“ჩემი შვილი განწირული იყო, რომ ვერასოდეს ილაპარაკებდა” – ზაზა მაღალაშვილის ქარტეხილებიანი ცხოვრება

"ჩემი შვილი განწირული იყო, რომ ვერასოდეს ილაპარაკებდა" - ზაზა მაღალაშვილის ქარტეხილებიანი ცხოვრებარუსუდან ადვაძე, სარკე

მსახიობ ზაზა მაღალაშვილს განსაცდელები და გამოცდები არ დაკლებია. მის ცხოვრებაში იყო დედის ნაადრევი გარდაცვალება, შვილის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ემიგრაცია, ახალი სიყვარული, ცოლთან გაშორება… ის თავის განვლილ გზაზე გულახდილად გვესაუბრა. როგორ გაუძლო ბედის ქარტეხილებს მსახიობმა, რომელიც ახლა, 57 წლის ასაკში, პოპულარულ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა სიმსივნით დაავადებული მამაკაცის, ზურას, როლით და გადაიზრდება თუ არა მისი და ნინას ურთიერთობა რომანში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ზაზა მაღალაშვილი: მსახიობობაზე არასოდეს ვფიქრობდი, მშობლები სამედიცინოზე სასწავლებლად მამზადებდნენ, ბიოლოგიის წრეზე დავდიოდი… გაგრაში გვქონდა სახლი და მე-9-10 კლასების დამთავრება იქ მომიწია ოჯახური პირობების გამო. დედა ავად იყო. 16 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ამ ამბავს ალბათ უფრო უნდა ემოქმედა, რომ ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ პირიქით მოხდა, გული ავიცრუე.

– რითი გარდაიცვალა?

– სიმსივნით. 41 წლის იყო. ყველაფერზე ავიცრუე გული და დიდ დროს ქუჩაში ვატარებდი. მიწევდა ჩხუბიც და დაპირისპირებებიც. ერთ-ერთი უსიამოვნების შემდეგ მამაჩემმა გადაწყვიტა, სვანეთში, პოეტ ვალერიან საღლიანის ოჯახში მეცხოვრა ცოტა ხანს. საღლიანების ოჯახმა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად მიშვილა. სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა. ვალერიანის შვილი, ერეკლე საღლიანი, ჩემზე ცოტა უფროსია. მაშინ მე და ერეკლემ ძმადნაფიცობის რიტუალი შევასრულეთ და დღემდე ძმები ვართ.

– როგორი იყო თბილისელი ბიჭისთვის სვანეთში გატარებული ერთი წელი?

– ჩემთვის ეს ახალი სამყარო იყო. თბილისიდან სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოვხვდი და საკმაოდ პროდუქტიულიც ვიყავი იმ პერიოდში. რაც ყველაზე კარგად მახსოვს, ძალიან ბევრს ვწერდი. ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს, ზღაპრებს, პატარა მოთხრობებს და თან ჩანახატებს ვაკეთებდი, ვხატავდი. ეს რომანტიკული სული და განწყობა მშველოდა, თან ისეთ ოჯახში ვიყავი…

სიმბოლისტურ ლექსებს ვწერდი და მაშინ ასეთებს არავინ დაგიბეჭდავდა. ვალერიან საღლიანმა კი დამიბეჭდა გაზეთ “ახალ სვანეთში”, რომლის რედაქტორიც თავად იყო. მეუბნებოდა, რომ თავისებური ხედვა მქონდა, რაც ძალიან მოსწონდა.

– ახლაც წერთ?

– დიახ და კრებულის გამოშვებას ვაპირებ. ყველაფერს ჯიბის ფოთოლი უნდა და ვერ მოვაგროვე ეს ჯიბის ფოთოლი, რომ წიგნი გამოვცე.

ვერასოდეს ხვდები, როდის და რატომ მოდის მუზა. ლექსი ჩემთვის ხილვაა, რომელსაც შეიძლება ტრანსიც კი დაარქვა, რადგან წერის დროს სასწაულ სიამოვნებას განიცდი.

სვანეთიდან თბილისში რომ დავბრუნდი, სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ იმ წელს უკვე აყვანილი იყო რეჟისორების ჯგუფი და 4-5 წელი უნდა მეცადა, სანამ ახალს აიყვანდნენ. მამაჩემისა და მისი მეგობრების რჩევით, რომ ქუჩაში კიდევ რაიმე შარში არ გამეყო თავი, გადავწყვიტე, სამსახიობოზე მეცადა ბედი.

ბატონი ედიშერ მაღალაშვილი ჩვენი ნათესავი და მამაჩემისთვის უახლოესი ადამიანი იყო და მისი რეკომენდაციით მომამზადეს ზინაიდა კვერენჩხილაძესთან და სამსახიობოზე მოვხვდი.

ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი, ლილი იოსელიანმა საკურსო სპექტაკლი რომ გააკეთა და “რომეო და ჯულიეტაში” პარისის როლზე მიმიწვია. იქ არის ერთი ეპიზოდი – პარისი შედის აკლდამაში და გარდაცვლილი ჯულიეტას დანახვაზე შეჰყვირებს. ქალბატონმა ლილიმ 100-ჯერ მაინც გამამეორებინა ეს ადგილი, სანამ ბუნებრივი ტონით ძახილი არ მიიღო.

ეს იყო საშინელი, თავდაუზოგავი შრომის მოთხოვნა, რამაც სერიოზული ნიშანი მომცა, თუ რა იყო მსახიობობა. იმდენად მინდოდა, სარეჟისოროზე ჩამებარებინა, გადავწყვიტე, მეწვალა და მესწავლა მსახიობის ოსტატობა, რადგან რეჟისორმა კარგად უნდა იცოდეს ეს.

– ფილმ “დიმიტრი თავდადებულში” რატი სურამელს თამაშობთ. გვიამბეთ ამ როლზე.

– დიახ, მაშინ მეორე კურსზე ვიყავი და ეს ჩემთვის პირველი ფილმი იყო. სტუდენტისთვის აკრძალული იყო კინოში გადაღება და ამის გამო ინსტიტუტიდან მიშვებდნენ. მითხრეს, ფილმი რომ დამთავრდება, მერე შეგიძლიათ, თავი აღიდგინოთო. თითქმის 2 წელი უნდა გამომეტოვებინა, ამიტომ ჩემმა ჯგუფელებმა, კურსელებმა ინსტიტუტში აქციასავით გამოსვლა მოაწყვეს და მათ გადამარჩინეს, რომ მაშინ არ გამაგდეს.

– ბოლო-ბოლო გახდით რეჟისორი?

– რეჟისურაში მუშაობა ჰოლანდიაში მომიწია. იქ მოვხვდი ისეთ ქალაქში, სადაც პენსიონერი მილიონერები ცხოვრობენ. ეს არის მწვანეში ჩაფლული მშვენიერი ქალაქი. იქ ისეთი სიცოცხლე არ ჩქეფდა, როგორიც დიდ ქალაქებში. სამსახურის ძებნის დროს მივაკვლიე, რომ იყო ჯგუფი, რომელიც ემიგრანტების ფოლკლორის, მათი კულტურის შესწავლის მიზნით დაფუძნდა. გამიჩნდა იდეა, ტელე-ვიდეოსტუდია შემექმნა.

მუნიციპალიტეტმა შეისყიდა აპარატურა, ოთახიც გამომიყო, სადაც ყველა ქვეყნის ფოლკლორულ ნამუშევარს ვდგამდით და ვიღებდით. ამის პარალელურად გვქონდა შეკვეთები კლიპებზე და ჩემს სამყაროში ვიყავი ჩართული.

– ჰოლანდიაში როგორ და რატომ მოხვდით?

– ჩემი შვილის, სალომეს, დაავადების გამო წავედი. 2 წლისაც არ იყო, ქუნთრუშა შეეყარა და უბნის ექიმმა გენტამიცინის გადამეტებული დოზა გაუკეთა, რამაც სმენა უკიდურესად დაუქვეითა. აქ იმედს არ გვაძლევდნენ და ბავშვი განწირული იყო, რომ ვერასოდეს ილაპარაკებდა, რადგან მეტყველება სმენაზეა მიბმული. ჯერ მარტო წავედი და მერე ცოლ-შვილიც წავიყვანე.

ეს იყო ალბათ 1996 წელს. მისია შევასრულე – ჩემი სალომე ახლა სამ ენაზე ლაპარაკობს. ფაქტობრივად, არ ესმოდა, მაგრამ დედამისი თავდაუზოგავად, 5-6 საათი ეჯდა და მეტყველებას უმუშავებდა.

დიდ სამედიცინო ცენტრში ყველა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს და მზად ვიყავი, ჩემი ერთი ყურის ნერვი გადამენერგა შვილისთვის, მაგრამ მითხრეს, არ იყო გარანტია, რომ რომელიმეს ტვინი არ დაგვიზიანდებოდა. მეც მემუქრებოდა საფრთხე და სალომესაც, ამიტომ ეს ოპერაცია არ გააკეთეს. არადა ამ მეთოდის შესახებ რომ გავიგე, იმიტომაც წავედი თავის დროზე.

მერე დადიოდა სპეციალურ სკოლაში და სწავლობდა ადგილობრივ ენას. ჩვენ ქართულად ვესაუბრებოდით და მისი მეტყველება ჩვეულებრივ განვითარდა. პატარა აპარატი ახლაც უდგას და სამ ენაზე ჩვეულებრივად საუბრობს.

– ჰოლანდიაში ცხოვრების დაწყება ალბათ ნულიდან მოგიწიათ.

– როცა ჩავედი, ინგლისური ვიცოდი, მაგრამ ჰოლანდიურის სწავლა დავიწყე, რომ უფრო კარგად მომეხდინა ინტეგრირება. თავიდან ბანაკში ვცხოვრობდით. როცა ჩემი ცოლ-შვილი ჩამოვიდა, ერთ ღამეს საოცარი ამბავი მოხდა. ღამის 10 საათი იქნებოდა, ერთ ქართველს გულის შეტევა დაემართა და მე თარჯიმნობა მთხოვა. ბავშვები, სალომე და გიორგი, გავაღვიძეთ, საძინებლიდან მისაღებ ოთახში გადავიყვანეთ და ტელევიზორი ჩავურთეთ. ჩემი მეუღლეც იმ ავადმყოფის მისახედად წავიდა.

ვბრუნდებოდით, როცა დავინახეთ, როგორ განათდა ჩვენი საცხოვრებელი – ვიღაცამ რაღაც ესროლა და იქაურობა აფეთქდა. საძინებლის კედელი დაინგრა. რომ არა ის ამბავი, რის გამოც დაგვიძახეს, ყველა დავიხოცებოდით. ამ საშინელი ამბის მერე ბანაკიდან ფართო და ნათელ სახლში გადაგვიყვანეს და ოფიციალური თავშესაფარი მოგვცეს.

– სამშობლოში ცოლ-შვილთან ერთად დაბრუნდით?

– არა, მხოლოდ მე დავბრუნდი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა რეინტეგრაციისთვის მზად არ არის და არ ვურჩევ მათ აქ ჩამოსვლას. იმედი მაქვს, ოდესმე უკეთესი მომავალი იქნება ამ ქვეყანაში. პოლიტიკაში არასოდეს ვერევი, მაგრამ აქ რასაც ვუყურებ…

როგორ შეიძლება ხანგრძლივი სკამჯომარდობა?! ასეთი პოლიტიკოსები ხომ მხოლოდ და მხოლოდ აფუჭებენ საქართველოს მომავალს?! ჰოლანდიას ჩემი დედინაცვალი სამშობლო დავარქვი. აქ ჩამოსულმა რომ ისევ ემიგრანტად ვიგრძენი თავი, ეს ძალიან მწარე რამ იყო.

სალომე ახლა ამსტერდამში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მუშაობს ბუღალტრად. ყველამ იცის სალომეს პრობლემის შესახებ და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. იქ ყველაფერია იმ ადამიანებისთვის გათვალისწინებული, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ. სალომე იქ გათხოვდა. მისი ქმარი წარმოშობით იტალიელია და ისიც ემიგრანტია. შვილიშვილიც შემეძინა – მარიტა მონტენინო-მაღალაშვილი. მარიტა უკვე 2 თვის არის.

– თქვენი ვაჟი რას საქმიანობს?

– ბავშვობიდან ვატარებდი სპორტზე – ძიუდოზე, კიკბოქსინგზე… სამხრეთ ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა კიკბოქსინგში. ძალიან სპორტული ბიჭია და გადაწყვეტილი აქვს, რეაბილიტოლოგი გახდეს, ანუ ოპერაციის თუ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციაში რომ დაეხმაროს ადამიანებს.

ჩემს შვილებს ერთი სული აქვთ, როდის ჩამოვლენ საქართველოში, მაგრამ დარჩენა არ გამოვა. მე უკვე 3 წელია აქ ვარ და ისინი ელემენტარულად ვერ დაისადგურებენ. სამწუხაროდ, ასეა.

– თქვენი შვილების დედაც ჰოლანდიაში დარჩა?

– დიახ და მე მეორედ დავოჯახდი. ამ მიზნით დავბრუნდი საქართველოში. ჩემს პირველ ცოლს იქ გავშორდი. ემიგრანტობა ისეთი რთულია, გეწურება ძალები. ჩემს ახლანდელ მეუღლესთან (მაია ჩიკვაიძე. ავტ.) ადრე მქონდა ნაცნობობა. მერე ჩვენმა საერთო მეგობარმა დაგვაკავშირა ერთმანეთს და რომ ჩამოვდიოდი აქ ხანდახან, მაშინ ვხვდებოდით. მერე გადავწყვიტეთ, დავბრუნებულიყავი და აქ ერთად გვეცხოვრა.

პირველად რომ დავოჯახდი, 21 წლის ვიყავი. ემიგრაციაში ბევრნაირად იცვლებიან ადამიანები. რაღაცები შეიცვალა და აღარ ვემთხვეოდით ერთმანეთს. სიყვარული კი სხეულის სუნთქვაა და მის გარეშე ვერ სუნთქავ.

– საქართველოში დაბრუნებული ყველაზე პოპულარულ სერიალში მოხვდით. თავის დამკვიდრება მაინც გაგიჭირდათ?

– რა თქმა უნდა, გამიჭირდა. წარმოიდგინეთ, 25 წელია ამოშლილი შენი ცხოვრებისა იმ ქვეყნიდან, სადაც დაიბადე. როგორც ხდება ხოლმე, ნაცნობობით მომაწყო მცხეთაში ჩემმა მეგობარმა, რომელიც გუბერნატორი იყო. დიდი იმედი გვქონდა ორივეს, რომ იქ კულტურის ამბავს მივხედავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ის მოხსნეს და ახლანდელი გუბერნატორი მომხრეა თავის მოადგილეებთან ერთად, სამსახურიდან გამათავისუფლოს და დღედღეზე ველოდები, რომ გამომიშვებენ. კულტურის სფეროს კურირებას ჩამომაცილეს და დამავალეს, რომ მოვიზიდო ინვესტორები, ინვესტიცია და ა.შ., რაც ერთ-ერთი ყველაზე ძნელი საქმეა.

– სერიალში მიგიწვიეს თუ თავად შესთავაზეთ თქვენი თავი?

– სერიალის კასტინგის მენეჯერმა, ეკა მჟავანაძემ, დამირეკა. იცოდა, რომ სერიალების მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ სცენარი გადმომიგზავნა და ზურას პერსონაჟზე მესაუბრა. ძალიან დამაინტერესა, რადგან ეს ჩვეულებრივი პერსონაჟი არ არის. წავედი კასტინგზე და როლზე დამამტკიცეს.

ვხუმრობ ხოლმე, ნეტავ, ერთხელ მაინც თუ მომეცემა საშუალება, ჯანმრთელი მამაკაცის როლი ვითამაშო-მეთქი. ლევან თუთბერიძემ “მოირაში” წელქვემოთ მოწყვეტილი, ეტლს მიჯაჭვული მამაკაცის როლი მათამაშა. ასევე – ლევან თუთბერიძემ ახლახან დაამთავრა გადაღება ფილმისა “სამურაი დასვენების ჟამს”, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის როლს ვთამაშობ. ახლა – კიბოთი დაავადებული… ასე რომ, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ნებისმიერი სენით დაავადებულის თამაში შემიძლია.

– თან თქვენი გმირის გამოჯანმრთელების შანსი არ ჩანს, ნინასგან განსხვავებით.

– დიახ, არ ჩანს და შესაბამისად, ჩემს გმირს ნინასადმი სიყვარულის კი არა, ზრუნვის მომენტი უფრო აქვს. ზურა ყურადღებიანი მეოჯახეა, მზრუნველი, მაგრამ, ჩემი აზრით, ცოლი სიყვარულით არ ჰყავს მოყვანილი. ოჯახის წევრები ამ დაავადების სიმწვავეს არ იმჩნევენ, მაგრამ ამ ადამიანისგან მზრუნველობას ირიდებენ, ზედმეტად არ აწუხებენ. ეს კაცი ამას გრძნობს და ამ დროს სჭირდება ვიღაც, ვისზეც იზრუნებს და სწორედ ეგ აკავშირებს ნინასთან. ასე რომ, მათ ურთიერთობას რომანს ვერ დავარქმევდი.

– ნინა კი ამბობს დაქალებთან, კიბო რომ არა, გავეპრანჭებოდიო.

– დიახ, ამბობს და ვნახოთ, ქეთი დევდარიანი რომელს რას მოგვისჯის. ვფიქრობ, ზურასთვის ნინა ახალი სამყაროა. როცა იგებ, რომ გადადებული ხარ, შენს ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვა პერიოდი იწყება და, როცა ბუნებით მზრუნველი ხარ და გინდა, შენი კეთილი ენერგია სხვა ადამიანებთან განავრცო, ეს სტიმულია, თუმცა ისინი არიან ქალი და მამაკაცი და ვერავინ იტყვის, რომ არაფერი ხდება ან მოხდება.