“ბევრჯერ მიგრძვნია, რომ დათა იმქვეყნიდან მეხმარება” – ანგელოზად გაფრენილი სიყვარული

"ბევრჯერ მიგრძვნია, რომ დათა იმქვეყნიდან მეხმარება" - ანგელოზად გაფრენილი სიყვარულინანა კობახიძე, სარკე

ოჯახური ძალადობა და მუდმივი კონფლიქტები მოზარდს მორალურად და ფსიქიკურად აზიანებს, შინაგანად ანგრევს, დაღს ასვამს, თრგუნავს, კომპლექსებს უჩენს, ხელს უშლის მის წინსვლას, განვითარებას, ადამიანებთან ურთიერთობას, თუმცა ადამიანი არასდროს რჩება მარტო. ცხოვრების გზაზე შეიძლება შეხვდეს კეთილ, დიდსულოვან პიროვნებას, რომელიც მასზე იზრუნებს, რჩევებს მისცემს, სასიკეთო გავლენას მოახდენს, კომპლექსებს დააძლევინებს, ცხოვრებას სხვაგვარად შეახედებს.

ამბავი, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდა რესპონდენტმა, ნიამ, მოგვიყვა, არის მშვენიერიც და ტრაგიკულიც. მეგობარი ბიჭი, რომელმაც მისი ცხოვრება ნათელი ფერებით შეცვალა, სიკვდილის შემდეგ მისთვის კეთილ ანგელოზად იქცა.

ნია:

– პირველი ქორწინებიდან დედასაც ჰყავდა შვილები და მამასაც. მერე მე და ჩემი ძმა დავიბადეთ. სკოლამდე ლაღი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა. ასაკთან შედარებით ზედმეტად განვითარებული ვიყავი. 4 წლისამ ვიცოდი ანბანი და ასამდე მიმატება-გამოკლებაც. სკოლაში ნაადრევად შემიყვანეს, იქ შემისრულდა 5 წელი.

მერე დაიწყო პრობლემები. გაჭირვების წლები იდგა. ჩვენს ოჯახსაც ძალიან უჭირდა, დედა გვარჩენდა. მამა არ იყო მოწოდებული, რომ ოჯახი ჰქონოდა, თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა, როცა უნდოდა, მაშინ მოდიოდა სახლში.

მამა ძალიან ეჭვიანი იყო, ცოლს ელემენტარულ რამეზე ეკიდებოდა, პასუხს აგებინებდა. დედა რომ სამუშაოზე მიდიოდა, იმ დროს თუ მამა სახლში იყო, საშინელება ტრიალებდა. ჩხუბით აცილებდა სახლიდან. დედის ყოველი წასვლა სამსახურში და უკან დაბრუნება კატასტროფა იყო. მამა მორალურად და ფიზიკურადაც შეურაცხყოფდა.

– შვილების თვალწინ ეჩხუბებოდა?

– ისეთი დავიდარაბა იყო, რომ ჩხუბის ხმა მეზობლებთანაც შედიოდა, შვილები როგორ ავცდებოდით?! ხან ტელევიზორს ვუწევდით ხმას… გვრცხვენოდა.

– ძალადობა, ოჯახური კონფლიქტები ხშირი იყო?

– მამა ხან ცხოვრობდა ჩვენთან, ხან – არა. ჩხუბის შემდეგ მიდიოდა. რომ დაბრუნდებოდა, დედას იმდენად უყვარდა, იოლად იღებდა. გაიყრებოდნენ, შერიგდებოდნენ. ასე გრძელდებოდა მამაჩემის გარდაცვალებამდე. რამდენიმე დაავადება ჰქონდა და გაურთულდა. დედა უვლიდა, ზოგჯერ მეც ვეხმარებოდი. ბოლოს მამა ბებოსთან იყო.

– ბებოს თუ უყვარდით?

– იმდენად “ვუყვარდი”, რომ ბინა წამართვა. ბებო სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი. თავიდანვე არ უნდოდა, რომ მის შვილს განათხოვარი ქალი მოეყვანა, არადა ეს ქორწინება მამაჩემისთვისაც მეორე იყო.

გარდაცვალებამდე მამა ბოლო 2 კვირა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ცნობიერებას ხშირად კარგავდა. ბინა მამაჩემის სახელზე იყო. ბებომ მას ხელი მოაწერინა საბუთებზე და ბინა გადაიფორმა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა.

– ბავშვობაში გადატანილმა სტრესებმა ფსიქოლოგიური ტრავმა დაგიტოვათ?

– პატარაობაში თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ვიყავი, შემდგომ დავითრგუნე, ადამიანებთან მიმართებაში ფრთხილი და შებოჭილი გავხდი. ბიჭებთან ურთიერთობა ჩემთვის რთული იყო. მეშინოდა, ჩემი ნათქვამი სხვაგვარად არ გაეგოთ.

შემდეგ გავიცანი დათა, რომელიც ძალიან დამეხმარა. უზომოდ კარგი პიროვნება იყო, დიდი სულიერების. ვმეგობრობდით.

ხანგრძლივი ურთიერთობის საშუალება არ მოგვეცა, ჩემს ცხოვრებაში როგორიც შემოვიდა, ისეთი დარჩა. ჩემ შესახებ ყველაფერს ვუამბობდი – რა მტკიოდა, რა მიხაროდა. ყოველდღიურად ვწერდით ერთმანეთს. ჩემი ცხოვრების ყოველი დეტალი, მარჯვენა თუ მარცხენა ნაბიჯი, სად მივდიოდი, რას ვაკეთებდი – ყველაფერი იცოდა. ძალიან ვენდობოდი.

– რა შეგძინათ დათასთან მეგობრობამ?

– ჩვენი მეგობრობა სუფთა და ძლიერი იყო. სასიკეთო რჩევებს მაძლევდა. მავნე თვისებები დამაძლევინა. საკუთარ თავში ბევრი რამ შემაცვლევინა, ცხოვრებას სხვაგვარად შემახედა. თავად ტკბილი ოჯახი ჰქონდა, თუმცა ცხოვრებაში სირთულეებიც შეხვდა. ბევრი რამ ჰქონდა გადატანილი და რჩევებსაც საკუთარი გამოცდილებით მაძლევდა.

უჭკვიანესი იყო. რაც კი მირჩია, ყველაფერი გამართლდა. თანაც ფაქიზი მიდგომა ჰქონდა, ჭკუას არ მარიგებდა, უბრალოდ მეუბნებოდა: “იცი, რა, ნია, ცხოვრებაში ეს უფრო დაგეხმარება, რადგან მეც დამეხმარა…”.

თავისი ცოდნით ბევრს მიაღწია. ფიზიკურად შრომობდა, რომ სწავლის საფასური გადაეხადა. საკუთარი თავიც გაიძლიერა და მეც გამაძლიერა, კომპლექსებიც დამაძლევინა.

– გოგოს და ბიჭს შორის ასეთი სიახლოვე და შეჩვევა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

– ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს. სხვაგან მუშაობდა და, რომ ჩამოდიოდა, პირველ რიგში, მე მნახულობდა. მივდიოდით სასეირნოდ, კაფეში, ვმსჯელობდით, ვსაუბრობდით… ასეთი მეგობრობა ალბათ არასდროს მექნება.

ერთხელ კაფეში ვისხედით. ვცდილობ ხოლმე, მხიარული ვიყო, ასე მიცნობენ, ამით სევდას ვმალავ. დათამ მოწყენილობა შემნიშნა და მკითხა, რა გჭირსო. რა ვიცი, დავიღალე-მეთქი, ვუპასუხე. მითხრა, ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ, როცა ძლიერად გიყვარს, ყოველთვის ხვდები, ადამიანს თუ რამე სტკივა, შეყვარებული ადამიანის თვალს რა გამორჩებაო… რა-მეთქი – შოკში ჩავვარდი. არ მეგონა, მეგობრობის გარდა სხვა გრძნობაც თუ ჰქონდა. ჰო, ნია, ასეაო, მიპასუხა.

– მას შემდეგ თქვენს ურთიერთობაში რამე შეიცვალა?

– ურთიერთობას ვაგრძელებდით, მაგრამ ცოტა დისტანციას ვიჭერდი. სითბოს გამოხატვისგან თავს ვიკავებდი. არ მინდოდა, გული სტკენოდა. დათა მხოლოდ მეგობრულად მიყვარდა. სხვა ბიჭი მომწონდა.

– დათამ იცოდა, რომ სხვა მოგწონდათ?

– ყველაფერი იცოდა ჩემზე. მესიჯებსაც ვაკითხებდი. რჩევებს მაძლევდა, რა იქნებოდა უმჯობესი, რომ ურთიერთობა უფრო ტკბილი გამხდარიყო, ხანგრძლივი და გულწრფელი ყოფილიყო. მეუბნებოდა, რაც უნდა მტკივნეული იყოს, ჯობია, ყველაფერი თავიდანვე უთხრაო. მირჩევდა, მეტად დამთმობი ვყოფილიყავი. ასეთი სულგრძელი იყო.

ბოლო ორი თვე დათასთან მიმოწერა უკვე აღარ მქონდა, თავად ისურვა ასე. ეტყობა, გაუძნელდა. ჩემთვის ის დღე დღედ არ ითვლებოდა, დათა რომ არ მომეკითხა. სულ ვსაუბრობდით… მისი დაკარგვა ძალიან განვიცადე. დედა მეუბნება, დათამ ისეთი შეგიყვარა, როგორიც ხარო. მასთან ძალიან გულღია ვიყავი.

– რითი გარდაიცვალა?

– დათა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. მისმა დაღუპვამ თავზარი დამცა. ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. პირველი ვიყავი, ვინც მისი გარდაცვალების ამბავი გაიგო. მისმა ერთმა მეგობარმა დამირეკა და მკითხა, დათას ამბავი ხომ არ იციო. ვუთხარი, არ ვიცი, სად არის-მეთქი.

ამ ზარმა ეჭვებში ჩამაგდო. დათას მობილურზე დავრეკე და გამომძიებელმა მიპასუხა, ავარია მოხდა და გარდაიცვალაო.

ეს მომენტი ალბათ ყველაზე მტკივნეული იყო ჩემს ცხოვრებაში. მამაჩემის გარდაცვალება ასე ძალიან არ მტკენია, თითქოს ჩემი სულის და სხეულის ნაწილი დავკარგე, სულიერად დავიშალე…

დათას გარდაცვალება რომ შევიტყვე, მაშინ სამსახურში ვიყავი. მას შემდეგ იმ ადგილას ვეღარ ვდგები, საიდანაც დათას ნომერი ავკრიფე. იმ ადგილს ვეღარ ვიტან, ცუდად ვგრძნობ თავს.

– როგორც ვიცი, შეყვარებული გყავთ, ალბათ თქვენი განცდების შესახებაც იცის.

– ჩემს შეყვარებულს ვახო ჰქვია. ძალიან კარგი ბიჭია – მოსიყვარულე, ერთგული, სიმპათიური, ვაჟკაცური. თავიდან იცოდა, რომ დათასთან ვმეგობრობდი, მერე ყველაფერი ვუამბე. ვახო პატივს მცემს და იცის ჩემი დამოკიდებულება ზოგადად მეგობრობისა და სიყვარულის მიმართ. მიხვდა, რომ ძალიან განვიცადე, იცის, რას წარმოადგენდა ჩემთვის დათა, რამხელა წვლილი ჰქონდა შეტანილი ჩემს ჩამოყალიბებაში. ვახო ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია და ჩემს ბავშვურ ბუნებასაც ანგარიშს უწევს.

– მას კარგად ეწყობით?

– მასთან ბედნიერი ვარ. რაც მთავარია, ყველაფერს მიგებს. რამეს თუ ვაშავებ, მეუბნება, რომ ჯობია, საქმით გამოვასწორო და არა – ბოდიშის მოხდით. ბოდიშს საერთოდ არ მახდევინებს. იცის, რომ ცოტა დრო მჭირდება და მოთმენა მოუწევს.

– ამბობთ, რომ დათას შეწევნას სიზმრებიდანაც გრძნობთ. ერთი ასეთი შემთხვევა მოგვიყევით.

– ერთხელ მე და ჩემმა შეყვარებულმა ტელეფონით ვიკამათეთ – ნასვამი იყო და შინ მისვლას აგვიანებდა, არადა საჭესთან იჯდა. ამის გამო ძალიან გავუბრაზდი. სხვა დროს ძილის წინ ტკბილ სიზმრებს მისურვებს ხოლმე, იმ ღამით ამის გარეშე ჩამეძინა. დათა მესიზმრა. ზოგადად ის მომენტები მესიზმრება, როცა მე და დათა ერთად ვიყავით. უცებ სიზმრის ბოლოს მითხრა: “გაიღვიძე!” და სიზმარიც დამთავრდა.

გამომეღვიძა. რეკავს ტელეფონი, ვახო იყო – უჩემოდ ჩაგეძინაო. აბა, შენ ხომ არ დაგელოდებოდი-მეთქი, ვუთხარი გულმოსულმა. ძალიან ეწყინა. საუბარში შევყევით და ბოლოს ტკბილი სიზმრებიც მისურვა. ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს დათა სიზმრად იმიტომ მოვიდა, რომ გამღვიძებოდა და ვახოსთვის მეპასუხა.

დათას შეწევნა მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრჯერ მიგრძვნია და ბევრ რამეში დამხმარებია.