ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე
31 წლის მარეხ ბაზაევა და 38 წლის ნუგზარ ბაზაევი 9 შვილის მშობლები არიან – 15 წლის ვალერის, 13 წლის ქრისტინეს, 11 წლის მარიამის, 9 წლის ნინოს, 7 წლის ლიზის, 5 წლის მამუკას, 2 წლის გიორგის, 1 წლის ნუგზარის და რამდენიმე დღის ბარბარესი. მრავალსულიანი ოჯახი ბაღდათში, რუსთაველის გამზირზე, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ახალგაზრდა წყვილი ბედნიერია, რადგან ბავშვობის ოცნება აისრულა და ბევრი შვილი ჰყავს. ცოლ-ქმარმა “სარკეს” თავიანთ ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე უამბო.
– ქალბატონო მარეხ, ახალ წელს დიდი შენაძენით – მე-9 შვილით შეხვდით, რამდენიმე დღის წინ შეგეძინათ ბარბარე. როგორია თქვენი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ გრძნობთ თავს?
– მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები მქონდა და მშობიარობის ვადას ორი კვირა გადავაცილე, კლინიკაში მითხრეს, რომ სახლში წავსულიყავი და საავადმყოფოში მომდევნო კვირას მივსულიყავი. წამოვედი სახლში, მაგრამ ტკივილების გამო ვერ გავჩერდი და ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” მივედი. ექიმმა გამსინჯა და აღმოჩნდა, რომ ბავშვს ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული. ექიმმა მარინა ჯიმშელეიშვილმა ნახევარ საათში მამშობიარა. რომ არა “ბომონდის” გუნდი, არ ვიცი, რა მოხდებოდა.
სამშობიაროდან უკვე გამოგვწერეს. პატარა ბარბარე ძალიან კარგად არის, უცინის დედმამიშვილებს, მშობლებს და უხარია ამქვეყნად მოვლინება.
– დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ პირობებში ალბათ ძალიან რთულია, იყო მრავალშვილიანი დედა. ბევრი შვილი თქვენი სურვილი იყო თუ მეუღლის?
– 15 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და 16 წლისას უკვე შვილი მყავდა. ბავშვობის ოცნება იყო, მრავლშვილიანი დედა ვყოფილიყავი. ერთი და მყავს, ჩემი ქმარი დედისერთაა და ორივეს გვქონდა სურვილი, ბევრი შვილი გვყოლოდა. რა ჯობია, როდესაც ოჯახში მუდმივად არის პატარა და მუდმივად ისმის ჟრიამულის ხმა?!
– ალბათ უფროსი შვილები პატარების გაზრდაში გეხმარებიან.
– კი, ასეა. უფროსი უკვე 15 წლის ვაჟკაცია, ქრისტინა 13 წლის არის და პატარების გაზრდაში ისინი ძალიან მეხმარებიან. ბავშვებს ათასი თვალი, ხელი და ყური სჭირდებათ, რომ რაიმე არ გააფუჭონ, რაიმე არ გატეხონ და ა.შ.
– 31 წლის ასაკში როგორ მოასწარით, უკვე 9 შვილის დედა იყოთ?
– როცა გავთხოვდი, თვითონ ბავშვი ვიყავი. შემდეგ მუდმივად ფეხმძიმედ ვარ. რთული ნამდვილად არ არის, უფრო გმირობაა, ვიდრე სირთულე. მეუღლე ძალიან მიდგას გვერდით და მეხმარება. დედამთილ-მამამთილი არ მყავს.
– კიდევ აპირებთ შვილის გაჩენას?
მარეხი: არ ვიცი, აღარ მგონია. ახლა ამათ სჭირდებათ ყურადღება და კარგი აღზრდა. მინდა, რომ ისწავლონ, სკოლაში კარგი მოსწავლეები იყვნენ, შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარონ და ოჯახი და ქვეყანა ასახელონ. ამ ყველაფერს ცოტა ხელშეწყობაც და ეკონომიკური მხარდაჭერაც სჭირდება.
ნუგზარი: სიმართლეს გეტყვით – ბავშვობის ოცნება იყო, რომ ბევრი შვილი მყოლოდა. დედისერთა ვარ და ვიცი, რას ნიშნავს მარტო გაზრდილი ბავშვი. თან ეკლესიურად კარგია, როცა მრავალშვილიანი ხარ. ერს ვამრავლებ, გულს ვახარებ და ოჯახს ვაძლიერებ. ამაზე მაგარი სხვა რა უნდა გავაკეთო?!
– ნუგზარ, ცოლს თუ ეხმარებით შვილების გაზრდაში? ახალგაზრდა ქალს მარტო გაუჭირდება 9 ბავშვის მოვლა.
– ერთმანეთს ზრდიან ბავშვები, საოცრად უდგანან გვერდში დედას. რა თქმა უნდა, მეც ჩართული ვარ ამაში, მაგრამ ოჯახისთვის ფინანსების მოძიებაზე უფრო ვარ გადართული.
– პირველი შვილი რომ შეგეძინათ, რამდენი წლის იყავით?
– 23 წლის, ახლა 38 წლის ვარ. თუ ღმერთი მომცემს, შეიძლება კიდევ მოვავლინოთ პატარა ანგელოზი ქვეყანას, თუმცა მარტო ბავშვის დაბადება ხომ არ არის საქმე, მოვლა და პატრონობა უნდა.
– ხელისუფლება რაიმე სახის დახმარებას თუ გიწევთ?
ნუგზარი: მარტო სოციალური დახმარება მაქვს, სხვა არაფერი. ნაქირავებში ვიყავი, მერია ქირას მიხდიდა და ისიც შემიწყვიტეს. ნებისმიერ დროს შეიძლება ქუჩაში აღმოვჩნდე. ყოველ წუთს ველოდები ამას. სადაც ვცხოვრობთ, ეს სახლი გაიყიდა და ახალი მეპატრონე როგორც კი მოვა, ქუჩაში აღმოვჩნდები.
ძალიან გვიჭირს, ჯართს ვაგროვებ და ოჯახს ისე ვარჩენ. ზოგჯერ ვინმე თუ დამიძახებს შეშის დაჩეხვაზე ან სახურავის შეღებვაზე, ორ კაპიკს მჩუქნიან და ვართ ასე.
– ბავშვებს სახელები ცოლ-ქმარმა ერთად შეურჩიეთ?
ნუგზარი: პირველს სიმამრის სახელი, ვალერი დავარქვი, დანარჩენებს მეუღლემ დაარქვა, რაც მას უნდოდა.
– რაზე ოცნებობთ?
ნუგზარი: ჩემი შვილებისთვის პატარა ქოხი მინდა, სადაც თავზე არ დააწვიმთ და გადახურული იქნება. რაიონში ყველას უხარია, რომ ბევრი შვილი მყავს, მაგრამ თუ ეს კარგი საქმეა და 9 შვილი გამბედაობა და გმირობაა, მაშინ რატომ არ უნდა გვქონდეს ელემენტარული ყურადღება?! ეს ნამდვილად არ ვიცი.