მედეა ლორთქიფანიძე: “ისეთი ქმარი მყავდა, ჩემი საჩუქარი თვითონ იყო!”

მედეა ლორთქიფანიძე: "ისეთი ქმარი მყავდა, ჩემი საჩუქარი თვითონ იყო!"ირმა ჭკუასელი, სარკე

მსახიობმა მედეა ლორთქიფანიძემ ქმრის გარდაცვალების შემდეგ ახალი წლის დღეებში შინიდან გასვლაზე უარი თქვა და ამ დღეს ყოველთვის სახლში ხვდება. სამაგიეროდ ძალიან დიდი სიხარულით გადის სახლიდან, როცა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” ურეკავენ და გადაღებაზე ეძახიან. მანანას როლმა მას პოპულარობასთან ერთად სხვა ბევრი რამეც მოუტანა, ბევრი მეგობარი, გულშემატკივარი გაიჩინა, რომლებიც მისთვის სიყვარულს არ იშურებენ.

შობა-ახალი წლის დღეებში ქალბატონმა მედეამ სერიალზე, ოჯახზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე ჩვეული ემოციებით გვიამბო.

– ქალბატონო მედეა, პირველ რიგში, გილოცავთ ახალ წელს! როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს?

– სიბერე მოდის, ნელ-ნელა მოიპარება და ჯანმრთელობაც ნელ-ნელა მიაქვს. მალე 82 წლის ვხდები.

– ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეთ! რატომ აღარ ჩანს თქვენი გმირი სერიალში?

– ალბათ ჯერჯერობით ჩემი პერსონაჟი არ არის საჭირო.

– ეხმიანებით სერიალის მსახიობებს?

– კი და ყველა ძალიან მიყვარს. არაჩვეულებრივი კოლექტივია – ოპერატორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, კოსტიუმების მხატვრები… ძალიან ბედნიერი ვარ, როცა იქ მივდივარ. ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

ლევან ყოჩიაშვილს (ქალბატონი მედეას გმირის შვილის, დათო გოცირიძის, როლს ასრულებს. ავტ.) ვაღმერთებ! ნეტა, ასეთი ადამიანები ბევრნი იყვნენ. უკეთილშობილესი, წყნარი პიროვნებაა, არასოდეს არავის აწყენინებს. სერიალში ყველა ძალიან კარგია. როცა იქ მივდივარ, სულიერად ვისვენებ. ნეტა, ასეთი კოლექტივი ყველგან იყოს.

ერთმანეთის სიყვარულში ამოგვდის სულიო, რომ იტყვიან, აი, ზუსტად ასეა. ჩემი “შვილიშვილების”, ტასოს და ჯეკოს როლების შემსრულებლებიც ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი ბავშვები, კარგად გაზრდილები არიან.

– მოგენატრათ გადაღების პროცესი?

– ერთი სული მაქვს, როდის გამომიძახებენ, რომ მივიდე, ჩემი ხალხი ჩავიხუტო და მივეფერო.

– სერიალში თქვენს პარტნიორთან, “ქმართან” – ბატონ ლეო ანთაძესთან, ხშირი კონტაქტი გაქვთ?

– რა თქმა უნდა! მე ყველას ვეხმიანები, ქეთი ჩხეიძეს, ზანდა იოსელიანს, რომელთანაც ისეთი დამეგობრებული ვარ, ყოველდღე ვლაპარაკობთ. მე ყველასთან კარგად ვარ და ჩემთანაც ყველა კარგად არის. ძალიან შეკრული გუნდია. ჭირია თუ ლხინია, სულ ერთად ვართ და ერთად ვიტანთ ყველაფერს.

– როგორ და ვისთან ერთად შეხვდით ამ ახალ წელს?

– ახალ წელს სახლში შევხვდი. ქალიშვილი მეუბნებოდა, ჩემთან წამოდიო, მაგრამ სახლში მერჩივნა. რაც ჩემი ქმარი გარდაიცვალა, ახალ წელს აღარსად შევხვედრივარ და ეს ჩემმა ახლობლებმაც იციან. ხალისი არ მაქვს და იმიტომ.

– როცა თქვენი მეორე ნახევარი ცოცხალი იყო, რა ტრადიციები გქონდათ ოჯახში?

– მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, ქალაქიდან გავსულიყავით. ახალ წელს ძალიან ხშირად ვხვდებოდით მოსკოვში, სადაც დიდი სამეგობრო წრე გვყავდა. ერთხელ მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში შევხვდით.

– ქმრის მიერ გაკეთებული საჩუქრებიდან რომელს გამოარჩევდით, ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?

– პირველი ის, რომ საკუთარი თავი მაჩუქა. მეორე ის, რომ ასეთი სახლი მაჩუქა და მომიწყო. არც მანქანა მაკლდა, არც კურორტები. ისეთი ქმარი მყავდა, ჩემი საჩუქარი თვითონ იყო!

– ახალ წელს როგორი სუფრით შეხვდით, თქვენი მომზადებული კერძებით?

– საცივი გავაკეთე, სხვა ყველაფერი ჩემმა გოგომ მომიტანა. რაღაცები მეზობლებმაც მომიტანეს – ჩემმა მარინამ, დოდომ და ლიამ.

– საცივის საიდუმლო რეცეპტი ხომ არ გაქვთ?

– არა. საცივს ჩვეულებრივად ვაკეთებ და კარგიც გამომდის. ოქროსფერი საცივი მიყვარს და არა – თეთრი და შავი.

– განსაკუთრებული საახალწლო კერძი თუ გაქვთ, რომელიც აუცილებლად უნდა იდოს სადღესასწაულო სუფრაზე?

– დიახ, ჩაშუშული გულ-ღვიძლი.

– შარშან როგორი წელი გქონდათ, როგორ ჩაიარა 2019-მა?

– ძალიან კარგი წელი იყო, კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი შვილი, სიძე, შვილიშვილები კარგად იყვნენ. ქუჩაში არ გავსულვართ, რომ იტყვიან, არ გვიშიმშილია.

– რას ელოდებით 2020 წლისგან?

– სიცოცხლის გაგრძელებას. სიცოცხლე უნდა გავიგრძელო.

– აუცილებლად! დედისერთა ქალიშვილი გყავთ. მოგვიყევით მასზე, მის ოჯახზე, თქვენს დედაშვილობაზე.

– ყველას ჰყავდეს ისეთი შვილი, როგორიც მე მყავს. შორენა ძალიან ყურადღებიანია. ჩემს სიძეს ვენაცვალე! 12 წელია, რაც ჩემი სიძეა და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. თუ ცუდად ვარ, ჩემს გოგოს ეუბნება, წამოდი, ვნახოთო. ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანია.

ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, რადგან ვიცი, რომ ჩემს შვილს არაჩვეულებრივი ქმარი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვს. მეც ამით ვხარობ. ჩემი სიძე სადმე თუ მიდის, ჩემთვის საჩუქრები ყოველთვის ჩამოაქვს – ხან შარფები, ხან საყურეები. იცის, რომ შარფები და საყურეები მიყვარს. ძალიან კარგი გაზრდილია. კარგი დედ-მამა ჰყავს და იმიტომ.

– სერიალში ძალიან ქოთქოთა, ემოციური ბებიის როლს ასრულებთ. ცხოვრებაში ორი შვილიშვილის ბებია ხართ. მოგვიყევით მათზე, თქვენს ურთიერთობებზე.

– რატი მე-5 კლასშია, დადის ცურვაზე, კომპიუტერულ სკოლაში და კომპიუტერი ძალიან კარგად იცის. ჩემი შვილიშვილები 155-ე სკოლაში სწავლობენ, ძალიან კარგი დირექტორი ჰყავთ, შეკრული სკოლაა, ბევრ ღონისძიებას ატარებენ.

გოგონა, ნიცა, პირველკლასელია. დადის ცეკვაზე, ბალეტზე, ტანვარჯიშზე. ძალიან კარგი პედაგოგები ჰყავს. თეა გობეჯიშვილის საბალეტო სტუდიის მოსწავლეა.

ერთხელ რატის მასწავლებელმა ბავშვებს ჰკითხა, აბა, თუ იცით, დარდი რა არისო. ბავშვები გაჩერდნენ. ბავშვმა კი არა, დიდებმაც არ იციან, დარდი რა არის. თურმე რატიმ ხელი ასწია და უთხრა, საჭმელს რომ არ შევჭამ, დედაჩემი ასე მეუბნება, აი, დარდიო და დარდი ეს არისო. ასეთი ენამოსწრებული ბავშვია. ორივე ძალიან ცოცხალი ბავშვია, ბებიას ჰგვანან.

თბილი და ტკბილი ბებია ვარ. მინდა, შვილიშვილებს კითხვა ვასწავლო. არ მინდა ეს მობილური ტელეფონები! ხან ამას ვუყვები, ხან – იმას. ძალიან მინდა, განათლებულები იყვნენ. კარგი თაობა მოდის, ბევრი ნაკითხი ბავშვი გვყავს, უბრალოდ ცოტა ზრდილობა უნდა ვასწავლოთ. ერთმანეთის გაგება, მოსმენა უნდა ვისწავლოთ, უფროსისადმი პატივისცემა უნდა დავიბრუნოთ. ბავშვს არ უნდა უთხრა, ავტობუსში თუ ბილეთი გაქვს ნაყიდი, მოხუცი ქალი რომ ამოვა, არ ადგეო. პირიქით, იმ წუთში უნდა წამოდგე, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი გაქვს.

ერთმანეთის მოსმენა, სიყვარულია საჭირო და ნუ დავჭამთ ერთმანეთს. “ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი” – ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა როდის თქვა და ახლაც ასე ვართ.