როგორ გახდა მარიკო ებრალიძე 2020 წელს საქართველოში დაბადებული პირველი ბავშვის დედა

როგორ გახდა მარიკო ებრალიძე 2020 წელს საქართველოში დაბადებული პირველი ბავშვის დედაირმა ჭკუასელი, სარკე

მომღერალი მარიკო ებრალიძე და მისი ქმარი, ქირურგი, ლაპარასკოპისტი და გინეკოლოგი, გიორგი დოლიძე, 2020 წლის პირველი იანვრის გამთენიისას მეორე ბიჭის, დანიელის, მშობლები გახდნენ.

დანიელი საქართველოს მეკვლეა, ის პირველი ბავშვია, რომელიც საქართველოში 2020 წელს დაიბადა. მარიკოს სამშობიარო ტკივილები ახალ წელს დაეწყო და რამდენიმე საათში იმშობიარა. მომღერალი 31 წლის იყო, როცა პირველი შვილის, დემეტრეს, დედა გახდა. 34 წლის ასაკში კი ის ემოციები დაუბრუნდა, როცა ეს უდიდესი ბედნიერება პირველად ეწვია. მარიკო ორ შვილზე გაჩერებას არ აპირებს, უნდა, რომ მრავალშვილიანი დედა გახდეს.

– მარიკო, რამდენიმე თვის წინ “სარკესთან” თქვით, რომ ბავშვი შობაზე, 7 იანვარს, უნდა დაბადებულიყო. ნაადრევი მშობიარობა იყო?

– შობას ველოდებოდით, მაგრამ ტკივილები ადრე დამეწყო. ახალ წელს სახლში შევხვდით. ტკივილიდან ტკივილამდე დრო რომ დავინიშნე, 3 წუთი იყო. ჩემი მეუღლე ექიმია და ეს არ შეეშლებოდა, მაგრამ მეან-გინეკოლოგთანაც გადავამოწმეთ. მან გვითხრა, კლინიკაში გელოდებითო. დანიელი დილით, 6-ის 5 წუთზე დაიბადა.

სხვადასხვა ტელეკომპანიებმა სიუჟეტები გააკეთეს. მთელი მედია მოვიდა კლინიკაში, მაგრამ იმიტომ არა, რომ მე გავაჩინე, პირველი ბავშვი იყო და იმიტომ. ბათუმშიც გაჩნდა პირველი ბავშვი 2020 წელს და უკვე ისტორიაში ჩაეწერნენ.

მინდა, არამარტო დანიელს, არამედ ყველა იმ ბავშვს, რომლებიც 2020 წლის პირველ იანვარს მოევლინენ ქვეყანას, პირველ რიგში, ლაღი ბავშვობა ვუსურვო, შემდეგ – კარგი ვაჟკაცობა, კარგი კაცობა და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება. იმედია, ყველა კარგ საქმეში იქნებიან პირველები.

– საკეისრო კვეთით უნდა გაგეჩინათ?

– არა, ფიზიოლოგიურად და ტკივილების დაწყებას ველოდებოდი. ჩემი მეანი იყო ირინა შეროზია, რომელიც არის ჩემპიონი გოგო! ირინა რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა დღესაც ტკივილები მქონოდა. ძალიან იყოჩაღა. მას თანამედროვე ხედვები აქვს და მისი მადლიერი ვარ.

– რამდენი კილოგრამი დაიბადა პატარა დანიელი?

– 3 კილო, 700 გრამი და 52 სანტიმეტრი.

– წლის პირველი ბავშვის დაბადებას მთავრობის წევრები ულოცავენ ხოლმე მშობლებს. თქვენთან თუ მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები?

– დიმიტრი ხუნდაძე (პარლამენტის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ავტ.) მოვიდა და მოგვილოცა. ვინც გაგუას კლინიკაში ვიმშობიარეთ, ყველას მოგვილოცა. დანიელის შემდეგ სხვა ბავშვებიც დაიბადნენ. ყველა მოგვინახულა და ძალიან თბილი სიტყვებით მოგვილოცა ახალი წელიც და ბაიების ამქვეყნად მოვლენაც.

– თქვენი ქმარი ესწრებოდა მშობიარობას?

– არა. პირველ მშობიარობას დავასწარი და ძალიან ვინერვიულე, რადგან ძალიან განიცადა. ფაქტობრივად იმ ერთ დღეში გათეთრდა, იმდენად ინერვიულა. პრინციპში, ყველა მეუღლე ასე გულთან ახლოს იღებს ამ პროცესს, მაგრამ მან განსაკუთრებულად განიცადა. ამიტომ ვუთხარი, არ მინდა, რომ მეორე მშობიარობას დაესწრო-მეთქი.

– ახალი წლის ღამეს თქვენი ახლობლები სამშობიაროში გაატარებდნენ.

– მე და ჩემი მეუღლე მარტო ჩავსხედით მანქანაში, არავის ვუთხარით, არავინ გავაფრთხილეთ და ისე მივედით კლინიკაში. 6-ის 5 წუთზე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან უკვე გავაგზავნეთ მესიჯები, ფოტოები, რომ დანიელ დოლიძე დაიბადა. მანამდე არავინ შევაწუხეთ. მარტო მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სამშობიაროში.

– რა შეგრძნებაა ორი ბიჭის დედობა?

– სიმართლე გითხრათ, ასე მგონია, პატარა დემეტრე მიჭირავს ხელში. როცა ვეთამაშები და ვუყურებ, დიდად ვერ აღვიქვამ, როგორც მეორე შვილს. გოგო რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა უფრო სხვანაირი შეგრძნებები მქონოდა. ჯერჯერობით კი მგონია, ისევ პატარა დემეტრე მიჭირავს და არა – დანიელი.

ვთვლი, რომ ორი შვილი ნამდვილად არაფერია. ქალს რამდენ შვილსაც ღმერთი მისცემს, იმდენი უნდა გააჩინოს და, რაც ბევრი იქნება, მით უკეთესი.

ყველა ქალს ვუსურვებ, მინიმუმი, სამი შვილი გააჩინოს, რადგან იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, რაც ბევრ ბავშვს მოაქვს ოჯახში. ერთი შვილიც პასუხისმგებლობაა, ორი შვილიც და მეტიც. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გეყოლება. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ახლავს.

– გამოდის, კიდევ აპირებთ შვილის ყოლას.

– დიდი სიამოვნებით და აუცილებლად! მე ნამდვილად მაქვს ამის სურვილი და ვნახოთ, რა იქნება.

– როგორ დაგხვდნენ სახლში თქვენ და დანიელს?

– როგორც შეეფერება ახალ წელს და პატარა ბავშვს – დიდი სიხარულით და სიყვარულით. ყველა ოჯახს, ყველა წყვილს, ყველა ქალს ვუსურვებ, ასეთი სიხარული, მინიმუმი, ორ წელიწადში ერთხელ მაინც ჰქონდეთ ოჯახებში.

– დემეტრე როგორ შეხვდა უმცროს ძამიკოს, ხომ არ ეჭვიანობს?

– თან ეჭვიანობს, თან სიხარულს გამოხატავს. ემოციების კორიანტელი აქვს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი მშვიდად გადავიტანოთ.

– ვინ გეხმარებათ ჩვილის მოვლაში?

– მინდა, ერთი თვე დედაჩემთან ვიყო. ის მეხმარება. დანიელი დედაჩემთან მოვიყვანეთ სახლში.

– დანიელი ხომ არ ჭირვეულობს? 

– სულ ჭამა უნდა. ძალიან მშვიდია. მთავარია, აჭამო და ახლოს გყავდეს, რომ შენი სხეულის სითბოს გრძნობდეს.

– ხელოვნურ კვებაზე გყავთ თუ ბუნებრივზე?

– ბუნებრივ კვებაზე.