსაცდელის ჟამს ადამიანებს ყველაზე მეტად იმედი სჭირდებათ და ეს იმედი ღმერთია. პირველი, რაც კარანტინში მოვითხოვე, იყო ბიბლია. მეუღლეს ვთხოვე, ჩემთვის ბიბლია შემოეგზავნა.

ამ ვირუსმა კაცობრიობა ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, უნდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს, რას ვაკეთებდით არასწორად, რატომ აღმოვჩნდით ამ განსაცდელის წინაშე და, რაც მთავარია, ერთმანეთის გაფრთხილება, სიყვარული უნდა ვისწავლოთ და გარწმუნებთ ყველას, ვერაფერი დაგვამარცხებს.

სხვათა შორის, 2015 წელს ვუსმინე ბილ გეითსის ლექციას, სადაც ვირუსებზე ლაპარაკობდა და იმ საფრთხეზე, რომლის წინაშეც დღეს დედამიწა აღმოჩნდა. ის ამბობდა, რომ ეპიდემია ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასია და 5 წლის წინ გვაფრთხილებდა, რომ უფრო მომზადებული ყოფილიყო მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად.

ახლა სწორედ ეს დღე დადგა, როცა ბევრი რამ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესში და იმაზე მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიდრე აქამდე გვიყვარდა.