დეკანოზ თავმას ჩოხელის “იავნანები” მოზაიკაში გადასახლდებიან

დეკანოზ თავმას ჩოხელის "იავნანები" მოზაიკაში გადასახლდებიანნანა კობახიძე, სარკე

ჯვარის მამის ეკლესიის მღვდელმსახურს, დეკანოზ პოეტს, მამა თავმას ჩოხელს, სიყვარულის მოძღვარი შეარქვეს. მისი პოეზია სიყვარულით არის სავსე. მის ამღერებულ ლექსებსაც სიყვარულის საგალობლები უწოდეს. მისი თბილი, ხალასი პოეზია მთის მადლითა და სიწრფელითაა ნასაზრდოები.

“ჩოხის მთებივით წმინდა და სპეტაკი” – ასე მოიხსენიებენ დეკანოზის პიროვნებასაც. წარმოშობით გუდამაყრიდანაა, საბჭოთა ეპოქაში თიანეთის პირველი მოძღვარი გახლდათ, 5 წელი ადგილობრივებთან ერთად რუდუნებით აშენებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს. 18 წელია თბილისში, ჯვარის მამის ეკლესიაში მსახურობს.

პირველი ლექსი “გუდამაყრული” 42 წლისამ პატრიარქის კურთხევით დაწერა. ჯერ კიდევ 11 ლექსის ავტორს უწმინდესმა ამბიონიდან “ჩვენი პოეტი” უწოდა და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა, ხოლო მისი ამღერებული ლექსების მოსმენის შემდეგ ბრძანა: “როგორ ვაჟა ფშაველასავით პირმარილიანი ყოფილა მამა თავმასი!”.

10 წელია წერს და სიყვარულის მგოსნადაც იქცა. მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია. განსაცდელებით სავსე, მძიმე ცხოვრება განვლო. ღვთისმსახურებით დატვირთული წერს შუაღამის სიჩუმეში, მისივე თქმით, “როცა ღამესაც კი სძინავს”.

ბევრს ვერ ქმნის, მაგრამ წერს შთამბეჭდავად, გულში ჩამწვდომად. 2 კრებული გამოსცა. მისი 73 ლექსიდან 62 ამღერდა, ზოგ ლექსზე ცეკვაც დაიდგა. “იავნანების” ციკლს მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

სიყვარულის მოძღვარს 23 დეკემბერს დაბადებიდან 52 წელი, ხოლო პოეტური შემოქმედებიდან 10 წელი შეუსრულდა. ამჟამად სიახლე აქვს: მისი 5 “იავნანა”, როგორც თავად ამბობს, ქვაშიც ამღერდება. იქმნება გრანდიოზული მოზაიკური პანო, რომელიც ოზურგეთის ცენტრში განთავსდება და ნაწილია საერთაშორისო პროექტისა – “ყველანი ერთად მსოფლიოში ბავშვთა შიმშილის დასაძლევად”.

პროექტი 61 ქვეყანაში ხორციელდება. საქართველოში მას მხატვართა კავშირის წევრი, მოზაიკოსი, ოზურგეთის მკვიდრი ლალი თავართქილაძე უძღვება, რომელიც საოცარი მოზაიკური ნამუშევრებითაა ცნობილი. მოძღვარმა და მხატვარმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს.

– მოგეხსენებათ, დღეს კარგი საშუალებაა, შენი შემოქმედება ფართოდ გააცნო ადამიანებს. ინტერნეტსივრცეში პერიოდულად ჩემს ლექსებს ვათავსებ. ქალბატონი ლალი იწონებდა ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებას. თავად უნიჭიერესი ხელოვანია, მისი მოზაიკური ნამუშევრები ძალიან მხიბლავს. ერთობლივად გაჩნდა სურვილი, განეთავსებინა მოზაიკურ პანოში ჩემი 5 “იავნანა”. მუშაობა დაწყებულია, რამდენიმე ადამიანია ჩართული. ღვთის წყალობით, ალბათ რამდენიმე თვეში დასრულდება, – გვითხრა მამა თავმასმა.

ლალი თავართქილაძე თვითნასწავლი მოზაიკოსია, როგორც თავად ამბობს, ღვთითნასწავლია. “არ შეიძლება მხატვარი თვითნასწავლი იყოს, ეს მადლი უფლისგან გვეძლევა”, – გვითხრა მან.

პროფესიით ფარმაცევტია. 10 წელია მოზაიკაზე მუშაობს. ორიგინალური ხელწერით გამოირჩევა. მოზაიკით დამშვენებული აქვს არაერთი სახლი, საერო თუ სასულიერო კერა საქართველოში: ურბნისის დედათა მონასტრის სატრაპეზო, სამწევრისის დედათა მონასტრის მცირე ტაძარი, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ინტერიერი, გიზო ნიშნიანიძის სახელობის ლიტერატურული კაფე-სალონები ოზურგეთსა და ურეკში…

მეტწილად უსასყიდლოდ მუშაობს. ამ გრანდიოზულ პროექტსაც ოზურგეთში საკუთარი სახსრებით და მეგობარი ხელოვანების უანგარო თანადგომით ახორციელებს.

ლალი თავართქილაძე:

– ჩემი ნამუშევრები ინტერნეტით აღმოაჩინეს და შემომთავაზეს მსოფლიო საერთაშორისო პროექტში ჩართვა, რომლის სახელწოდებაა – “ყველანი ერთად მსოფლიოში ბავშვთა შიმშილის დასაძლევად”. პროექტის დამაარსებელია ფონდი “კონინი” , ბავშვთა სოლიდარობის ფონდი, რომელიც არგენტინაში შეიქმნა. მან სახელოვნებო გზით ბავშვთა დასაცავად და დასახმარებლად გააერთიანა მსოფლიო. პროექტის მოთხოვნაა, მოზაიკურ პანოზე ფიგურირებდეს ბავშვის ხელები. მათ ლოგოზეც ბავშვის ხელებია.

პროექტში ამჟამად გაერთიანებულია 5 კონტინენტის 61 ქვეყანა. საქართველოში, სამწუხაროდ, მოზაიკის ოსტატები უკვე აღარ არიან, მე ღვთის განგებულებით ვმუშაობ. ზოგადად ვიყენებ შერეულ ტექნიკას: მოზაიკას, ასევე ზღვის ნიჟარებს, ბიჟუტერიას, ძველ ნივთებს და ა.შ.

მოზაიკის მასალა მამაჩემისგან შემომრჩა, ის მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყო – ექიმი, არქიტექტორი, მხატვარი, მოზაიკოსი. ამ საერთაშორისო პროექტს ვახორციელებ ოზურგეთსა და ხაშურში. მიხარია, რომ “იავნანების” პანოთი საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

– ოზურგეთში განსახორციელებელი პროექტისთვის საინტერესო თემა შეარჩიეთ – მამა თავმასის “იავნანები”. რამ შთაგაგონათ, რომ მოძღვრის პოეზია აგერჩიათ?

– მიყვარს პოეზია, თავადაც ვწერ ლექსებს. მამა თავმასის ლექსებით აღფრთოვანებული ვარ, ჩემი სულიერი საზრდოა. მომწონს მისი შვილის, მარიამის, ლექსებიც. მამა თავმასის ამღერებული პოეზია ჩემი ხელოვნების ინსპირაციაა. როცა პროექტში მიწვევა მივიღე, მამა თავმასს შევთავაზე, მისი 5 “იავნანა” ქვაში ამემეტყველებინა. სიხარულით დამთანხმდა. მინდა, ისტორიას დარჩეს და ახალგაზრდებმა გაიგონ, რა სულისკვეთებით იზრდებოდნენ “იავნანით” თაობები საქართველოში.

– როგორც ვიცი, პროექტში რამდენიმე ხელოვანი ჩართეთ. ისინი რა ნიშნით შეარჩიეთ?

– ისინი არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც უანგაროდ დამიდგნენ გვერდით. ეს ადამიანები არიან სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ცოლ-ქმარი ირინა და ნოდარ ჭაღალიძეები. მათ დააარსეს სურგუთის სამხატვრო კოლეჯი. მათი ნამუშევრები მსოფლიოშია ცნობილი. ნოდარი სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

ასევე – ალეკო ლომიძე წარმოშობით ოზურგეთელი, მსოფლიო დონის მხატვარია, მისი ქვაზე ნაკეთობები განსაცვიფრებელია; დეკანოზი ბასილ კვირჩილაძე (ჩემი ნათესავი) და მისი მეუღლე, მხატვარი ლელა ბასილია, საოცრად შემოქმედი ადამიანები არიან. მათ ოჯახში დაწერილი გარდამოხსნა მსოფლიოს მრავალ მონასტერშია, მათ შორის ათონის მთაზე, იერუსალიმში… მამა ბასილი ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვარია, დეკანოზი, ორი გამშვენებული ჯვრის მატარებელი.

ჩემი ჩანაფიქრი ასეთია: ხუთ ხელისგულზე მათ უნდა მხატვრულად გამოსახონ პერსონაჟები, ხოლო ცნობილმა კალიგრაფისტმა, ლელა ბაკბაიამ, დაწეროს ქვაზე ან ფაიფურზე 5 “იავნანის” ტექსტი. შემდეგ ეს ყველაფერი აიკინძება და გავაფორმებ მოზაიკით. ეს ადამიანები ჩავრთე იმიტომ, რომ უნიჭიერესები არიან და ამ პროექტში თავიანთი ნიშა დატოვონ.

– სად განთავსდება 5 “იავნანის” მოზაიკური პანო?

– შენობის გარე ფასადზე, 50 კვადრატულ მეტრამდეა (6 მეტრი სიმაღლე და 8 მეტრი სიგანე). შენობა ჩემი საკუთრებაა, კომერციული დანიშნულება აქვს. ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს, საკათედრო ტაძრის გვერდით.

მინდა, განვაცხადო – ვისაც აქვს სახლში ბავშვის ნაქონი ძველი ან გაბზარული ჭურჭელი ან გარდაცვლილი ადამიანების ნივთები, რომელთა გადაგდებაც ენანებათ, რადგან მოგონებებს ატარებს, მოგვაწოდონ, რომ 5 “იავნანის” დეკორაციულ მასალად გამოვიყენოთ, რომ მერე ყველასთვის ძვირფასი გახდეს და ყველა გაუფრთხილდეს ამ პანოს.

მამა თავმასი “იავნანების” პირველი მამაკაცი ავტორია. პირველი – “მამის იავნანა” სნეულ შვილს, როგორც თავად უწოდებს, “მამის თვალისჩინს”, ვაჟიკას მიუძღვნა. ამ სულშიჩამწვდომ ლექსზე სიმღერა დაწერა დავით არჩვაძემ და “თეატრალურ კვარტეტთან” ერთად შეასრულა. მეხუთე “იავნანა” – “ღვთისმშობლის საგალობელი” – მამა თავმასმა თავის ნანატრ, ნაბოლარა შვილს, გაბრიელს, მიუძღვნა, რომელსაც 26 დეკემბერს 4 წელი უსრულდება.

– მამა თავმას, რამ მოგცათ შთაგონება, 5 “იავნანა” დაგეწერათ?

– ამ “იავნანებით” მინდოდა, შემექმნა ის, რაც დროს გაუძლებდა. არ ვიცი, რამდენად გაუძლებს დროს, მაგრამ მათში მთელი ჩემი სული და გული ჩავდე. პირველია “მამის იავნანა”, ტკივილმა დამაწერინა, მასში ჩემი სულის ტკივილია ასახული. მივუძღვენი ჩემს შვილს ვაჟიკას, რომელიც ვერ ხედავს უფლისგან შექმნილ სამყაროს.

მეორეა “დედის იავნანა”, რომელიც ჩემს პირველ შვილს, მარიამ ჩოხელს, მივუძღვენი, ჩემს პირველ სიხარულს, რომელმაც მამობის ბედნიერება შემაგრძნობინა. შემდგომ შეიქმნა “მწუხარე იავნანა”. უწმინდესის თხოვნითა და კურთხევით, შვილგარდაცვლილ დედებს დავუწერე, როგორც სამგლოვიარო “იავნანა”. ღვთის ნებით დაიწერა, მასში ჩემი ტკივილი ჩავდე. მივუძღვენი ჩემს მეორე შვილს, გიორგის, რომელიც ჩვილი გარდაიცვალა.

4 წლის წინ უფალმა მოგვმადლა მეოთხე შვილი, გაბრიელი. მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს, დალი (ქეთევან) ზურაბიშვილს, კარგი დედობისთვის, რომ უვლის მამის “იავნანებს” და კარგ შვილებს უზრდის სამშობლოს. ჩემი მეუღლე დალი და დათო არჩვაძის მეუღლე, ეთუნა ფარეხელაშვილი, ერთსა და იმავე პერიოდში იყვნენ ორსულად. მათ პატივსაცემად და ყველა ორსულის გასახარებლად დავწერე “იავნანა ფეხმძიმეთათვის”.

პირველი “იავნანის” დაწერის დღიდან მინდოდა, შემექმნა “ღვთისმშობლის იავნანა”. უფლის ნებითა და უწმინდესის კურთხევით ესეც დავწერე. ამ “იავნანაზე” შეიქმნა ღვთისმშობლის ორი საგალობელი. ერთის ავტორია დათო არჩვაძე, ხოლო მეორე შექმნა მღვდელმონაზონმა მათე ბუაჩიძემ, რომელიც უნიჭიერესი ადამიანია.

“ღვთისმშობლის იავნანა” მივუძღვენი ჩემს უმცროს შვილს, გაბრიელ ჩოხელს. უხარია, მე ხომ ორი “იავნანა” დამიწერეო. ვეთანხმები – კი, დაგიწერე, ერთი “ღვთისმშობლის იავნანა” და მეორე “იავნანა ფეხმძიმეთათვის”, შენი მუცლად ყოფნის დროს-მეთქი.

– თქვენს ნაბოლარა შვილს სახელი ღირსი მამა გაბრიელის ხსოვნის პატივსაცემად დაარქვით?

– ჩემს მეუღლეს მეოთხე შვილზე რთული ფეხმძიმობა ჰქონდა. დავდიოდით მცხეთაში, სამთავროს მონასტერში და წმინდა მამა გაბრიელს ვევედრებოდით. ღვთის წყალობით, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და გაბრიელი დავარქვით. ახლა უკვე პატარა გაბრიელთან ერთად დავდივართ სამთავროს მოსალოცად და პატივს მივაგებთ წმინდანს.

პატარა გაბრიელი ნიჭიერია, მღერის. ინტერნეტში დევს ვიდეო, სადაც იტალიელი პარტიზანების სიმღერას ასრულებს. ინგლისურ ენასაც სწავლობს. 26 დეკემბერს 4 წელი უსრულდება.

– უწმინდესი იყო თქვენი, როგორც პოეტის, ნათლია. მისი კურთხევით, საქართველოს ყველა კუთხეზე წერთ ლექსებს.

– ჩემი პირველი 11 ლექსი, ჩემივე თხოვნით, მეგობარმა მსახიობებმა ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერეს და მის უწმინდესობას გადავეცი. რომ მოისმინა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დამიბარა წირვაზე, ამბიონიდან “ჩვენი პოეტი” მიწოდა და გამშვენებული ჯვრით დამაჯილდოვა. ეს ჩემთვის მოულოდნელი პატივი იყო. მას შემდეგ ლექსის წერისას ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ კარგი გამოვიდეს და ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს.

ვწერ სხვადასხვა თემაზე, ძირითადად სამშობლოზე. აფხაზეთზე დავწერე ლექსი “აფხაზეთის მონატრება” ისე, რომ არ მენახა აფხაზეთი. დათო არჩვაძემ აამღერა ისე, რომ არც მას უნახავს ჯერ. ღვთის მადლით, მთელ საქართველოსთან ერთად გვენახოს!..

ჩემმა შვილმა მარიამმაც დაწერა ლექსი აფხაზეთზე, სათაურით “ჩვენ დავბრუნდებით”, რომელიც ამღერდა. კლიპიც გადაიღეს. სატელევიზიო პრემიერა შედგა, ინტერნეტსივრცეში ტრიალებს. მარიამი თავადაც მღერის, მისი სიმღერები რადიოში ტრიალებს.

– თქვენი ლექსების უმეტესობა, 85%, სიმღერებადაა ქცეული.

– ჩემი 73 ლექსიდან ამღერებულია 62. ხუთივე “იავნანა” დათო არჩვაძემ აამღერა. ზოგიერთი ლექსი 3-4-ჯერ ამღერდა. მაგალითად, “დასწაფებიან სნოს წყალსა” დათო არჩვაძემ აამღერა და თავადვე შეასრულა ანსამბლ “ფაეტონთან” ერთად. იგივე ლექსი აამღერა ყველასთვის საყვარელმა ანზორ ერქომაიშვილმა და შეასრულა ანსამბლმა “ბასიანმა”, ასევე შეასრულეს “რუსთავმა” და “ალილომ”, ანუ ეს ლექსი ოთხმა ანსამბლმა იმღერა.

ჩემს ლექსებზე ასევე შექმნეს სიმღერები კომპოზიტორებმა – მაცაცო სებისკვერაძემ, მარიკა კვალიაშვილმა, ნუნუ გაბუნიამ, ქეთი გაბისიანმა და სხვებმა. მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც ჩემს ლექსებზე მუსიკალურად იმუშავა, ყველა შემსრულებელს და მსმენელს ჩემი ამღერებული ლექსების შეყვარებისთვის.

– თქვენი სატრფიალო ლირიკა გახალხურდა. როგორც ვიცი, თქვენს ლექსებს სერენადებივით უმღერიან გოგონებს შეყვარებული ვაჟები.

– როდესაც ჩემი ქალიშვილი 12-13 წლისა იყო, ნაცნობმა ბიჭმა გამოუგზავნა ლექსი – “მიყვარხარ, მაგ ღიმილს მოგტაცებ”. არ იცოდა, ჩემი ლექსი თუ იყო… მარიამი მიხვდა და იცინა. ახალგაზრდები სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს ჩემი ამღერებული ლექსებით და მჯერა, როცა აღარ ვიქნები ცოცხალი, ჩემი სიმღერები კვლავაც დაეხმარება მათ სიყვარულში.

– 23 დეკემბერს 52-ე წელს შეხვდით. დღეგრძელობას და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ!

– გმადლობთ! ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, დალოცვილი ბრძანდებოდეთ თქვენი სახალხო საქმით!