ნათია ტრაპაიძეს და მიშა სესიაშვილს სამსახურის გარეთ ერთმანეთის დანახვა არ უნდათ

ნათია ტრაპაიძეს და მიშა სესიაშვილს სამსახურის გარეთ ერთმანეთის დანახვა არ უნდათრუსუდან ადვაძე, სარკე

“მთავარ არხზე” ტოქ შოუ “თქვენი ხმა” გადის, რომელსაც ჟურნალისტები ნათია ტრაპაიძე და მიშა სესიაშვილი უძღვებიან. გადაცემის ფორმატი არხის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ მოიფიქრა და ნანუკა ჟორჟოლიანს ჩააბარა, როგორც პროდიუსერს. ფიცხი გურული ტრაპაიძე და დინჯი კახელი სესიაშვილი, როგორც აღმოჩნდა, ერთმანეთს კარგად ავსებენ. “სარკესთან” ისიც არ დაუმალავთ, რომ თავიანთ ოჯახებში დაახლოებით მსგავსი პრობლემები აქვთ.

მიშა: არ ვიცით, ვის თავში მოიხარშა ის ამბავი, რომ მე და ნათია ერთ გადაცემაში თანაწამყვანებად აღმოვჩენილიყავით, მაგრამ, მგონი, ამ პროექტმა ძალიანაც გაამართლა.

ნათია: ნიკას სულ უნდოდა, ამ ფორმატის გადაცემა ყოფილიყო. “რუსთავი 2”-ზე პერიოდულად იყო მსგავსი, ჟურნალისტები გავდიოდით და ხალხს ვეკითხებოდით მათ აზრს. ამ ფორმატის გადაცემა კი სატელევიზიო სივრცისთვის სიახლეა. ამ სიახლისთვის, როგორც ჩანს, არ დაიწყეს გარეთ წამყვანების ძებნა და ჩვენ შემოგვთავაზეს. მიშა კი იყო წამყვანი, მაგრამ მე ამის გამოცდილება არ მქონია. ახლა გადაწყდა, რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანი კარგი იქნებოდა ამ ფორმატისთვის.

მიშა: ჩვენ არამხოლოდ თანამშრომლები ვართ. ისე მოხდა, რომ ბოლო წლებმა, მუდმივი დაძაბულობისა და ბრძოლის რეჟიმმა, რომ რამენაირად ჩვენი სათქმელი გვეთქვა და არ გავტეხილიყავით, კიდევ უფრო დაგვაკავშირა.

ნათია: ფოლადივით გამოწრთობილები ვართ და ამ ბრძოლაში ერთმანეთის შესახებ ბევრი სხვადასხვა რამ გავიგეთ. ბევრ რამეში ემთხვეოდა ჩვენი პოზიციები, თუმცა შეიძლებოდა, რაღაცებზე გვეკამათა კიდეც.

– განსხვავებული ადამიანები ვართო, ამბობთ. როგორ დაახასიათებთ ერთმანეთს?

მიშა: ნათია, პირველ რიგში, კარგი ადამიანია და ეს ყველაფერში ეტყობა. ძალიან სწორი ღირებულებები აქვს და ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა შეუძლია. ასევე, ძალიან კარგი მეგობარია. წლების განმავლობაში ერთ რედაქციაში ვმუშაობდით და მქონდა საშუალება, მეყურებინა მისი მეგობრებისთვის. პროფესიონალია და მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების და ჩემ მიმართაც. მასთან ვერ მოდუნდები.

ნათია: არ მიყვარს, როცა ტერმინოლოგია ერევათ. ძირითადად სამართალზე და კრიმინალზე ვმუშაობ, განაჩენის გარჩევა უნდა იცოდეს წამყვანმა და შეცდომას არ ვპატიობ.

მიშა: განათლებით ეკონომისტი ვარ და ამ სფეროში როგორ აღმოვჩნდი, არც ვიცი. ჩემთვის ყველაზე სუსტი წერტილი სისხლის სამართალი და მისი სპეციფიკაა და ხშირად მეშლება რაღაცები. დელიკატურად მისწორებს, მაგრამ ამ დროს ვგრძნობ, შინაგანად ღელავს და ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც შემეშალოს.

ნათია: მე მიშაზე ბევრად ფიცხი და ემოციური ვარ. მიშა უფრო მშვიდია.

მიშა: გურული ტემპერამენტი თავისას შვრება.

ნათია: მე ჩვეულებრივი გურული ქალი ვარ მთელი თავისი სიფიცხით. არ მიყვარს მოდუნება. სულ ჩქარა მინდა ყველაფერი. მიშა კი მშვიდი, დინჯი, გაწონასწორებულია…

მიშა: კახელის ტიპაჟი. ასეთი განსხვავებული ტიპაჟები ერთ გადაცემაში გარკვეული ინტრიგაცაა.

ნათია: ასეთი განსხვავებულები რომ ვართ, ეთერში არ გვეტყობა. გადაცემამ გაამართლა. ადამიანები დაიღალნენ ამდენი პოლიტიკით, მოსწონთ, როცა თავიანთ თავს ხედავენ ტელევიზორში და მათ აზრს ეკითხებიან სხვადასხვა საკითხზე. ამ გადაცემის მიზანიც ეგ არის, რომ ადამიანებმა ილაპარაკონ ის, რაც აწუხებთ, მოსწონთ, აკრიტიკონ ისინი, ვინც მათ ბედს წყვეტენ. უხარიათ, როცა თავიანთ სოფელს თუ ქალაქს ხედავენ.

– თუმცა მუდმივად ერთი პოზიცია ისმის. ყველა თქვენი რესპონდენტი მთავრობის მოწინააღმდეგე და ოპოზიციის მომხრე როგორაა, განსხვავებული აზრი არავის აქვს?

ნათია: ჩვენც ეგ გვიკვირს და მე და მიშაც სულ მაგას ვეკითხებით ჟურნალისტებს, ვინმემ თქვა თუ არა განსხვავებული აზრი. ეთერში მხოლოდ ის ხვდება, რაც იყო. მაკრატლით არავინ დგას და არ ჩეხავს, რომ ვიღაცამ მთავრობაზე კარგი არ თქვას. პირიქით, ჟურნალისტებიც გაფრთხილებული გვყავს, რომ ეძებონ ისეთი ადამიანები, ვისაც მოსწონს მთავრობა.

ზოგმა პირდაპირ უთხრა ჩვენს ჟურნალისტებს, რომ აშინებენ და ეუბნებიან, პრობლემებზე არ ილაპარაკონ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მთავრობა მოსწონს, მაგრამ, როგორც კი ჩაეკითხები, რა მოგწონს, რა შეგისრულეს, რასაც დაგპირდნენო, უკვე იბნევიან და გარბიან.

მიშა: მოგეხსენებათ, ჩვენი ტელევიზია 3 თვეში არაფრისგან შეიქმნა და ჩვენთან ერთად მუშაობს ახალბედა ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებიც ძალიან ორგანიზებულები და მონდომებულები არიან. მათ პირველად ნახეს კამერა, პირველად დაიჭირეს მიკროფონი და საბოლოოდ ყველას ერთად კარგი პროდუქტი გამოგვივიდა.

ჩვენი პროდიუსერი ნანუკა ჟორჟოლიანია – ენერგიული და დინამიკური, მისი ენერგეტიკაც ეტყობა ჩვენს გადაცემას. სასწაული მოახერხა – ადამიანებმა, ვინც პირველად ნახეს კამერა, რამდენიმე დღეში გაარკვიეს, თუ რას ნიშნავს ტელევიზია.

ჩვენს ჟურნალისტებს ძალიან მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. ადგილზე ჩასულებს ხვდებიან სუს-ი, “კაი ბიჭები” თუ პარტაქტივი, პროვოკატორები, რომლებიც ხელს უშლიან, მანქანებით დაჰყვებიან და უთვალთვალებენ.

ნათია: ყველა გადაცემის მერე დიდი გამოხმაურება გვაქვს – ადამიანები მზად არიან, სხვებს დაეხმარონ. განსაკუთრებით ემიგრანტები აქტიურობენ. აგროვებენ ფულს და გზავნიან. ჩვენი ჟურნალისტები იმ თანხით ყიდულობენ იმას, რასაც ისინი ეუბნებიან და ამ ჩვენი გადაცემის გმირებთან დახუნძლულები მიდიან, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა. ეს ძალიან ცოტაა იმ მასშტაბებთან შედარებით, რაც ქვეყანაშია, მაგრამ რამდენიმე დღე ხომ ხალისდებიან და არ ფიქრობენ, ხვალ რა შეიძლება ვჭამოო.

– გარდა ამ გადაცემისა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანები და ჟურნალისტებიც ხართ. როგორია თქვენი დღის რეჟიმი და ცხოვრების რიტმი?

ნათია: ურეჟიმო რეჟიმი გვაქვს. მე სულით და გულით რეპორტიორი ვარ და მხოლოდ სტუდიაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ცოტა მაზოხისტი ვარ და მიყვარს აქციები, დაძაბული სიტუაციები…

– ნათია, ბოლო დროს სკანდალშიც გაეხვიეთ. თქვენზე ვიდეორგოლი გაკეთდა – საკრებულოში პირდაპირ ჩართვაში ამბობთ, ნახეთ, ჩამკეტესო და ამ დროს პირიქით, კარი ღიაა და დაცვის წარმომადგენელი გეკითებათ, თუ გამოდიხართო…

ნათია: ტროლებმა პატივი დამდეს და ვიდეორგოლი გააკეთეს. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ტროლების ყურადღება მივიქციე.

– ტყუილში გადანაშაულებენ და ამ გიფს ატრიალებენ, რა გაბედნიერებთ?

ნათია: დიახ, მაგრამ ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა და გადაახვიონ, სინამდვილეში რა და როგორ იყო. უსაფრთხოების თანამშრომელიც ჩემთან ერთად იყო ჩაკეტილი. ვიღაც სულიკო-ნიკოლოზ-ნუგზარიმ – ვერ გავარკვიე მისი სახელი, პირდაპირ ეთერში მითხრა, ოთახში ჩაგკეტავო და ჩამკეტა.

აქცია-პერფორმანსი ჰქონდა დაგეგმილი ოპოზიციას. აქტივისტებმა კარვის დაშლა დაიწყეს და ის ერეკლე კუხიანიძის მისაღებში შეიტანეს. სულიკო-ნიკოლოზ-ნუგზარი ძალიან აგრესიული იყო ყველას მიმართ. უსაფრთხოების სამსახურმა იმ ოთახიდან ყველა გაიყვანა, მაგრამ მე ისეთ ადგილას ვიდექი, მარტივად ვერ გამიყვანდა. კედელს ავეკარით მე და ჩემი ოპერატორი. პატარა ოთახი იყო, წინ მაგიდა იდგა, სხვებიც იყვნენ, ბევრი წინაღობა იყო და წონაც არ მაქვს ისეთი პატარა, რომ მარტივად გავეწიე. აქტივისტები გაათრიეს, ზოგი ხელში აიყვანეს…

ჩვენი მიზანი იყო, გადაგვეღო ის, თუ რა მდგომარეობაში დარჩა ოთახი ამ ბრძოლის შემდეგ. სულიკო-ნიკოლოზ-ნუგზარი მიმტკიცებდა, რომ იქ იყო კონფიდენციალური ინფორმაციები, რომელიც არ უნდა გადაგვეღო. არადა, მხოლოდ თეთრი ფურცლები და საკვების შესაფუთი ქაღალდები იყო. კარი ხელით ეჭირათ. ერთხელ ჩამოვწიე, არ გაიღო და მეორე ჩამოწევაზე თვითონ გააღეს. სწორედ ეს კადრია დაჭერილი და იმას ატრიალებენ. ამის მერე ისევ ჩაკეტეს კარი და 5 თუ 7 წუთი ვიყავით იქ ჩაკეტილები, რის შემდეგაც ძალით გაათრიეს ჩემი ოპერატორი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აგრესიული ადამიანი მხვდება გარეთ, მაინც მიყვარს მათთან ურთიერთობა. სულ სტუდიაში რომ მამუშაო, შეიძლება იმან უფრო დამღალოს.

ჩემზე პატარა გოგო აღარ ითქმის, მაგრამ მაინც გარეთ ყოფნა მომწონს. გავრბივარ, გამოვრბივარ და დღის ბოლოს თუ ვხვდები, რომ იმ დღეს არც მიჭამია.

მიშა: აქ დღის რეჟიმი ყველას ასეთი გვაქვს. გარეთ მუშაობა მეც მიწევს და თუ ვინმეს რამე აღიზიანებს და აგრესიით მოდის ჩემამდე, ეს მისი პრობლემაა. მთავარია, ჩემი გასაკეთებელი საქმე გავაკეთო.

– მიშა, ნაციონალების ხელისუფლების დროს “ბიზნესკურიერში” მუშაობდით. მაშინ მხოლოდ ქვეყნის მიღწევების შესახებ ისმოდა ამ გადაცემიდან…

მიშა: ახლა იმდენად ეგზისტენციალური პრობლემები გვაქვს, ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, რომ ხშირად ესა თუ ის მიღწევა ყურადღების მიღმა გვრჩება. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს მაშინდელმა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი და განცხადება მიუძღვნა “ბიზნესკურიერის” რედაქციას და გარკვეული ეპითეტებით შეგვამკო იმის გამო, რომ სვანეთში სათხილამურო ტრასის გაკეთებისას დაშვებული გარკვეული ხარვეზი გავაშუქეთ. ხელისუფალთ ხშირად ეშლებათ და ვერ ხვდებიან, რომ მათი აგრესიის ისრები სხვა მიმართულებით არის სასროლი.

– ორივეს ოჯახები გაქვთ, შვილები გყავთ. როგორ ეგუებიან თქვენს 24 საათიან რეჟიმს?

მიშა: მეუღლე და ორი შვილი მყავს, ბავშვებს ძირითადად მძინარეებს ვნახულობ და დასვენების დღეებში, თუ სიმშვიდეა ქვეყანაში. თუ სიმშვიდე არ არის, ახსნა მიწევს, თუ რატომ არ არის მამა მათთან. უფროსი 7 წლის არის, უმცროსი – 3-ის. პატარას არ შეუძლია აღქმა, მაგრამ პროტესტი აქვს – ტირის და მამას კითხულობს. დღეს თქვენთან შეხვედრაზე იმიტომ დავაგვიანე, რომ დიდმა სკოლიდან გამოყვანა მთხოვა. ეს ამ წელში მესამედ მოვახერხე.

უფროსთან ურთიერთობა ცოტა რთულია. მხოლოდ მან მკითხა, “რუსთავი 2”-დან რატომ წამოხვედიო. ფაქტობრივად იქ გაიზარდა, სახლივით იყო. რომ გაიგო, იქ ვეღარ მივიდოდა, შოკი დაემართა. მერე “მთავარ არხზე” მოვიდა და იგივე ხალხი რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა. ვიღაცები კი მოისაკლისა, მაგრამ არა უშავს.

გიორგი გაბუნიასთან აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება – დასდევს და მტრობს. რაღაც კონფლიქტი აქვთ და ვერ მოაგვარეს.

– ნათია, თქვენს ოჯახში როგორ არის საქმე?

ნათია: უფროსი შვილი 9 წლის არის და უმცროსი – 4-ის. მეც იგივე პრობლემა მაქვს. უმცროსმა მითხრა, სხვა ბავშვები რომ დედას გამოჰყავთ ბაღიდან, ჩემთან სულ მამა და ბებო რატომ მოდიანო. უფროსმა ძნელად, მაგრამ მაინც გაიგო, რომ დედას უწევს ასეთი მსხვერპლის გაღება.

ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ჩემი შვილების განვითარების ყველა ეტაპი გამოვტოვე – მათი პირველი ნაბიჯი, მათი ინტერესები. გვიან ვიგებ, რა მოსწონთ და რა უნდათ. უფროსთან უკვე ბევრ რამეზე ვლაპარაკობ და ბევრი ახსნა არ მჭირდება, მაგრამ პატარასთან ძნელია. გოგოა და ძალიან ავია. სახლის დირექტორია.

მათთვისაც “რუსთავი 2” იყო სახლი. ბიჭი ძალიან განიცდის ყველაფერს. ნახა საკრებულოს ამბები და მკითხა, რატომ გეჩხუბებოდა ის კაციო. ვუთხარი, არ უყვარს იმ კაცს ჟურნალისტები-მეთქი.

სახლში აკრძალული მაქვს საინფორმაციოს ყურება ბავშვებთან ერთად. არ მინდა, ბევრი ნეგატიური ინფორმაცია მიიღონ, არ მინდა, მე მნახონ ისეთ გარემოში, რომელიც მათთვის შეიძლება დამატებითი სტრესი იყოს. 20 ივნისს ვითომ ეძინა და ისე უსმენდა ტელევიზორს, მერე ძალიან ბევრი შეკითხვა ჰქონდა, რაზეც პასუხი მარტივად ვერ გავეცი.

– ბავშვების ფსიქიკა ფაქიზია და ეს ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო, როცა თვითმკვლელობათა კასკადი მივიღეთ. ეკრანიდან მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიღება ამას უფრო მეტად ხომ არ უწყობს ხელს?

ნათია: ეს არის ქვეყნის მოცემულობა. თქვენ გგონიათ, ეს მომწონს?! ჩემს შვილს კი არ ვაყურებინებ ტელევიზორს, მაგრამ სკოლასთან დახვდა წარწერა “ამ ცხოვრების დედაც”. სმარტფონებიც აქვთ და ნახულობენ ინფორმაციას. ვერ ავუხსენი, რატომ ისროდა პოლიცია და რატომ აღარ აქვს მაკო გომურს თვალი. ვუთხარი, რომ ახლა ამის ახსნის თავი არ მქონდა…

– თქვენი მეუღლეები როგორ ეგუებიან თქვენს რეჟიმს, მათთვისაც გიწევთ ახსნა?

ნათია: როცა ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, იცოდა ჩემი დამოკიდებულება ჩემი საქმის მიმართ. 10 წელზე მეტია, რაც ერთად ვართ და მისგან ხელისშეშლა არ მქონია. იცის, რომ ჩემთვის ეს მხოლოდ ხელფასი კი არა, რეალიზაციის საშუალებაა. ჩემი შვილებისთვისაც ვიქნები მაგალითი, რომ იბრძოლონ იმისთვის, რაც სურთ.

მიშა: ჩემი მეუღლე ოდესღაც ჟურნალისტიკაში და გამოცემებში მუშაობდა და იცის, სად ვარ და რატომ. სხვა პროფესიის წარმომადგენელი, რაც უნდა ძლიერი გრძნობა ყოფილიყო, ალბათ ვერ გაიგებდა, რომ შეიძლება ღამის 4 საათზე ავდგე, სადღაც წავიდე და კითხვაზე “როდის მოხვალ”, პასუხი არასოდეს მქონდეს.

– სამსახურის გარეთ როგორ გრძელდება თქვენი ჟურნალისტური ტანდემის ურთიერთობა?

მიშა: სამსახური ისეთი დოზით არის ჩვენს ცხოვრებაში, სხვაგან რომ ვინმე მხვდება, ვიძაბები. დასვენების დღეს რომ კიდევ ნათია ტრაპაიძე დავინახო…

ნათია: სამსახურის მიღმა მხოლოდ ოჯახის წმინდა საათები გვაქვს.