”ჩემი ორივე სიყვარული ზურგით ვათრიე, მაგრამ ორივემ მიღალატა”

”ჩემი ორივე სიყვარული ზურგით ვათრიე, მაგრამ ორივემ მიღალატა"ნანა კობახიძე, სარკე

“ნახევარი საუკუნე გავიარე. მეგონა, რაღაც შევიცანი ცხოვრებაში, მაგრამ ასე არ ყოფილა. წლების მატებასთან ერთად რაც მეტად ვუღრმავდები ცხოვრებას, მით მეტ ლაბირინთში შევდივარ. ის ფასეულობებიც შემეცვალა და ამომიყირავდა, რაც მეგონა, რომ ფესვგადგმული იყო ჩემში. ცხოვრებას მართლა ვერაფერი გავუგე”, – გვითხრა ქალბატონმა მარიამმა, რომელმაც ორჯერ იგემა ღალატი, იმედგაცრუება, თანაც ისეთი ადამიანებისგან, რომლებზედაც დიდი ამაგი ჰქონდა.

ახლა ბევრი კითხვა უტრიალებს თავში და ამბობს, რომ პასუხებს ეძებს. არადა მის ნაამბობში პასუხებიც იქვეა და კარგად თუ დაუკვირდება და თავის ცხოვრებას გვერდიდან შეხედავს, დასკვნებსაც გააკეთებს. ამაში კი, ვფიქრობთ, ეს ინტერვიუც დაეხმარება.

– ქალბატონო მარიამ, თქვენს ცხოვრებაზე გვიამბეთ, რა გზა გაიარეთ.

– ოჯახი ყველა საშუალებას მაძლევდა, ლაღი და უდარდელი ცხოვრება მქონოდა, მარტივი გზით მევლო, მაგრამ რთული გზა ავირჩიე. სწავლას თავს ვაკლავდი, თუმცა უამისოდაც შემეძლო სკოლასა და უნივერსიტეტში წარჩინებული ვყოფილიყავი. ჩემი მშობლები განათლების სისტემაში მუშაობდნენ, მათი პატივისცემით მეც წამახალისებდნენ, მაგრამ ასე ვერ ვიცხოვრებდი, თავად უნდა დამემსახურებინა, ღირსეული ვყოფილიყავი.

ისეთ ადამიანებთან სიახლოვისკენ ვისწრაფვოდი, ვისთვისაც საჭირო ვიყავი, ვისაც თუნდაც რამით შევეწეოდი. თუ არჩევანი უნდა გამეკეთებინა ბედნიერ და პრობლემების მქონე ადამიანებს შორის, უკანასკნელს ვარჩევდი. პირველნი უჩემოდაც ბედნიერები იყვნენ, დანარჩენებს კი ცოტათი მაინც თუ შევეშველებოდი, სიხარულს ამაში ვპოულობდი.

– სიყვარულშიც ასეთივე არჩევანი გააკეთეთ?

– ისეთი ბიჭი შემიყვარდა, ყველა გაოგნებული დავტოვე. ვაჟა ყველაზე ბოლო იყო მათ შორის, ვისთანაც შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი. ფიზიკურად ლამაზი იყო და ზოგს ეგონა, ამ ნიშნით გამოვარჩიე. არადა მისმა რთულმა ხასიათმა დამაინტერესა. პრობლემების გადაჭრაში ვეხმარებოდი და ურთიერთობაში შემიყვარდა. პრობლემები კი არ ელეოდა, არც მაშინ, ცოლად რომ გავყევი. ერთად თუ ვწყვეტდით, კიდევ არა უშავდა, უჩემოდ კი საქმეს სულ აფუჭებდა და მერე ამის გამოსწორებაზე ვფიქრობდი.

– მუდმივად პრობლემებში ყოფნა დამღლელია. არ მოგბეზრდათ?

– ვერ ვიტყვი, რომ სიხარულს მანიჭებდა, მაგრამ ვუმკლავდებოდი. ცოლ-ქმრის ცხოვრებაში ისედაც ბევრი სიძნელე ჩნდება, რომლის გადაჭრაც გიწევს. არანაკლებ მნიშვნელოვანია წყვილს შორის ურთიერთობა, რომელიც დროდადრო რთულდება. ამის გადალახვას სიყვარული, ურთიერთგაგება და მოთმინების უნარი სჭირდება. და თუ ქმრისგან დამატებითი სირთულეები გატყდება თავს, თანაც თუ დამალვას ცდილობს და ტყუილებს გეუბნება..

– შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ, რა სახის პრობლემები გქონდათ?

– ერთს გეტყვით: ვალი აიღო და ჩემი ოქროულობა შინიდან ისე გაიტანა, ჩემთვის არაფერი უთქვამს. მევახშეს მისცა. გამოხსნა რომ მოვინდომე, მიპასუხა, ამაში როგორ გაგრევ, ჩემს გაფუჭებულ საქმეს მე გამოვასწორებო. ვერაფერი გამოასწორა, ოქროულობა დამიკარგა. შეიძლება მევახშისთვის არც ჰქონდა მიბარებული და ვალში გადაიხადა.

– ნდობასთან ერთად ზოგჯერ სიყვარულიც ქრება. თქვენს შემთხვევაში რა მოხდა?

– ადამიანი შენით თუ ისარგებლებს და თანაც მოგატყუებს, ამის გადატანა რთულია. ეს ჩემთვისაც მძიმე გამოდგა, მაგრამ გაცნობიერებული მქონდა ჩემი პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე, ქმრის წინაშე, ვიცოდი, რომ გაუწონასწორებელ ადამიანთან მქონდა საქმე და ხელს თუ არ შევაშველებდი, წაიქცეოდა. ვცდილობდი, სხვაგვარად შემეხედა. დედა ხომ ვერ უარყოფს შვილს, რომელიც სისულელეებს ჩადის. ასევე მეც ვერ შევძელი, ხელი მეკრა.

– ამხელა მოთმინების მიუხედავად, ოჯახი მაინც დაგენგრათ. რატომ?

– მიზეზი ღალატი იყო. ამის პატიება ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა. ჩემი ქმარი თურმე ერთ ქალთან წლების განმავლობაში დადიოდა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მაშინ არც მობილურები იყო, არც ინტერნეტი და არც სოციალური ქსელები. კაცი რომ გავიდოდა სახლიდან, სანამ არ დაბრუნდებოდა, მასზე ვერაფერს შეიტყობდი, სად იყო, ვისთან ერთად. შინდაბრუნებული რასაც გეტყოდა, ეგ იყო. ახლა შეგიძლია უფრო მარტივად გაარკვიო ყველაფერი ტექნიკის საშუალებებით, ყოველ შემთხვევაში, თუ დასაეჭვებელია, ტყუილში გამოიჭერ, წლების განმავლობაში “რქებით” არ ივლი.

– როგორ შეიტყვეთ, რომ ქმარი გღალატობდათ?

– კეთილისმსურველისგან გავიგე, რომელმაც თავიდანვე იცოდა და პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. ბოლოს ვეღარ მოითმინა და…

– ადვილად დაიჯერეთ?

– ფაქტები დაემთხვა ერთმანეთს და დავიჯერე.

– ქმარმა ალბათ ყველაფერი უარყო და ცილისწამებად მონათლა.

– რომელი კაცი აღიარებს, ცოლს რომ ღალატობს? როცა უკან დასახევი გზა მოეჭრებათ, მერე მონანიებებს იწყებენ. ვერ ვაპატიე და დავშორდი. არ მჯეროდა, რომ იმ ქალს შეეშვებოდა. მართლაც ასე მოხდა. ჩვენი გაყრის შემდეგ რამდენიმე ხანში მასზე იქორწინა. მარტო ყოფნა არ შეეძლო, ვიღაცას უნდა შეჰფარებოდა.

ჩვენი შვილი, ნატა, 9 წლის იყო. ძნელია ბავშვს აუხსნა, რა მოხდა, თან ისე, რომ ტკივილს ტკივილი არ დაუმატო. გოგონებს განსაკუთრებით უყვართ მამები.

– თქვენთვისაც მძიმე იქნებოდა ყველაფრის გადატანა.

– რა თქმა უნდა, რადგან სიყვარულთან ერთად იმედებიც იმსხვრევა. საკუთარ თავს უამრავ კითხვას ვუსვამ – იყო თუ არა სწორი, ქმარს მხრებზე ჩამოკიდებულს რომ მივათრევდი და ა.შ.

როდესაც ქალს ასეთი კითხვები აღარ აწუხებს, ესე იგი წარსულის კარი დაიხურა და მზად არის ახალი ცხოვრებისთვის. ზოგისთვის ეს მარტივად ხდება, ზოგისთვის რთულად. ზოგი მთელი ცხოვრება ეძებს ამ კითხვებზე პასუხს და ამით შეიძლება ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქციოს, რადგან ბევრ რამეს საკუთარ თავს ვერ პატიობს.

– თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა, ახალი ცხოვრების კარი გაიღო?

– ჩემთან ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნიკო გავიცანი, ვაჟასგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება. ორ ადამიანს შორის შეიძლება უცებ ისეთი “ქიმია” წარმოიშვას, განცდა დაგეუფლოს, რომ ეს ის არის, ვისაც უნდა შეხვედროდი. გაწუხებს კითხვა – რატომ ადრე არ შეხვდი ამ ადამიანს? თუმცა არც ახლაა გვიანი… და საერთოდ, არც არასდროსაა გვიანი.

– როგორც ჩანს, ურთიერთობა შედგა.

– მეგობრობით დაიწყო, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ ჩვენ შორის მიზიდულობა მეგობრულ განცდას აღემატებოდა. ერთმანეთთან ვიყავით გულწრფელები და უშუალოები, არაფერს ვმალავდით. ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ მათთან არ ცხოვრობდა, უბრალოდ პატრონობდა. მეუბნებოდა, ბავშვის გამო არ ვეყრები, ძალიან განიცდისო. ეს ჩემთვის ადვილი სარწმუნო იყო, ამის მაგალითი პირად ცხოვრებაში მქონდა – რა მწვავედ განიცადა ჩემმა შვილმა დედ-მამის გაყრა.

– თქვენთან ურთიერთობის შემდეგაც არ ინდომა ნიკომ ცოლთან გაყრა?

– ბევრი წელი ვიყავით ერთად. მისი შვილიც გაიზარდა. სულ მქონდა განცდა, რომ ამ საკითხს გადაჭრიდა და შევუღლდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ნიკო ამ სიტუაციას მიეჩვია და ცხოვრების შეცვლა არ მოინდომა. გვერდით ჰყავდა ქალი, რომელიც ყველაფერში უგებდა, მისი ერთგული იყო და დამატებითი პრობლემები აღარ შეიქმნა. ამბობდა, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ და ამის დროც დადგებაო. წლები კი გადიოდა.

ჩემთვის იოლი არ იყო ასე ცხოვრება. ვდარდობდი მის გამო, მისი ოჯახის გამო, ჩემ გამო, ჩემი შვილის გამო, მშობლების გამო… ისეთი არ ვიყავი, რომ ყველაფერს გადავხტომოდი და ჩემი სიამოვნებისთვის მეცხოვრა. მეგობრები ჩემს ამბავს განიცდიდნენ. ერთი მეუბნებოდა, კაცი თუ ვერ წყვეტს, შენ უნდა გადააწყვეტინო, როდემდე უნდა იყოთ ასეო. მეორე მეუბნებოდა, არც ვაჟა იყო შენი შესაფერისი და არც ნიკოა, კაცი შენს ცოლად შერთვას ვერ რისკავს, მაგის თავიც არ აქვს, პასუხისმგებლობა აიღოს თავზე, შენ კი შენს სახელსაც ალახვინებ და ძვირფას წლებსაც კარგავო.

– მთავარია, თქვენ როგორ ფიქრობდით, თქვენი დამოკიდებულება როგორი იყო.

– ასე რომ მეფიქრა, თავის დროზე დავშორდებოდი ან შეიძლება ჩვენი ურთიერთობა არც შემდგარიყო. ნიკოს უფლის საჩუქრად ვთვლიდი, მერე და მერე კი… ურთიერთობა ძალიან გაგვირთულდა, დაგვეძაბა. ბევრი რამ შეეშალა ჩემთან მიმართებაში (არ ჩამოვთვლი)… რომ არ გავყრილიყავით, რაღაც ცუდი დატრიალდებოდა. გამიჩნდა კითხვები – ნუთუ ეს ის ადამიანია, ვისაც ასე ზეაღმატებულად აღვიქვამდი?! ეს ყველაფერი მირაჟი იყო თუ რეალობა? რატომ გადაიქცა ის ბედნიერი წლები ასეთ სიმწარედ? სწორად მოვიქეცი, რომ ეს წლები მას დავუკავშირე?

– თუ შეიძლება, გკითხავთ, მაინც რამ გააფუჭა ასე თქვენი ურთიერთობა. წლობით თუ იწელება, ამან შეიძლება დასასრულისკენ მიგიყვანოთ, მაგრამ თქვენ ახსენეთ “სიმწარე”. რატომ შეტრიალდა სიყვარული და თანხმობა ასე რადიკალურად, ხომ არ გიღალატათ?

– ეჭვიანი გახდა და ამის გამო საშინელებებს ჩადიოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ იმ პერიოდში თავად მღალატობდა. ალბათ ეს გადმოჰქონდა ჩემზე. შეიძლება ეს იყო მხოლოდ ფიზიკური ღალატი, რომელსაც კაცები ღალატს არ ეძახიან, მაგრამ ფაქტია, რომ საშინლად უარყოფითად იმოქმედა მასზეც და ჩვენს ურთიერთობაზეც.

– როცა ურთიერთობა რთულდება, ზოგჯერ გაყრა არც იმდენად მარტივად ხდება.

– დიახ, ასე იყო. არ უნდოდა ჩემი დათმობა. ეგონა, მისგან იმიტომ მივდიოდი, რომ სხვა შემიყვარდა. არარსებულ კაცს ემუქრებოდა, მოვკლავო. არადა იმ დონემდე ვიყავი, არც კაცის ხსენება რომ არ მინდოდა და არც სიყვარულის. კრიზისს რომ გადალახავ, მერე თავისთავად ლაგდება ყველაფერი.

– ის ადამიანი შეგეშვათ, ახლა აღარ გაწუხებთ?

– რამდენიმე ხანია, რაც ჩაწყნარდა. ცოლს შეურიგდა და მასთან ცხოვრობს. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ყველაფერს ისე ხატავდა, თითქოს მისი ოჯახური ცხოვრება გაუსაძლისი იყო და მხოლოდ შვილის გამო არ ეყრებოდა ცოლს. ახლა ის შვილიც გაუთხოვდა, თვითონ კი ცოლთან დაბრუნდა. თურმე არ ყოფილა გაუსაძლისი და არც შვილის გამო უთმენია.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, მე რომ არ შევხვედროდი, იქნებ უფრო მალეც დაბრუნებოდა მეუღლეს, იქნებ სულაც მე ვუშლიდი ხელს ჩემი არსებობით.

– ამას ვერ განსაზღვრავთ. ცხოვრებაში სიტუაციები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შეიძლება ისეც დავუშვათ, რომ თქვენთან დაშორების სტრესმა ოჯახის წინაშე სხვა პასუხისმგებლობა გაუღვიძა. არავინ იცის, რა გარდატეხა შეიძლება მოხდეს ადამიანში.

– შეიძლება ასეც მოხდა. ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: უარყოფითი გავლენა არასდროს მომიხდენია მასზე.

– ამბობთ, რომ თქვენი ურთიერთობა წლობით გრძელდებოდა. ეს ვერ იქნებოდა დაფარული. მის ცოლს რა რეაქცია ჰქონდა ქმრის რომანზე?

– ის ქალი არ იმჩნევდა. ყოველ შემთხვევაში, მისგან მწვავე რეაქცია არ მიგრძვნია. ერთხელ რაღაც წვეულებაზე შემთხვევით ერთად მოვხვდით. ნიკომ საჭიროდ ჩათვალა, რომ ერთმანეთი გაგვეცნო, ალბათ ურთიერთობის განსამუხტავად. იმ ქალმა გადამკოცნა.

– ალბათ მაშინ თქვენს ურთიერთობაზე არაფერი იცოდა.

– გამორიცხულია, არ სცოდნოდა.

– აბა, თქვენი აზრით, ასე რატომ მოიქცა?

– ჭკვიანი ქალია. დაინახა, რომ მათი ოჯახური ცხოვრება კრიზისში შევიდა და მიუშვა ქმარი, თავისუფლება მისცა, მაგრამ სინამდვილეში ღვედით ეჭირა ხელში. საშუალებას არ აძლევდა, მისგან ბოლომდე გათავისუფლებულიყო.

– ასე ძალით დაჭერილი ქმარი, იშვიათად, რომ ცოლს მოუნდეს.

– უყვარდა ქმარი და ამიტომ აკეთებდა. შვილს “კოზირად” იყენებდა. არ მესწავლება, როგორ განიცდიან ბავშვები მშობლების გაყრას, მაგრამ საქმე არამხოლოდ შვილში იყო. იმ ქალს ქმრის დაკარგვა არ უნდოდა, ამიტომ გაათავისუფლა.

– თუკი ასეა, რისკზე წასულა. ხომ შეიძლებოდა ქმარი სამუდამოდ დაეკარგა.

– რა თქმა უნდა, დიდი რისკია, მაგრამ ალბათ თავისი ქალური ჭკუის იმედი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, არც უკან დასახევი გზა ჰქონდა დარჩენილი – ან დაკარგავდა, ან დაიბრუნებდა. წვეულებაზე გაცნობისას მეც შეგნებულად გადამკოცნა. ამით ჩემში სინდისი გააღვიძა, კედელი აღმიმართა, თავისებურად უკან დამხია, რომ მისი ქმრისკენ ზედმეტი ნაბიჯები აღარ გადამედგა.

– თქვენ ნაცვლად მტაცებელი ქალი რომ შეხვედროდა?

– მაშინ ალბათ დაკარგავდა ქმარს, მაგრამ ვინ იცის. ფაქტია, რომ ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ცოლმა ნიკოს კეთილგანწყობა მოიპოვა, ჩვენი გაშორების შემდეგ კი ოჯახური ურთიერთობა აღადგინა. იმ ქალის მოქმედების გეგმაც მერე ამოვიცანი.

– თქვენი ქალური ცხოვრება ამით დამთავრდა? ჯერ ისევ ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებით.

– ჩემი შვილი გათხოვდა, კარგი ოჯახი აქვს და ეს მახარებს. ვცდილობ, პირად ცხოვრებაზე აღარ ვიფიქრო. ბოლო ხანებში ერთი მამაკაცი შემხვდა, კარგი ბუნების, სანდომიანი, ცოლშვილიანი. მეუბნება, ცოლი მიყვარსო. ჩემთანაც უნდა ურთიერთობა პარალელურად, ამბობს, რომ გრძნობა გაუჩნდა. ცოლი თუ უყვარს, აქეთ რა დარჩენია?! რა ჭკუა უნდა მქონდეს, რომ დავთანხმდე?! ჩემს ცხოვრებაში ორი სიყვარული იყო, ორივე ზურგით ვათრიე, მაგრამ ორივემ მიღალატა.

ხომ გეუბნებით, რაღაც უცნაურობები ხდება ჩემს თავს. იმდენი რამ ამოყირავდა ჩემში, რომ ყველაში და ყველაფერში ეჭვი მეპარება, ლამისაა, საკუთარი თავის პატივისცემაც დავკარგო.