ქართველ ჰალკს ცოლად ნაზი გოგონა სურს

ქართველ ჰალკს ცოლად ნაზი გოგონა სურსრუსუდან ადვაძე, სარკე

მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა, ოთხგზის მსოფლიო თასის მფლობელმა ძალოსანმა, 31 წლის ლევან საგინაშვილმა, ცოტა ხნის წინ მკლავჭიდის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ ტოპ 8-ში იასპარეზა და იქაც პირველი ადგილი დაიკავა. ქართველ ჰალკად წოდებულმა სპორტსმენმა ყველა მეტოქე დაამარცხა, ფინალში კი რუს ვიტალი ლალეტინთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 2017 წლიდან მას ერთი ორთაბრძოლაც კი არ წაუგია.

ასპარეზობიდან სამშობლოში მის გამარჯვებით დაბრუნებას ქართველი ხალხი სოციალურ ქსელში გამოხატული აპლოდისმენტებით შეეგება და არა თუნდაც აეროპორტში დახვედრით, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობა და სპორტის მესვეურები. ჩემპიონს მხოლოდ ნათესავ-მეგობრები დახვდნენ.

მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი 165 კილოგრამს იწონის და სიმაღლით 193 სანტიმეტრია. ჯერჯერობით უცოლოა, თავის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის ჯერ ვერ შეარჩია გოგონა, რომელთან ერთადაც ოჯახს შექმნის. თუ როგორი ქალი სჭირდება მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს გვერდით და როგორია ჰალკის გზა, ამის შესახებ ქვემოთ, მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლევან საგინაშვილი: მკლავჭიდში ვარჯიში ბავშვობიდან არ დამიწყია. 16 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი. მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა და ვარჯიში ფიზიკურად აღარ შემეძლო. 20 წლის ვხდებოდი, როცა ფიტნესით დავკავდი. ჩემი მეგობრები ვარჯიშობდნენ და მეც დამაწყებინეს იქ სიარული. ამასობაში ჯანმრთელობის პრობლემაც მომიგვარდა.

იმ დარბაზში მუშაობდა ძველი მკლავჭიდელი, ლადო ხუციშვილი, რომელმაც შემამჩნია და მითხრა, რომ კარგი მონაცემები მქონდა ისეთი სპორტისთვის, როგორიც მკლავჭიდია. მაშინ არც ვიცოდი, რომ ასეთი სპორტი არსებობდა. ერთი წლის მერე მართლაც დავიწყე მკლავჭიდში ვარჯიში. 1 წელიწადში საქართველოს ჩემპიონატზე პრიზიორი გავხდი და მივხვდი, რომ სწორედ სპორტის ეს სახეობა იყო ჩემი.

– ბავშვობიდან მძიმეწონიანი იყავით?

– არა, ძალიან გამხდარი და სუსტი ბავშვი ვიყავი. მტევანი და მაჯა კი მუდამ დიდი მქონდა. წონა ნელ-ნელა ავკრიფე. თავიდან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვდიოდი, 2 წლის მერე – 100 კილოში, მერე 110 კილოში გადავედი და ბოლოს მძიმეწონიანი გავხდი.

– მკლავჭიდელისთვის მძიმე წონა აუცილებელია?

– ჩემი მონაცემებისთვის აუცილებელი იყო, რადგან მსხვილი ძვლები მაქვს. 100 და 110 კილოც კი გამხდარი ვჩანდი. მსხვილი ძვალი რომ მაქვს, ხორცი ფაქტობრივად არ მქონდა და გამხდარი იმიტომ ვჩანდი. აუცილებლად უნდა მომემატებინა წონაში, რომ ჩემი პოტენციალი მთლიანად გამომეყენებინა, ამეკრიფა კუნთის ის მასა, რაც ორთაბრძოლებში დამჭირდებოდა.

ქართველ ჰალკს ცოლად ნაზი გოგონა სურს– როგორი სპორტია მკლავჭიდი, რითი შეგაყვარათ თავი?

– ძალიან პრინციპული და თავმოყვარე სპორტია. ქართველს რომ დაეჭიდები და ხელს გადაუწევ, რასაც ნიშნავს, კი იცით. თავიდან რომ დავიწყე, არანაირი ხელშეწყობა არ გვქონდა სახელმწიფოსგან, არც დარბაზი გვქონდა ნაკრებს…

2013 წლიდან სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს, თორემ მანამდე ჩავარდნები მქონდა, ხან ვვარჯიშობდი და ხან – არა. სპორტის სხვა სახეობებში ენერგიას ხარჯავ. აქ კი შეიძლება ისე წააგო, ენერგია საერთოდ ვერ დახარჯო, წამის მეასედებში დამარცხდე, რაც ძალიან მძიმე და რთული ამბავია. როცა გრძნობ, მოწინააღმდეგე შენზე ძლიერია და აგებ, ამის გამო დეპრესია არ დაგემართება, მაგრამ, როცა იცი, შენ უფრო ძლიერი ხარ და შენი შეცდომისა და უყურადღებობის გამო აგებ, საშინელი განცდაა.

– რა დროს უშვებთ შეცდომას?

– მქონია შემთხვევა, როცა სათანადოდ არ შემიფასებია მოწინააღმდეგე და ზერელედ მოვკიდებივარ, რადგან ჩამითვლია, რომ მასზე ძლიერი ვიყავი და ვერ მაჯობებდა. ამის გამო ერთხელ რომ დავისაჯე, ისეთი გაკვეთილი მივიღე, მას მერე სულ ვიგებ. ვისაც უნდა შევხვდე, სულ ყურადღებით ვარ.

2012 წელს ქართველ სპორტსმენ გენადი კვიკვინიას მოვუგე ერთხელ. მაშინ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო. ფინალი თვითონ მომიგო საქართველოს ჩემპიონატზე, მაგრამ ის ერთი გადაწევა ისეთი სტიმული და ისეთი დიდი მოვლენა იყო… 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ეს ორი გამარჯვება განსაკუთრებულად მახსოვს.

2017 წლიდან არც ერთი ორთაბრძოლა წამიგია. ძლიერთან ერთად მოხერხებულიც უნდა იყო. ბუნებრივი მონაცემებიც უნდა გიწყობდეს ხელს. დადო ხელი და გადაწიო, ასე არ არის. ტექნიკურად ბევრნაირი ხერხი არსებობს, ყველა სპორტსმენს თავისი ტექნიკა აქვს და ყველას უნდა მოუძებნო თავისი გასაღები. ასე რომ, იოლი სპორტი არ არის.

– ტოპ 8-ის ფინალში რუსს მოუგეთ. განსხვავებულია ეს შეგრძნება?

– რა თქმა უნდა, უფრო მეტი სიხარული ახლავს. ასეთი დონის შეჯიბრი მკლავჭიდში პირველად ჩატარდა და სხვაგვარი ფორმატის იყო – მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 6 საათიან შეხვედრებზე 6-6-ჯერ ვწევდით ხელს.

ფინალამდე მეც და ვიტალი ლალეტინიც ისე მივედით, არც ერთი შეხვედრა წაგვიგია, ისიც 6:0-ს იგებდა და მეც. შანსები 50 50-ზე იყო და ჩვენს შერკინებას მთელი მსოფლიო ელოდებოდა. მე კი დამატებით მოტივაციას ის მაძლევდა, რომ რუსს უნდა შევრკინებოდი და არაფრით მინდოდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მას მოეგო ჩემთვის. ყველაფერი გავაკეთე, რომ ასე არ მომხდარიყო და გამომივიდა – 6:0 მოვუგე და ეს ჩვენი მეზობლები დავამწუხრე.

პირველად როცა შევხვდით, გამარჯობაო, ქართულად მომესალმა და ეს ისე მითხრა, გულისხმობდა, მაინც მოგიგებო. რომ მოვუგე, მივაძახე, გაგიმარჯოს-მეთქი. მოგვიანებით მკითხა, რა მითხარი, შეურაცხყოფა ხომ არ მომაყენეო. არა, მოგესალმე-მეთქი, ვუპასუხე.

კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ტურნირის მერე ბანკეტზეც ერთად გავერთეთ, ანუ დიდად გულდაწყვეტილი არ იყო, რადგან მიხვდა, რომ მე უფრო ძლიერი ვიყავი და თავისი მეორე ადგილითაც კმაყოფილი ჩანდა.

– მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მამაკაცს და ქართველ ჰალკს გეძახიან. თქვენთვის როგორი ტიტულია, რა შეგრძნებაა?

– უპირველეს ყოვლისა, დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის ქვეყნის წინაშე. ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო ამაზე, რომ არ “გავბლატავდე” და მხოლოდ ჩემს საქმეზე ვიყო ორიენტირებული.

– როგორია თქვენი დღის რეჟიმი, რაციონი?

– დღეგამოშვებით ვვარჯიშობ და 3-4 საათს ვატარებ დარბაზში. ვცდილობ, უფრო მეტად ცილოვანი საკვები მივიღო, რადგან ეს კუნთური მასისთვის არის კარგი. სხვა მხრივ, მთავარია, საჭმელი იყოს და სულ ერთია, რას შევჭამ. ყველაზე მეტად ხორცი მიყვარს.

– ალბათ ბევრი ფიქრობს, ერთ ჭამაზე ერთი ცხვარი სჭირდებაო.

– არა, სხვათა შორის, ბევრს სულაც არ ვჭამ, უბრალოდ, ხშირად მინდება ჭამა. ეს სპორტი რომ არა, ალბათ, მაქსიმუმი, 100 კილო ვიქნებოდი. ამ წონას სპეციალურად ვინარჩუნებ. ძალიან ბევრი თანხა მაქვს დახარჯული, რომ წონაში ხარისხიანად მომემატებინა. მამაჩემიც და ჩემი ძმაც ჩემზე მეტს ჭამენ, მაგრამ, ჩემ გვერდით რომ დგანან, არც კი ჩანან. 15 ხინკალს ვჭამ, მეტს კი არა.

– ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, საქართველოს სახელით აღარ გამოვალ, ამ ქვეყანაში ადამიანი ისეთი დაუფასებელიაო. ახლაც ერთი ამბავი ატყდა – სამშობლოში დაბრუნებულ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მამაკაცს აეროპორტში არავინ დახვდაო. თქვენ რას ფიქრობთ სახელმწიფოს მხრიდან თქვენდამი გამოჩენილ ყურადღებასა თუ უყურადღებობაზე?

– როცა განცხადება გავაკეთე, საქართველოს სახელით აღარ ვიასპარეზებ-მეთქი, სპონსორები გამომიჩნდნენ – “ლიდერბეთი”, “ახალი ხედვა”, “არდი”. ამის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა – ფინანსური თვალსაზრისით უფრო კარგად ვარ, მეტ ყურადღებასაც ვგრძნობ და ხალხმაც უფრო გამიცნო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფოსგან რაიმე ყურადღებაა-მეთქი.

ახლა რომ დავბრუნდი, მეგობრები, ნათესავები დამხვდნენ, ასევე – ორი გამოცემა. ვიცი, რომ სხვა ტელეკომპანიებსაც სურდათ, მაგრამ ინფორმაცია არ ჰქონდათ, როდის ჩამოვდიოდი და ბევრი ამის გამოც ვერ მოვიდა. რაც ჩამოვედი, ყოველდღე 2-3 ტელეკომპანიაში დავდივარ და აგერ თქვენც გაძლევთ ინტერვიუს.

– რადგან ოლიმპიური სპორტი არ არის, იმიტომ არ ექცევა სახელმწიფოსგან ყურადღებაო, ასეთი მოსაზრება მოვისმინე.

– ჩემი აზრით, დიდი სისულელეა, რომ მხოლოდ ოლიმპიურ სახეობებს აქცევენ ყურადღებას. სუმოც არ არის ოლიმპიური სპორტის სახეობა, მაგრამ იაპონიაში ნომერი პირველია. ბევრ ოლიმპიურ სპორტზე პოპულარულია ამერიკაში ამერიკული ფეხბურთი თუ სხვა. ჩვენთან ცდილობენ, ამით გაიმართლონ თავი, თორემ სპორტის ეს სახეობა სულაც არ მოითხოვს დიდ ფინანსებს, დიდ ინფრასტრუქტურას თუ დიდ სტადიონს. მხოლოდ მაგიდაა საჭირო და მინიმალური თანხები.

სპორტის სამინისტრო სტიპენდიის სახით მაძლევს 450 ლარს. სანამ სპონსორები გამოჩნდებოდნენ, მხოლოდ ეს შემოსავალი მქონდა.

– ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონსაც ხომ აჯილდოებენ?

– ევროპის ჩემპიონობაზე 8.500 ლარიანი პრემიაა და მსოფლიოს ჩემპიონობაზე – 17 ათასი ლარი. მკითხველმა თვითონ დაითვალოს, რამდენია საჭირო სპორტსმენისთვის, რომ მოემზადოს, ივარჯიშოს და ყველანაირი პირობა შეიქმნას გამარჯვებისთვის. თუ ვერ მოიგე, არც სტიპენდიას გაძლევენ და არც პრემიას.

სპორტის სამინისტრომ განცხადება გააკეთა ჩემზე, რომ იგებდა, პრემიას ვაძლევდითო. ფაქტობრივად დამაყვედრეს, ვითომ არ მეკუთვნოდა და ისე მაძლევდნენ.

ახლა რა შეჯიბრებებზეც გამოვდივარ, პროფესიონალური მკლავჭიდია და სპორტის სამინისტროსთან აღარანაირი შეხება მაქვს. კომერციულ შეჯიბრებებზე გადავედი. მათი საპრიზო ფონდი ბევრად მეტია და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე აღარ გავიდე.

– რა პირობებში ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მამაკაცად აღიარებული ქართველი?

– თბილისში, დოლიძეზე ვცხოვრობ ბებიასთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად საკმაოდ ცუდ პირობებში. ძალიან ძველი სახლია, დანგრევის პირასაა. ტოპ 8-ში 50 ათასი დოლარი მოვიგე და ახლა ვაპირებ, ნორმალური ბინა შევიძინო.

– ფიქრობთ ოჯახის შექმნაზე?

– არა. ცოლი რომ მყავდეს, რა პირობებშიც ვცხოვრობ, იმის გათვალისწინებით ვერაფრით შევძლებდი ისეთი წარმატების მიღწევას, რაც მაქვს. მთლიანად ჩემს საქმეზე ვარ გადართული და ოჯახი ნამდვილად ხელს შემიშლიდა.

– ალბათ რამდენი გეტრფით ყველაზე ძლიერ მამაკაცს.

– გოგონების ყურადღების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი. ჩვეულებრივი, უბრალო გოგონები მომწონს. ჩემთვის გარეგნობას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც კეთილ და კარგ ადამიანს. ასევე – ნაზი გოგო უნდა იყოს.

– ასეთ ძლიერ მამაკაცს ნაზი გოგო?!

– ნაზი უნდა იყოს, ძლიერი ჩემი თავიც მეყოფა!

– სხვა რა გატაცება გაქვთ ან პროფესია თუ გაქვთ რამე?

– სხვა პროფესია არ მაქვს. მანქანები მიტაცებს. სწრაფი მანქანა მყავს “ბეემვე”. სწრაფად დავდივარ, მაგრამ მოძრაობის წესებს არ ვარღვევ. კარგი ფილმების ყურება მიყვარს. რამდენიმე ფილმშიც გადამიღეს და სამსახიობო ნიჭიც აღმომაჩნდა.

ბოლოს რაღაც ბრიტანული ფილმი გადაიღეს საქართველოში და იქ ვმონაწილეობ, განსაკუთრებული მებრძოლის როლი მაქვს. პრემიერა ლონდონში იქნება ზაფხულში და წავალ, თუ მოვახერხებ. ერთ ქართულ ფილმშიც გადამიღეს ეპიზოდურ როლში. სახელი არც მახსოვს.