კლინიკა ,,ენმედიცი” – ძველი კლინიკის ახალი ისტორია

კლინიკა ,,ენმედიცი" - ძველი კლინიკის ახალი ისტორიათითოეული ადამიანი პროფესიის არჩევისას საკუთარ თავზე იღებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მის პროფესიას თან ახლავს. საექიმო საქმიანობა ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობად მიიჩნევა, ვინაიდან პაციენტი ექიმს ანდობს ყველაზე ძვირფასს, თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. საზოგადოება მეტად მგრძნობიარეა ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების მიმართ და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და თანადგომას სწორედ ექიმისგან ითხოვს.  განსაკუთრებული სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ რომ, ჩვენს გარშემო არიან ექიმები, რომლებიც ამ იდეას ამართლებენ. ჩვენი რუბრიკა ,,ექიმები „  სწორედ  განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ   ექიმთან სტუმრობით გვინდა გავხსნათ. ჩვენი პირველი სტუმარი კლინიკა ,,ენმედიცის“    გენ. დირექტორი   კობა ბურნაძეა.

-ბატონო კობა რამ განაპირობა თქვენი პროფესია, როგორ გახდით ექიმი? 

-ჩემი ექიმობა ძირითადად ჩემმა შინაგანმა ხასიათმა განაპირობა, ეს კი ჩემი ინტელექტუალური რესურსიდან მოდიოდა, როცა მე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას ვგეგმავდი ძალიან ძნელი იყო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება, დედა ძალიან მიწყობდა ხელს, ხელს მიწყობდა ჩემი განათლებაც, იმის მიუხედავად,   რომ არავის ეგონა თუ ჩავირიცხებოდი, სასურველ შედეგს მაინც მივაღწიე.  ოქროს მედალოსანი ვიყავი და პირველივე  გამოცდაზე, ფიზიკაში მიღებულმა ხუთიანმა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტობა მომიტანა.სტუდენტობაშივე ძალიან დავუახლოვდი მედიცინას, მსიამოვნებდა პაციენტებთან ურთიერთობა, დღესაც კი როცა ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას ხშირად მქოდეს შეხება პაციენტებთან მაინც ვახერხებ ავადმყოფებთან ურთიერთობას, მყავს ერთგული პაციენტები ვისაც დღემდე ვუწევ კონსულტაციებს და ეს ყველაფერი საოცრად დიდ   პროფესიულ სიამოვნებას მანიჭებს.

-როგორი იყო პირველი ნაბიჯები თქვენს კარიერაში?

-თავდაპირველად სანიტრად დავიწყე მუშაობა, მესამე კურსიდან ექთნად ვმუშაობდი, მიმუშავია ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი, ძალიან ახლოს გავიცანი პაციენტის ფსიქოლოგიურ, ფიზიკური და ორგანული მხარეები. თეორიული ცოდნის პარალელურად ორგანული ჩვევები გამომიმუშავდა, აქედან გამომიდინარე სულ სხვა მხრიდან ვხედავ პაციენტის მდგომარეობას. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჟორდანიას სახ. ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა ექიმად, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი და არც თუ ისეთი დიდი სამუშაო სტაჟი მქონდა, მყავდა ძალიან ბევრი პაციენტი და მათთან  ურთიერთობა  დიდ  პროფესიულ  სიამოვნებას მანიჭებდა.

1990-იან წლებში როდესაც საბჭოთა კავშირმა რღვევა დაიწყო და ჩვენი ქვეყანაც არასტაბილურ სიტუაციაში იმყოფებოდა  საზღვარგარეთ წავედი, კერძოდ სამი წელი მოსკოვში სამედიცინო სფეროში დავყავი, მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ვმუშაობდი, ასევე ჰოლანდიაში.სწორედ  ამ პერიოდში   ჩამომიყალიბდა  უნარჩვევები ბიზნეს-ორგანიზაციული კუთხით, ყურადღებით ვაკვირდებოდი სამედიცინო მომსახურეობას, მეც გამიჩნდა სურვილი სრულიად ახალი მიმართულებები ჩამომეყალიბებინა, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა.

პირველ რიგში ეს იყო დიაგნოსტიკური მიმართულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოიკოჭლებდა, ამასთანავე დავინტერესდი ენდოკრინოლოგიური მიმართულებით, თუმცა ამ დარგის გაძლიერება და აღორძინება ძალიან დიდ მატერიალურ და ინტელექტუალურ რესურს მოითხოვდა. საზღვარგარეთ ყოფნის დროს კარგად ჩამომიყალიბდა საჭირო უნარ-ჩვევები და დასახული მიზნის განსახორციელებლად მივმართე იმ დროინდელ  კლინიკა ,,ენმედიცის“ გენ. დირექტორს ვაჟა ივერიელს, რომელმაც საქართველოში ენდოკრინოლოგიური დარგი ჩამოაყალიბა,  ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, რომ შეგვეძლო დავხმარებოდით დარგს, ჩამოგვეტანა უცხოეთიდან ლაბორატორია და ევროპული სტანდარტებით დიაგნოსტიკური ნაწილი გაგვეკეთებინა. 1994 წლიდან ინტენსიური მოლაპარაკებები დავიწყე საზღვერგარეთის წამყვან კომპანიებთან, რადგან შეგვეძინა დარგისთვის აუცილებელი    აპარატურა, დაგვემონტაჟებინა კლინიკა ,,ენმედიცში“და დაგვეტრენინგებინა შესაბამისი კადრები.

1 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ  მივაღწიეთ შედეგს, საჭირო აპარატურა დამონტაჟდა კლინიკაში, ავიყვანეთ კადრები და მოხდა მათი გადამზადება, ჩვენც ჩართულები ვიყავით ორგანიზაციულ საკითხებში, ინტენსიურად ვაძლიერებდით სხვადასხვა მიმართულებებს ვცდილობდით მთელი კლინიკა გადაგვეყვანა ევროსტანდარტებზე.

-და ასე დაიწყო კლინიკა ,,ენმედიცის“ ახალი ისტორია?

-2011 წელს მე ჩავუდექი სათავეში კლინიკას და გავხდი „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცის“ დირექტორი, დღეს-დღეისობით ეს კლინიკა წარმოადგენს პოლი -პროფილურ სამედიცინო გაერთიანებას, სადაც თავმოყრილია ამბოლატორია, სტაციონარი, დიაგნოსტიკური განყოფილება, კლინიკური ლაბორატორიები, რადიოლოგიური ლაბორატორია და ენდოსკოპიური  განყოფილება. კლინიკური ლაბორატორის შექმნის დროს ავირჩიეთ ის ბრენდები , რომელიც ყველაზე წარმატებული იყო მსოფლიოში, ეს იყო სიმენსის და ებოტის აპარატურა. საქართველოში ამ დროს ესეთი ბრენდები არ არსებობდა და თუ ვინმეს სჭირდებოდა სერიოზული კვლევები ან დიაგნოზის გადამოწმება ჩვენს ლაბირატორიას აკითხავდა.სიმენსის ცენტრის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული  ლაბორატორის ჩამოყალიბება შევძელით.

– რა არის მთავარი ექიმის პროფესიაში?

-როცა პაციენტი თავის ტკივილზე გესაუბრება მისი ძალიან კარგად უნდა გესმოდეს, მას უნდა აგრძნობინო, რომ ხარ იმედი, რწმენით უნდა განეწყოს შენს მიმართ, ექიმი უნდა ჩაწვდეს პაციენტის პრობლემას, ამ შემთხვევაში მას ექიმის მიმართ ნდობა უჩნდება, ასეთ დროს დიდ   სიამოვნებას მანიჭებს პაციენტის დახმარება და მის გვერდით ყოფნა.

-ყველაზე რთული დღე თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?

-ყველაფერი კლინიკას და ჩემს პაციენტებს უკავშირდება. მახსენდება ენდოკრინოლოგიური ავადმყოფის ისტორია, რომელიც  აზებაიჯანიდან ჩამოიყვანეს უიმედო მდგომარეობაში. პაციენტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ვერ მოხერხდა არა მარტო მის სამშობლოში, არამედ არსებული პრობლემა ვერ დაადგინეს ვერც თურქეთში, პაციენტს აღენიშნებოდა  ნეკნებისა და კიდურების მრავლობითი მოტეხილობები, რასაც კალციუმის განლევა იწვევს, პირველად ჩვენ დავსვით  ჰიპერპარათერეოზის დიაგნოზი და დაინიშნა ოპერაცია. ეს ოპერაცია შეაჩერებდა ძვლის მოტეხილობებს და კალციუმის გამოდევნას ძვლებიდან, დაიწყებოდა უკუ პროცესი და ძვლებში კალციუმის ჩალაგება. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციულ    ჩარევას პაციენტი აუცილებლად საჭიროებდა, ეჭვქვეშ დგებოდა მისი ჩატარების შესაძლებლობა,საშიშროება იყო  რამდენად შეძლებდა მის გადატანას პაციენტი, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ექიმებს იმისთვის, რომ მიგვეღო სწორი გადაწყევეტილება.

მოვიწვიეთ ყველა დარგის სპეციალისტი, გავმართეთ კონსილიუმი და ჩემი დიდი მონდომებით დადებითად გადაწყდა ოპერაციის ჩატერების საკითხი. ოპერაცია ჩვენს კლინიკაში გაკეთდა და წარმატებით ჩაიარა. კლინიკის მთელი მედ-პერსონალი საოცარი ემოციებით შეხვდა იმ შედეგს რომელიც ოპერაციასა და პაციენტის მდგომარეობას უკავშირდებოდა, ყოველდღიური მეთვალყურეობა მიმდინარეობდა რეაბილიტაციის პროცესზე, დაახლოებით 3 თვის შემდეგ მოტეხილი ძვლების შეხორცების პროცესი დაიწყო, ხოლო 6 თვის შემდეგ პაციენტმა თავისი ფეხით მოგვაკითხა კლინიკაში და საოცარი მადლიერებით, დიდი ემოციებითა და სიხარულის ცრემლებით მადლობას უხდიდა მისი გადარჩენისთვის ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღოდა მის გამოჯანმრთელებაში.

-თქვენი დროის მენეჯმენტი, როგორია თქვენი თავისუფალი დრო?

-ძირითადად ვცხოვრობ კლინიკაში, სამსახურის შემდეგ თავისუფალ დროს ვუთმობ ჩემს დიდ ოჯახს,   4 შვილი და 11 შვილიშვილი მყავს, ჩათვალეთ, რომ თავისუფალი დრო ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს.