ენდი ძიძავა: “ჩემი შვილის მამამ 1001 ვარდი გამომიგზავნა”

ენდი ძიძავა: "ჩემი შვილის მამამ 1001 ვარდი გამომიგზავნა"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობ ენდი ძიძავასთვის 2019 წლის თეატრალური სეზონი განსაკუთრებული აღმოჩნდა. მას თეატრალურ ფესტივალ “დურუჯის” პრემია გადაეცა ნომინაციაში “წლის საუკეთესო ქალი მსახიობი”. ეს ჯილდო ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში შესრულებული როლისთვის ერგო. რეჟისორ ნიკოლოზ ჩიკვაიძის სპექტაკლში “მარინა რევია” ენდი ძიძავამ მთავარი როლი შეასრულა.

ენდი ძიძავა ფართო მაყურებელმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო, სადაც ჩიკას დედის როლს ასრულებს. სერიალმა დიდი პოპულარობა მოუტანა, მაგრამ გადასაღებ მოედანზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. მას მაყურებელთან პირდაპირი კონტაქტი, თეატრის სცენა ურჩევნია.

– გილოცავთ, ქალბატონო ენდი, ამ გამარჯვებას! მოგვიყევით სპექტაკლზე, რომლითაც წლის საუკეთესო მსახიობ ქალად დაგასახელეს.

– ერთ საღამოს ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა რამაზ იოსელიანმა, გამომიგზავნა პიესა და შემომთავაზა, ნიკოლოზ ჩიკვაიძის სპექტაკლში “მარინა რევია” მთავარი როლი შემესრულებინა. ასე აღმოვჩნდი ფოთში.

თავიდან ძალიან მეშინოდა, ახალ გარემოში ჩემს პატარა ადგილს როგორ ვიპოვიდი. ფოთის თეატრის თითოეულმა თანამშრომელმა გამაოგნა სტუმარმასპინძლობით. ყველა პროფესიონალია – თეატრის დაცვის თანამშრომლიდან დაწყებული, გამნათებლით დამთავრებული. ამ თბილმა და კეთილმოსურნე გარემომ ძალიან შეუწყო ხელი როლის შექმნას და წარმატებას.

ძალიან ბევრი და გაცილებით სერიოზული ქალის როლი მითამაშია და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ფორტუნა “დაგვეცემოდა” და ეს როლი ასეთი წარმატებული აღმოჩნდებოდა. ბოლო რეპეტიცია დასრულდა თუ არა, პრემიერის წინ ბატონმა რამაზ იოსელიანმა დაგვიძახა მე, რეჟისორს, მხატვარს და თავისი გადაწყვეტილება გაგვანდო – ეს სპექტაკლი “დურუჯზე” უნდა წარვადგინოო.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა და იქვე ვთქვი, იქნებ არ გვინდა-მეთქი, მაგრამ ბატონი რამაზის გადაწყვეტილება მტკიცე აღმოჩნდა. ნომინაციაში გამარჯვებას არ ველოდი. სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ცოტა ხანი გონს ვერ მოვედი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.

დაჯილდოებებზე როდესაც გამარჯვებულების ემოციურ სიტყვებს ვუსმენდი, მათ ცრემლებს ვუყურებდი, სულ მიკვირდა. ახლა ეს ემოცია საკუთარ თავზე გამოვცადე. არ მახსოვდა, სიტყვით გამოსვლისას რა ვთქვი. შემდეგ ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რეჟისორი დაგავიწყდა, არ გიხსენებიაო. ჰოდა, მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ნიკა ჩიკვაიძეს უდიდესი მადლობა გადავუხადო. ის რომ არა, ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი.

– 2019 წელი შემოქმედებითად დატვირთული იყო თქვენთვის?

– დიახ, საკმაოდ პროდუქტიული იყო. ორ სპექტაკლში ვითამაშე და ორივე წარმატებული აღმოჩნდა. როგორც ვთქვით, ერთი იყო “მარინა რევია” ფოთის თეატრში, მეორე – “ჰეკაბე” ქუთაისის თეატრში და ამ სპექტაკლმა გრან პრი მოიპოვა (“ჰეკაბე” ფესტივალ “დურუჯის” გამარჯვებული გახდა. რეჟისორი მიშა ჩარკვიანი. რედ.შენ.). დღეს თეატრები ბევრი დადგმით განებივრებულები არ არიან. ვიცი, რომ ბევრ ჩემს კოლეგას მოუნდებოდა ჩემს ადგილზე ყოფნა ასეთი შედეგით.

– მრავალი წელია თეატრში თამაშობთ, თუმცა ფართო საზოგადოებამ მაინც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებით” გაგიცნოთ. ეკრანს მართლაც დიდი ძალა აქვს, საყოველთაო პოპალურობა მოაქვს. მეთანხმებით?

– თამამად ვიტყვი, რომ ყველა მსახიობის დიდი სურვილია ფილმსა და სერიალზე მუშაობა და არამარტო ფინანსური დაინტერესების გამო, იმიტომაც, რომ პოპულარობა მოაქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ სიამოვნება თეატრია, ფუფუნებაც – თეატრი.

ამას წინათ მთელი დღე ვიყავით სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე. იქიდან წამოსული ანი ჩირაძეს (ჩიკას როლის შემსრულებელი. ავტ.) ვეუბნებოდი, სერიალში თამაში ჯოჯოხეთურ შრომას ნიშნავს, ჩემი თეატრი მირჩევნია-მეთქი.

ჩემთვის თეატრში შრომა სასიამოვნო პროცესია. გადასაღებ მოედანზე კამერის შიში და კომპლექსი მაქვს, რადგან კამერასთან მუშაობით განებივრებული არ ვარ. ემოცია მოსაზომია, სულ ვფიქრობ, ზედმეტი ხომ არ არის ან ნაკლები ხომ არაა. ძნელია შუალედის პოვნა. ეს ურთულესი პროცესია.

“ჩემი ცოლის დაქალებმა” ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა. შეიძლება სამსახიობო კარიერა ისე დამემთავრებინა, ჩემი არსებობის შესახებ მხოლოდ ჩემს ქალაქში სცოდნოდათ. ამ სერიალმა კი პოპულარობა მომიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავით კმაყოფილი არ ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან სუსტად ვთამაშობ.

– რატომ ფიქრობთ, რომ სუსტად თამაშობთ?

– ზოგადად თვითკრიტიკა მახასიათებს. საკუთარი თავით მუდამ უკმაყოფილო ვარ. რატომღაც სულ დათრგუნული ვარ, როცა გადაღებაზე მივდივარ. რეალურად მეამბოხე ვარ, წყნარად ყოფნა არ შემიძლია, ამიტომ, როცა გადაღებაზე მშვიდად ვზივარ, გულში მეცინება. ვფიქრობ, ნეტა, იცოდნენ, თეატრში როგორი გიჟი ვარ-მეთქი.

– უკვე რამდენიმე სეზონია, რაც მსახიობები ამ სერიალში მუშაობენ, დიდი გამოცდილება აქვთ. ამის გამო მათ გვერდით ხომ არ იჩაგრებით?

– იცით, რა ხდება? სერიალში ისეთი პარტნიორები არ მყავს, ვისი შიში და კომპლექსიც შეიძლება მქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ეპიზოდების გმირები ძალიან პოპულარულები არიან სერიალის წყალობით. ზოგადად პროცესი მაფრთხობს, რადგან კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. ჩემს გმირსაც არ აქვს თვითგამოვლენის დიდი ასპარეზი.

– ამ სირთულეების მიუხედავად, ალბათ მაინც გინდათ, რომ თქვენი გმირის ხაზი გაგრძელდეს.

– რა თქმა უნდა. არ მინდა, სერიალიდან ისე წამოვიდე, რომ დიდი თუ არა, პატარა სიტყვა მაინც არ ვთქვა.

– ცოტა ხნის წინ დაბადების დღე გქონდათ. ვარდების უზარმაზარი თაიგული მოგართვეს. სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ 1001 ვარდი იყო. ვინ მოგართვათ ეს საოცარი საჩუქარი?

– ჩემი შვილი ყოველ დაბადების დღეზე მიწყობს სიურპრიზებს. წელსაც სურდა დიდი სიურპრიზის გაკეთება, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი. ამის შემდეგ მამასთან ერთად გაიარა ეს საკითხი და ჩემი შვილის მამამ 1001 ვარდი გამომიგზავნა.

– ამ ლამაზი ჟესტით თქვენი შვილის მამამ ხომ არ მიგანიშნათ, რომ სურს, ერთად გააგრძელოთ ცხოვრება?

– მას არ ჰყავს ოჯახი, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი თანაცხოვრება არ იგეგმება. ჩვენი ხიდი არის ჩვენი საერთო შვილი. ის არ ადუნებს ჩემ მიმართ ყურადღებას, არც მე მის მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ჩვენი საერთო შვილის ფარგლებში.

– აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ – სცენა, სერიალი. საინტერესოა, სახლში როგორი ხართ, როგორი დიასახლისი?

– მე ყველაფერს ვადევნებ თვალს, შემიძლია მოვიწვიო ადამიანი, რომელიც დამეხმარება საყოფაცხოვრებო საქმეში, მაგრამ მას ფეხდაფეხ დავდევ. ძალიან მიყვარს სახლი, საოჯახო საქმეები, გემრიელი კერძების მომზადება. ბაზარში სიარული გაგიჟებით მიყვარს.