ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება: “ბევრჯერ სიზმრად მინახავს, როგორ ჯდება ჩემი თვითმფრინავი საქართველოს აეროპორტში”

ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება: "ბევრჯერ სიზმრად მინახავს, როგორ ჯდება  ჩემი თვითმფრინავი საქართველოს აეროპორტში"ხათუნა მაღრაძე, სარკე

მომღერალი ნინი წიკლაური თავის ამერიკულ ცხოვრებაზე “სარკეს” უამბო.

– ნინი, პირველ რიგში, გილოცავთ ახალ წელს! როგორ შეხვდით ამ დღეს ნიუ იორკში?

– დიდი მადლობა! მჯერა, რომ ბედნიერებას მოგვიტანს ეს წელი მე, ჩემს ოჯახს და სრულიად საქართველოს! ყველას გილოცავთ! დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ბავშვობიდან მოყოლებული ეს პერიოდი ჩემთვის ბედნიერებასთან და სიხარულთან ასოცირდება. სულ მჯერა, რომ სასწაული აუცილებლად მოხდება და თან მხოლოდ ახალ წელს. მჯერა, რომ ყველა სურვილი სრულდება, რასაც ამ დღეს ჩაუთქვამ.

ჩემს ქვეყანაში ტრადიციულად ახალ წელს გალა კონცერტზე, სცენაზე ვხვდებოდი. აქ ოჯახთან ერთად ვხვდები. წელს პირველი წელია, როცა ყოველგვარ ღონისძიებასა და კონცერტზე უარი ვთქვი. 2020 წელს ოჯახთან ერთად შევხვდი და ეს სულ სხვა ემოცია ყოფილა.

საახალწლო სუფრას რაც შეეხება, ბევრი ვერ ვიფუსფუსე სამზარეულოში, რადგან ჩემი ორსულობა ბოლო დღეებს ითვლის და საკმაოდ მიჭირს ფეხზე დგომა. მცირედით, მაგრამ ლამაზად შევხვდით მოლოდინებით სავსე 2020 წელს.

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან უკვე ცნობილი მომღერალი წახვედით, ალბათ მაინც დიდი გამართლებაა, რომ ამერიკაში ადვილად შეძელით საკუთარი პროფესიით მუშაობის გაგრძელება.

– ვთვლი, რომ გარკვეულწილად გამიმართლა, მაგრამ იმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რა ბეგრაუნდით ჩამოვედი. რაც კი მიშრომია, მიკეთებია, თითქოს ყველაფერი ნაწილობრივ დამიფასდა აქ.

ქართველი ემიგრაციისთვის თავის გაცნობა არ დამჭირვებია და ამით უდიდესი ნაბიჯი გადავდგი წინ. აქედან თითქმის ყველა გადაცემას ადევნებენ თვალყურს, ყველა პროექტს თუ შოუს და მიმიღეს ის, ვინც ჩემს ქვეყანაში ვიყავი.

ჩემთვის საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი იყო უცებ აქ ჩამოსვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ შეცდომა არ დამიშვია და უდიდესი მუსიკალური გაქანების ქვეყანაში დავიწყე მუშაობა.

– ყველაზე ემოციური ალბათ პირველი კონცერტი იყო. მას მხოლოდ ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ?

– კონცერტები ჩამოსვლის დღიდან დავიწყე. როცა გაიგეს, რომ აქ ვიყავი, ყველა მირეკავდა და კონცერტებზე მიწვევდა ძირითადად ქართული რეპერტუარით, რომელიც აქ ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენი ქვეყნის საკონსულოს მიერ მოწყობილი კონცერტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მთელი საღამო მუსიკალურად გავაფორმე კლავიშის თანხლებით. ამან დიდი ოვაციები და ემოციები გამოიწვია მსმენელშიც და ჩემშიც. ღონისძიებებს ყოველთვის სხვადასხვა ეროვნების სტუმრები ესწრებიან, მაგრამ ძირითადად ქართველები და ამერიკელები.

– როგორი მსმენელები არიან ამერიკელები?

– ამერიკელები ისეთი გულისყურით მისმენენ ხოლმე, ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ესმით, რაზეც ვმღერი. ეს დიდი ემოციაა, რომელიც მაძლევს ძალას, არ გავჩერდე და ჩემი საქმე ვაკეთო.

– ანუ თქვენი რეპერტუარი ქართულია?

– ჩემი რეპერტუარის ძირითადი ნაწილი ქართული სიმღერებია, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე მუსიკა, რომელსაც საკუთარი ინტერპრეტაციებით ვასრულებ.

უცხო მიწაზე განსაკუთრებულად მატულობს პატრიოტიზმი, მონატრება და ყველაფერი, რაც ჩემს სამშობლოს, ჩემს ქალაქს, უბანს თუ ქუჩას უკავშირდება. ამ დროს სიმღერაც ისეთი ორგანულია, ამის სიტყვებით გამოხატვა რთულია. არაერთ ამერიკელს უთქვამს კომპლიმენტი იმის შესახებ, რომ ჩემსას ვმღერი. მართალია, ტექსტი არ ესმით, მაგრამ ჩემი შესრულებით ხვდებიან, რაზეც ვმღერი. მათგან ბევრი მუსიკოსიც ყოფილა, რომლებიც კარგად ხვდებიან იმ წუთებში მომღერლის განცდებს. რამდენიმემ თანამშრომლობაც შემომთავაზა და ბავშვის დაბადებისთანავე დავიწყებ მუშაობას.

– თქვენი ქართული რეპერტუარი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.

– სხვათა შორის, ძალიან ბევრმა მკითხა, რა ენაზე ვმღეროდი. ბევრმა არ იცის, საქართველო სად არის და ხშირად ამერიკის შტატი ჯორჯია ჰგონიათ. მიწევს ახსნა, რომ მართალია, ჩვენ შტატი არ ვართ, მაგრამ არც ერთ დიდ ქვეყანას არ ჩამოვუვარდებით ჩვენი განვითარებით, ნიჭიერებით. ეს ერთგვარი პოპულარიზაციაა ჩემი ქვეყნის და ბედნიერი ვარ, რომ იოტისოდენა წვლილი შემაქვს ამაში.

რამდენიმე ცნობილ მუსიკოსს და პროდიუსერს გაზიარებულიც კი ჰქონდა თავის სოციალურ ქსელში ჩემ მიერ შესრულებული “ციცინათელა” და ეწერათ, რომ გოგონა საქართველოდანაა და საქართველო არ არის ჯორჯიის შტატი. არ მიყვარს ასეთ რაღაცებზე დაპარაკი, თუ ვინმე შეამჩნევს, ხომ კარგი, მაგრამ მსგავს წარმატებებს მე ჩრდილში ვტოვებ ხოლმე.

– როცა ამერიკულ ჰიტებს ასრულებთ, ალბათ ადგილობრივი მსმენელი უფრო მომთხოვნია ამ დროს.

– ასეც ვერ ვიტყვი. უამრავჯერ შემისრულებია ამერიკული ჰიტები, მეტწილად ძველი, ვინაიდან მე ძველი ამერიკული მუსიკის მსმენელი უფრო ვარ, ვიდრე თანამედროვესი და უთქვამთ, რომ აბსოლუტურად ჩემეული მანერით და ჩემეული იმპროვიზაციით ვმღერი. ეს კი მათთვისაც საინტერესოა.

– ხუმრობთ ხოლმე, რომ ჰიმნის შემსრულებელ გოგოს გეძახიან. როგორ მოიპოვეთ ამ სფეროში “მონოპოლია”?

– რასაც გულით ასრულებ, რაც შენია, ამას ყოველთვის ხედავს მსმენელიც და დამკვეთიც. ეს საქართველოშიც ასე იყო. საქართველოში ბევრ ჟურნალისტს უთქვამს ჩემთვის, ამდენი წელი გავიდა “ჯეოსტარიდან” და მაინც ყველგან ხარ, ყველგან გეძახიან და ამას როგორ ახერხებო. ჩემი პასუხია, რომ ვაკეთებ გულით და სულით.

რაც შეეხება ამერიკის და საქართველოს ჰიმნებს, პირდაპირ მირეკავენ და მთხოვენ შესრულებას. ეს ხდება დახურულ შეხვედრებზე, სამთავრობო თუ ღია კონცერტებზე, ასევე სხვადასხვა სახის დაჯილდოებებზე.

რამდენჯერმე მხოლოდ ამერიკის ჰიმნი შევასრულე ასამბლეის წარმომადგენელ ვილიამ კოლტონის დახურულ თუ ღია ღონისძიებებზე და ამის ამსახველი ჩემი ფოტოები აქაურ მედიაშიც დაიბეჭდა. საქართველოს ჰიმნი პირველად ჩვენი ქვეყნის გენერალური კონსულის, დიანა ჟღენტის, სურვილით შევასრულე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ასე გავითქვი სახელი, როგორც ჰიმნების შემსრულებელმა.

– ქართველი ემიგრანტების შვილებისთვის სტუდია “ციცინათელა” დააარსეთ. ამის შესახებაც მოგვიყევით.

– როცა “ციცინათელაზე” მეკითხებიან, სიხარულისგან ვცქმუტავ. ზებუნებრივი სიყვარული მაქვს ამ სტუდიისადმი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ამერიკულ ცხოვრებაში. რთულია, ჩამოხვიდე უცხო მიწაზე და პირველივე დღეს ჩაეფლო იმ სამყაროში, რომელიც შენია და რომლისთვისაც ბევრს წლები უწევს მუშაობა.

გამიმართლა, რომ პირველივე წამს მოვხვდი ქართული კულტურის ცენტრ “ფესვებში”, რომელსაც ხელმძღვანელობენ შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი. ისინი უდიდეს შრომას დებენ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. გამიმართლა, რომ უკვე ერთად ვაკეთებთ ამ უდიდეს საქმეს.

“ციცინათელა” ერთ პატარა და ფერად ოთახში ჩამოვაყალიბეთ. სტუდიის აღსაზრდელები ძირითადად ამერიკაში დაბადებული ბავშვები არიან. ზოგი ქართულად ვერც ლაპარაკობდა, მაგრამ დღეს უკვე გამართულად მღერიან ქართულ სიმღერებს. რეპერტუარის 99% ქართულია და, რაც მთავარია, ბავშვები ყველა კონცერტსა თუ მიღებაზე მხოლოდ ცოცხლად ასრულებენ სიმღერებს.

სტუდიაში ასევე გვაქვს ცეკვის კლასი, რომელსაც ხელმძღვანელობს თეკლა გოდერძიშვილი. ასევე ვატარებთ მსახიობის ოსტატობის გაკვეთილებს, რომელსაც მსახიობი მაშო მელქაძე ხელმძღვანელობს. სტუდიის მოსწავლეები საკუთარი შვილებივით მიყვარს.

– საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი შემოქმედი, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ აქვს. ამერიკაში თქვენი ანაზღაურება შრომის შესაბამისია?

– დიახ. თავიდან ჭირს, სანამ თავს დაიმკვიდრებ, მერე კი ნელ-ნელა გიფასდება ყველაფერი და შემოსავალიც მატულობს.

– საკმაოდ დატვირთული საქმიანი გრაფიკი გაქვთ. სახლში ქმარი გეხმარებათ თუ დამხმარე გყავთ?

– დამხმარე არასოდეს მყოლია. საბა ჩემი მეუღლის ხელშეწყობით გავზარდე. ბევრჯერ მქონია გამოუვალი სიტუაცია და ბავშვი უპრობლემოდ დაუტოვებია ან წამომყოლია ამა თუ იმ კონცერტზე. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია, როცა ჩემს კონცერტებსა და გამოსვლებს შვილი და მეუღლე ესწრებიან. რამდენჯერმე თავი ვერ შევიკავე და სიმღერისას ცრემლები წამომივიდა.

– როგორია ქართველი წყვილის ამერიკული ცხოვრება?

– ისეთი არ არის, როგორიც საქართველოში იქნებოდა. მაგალითად, ჩვენთან სტუმრები ხშირად არ მოდიან, რადგან აქ ყველა მუშაობს, ყოველი წუთი და წამი გათვლილი აქვთ. გულით რომ გინდოდეს, ვერსად დაიგვიანებ.

დრო არ გვაქვს სადმე წასასვლელად, გასართობად, მაგრამ ამას მაინც ვახერხებთ და საბაც ყველგან მიგვყავს. ის ჩვენი განუყრელი მეგობარია. მე და თემო საქართველოში რომ ვიყოთ, ალბათ უამრავი დრო გვექნებოდა ერთმანეთისთვის, რადგან დედები, ბებიები გვეყოლებოდნენ გვერდით. აქ ეს ფუფუნება არ გვაქვს.

– იმედია, თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება.

– ცხადია, ჩემი ყველა გზა სამშობლოში მოდის და ამაზე თითქმის ყოველდღე ვფიქრობ. ბევრჯერ სიზმრად მინახავს, როგორ ჯდება ჩემი თვითმფრინავი საქართველოს აეროპორტში და როგორ გამოვდივარ კარში. ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ მჯერა, მალე მოვახერხებ. აქ ყოველთვის სხვა ვიქნები, ყოველთვის ე.წ. ემიგრანტი. ამიტომაც მინდა, მაქსიმალური ცოდნა, გამოცდილება დავაგროვო და ჩემს ქვეყანას ახალი შემართებით და ახალი იდეებით დავუბრუნდე, რომლებსაც სხვებს გავუზიარებ. აქაური გამოცდილება მართლა ერთი უნივერსიტეტის დამთავრებას უდრის.

– რა არის თქვენი ამერიკული ოცნება?

– ჩემი შვილების მომავალი, მათი უზრუნველყოფილი ცხოვრება და ცხადია – სწავლა. მე და ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი მათთვის გავაკეთეთ და მგონია, რომ გამოგვივიდა. ასევე ოცნებაა ჩემი განვითარება. აუცილებლად უნდა აჰყვე განვითარების რიტმს, რომელიც ამ ქვეყნაში საკმაოდ სწრაფია და არაფერი უნდა გამოტოვო. აქ ქუჩაშიც ისეთ მუსიკას უკრავენ, ბევრ დიდ საკონცერტო სცენას რომ დაამშვენებდა. ასე რომ, ყოველ წამს და წუთს ვცდილობ, ყველაფერი ავითვისო და გავითავისო. ხვალ და ზეგ შეიძლება ჩემს ქვეყანას უფრო გამოვადგე დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით.