“სიყვარულის ახსნის არასოდეს შემშინებია” – როგორ აუხდა ნოდიკო ტატიშვილს ყავაზე მკითხაობა

"სიყვარულის ახსნის არასოდეს შემშინებია" - როგორ აუხდა ნოდიკო ტატიშვილს ყავაზე მკითხაობაავთო ჩიტიძე, სარკე

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი და ახალი ამპლუაა. ის “რუსთავი 2”-ის პროდიუსერებმა შოუმენად აქციეს. ყოველ შაბათს ადამიანებს საშუალებას აძლევს, 15 ათასი ლარი მოიგონ. სწორედ ეს თანხაა საპრიზო ფონდი გადაცემის “რას ფიქრობს საქართველო”. მუსიკოსმა ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე იმისათვის, რომ ტელეწამყვანის ამპლუა ბოლომდე გაეთავისებინა. ამაში მას თავისი ოთახი და გარდერობის სარკე დაეხმარა.

– ნოდიკო, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – შოუმენი გახდით. ეს ახალი ამპლუა როგორ გაითავისეთ?

– მიუხედავად იმისა, რომ სულ ეკრანზე ვარ, შემოთავაზება, გავმხდარიყავი ახალი შოუს წამყვანი, ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. მადლობა ტელეპროდიუსერებს, რომ ჩემში ეს მხარეც დაინახეს. მინდა, ამ ახალი ამპლუით სულ სხვა ელფერი შევძინო იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი და ვაკეთებ.

ჩემი ახალი ამპლუა ძალიან მომწონს, მივხვდი, რომ ჩემი გადაცემაა. არის მხიარული, პოზიტიური. ადამიანები ისე თამაშობენ, რომ ამისგან სიამოვნება მიიღონ. ეს არ არის გადაცემა, სადაც დიდი ცოდნაა საჭიროა. ეს არის დაკვირვება იმ გარემოზე, სადაც ვცხოვრობ. იგებს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ზუსტად მიხვდებიან, ამა თუ იმ საკითხზე ხალხი რას ფიქრობს.

პირველივე გადაცემა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, მეც კი დავიბენი. უამრავი მსურველია, რომ ჩვენი სტუმარი გახდეს. ეს თამაში მოიცავს სრულიად საქართველოს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გჭირდება თბილისში ჩამოსვლა და სტუდიაში მოსვლა. საკმარისია, დაჯდე კომპიუტერთან, ჩართო ვიდეოთვალი და, ასე ვთქვათ, სახლიდან გაუსვლელად ითამაშო და მოიგო.

ამისთვის საჭიროა, მოგვწეროთ ფეისბუქგვერდზე, გამოგვიგზავნოთ თქვენ შესახებ ორიგინალური და საინტერესო ვიდეოები და შემდეგ ჩვენი პროდიუსერები დაგიკავშირდებიან.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე იმისთვის, რომ მაყურებლის მოლოდინი გამემართლებინა. პირველი გადაცემის ჩაწერის შემდეგ მივხვდი, რომ მირჩევნია, ჩავატარო ხუთი სოლო კონცერტი, ვიდრე წავიყვანო ერთი გადაცემა. სიმღერა ჩემი ცხოვრება და ჩემი ყველაფერია. ტელეწამყვანობა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის ჯერ რთულია.

სიმღერის დროს ძალიან კარგად ვიცი ჩემი ძალების კონტროლი, დალაგება. ამ შემთხვევაში, როგორც წამყვანი, უფრო დაძაბული ვარ. ძალიან ვნერვიულობდი, რომ ჩემი დაძაბულობა ეკრანზე არ გამოჩენილიყო. როგორც კი გადაცემა ეთერში გავიდა, დავმშვიდდი, რადგან ის ნერვიულობა ეკრანზე არ ჩანდა.

– ყველაზე დიდი ბარიერი რა იყო, რაც შინაგანად გადალახეთ, როგორ იმუშავეთ საკუთარ თავზე?

– საკუთარ თავზე მუშაობა არასოდეს მეზარება. ამჯერად ჩემი ოთახი და კარადის სარკე იყო სივრცე, სადაც ვცდილობდი, წამყვანის მანერები დამეხვეწა. ჩემთვის მთავარი იყო, გადაცემის წაყვანაში არ დამეკარგა თავი და რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნა მქონოდა საკუთარ თავთან. არ მომწონს წამყვანების ის კატეგორია, რომლებიც ეკრანზე პოზიორობენ და რაღაც მანერებს ხელოვნურად ქმნიან. ხელოვნურობა არის ის, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ტელეეკრანზეც და სცენაზეც.

– შოუმენის ამპლუამ რა აღმოჩენები გაგაკეთებინათ საკუთარ თავში?

– ჩემი პროდიუსერების დამსახურებაა, რომ პირველივე გადაცემა ორ საათში ჩავწერე. ახლა ჩემი მიზანია, ყოველი შემდეგი გადაცემა უფრო ნაკლებ დროში ჩავწერო. აქამდეც ვიცოდი და ახლაც დავრწმუნდი, რომ სირთულეების გადალახვის არ მეშინია. ჩემთვის რეპეტიციას ყოველთვის დიდი სიამოვნება მოაქვს.

– რა არის მთავარი იმისთვის, რომ ამ გადაცემაში ადამიანმა რაც შეიძლება მეტი მოიგოს?

– კითხვებს, რომლებსაც ვსვამთ, უნდა უპასუხოს არა თავისი შეხედულებით, არამედ კარგად გაიაზროს, ამ საკითხზე რას ფიქრობს ხალხი.

– თქვენ თვითონ თუ ხვდებით, რას ფიქრობს საქართველო?

– რაღაც მომენტებში ჩემი და საზოგადოების აზრი ემთხვევა ერთმანეთს, რაღაც მომენტებში – არა. ზოგიერთ კითხვაზე ძალიან ვხალისობ. მაგალითად, პირველ გადაცემაში გვქონდა კითხვა – მკითხავების უმეტესობა რას უფრო ხშირად ხედავს ჭიქაში ჩახედვისას.

გვქონდა ასეთიც: 12 წლის ბიჭს კბილის ექიმის უფრო ეშინია თუ გოგოსთვის სიყვარულის ახსნის? ამ კითხვებზე ვხალისობ, მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ პასუხის გაცემა არც ისე ადვილია.

– თქვენს ყავის ჭიქაში რა დაუნახავთ მკითხავებს ყველაზე ხშირად?

– ყველაზე ხშირად გზა დაუნახავთ. ეს კი მკითხავების გარეშეც ვიცი, რომ ჩემი პროფესია ბევრ მოგზაურობას მოითხოვს. სიმართლე რომ გითხრა, დიდად არ დავდივარ მკითხავებთან, მაგრამ ასე ხუმრობით როცა ჩაუხედავთ, პირველ რიგში, გზა დაუნახავთ.

– რომელიმე მკითხავის ნათქვამი აგხდენიათ?

– ერთხელ სუფრასთან მოვხვდი და ერთი ადამიანი გადამეკიდა, ჭიქაში ჩაგიხედავო. მითხრა, მომავალ წელს ერთ გოგონასთან ერთად წახვალ ქვეყნიდან შორს და მთელი მსოფლიო თქვენ დაგიწყებთ ყურებასო. მაშინ ძალიან გამეცინა, ზუსტად რამდენიმე თვეში კი გადაწყდა, რომ “ევროვიზიაზე” მე და სოფო გელოვანი წავიდოდით.

– საინტერესოა, სტომატოლოგის უფრო გეშინიათ თუ გოგოსთვის სიყვარულის ახსნის.

– პირველი შეყვარებული ბაღში, 3 წლის ასაკში მყავდა. ძალიან საყვარელი გოგო იყო, გრძელი თმით და მთელი დღეები ხელჩაკიდებულები დავდიოდით ბაღში. ძილშიც ხელჩაკიდებულები ვიყავით. ამაზე ჩვენი ბაღის პედაგოგებიც ხალისობდნენ. ჩემს მშობლებს უთხრეს კიდეც, ეს ცოლს ძალიან მალე მოიყვანსო.

სკოლის წლებშიც მყავდა შეყვარებული, რომელსაც იმის გამო დავშორდი, რომ ერთხელ სამიანი მიიღო. ხუთოსანი ბიჭისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ გოგოს დაბალი ნიშანი მიეღო. ბევრი ისტორია მქონდა, თუმცა დღემდე ცოლი არ მომიყვანია. აქედან გამომდინარე, სიყვარულის ახსნის არასოდეს შემშინებია.

– ცოტა ხნის წინ გქონდათ დაბადების დღე, 33 წლის გახდით. როგორ აღნიშნეთ ეს და რით იყო გამორჩეული?

– არაფრით იყო გამორჩეული, გარდა იმისა, რომ 33 წლის პირველად გავხდი. თითოეულ წელს ჩემთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოაქვს. რატომღაც არ მქონდა აღნიშვნის განწყობა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, გამაბედნიერა იმ ფაქტმა, რომ მთელი დღე ტელეფონი არ გაჩერებულა. ბევრი მილოცვა მივიღე. როგორც მომღერალს, ერთადერთი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, არის ხალხის სიყვარული და ამას რომ ვგრძნობ, უბედნიერესი ვარ!