“კაცები ცოლობას კი არ გთხოვენ, პირდაპირ სექსზე გადადიან”

"კაცები ცოლობას კი არ გთხოვენ, პირდაპირ სექსზე გადადიან"ნანა კობახიძე, სარკე

არიან ლამაზი ქალები, რომლებსაც მუდმივად ჰყავთ თაყვანისმცემლები, მამაკაცებს ანდამატივით იზიდავენ, მაგრამ არჩევანს ვერავისზე აკეთებენ და მარტო ყოფნას სჯერდებიან. არადა შექმნიდნენ შესანიშნავ ოჯახებს, კარგ შვილებს აღუზრდიდნენ ქვეყანას… ვუყურებთ და გვიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი ქალი ცალად იყოს. ეს ბედისწერაა? იქნებ თავად ქმნიან დაბრკოლებებს პირად გზაზე? ან იქნებ კაცები მოიკოჭლებენ, ქალთან მიმართებაში რაღაცას აჭარბებენ, ან რაღაცას აკლებენ, ისე ვერ იქცევიან, რომ მისი ყურადღება დაიმსახურონ?!

ჩვენი რესპონდენტის, სალომეს, ცხოვრება ამ ყველაფერზე ნამდვილად დაგაფიქრებთ და ამ კითხვებზე ნაწილობრივ პასუხებსაც გასცემთ.

სალომე:

– ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რთულად ხდებოდა, ადვილად არაფერი მეძლეოდა. სირთულეები მქონდა სწავლისას, პირად ურთიერთობებში. რამეს რომ მივადგებოდი, მაშინვე წინააღმდეგობა მხვდებოდა. როგორც კი სიახლე გამოჩნდებოდა, მოლოდინის რეჟიმი მერთვებოდა – ვიცოდი, საიდანღაც დაბრკოლება გამოჩნდებოდა, რომლის გადასალახად ბრძოლა დამჭირდებოდა. ყოველთვის ვერ ვიბრძოდი სათანადოდ. ხშირად ვთმობდი.

თავიც რომ დამეკლა სწავლისთვის, უთუოდ გამოხტებოდა ვიღაც ან რაღაც, რაც ხელს შემიშლიდა მაღალ შეფასებაში. 100 საგამოცდო საკითხიდან 99 რომ მესწავლა, გამოცდაზე სწორედ ის ერთი შემხვდებოდა, რომელიც არ ვიცოდი. ყველა საოჯახო საქმე რომ გამეკეთებინა და ერთი უმნიშვნელო დეტალი დამეტოვებინა, ოჯახის წევრებს სწორედ ის ხვდებოდათ თვალში.

წვეულებაზე წასასვლელად თუ ვემზადებოდი, მაინცდამაინც იმ დღეს ან ჩემი დისშვილი ხდებოდა ავად და მარტოს ვერ ვტოვებდი (ჩემი და ცვლაში მუშაობდა), ან უმცროს ძმას უნდა დავხმარებოდი სწავლაში. სამსახურში სულ მპირდებოდნენ ახალ პოზიციაზე გადასვლას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ან მაშინ მოხსნიდნენ უფროსს თანამდებობიდან, ან ვიღაც ახალს მოიყვანდნენ ნაცნობის შუამდგომლობით და მას აწინაურებდნენ.

– ამას ბედისწერას მიაწერდით?

– რა თქმა უნდა. სხვას რას ვიფიქრებდი, როცა მსგავსი რამ გაუთავებლად ხდებოდა?! იგივე იყო პირად ცხოვრებაშიც. როგორც კი საქმე სიყვარულის ახსნაზე მიდგებოდა, ის შეხვედრა მოულოდნელი მიზეზით იშლებოდა. თუ ჩემი მხრიდან იყო მიზეზი, ბიჭები ფიქრობდნენ, რომ განგებ ჩავშალე, უარის ნიშნად იღებდნენ და უჩინარდებოდნენ. თუ მათი მხრიდან იყო შეფერხება, მე მივაწერდი მათ უარს, ვინაიდან, ჩემი აზრით, ბიჭმა უნდა შეძლოს ყველაფრის გადალახვა, გოგო თუ ნამდვილად მოსწონს ან უყვარს.

– ფიქრობთ, რომ მათი გრძნობები მსუბუქი იყო და სერიოზულად არავის ჰყვარებიხართ?

– დიახ, სერიოზული სიყვარული სხვა მოთხოვნებს გიყენებს. საქმე აქამდე არ მისულა. არავის შეუწუხებია თავი, რომ ჩემი სიყვარულისთვის ებრძოლა. ბრძოლის უნარი თუ არ აქვს, რაღა ბიჭია?! და თუ ჩემ მოსაპოვებლად ბრძოლის სურვილი არ აქვს, ესე იგი არც ვუყვარვარ.

ახლობლები მეუბნებიან, თანამედროვე კაცებს ეპოსის გმირებს ნუ ადარებო. გასაგებია, რომ ამ დროში გოგოსთან ხვეწნა-მუდარა არ უყვართ, მაგრამ… “თუ გინდა – გინდა, თუ არა და – კარგად იყავი!” – ასეთი პოზიციის შემდეგ თავს თუ შეიკავებ, ისინი კი სხვასთან გარბიან, ეს რა სიყვარულია?! სწორედ ამიტომ არ მჯეროდა მათი და უნდობლობა სახეზე მეწერა. ეტყობა, ამიტომაც ვკარგავდი ყველას.

– რომელიმეს მიმართ გრძნობა თუ გქონდათ?

– ადვილი არ არის, გრძნობებში გაერკვე. შესაძლოა, გაგიტაცოს რომელიმე მამაკაცზე ფიქრმა, სიყვარული გეგონოს, მაგრამ თუ მისი მხრიდან არაფერი განვითარდა, შენც ამუხრუჭებ, არ გინდა, ცალმხრივი გრძნობით შეურაცხყოფილი დარჩე. მასში ნაკლოვანებების ძებნას იწყებ და აღმოაჩენ, რომ აღარც მოგწონს.

სიყვარულმა დროს უნდა გაუძლოს, შენი გრძნობა კი მას შემდეგ კვდება, კაცს ინერტულობას, შენ მიმართ უყურადღებობას რომ შეამჩნევ. რა გამოდის? საკუთარი თავი უფრო გყვარებია, ხომ? სანამ საკუთარ თავში ეგოისტობას არ დათრგუნავ, სიყვარულში არაფერი გამოგივა, გინდ ბიჭი იყავი, გინდ – გოგო.

– ასეთი სიყვარული არ გეწვიათ?

– ახალგაზრდულ ასაკში ერთი ბიჭი, იკა, მიყვარდა გულში ფარულად (მეგონა, რომ მიყვარდა). აპოლონივით ლამაზი იყო – ნაკითხი, საყვარელი. საერთო წრეში ვტრიალებდით, განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. რამდენჯერმე მარტო ყოფნაც მოგვიწია. გოგოებს ეგონათ, სიყვარულს ამიხსნიდა და მეც ასე ვფიქრობდი. ვგრძნობდი, რომ დაწყება უჭირდა, ალბათ მეც ვუქმნიდი ბარიერს ჩემი ბუნებით და გარეშე ფაქტორებიც არსებობდა.

ყველა თემაზე ვსაუბრობდით, სიყვარულზე – არა. საქმე რომ აქამდე მივიდოდა, უცებ ან მე დამირეკავდნენ მობილურზე, ან მას… მერე გუნება წაგვიხდებოდა და სხვა საკითხებზე ვიწყებდით ლაპარაკს.

– ერთხელაც არ მოგეცათ საშუალება, გრძნობაზე გესაუბრათ?

– ერთადერთხელ შევეხეთ გრძნობას. პირდაპირ ვერ მითხრა, მესამე პირში მელაპარაკა. მითხრა, გოგოს და ბიჭს შორის რეალური სიყვარული სქესობრივი კავშირით იწყება და სხვა დანარჩენი ოცნების სფეროა, მხოლოდ მირაჟიაო.

– ამაზე რა რეაქცია გქონდათ?

– შეურაცხყოფად აღვიქვი, ეს როგორ მაკადრა-მეთქი. მას შემდეგ შეხვედრაზე უარი ვუთხარი. იფიქრა, რომ მის სიყვარულზე ვთქვი უარი და დამშორდა. ძალიან განვიცადე, ვერ შევძელი დაფარვა. დედას მოვუყევი. მან კი მითხრა, ასე მოაზროვნე “პატარა ბიჭი” (20 წლამდე იყო) საშენო არ არის, შენ სხვაგვარი ხარ, საერთოს ვერ გამონახავთო.

ამან მომცა ბიძგი, იკასთვის სხვა თვალით შემეხედა, დავიწყე მასში ნაკლის ძიება. მანამდე თუ უნაკლო მეგონა, მერე მასში დადებითის დანახვაც გამიჭირდა. უცებ ჩემი სიყვარული სადღაც გაქრა და სიცარიელეში აღმოვჩნდი. იკა ჩემი პირველი სიყვარული იყო, თითქოს ჩემში სიყვარულზე მითი დაიმსხვრა.

მერე დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. სამი შვილი უმამოდ გაგვზარდა, წელებზე ფეხს იდგამდა, რომ შვილებს არაფერი მოგვკლებოდა. მე და ჩემი და სტუდენტები გავხდით, ძმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა.

ჩემი და გათხოვდა სიყვარულით, გრძნობებს აჰყვა და ვერ განსაზღვრა, რამდენად გამოადგებოდა ის ბიჭი ცხოვრებაში. სამ წელიწადში შვილით ხელში უკან დაბრუნდა. დედამ ამიტომაც გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა, რომ მრავალსულიანი ოჯახი ერჩინა და ცალკე ბინაც ეყიდა ჩემი დისთვის. ამისთვის წლები დასჭირდა.

ყველაზე მეტად დედა მე მომაკლდა. ის ჩემი მესაიდუმლე იყო. აქ რომ მყავდა, ყოველ წვრილმანზე რჩევას ვეკითხებოდი. საზღვარგარეთ რომ წავიდა, თავიდან არ იყო კონტაქტის საშუალება. მერე ინტერნეტმა ურთიერთობები გააიოლა, მაგრამ დედასთან ურთიერთობაში შეზღუდვები დავაწესე. ვხედავდი, როგორ განიცდიდა უჩვენობას, ამიტომ მხოლოდ დადებითზე ვუყვებოდი, რომ არ ენერვიულა. ჩემს პრობლემებს თავს არ ვახვევდი.

დედამ შეძლო ჩემი დისთვის ბინის ყიდვა. ის ბინაში გადავიდა შვილთან ერთად, მერე ერთ კეთილ ადამიანს შეხვდა და ცოლადაც გაჰყვა.

– დედა დაბრუნდა?

– არა. ახლა იმისთვის შრომობს, რომ მეც ცალკე ბუდე მომიწყოს. ამასობაში ცხოვრებაც გადის… დარდობს, ამ ასაკში ცალად რომ დავრჩი. თავს იდანაშაულებს, ვინაიდან ის ყოველთვის ბიძგის და სტიმულის მომცემი იყო ჩემთვის. ჰგონია, აქ რომ ყოფილიყო, ცხოვრების შეცვლაში დამეხმარებოდა. არ სჯერა, რასაც ვეუბნები.

– რას ეუბნებით?

– იმას, რომ ჩემს ცხოვრებაში არავინ გამოჩნდა ისეთი, ვისზეც გადავწყვეტდი გათხოვებას და საერთოდაც, ვინმე თუ გამოჩნდა, ყველასთან რაღაც წინააღმდეგობა მხვდება.

– დედა ამას როგორ ხსნის?

– ამბობს, რომ თავად ვარ წინააღმდეგობრივი და ჩემი დამოკიდებულებების გამო ვქმნი დაბრკოლებებს.

– ეთანხმებით?

– ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ გარემოებებს ხომ ცხოვრება გვთავაზობს, ყველაფერს თავად ხომ ვერ ვქმნით?!

– პირადი ცხოვრების მოწყობაზე აღარ ფიქრობთ?

– არ ვიცი, რას მომიტანს ცხოვრება. სიმართლე გითხრათ, გათხოვებას აღარც ვფიქრობ, უბრალოდ ცხოვრების შეცვლა მინდა. ერთხანს იმაზეც ვფიქრობდი, რას ვგულისხმობდი ცხოვრების შეცვლაში, რა მინდოდა. მივედი დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე საცხოვრებლის შეცვლა დამაკმაყოფილებს.

– არ გამოჩნდა მამაკაცი, ვინც შეიძლება მარტოობა შეგივსოთ თუ თავად აღარ ხართ “მიმღები”?

– ქალი რომ 40 წელს გადასცდები და მარტო ხარ, სიახლე ვეღარც წარმოგიდგენია. რაღაც დამოკიდებულებები შევცვალე და ვცდილობ, დაბრკოლება აღარ შევქმნა. უბრალოდ, არ მომწონს მამაკაცები, რომლებიც ჩემს სიახლოვეს ტრიალებენ. ზოგს ჩაცმის სტილით ვიწუნებ, ზოგს სუნამოს სურნელით, ზოგს ფეისბუქსტატუსებით, ზოგსაც გაუპარსავი წვერით… თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს ნამდვილად არ ველოდები, უბრალოდ ეს კაცები ვერ ხვდებიან, როგორ მოგაწონონ თავი.

– თუმცა ისინი მაინც ახერხებენ, იპოვონ თავიანთი ქალი.

– ჰო. როგორც ჩანს, “ჩემი მამაკაცი” არ შემხვდა. მათ საჩემოდ არ ვთვლი. იცით, რა არის უცნაური? ცოლობას კი არ გთხოვენ, პირდაპირ სექსზე გადადიან… ჰგონიათ, რაკი აქამდე არ გათხოვდი, დასაკარგი აღარაფერი გაქვს და ამაზე იოლად დათანხმდები.

– ამ საკითხის მიმართ იგივე დამოკიდებულება გაქვთ, რაც ადრე გქონდათ?

– შეურაცხყოფად აღარ აღვიქვამ. ამ ასაკში სხვაგვარად ვფიქრობ. თუ კაცს შენი მოფერება უნდა, ეს არ უნდა იყოს შენთვის სათაკილო და შეურაცხმყოფელი, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რა ფორმით მოიტანონ შენამდე, მათთან ყოფნა რომ მოგანდომონ.

– თქვენი ძველი თაყვანისმცემლის, იკას, პირადი ცხოვრება როგორ აეწყო?

– ცოლშვილიანია და როგორც ვიცი, კარგი ოჯახი აქვს. ერთგული და მეოჯახე ბიჭი გამოდგა. ალბათ გინდათ, მკითხოთ, ვნანობ თუ არა. არა, არ ვნანობ! 19 წლის გოგო სიყვარულს სექსით არ უნდა იწყებდეს! ამან შეიძლება მას შინაგანი სამყაროც დაუნგრიოს და ცხოვრებაც, ამ რისკზე არ უნდა წავიდეს.

40 წლის ასაკში სხვა გადმოსახედია, წესით, შემდგარი ხარ, როგორც პიროვნება, ცხოვრების საკითხებზე მკაფიო აზრი გაქვს და იცი, რაც გინდა. ვერ ვიტყვი, რა გზას ავირჩევ, თუ “ჩემი მამაკაცი” შემხვდა… უბრალოდ არ ჩანს კაცი, რომელზეც გული მიმივა.