“შევცდი, სიძის ვალების გამო ბინა რომ გავყიდე” – შვილიშვილის მძევალი

"შევცდი, სიძის ვალების გამო ბინა რომ გავყიდე" - შვილიშვილის მძევალინინია კახიძე, სარკე

ნათქვამია, სიკეთე სიკეთითვე დაგიბრუნდებათ უკანო, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრება საპირისპირო მაგალითებითაა სავსე. გაღებული მადლი ზოგს ცუდად უბრუნდება. ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი მელანო, ხანდაზმულ ასაკშია. ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდება მოფრთხილება, სიმშვიდე, მაგრამ სწორედ დღეს არის განსაცდელის წინაშე. ამ მდგომარეობაში კი იმის გამო ჩავარდა, რომ ოჯახის წევრებზე, მათ კომფორტზე იზრუნა, საკუთარ თავზე კი არ იფიქრა.

ქალბატონმა მელანომ თავისი გასაჭირი გვიამბო, თხრობა კი ახალგაზრდობის წლებიდან დაიწყო:

– არაჩვეულებრივი ქმარი მყავდა, შალვა ერქვა. ისეთი ლამაზი და ვაჟკაცური იყო, ტოლს ვერავინ უდებდა. ახალგაზრდობაში ვუყვარდი, მე კი თავს ვიკავებდი, გრძნობაში გარკვევას ვცდილობდი… მომიტაცა, სოფლიდან ქალაქში ჩამომიყვანა.

მეშინოდა, რომ შალვასნაირ დაუდგრომელ, ერთი შეხედვით, ხისტ კაცთან ურთიერთობა გამიჭირდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ცოლქმრობაში სულ სხვა ბუნება გამოავლინა, მთელი ცხოვრება ხელისგულზე მატარა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, ბავშვივით მივლიდა. მის გვერდით არ ვიცოდი, რა იყო სიდუხჭირე, ბაზარშიც კი არასდროს წავსულვარ. ჩემი მოვალეობა ოჯახის მოვლა და შვილების გაზრდა იყო.

– მეუღლე რა ასაკში გარდაიცვალა?

– შუახნის იყო, ხელიდან რომ გამოგვეცალა. ვერაგმა დაავადებამ იმსხვერპლა. უფროსი შვილი, გია, დაქორწინებული გვყავდა. შალვა უმძიმესი დანაკლისი იყო ჩვენთვის. ქვეყანაში გაჭირვების წლები იდგა, თავი ძლივს გაგვქონდა ოჯახებს. შალვა არამარტო ჩვენს ოჯახს, ირგვლივმყოფებსაც პატრონობდა, ყველას გაჭირვების ტალკვესი იყო.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ თითქოს ბედისწერის სიმუხთლემ ჩვენთვის მოიცალა. ჩემს მძახლებს ბანკმა ბინა წაართვა და ბედის ანაბარა დარჩნენ. შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, ჩემთან მოვიყვანე, შევიკედლე, ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებდი?!

მანამდე ჩემი შვილი, გია, ცოლ-შვილთან ერთად სხვა ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ადრე შალვამ უყიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ უმუშევარი დარჩა და ოჯახსაც დაეტყო. ცოლის მწირი ხელფასი არ ჰყოფნიდათ, ამიტომ ბინა გააქირავეს და ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. პატარა ბინა არ გვქონდა, 8 სული ვთავსდებოდით. ზოგჯერ ჩემებიც ჩამოდიოდნენ სოფლიდან და სახლი ივსებოდა.

თავი ძლივს გაგვქონდა, მაგრამ გვქონდა სიყვარული და ურთიერთგაგება. ერთადერთი, რაც გვაწუხებდა, მძიმე პირობები იყო, მაგრამ მაინც შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით, ერთმანეთს ვეხიდებოდით და ვაძლიერებდით.

– ბევრი ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება თავისებურ პრობლემებს მაინც წარმოშობს. თქვენ აარიდეთ თავი ამგვარ სირთულეებს?

– ვერა. ჩემი უმცროსი შვილი, ნინა, მაშინ სტუდენტი იყო. ამ პირობებში მეცადინეობა უჭირდა, ამიტომ ხშირად კურსელებთან გარბოდა. რთული პერიოდი ჰქონია, მე კი მხედველობიდან გამომრჩა, ვერ მივაქციე ყურადღება.

– ალბათ მისი პრობლემა არამარტო სწავლასთან იყო დაკავშირებული.

– ბიჭი შეუყვარდა, რომელიც კარგი პიროვნება არ გამოდგა. ადრე ნინას მესაიდუმლე ვიყავი, იმ რთულ წლებში კი გამიუცხოვდა. იმ ბიჭმა ძალიან ატკინა გული და დაღი დაასვა.

პირადი უიღბლობის გამო ყველას და ყველაფერს ადანაშაულებდა. ყველას ერჩოდა, ოჯახის წევრებს, იმ ადამიანებსაც, ვინც ჩვენს ოჯახში ცხოვრობდნენ. მერე საზღვარგარეთ წასვლა აიჩემა, ვიმუშავებ და ჩემთვის ბინას ვიყიდიო. არ მინდოდა გაშვება, მაგრამ ისეთ დღეში იყო, ვერც წინააღმდეგობას ვუწევდი. იმედი მქონდა, გასამგზავრებელ ფულს ვერ იშოვიდა, მაგრამ ახლობელმა გოგომ გაიყოლა. მას შემდეგ ათეული წლები გავიდა და ისევ იქ ცხოვრობს. ძალიან მენატრება.

– მოახერხა თბილისში ბინის შეძენა?

– ფული ვერ მოაგროვა, იქაურობასაც მიეჩვია და აქ დაბრუნება აღარ მოინდომა. ერთი პერიოდი მარტოს მომიწია ცხოვრება, მაგრამ ნინას არც მაშინ უფიქრია დაბრუნება. ამხელა ბინა დედა-შვილს არ გვეყოფოდა?! თუ ცალკე მოინდომებდა, შეიძლებოდა ამ ბინის გაყოფაც. ვისთვის მინდოდა ეს სახლი, თუ არა ჩემი შვილებისთვის?!

– პირადი ცხოვრება ვერ აიწყო?

– მის ცხოვრებაზე, აბა, რა ვიცი. ოჯახი არ ჰყავს, თავის დროზე არ გაუმართლა, ახლა კი ალბათ აღარც სურვილი აქვს. ჩემთან რომ მყოლოდა, არ დავაძალებდი, არაფერში შევზღუდავდი, არც დავძრახავდი, თუნდაც მეგობარი მამაკაცი ჰყოლოდა. მაინც გამიფრინდა… რას ვიზამთ, ყველას თავისი გზა და ჯვარი აქვს.

– მძახლებმა ბინა შეიძინეს?

– ჩემმა რძალმა, გიას ცოლმა, გადაწყვიტა, ევროპაში წასულიყო სამუშაოდ, მშობლებს რომ შეწეოდა. მერე ქმარი და უფროსი შვილიც წაიყვანა. გიამ ცოლის მშობლებს თავისი ბინა დაუთმო. უმცროსი შვილიშვილი, კატო, ხან მათთან იზრდებოდა, ხან ჩემთან. უმეტესად მათთან იყო, რადგან სკოლა ახლოს ჰქონდა. ასე დავიშალეთ. თანდათან ყველაფერი გაუცხოვდა, ურთიერთობებიც.

– როგორც ჩანს, მარტო ცხოვრება გაგიჭირდათ.

– რომ გამიჭირდა, იმიტომ მოვიზიდე კატო ჩემკენ. სტუდენტი რომ გახდა, ჩემთან დაფუძნდა.

– კატომ ევროპაში წასვლა და მშობლებთან ცხოვრება არ მოინდომა?

– მშობლებს სურდათ მისი წაყვანა. გულის გადასაყოლებლად გაემგზავრა ევროპაში, მაგრამ დიდხანს ვერ დარჩა იქ. მშობლებს ვეღარ შეეგუა და დაგვიბრუნდა. ასე იცის ხანგრძლივად დაშორებამ და განსხვავებულმა ყოფითმა ცხოვრებამ – ადამიანებს საერთო ენის გამონახვა უჭირთ, ერთმანეთს ვეღარ ეგუებიან.

მშობლებთან ევროპაში ცხოვრებას კატომ თბილისში ბებია-ბაბუასთან ყოფნა ამჯობინა. ხან ერთ ბებოსთან რჩებოდა, ხან – მეორესთან, სიცოცხლის ხალისს გვაგრძნობინებდა. სიბერეს გვავიწყებდა, ენერგიას გვმატებდა, ბინაც წესრიგში გვქონოდა, სამზარეულოშიც გვეფუსფუსა და ფორმაშიც ვყოფილიყავით, რომ შვილიშვილს და მის მეგობრებს ჩვენი შეხედვა არ შეზარებოდათ.

კატოს მეგობრებს ჩემთან სტუმრობა ძალიან უყვარდათ. რაც უნდა შეუძლოდ ვყოფილიყავი, წამოვხტებოდი და იმ კერძებს ვუმზადებდი, რაც მათ უყვარდათ. წარმოუდგენელი მუხტი და ენერგია მეძლეოდა, შვილიშვილის გამო რას აღარ ვაკეთებდი.

– მერე რატომღა დაგეძაბათ შვილიშვილთან ურთიერთობა?

– კატო გაგვითხოვდა. სიძე შესახედად არ არის ცუდი, წესიერი ოჯახის შვილია, მაგრამ არც სწავლა უნდოდა და არც შრომა. უქმად მყოფი ახალგაზრდა კარგს რას გადაეყრება?! მშობლებთან მეორე ძმა ცხოვრობს ოჯახით, ამას ცალკე ბინა მისცეს, მაგრამ იმ ბინის გაყიდვაც მოუწია. ვალების გამოო, მითხრა კატომ, თუმცა მიზეზი არ ამიხსნა და ვეღარც ჩავეძიე.

ბედია ალბათ, ამ ბიჭს რომ გაჰყვა. უკეთეს ბიჭებს იწუნებდა და მასზე შეაჩერა არჩევანი. ძალიან შეუყვარდა, თვალებში შესციცინებდა. დატვირთული გრაფიკით მუშაობდა და მთელ შემოსავალს ქმარს ახმარდა, რომელიც არ უფასებდა, არ ცდილობდა, ცოლს შეხიდებოდა.

– უბინაოდ დარჩენილი კატო ქმართან ერთად თქვენთან დაბინავდა?

– ჯერ ბინა იქირავეს, მაგრამ გადახდა გაუჭირდათ. ჩემმა მძახლებმა უარი თქვეს სიძის მიღებაზე, მიზეზად თავიანთი ავადმყოფობა დაასახელეს. შვილიშვილს ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებდი, ავი იყო თუ კარგი, შვილიშვილის ქმარი უნდა ამეტანა. კატოს მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე. გია რომ აქ ყოფილიყო, იქნებ სხვაგვარად დაელაგებინა ყველაფერი, მაგრამ…

– სიძესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაგიჭირდათ?

– დიახ. ძნელია უყურო, შვილიშვილი როგორ წვალობს, სიძე კი მის ნაოფლარს ითვისებს. ვითმენდი, ხმას არ ვიღებდი, უსიამოვნებას ვერიდებოდი. თანაც თავს მასპინძლად ვგრძნობდი, ვცდილობდი, არ მეწყენინებინა მათთვის.

– დროთა განმავლობაში სიძე არ ეცადა, საქმეს მოჰკიდებოდა?

– მატყუებდნენ, ვითომ სადღაც იწყებდა მუშაობას. სიძის საქმეში მისი მშობლები აღარ ერეოდნენ და მე რას გავაწყობდი?! როგორც შვილიშვილს ვუვლიდი, ისე სიძესაც. ჩემი შვილების გამოგზავნილ ფულსაც ვახმარდი, საჭმელი და ტანსაცმელი რომ არ მოჰკლებოდათ.

მაინც ცალკე გასვლა მოინდომეს. ბინის გაყოფის საკითხი დამისვეს. ვერ ვიტყვი, რომ არ მეწყინა გულში, მაგრამ ჩავყლაპე, არ ვაგრძნობინე. ვცდილობდი, ახალგაზრდებისთვის გამეგო. გიამ მითხრა, გაყიდე და ორ ბინას შეიძენთო. მის შეუთანხმებლად ნაბიჯი არ გადამიდგამს, ბინების ფოტოებიც გავუგზავნეთ, რასაც ვყიდულობდით. მოგეხსენებათ, რა რთულია ბინის ყიდვა-გაყიდვის საკითხი, თანაც უმძიმესი იყო ჩემთვის, ქმრის დანატოვარს რომ ვყიდდი, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

ერთოთახიანში გადავედი, მეტი რად მინდოდა, მათ ორსაძინებლიანი შეიძინეს სტუდიოთი, შემთხვევით ყიდდა ვიღაც იაფად და გაუმართლათ. ამით მაინც გავიხარეთ.

– ყოველმხრივ ხელს უწყობდით და წყალი რაღამ აამღვრია?

– ცალკე გასვლამ სასიკეთოდ იმოქმედა სიძეზე, მუშაობა დაიწყო. კატოც დაორსულდა, შვილი შეეძინა. დამხმარე ვერ აიყვანა, შვილი ვერავის ანდო. მე მთხოვა. ისედაც ხელს ვუმართავდი, ორსულსაც ხელს ვუწყობდი, რასაც ვამზადებდი, მათთან მიმქონდა. შვილთაშვილის გაზრდაზე უარს ვეტყოდი?!

– ბავშვი თქვენთან მოიყვანა გასაზრდელად თუ მასთან გიწევდათ სიარული?

– გიჟი დედაა, სხვაგან არ დატოვებდა. მათთან დავდიოდი და ბავშვს ვუვლიდი. ზამთარში თუ მაღამდებოდა, უკან ვეღარ ვბრუნდებოდი. მეორე შვილიც შეეძინათ. მასაც ვუვლიდი. ცოლ-ქმარი ტკბილად მექცეოდა, თითქოს მიფასებდნენ ამაგს. ამან შემაცდინა.

ბოლო ხანებში მოუსვენრად იყვნენ, ნერვიულობისგან ჩამოხმნენ. შემომჩივლეს, დიდი ვალი დაგვედო და ცუდ დღეში ვართო. კატოს ქმარს, ამ ახალგაზრდა კაცს, გულის შეტევა დაემართა. ვალის გამო შეიძლებოდა ის ბინაც დაეკარგათ. კატომ მთხოვა, არ მინდა, მშობლებმა გაიგონ და იქნებ შენ დაგვეხმაროო. მე რა დახმარება შემეძლო, ჩემი ერთადერთი ქონება ბინა იყო. მაინც სულ ჩვენთან ხარ და ამ ბინის გაყიდვას ხომ არ სჯობს, შენი ბინა გავყიდოთო – აზრი მომაწოდეს.

– მათ გამო ბინის გაყიდვა მოგიწიათ?

– ავწონ-დავწონე, ვიფიქრე, ახალგაზრდა ოჯახს შევეწევი, ესენი თუ აღარ იქნებიან, ეგ ბინა რისთვისღა მინდა, საფლავში ხომ არ წავიღებ-მეთქი. იმასაც ვფიქრობდი, რომ დავუძლურდე, ამათი საპატრონო შევიქნები და, რაც მაქვს, ბარემ სიცოცხლეშივე მოვახმარ-მეთქი. ბინა გავყიდე, ვალი გავისტუმრეთ და მათთან გადავედი.

ახლა ძალიან მიჭირს. თავს მიუსაფარ სტუმრად ვგრძნობ, რომელსაც აღარსად აქვს წასასვლელი. შენიშვნებსაც მაძლევენ, მათი მითითებით ვცხოვრობ. ისე იქცევიან, თითქოს ეს ბინა მათი შრომით იყოს შეძენილი და მე არ მიმეცა მათთვის. არაფრად თვლიან იმ მსხვერპლს, რაც მე გავიღე.

– შვილებს უყვებით, ასე რომ გიჭირთ? იქნებ დაგეხმარონ.

– საშუალება რომ ჰქონოდათ, აქამდე შეიძენდნენ ბინებს თბილისში. მოხუც დედას ბინას ვინ უყიდის?! უფრო მშვიდად არიან, შვილიშვილთან რომ ვარ შეფარებული. ჰგონიათ, ტყუილად ვწუწუნებ. ქალიშვილიც დამემდურა, ღირსად არ ჩამთვალე, ჩემთვის გეკითხაო.

ძალიან შევცდი, შვილიშვილის გამო ბინა რომ გავყიდე. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე, ნავსაყუდელი, სხვის სამადლოდ რომ არ გაიხადოს თავი. ახლა ჩემი მდგომარეობა ასეთია: შვილებმა მიმატოვეს, შვილიშვილთან კი მძევლად ვგრძნობ თავს.