ქეთი მერკვილაძე: ,,მამის გადარჩენა ვეღარ შევძელით” – როგორ ცხოვრობს ახლა 90-იანების ვარსკვლავი

ქეთი მერკვილაძე: ,,მამის გადარჩენა ვეღარ შევძელით" - როგორ ცხოვრობს ახლა 90-იანების ვარსკვლავილელა დევდარიანი, სარკე

“ქალს, მშვენიერ ქალს” – საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ეს ჰიტი რომ არ ჰქონდეს მოსმენილი და არ ახსოვდეს გოგონა გიტარით, რომელიც ამ სიმღერას ასრულებდა. ქეთი მერკვილაძე უზომოდ პოპულარული იყო, მაგრამ ერთ დღეს სცენიდან გაუჩინარდა და მამის, თემურ მერკვილაძის, დიდი თხოვნის მიუხედავად, შოუბიზნესში აღარ დაბრუნებულა.

როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება სცენის გარეშე, რას საქმიანობს ახლა? ქეთი ,,სარკეს” ესაუბრა.

– რამდენი წლის იყავით, როცა პირველი წარმატება მოვიდა თქვენთან?

– 15 წლის ასაკში მოვიდა ქუთაისში, სტუდია “აიაში”, რომელიც მამამ დააარსა. ჩემი პირველი ალბომი იქ ჩავწერე და რეკორდული ტირაჟით გაიყიდა. ეს რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან ამერიკაში მომხდარიყო, 15 წლის ასაკში მილიონერი ვიქნებოდი.

– მამაზე მოგვიყევით, როგორ გედგათ გვერდით.

– ყველაფერში მეხმარებოდა. ძალიან ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი იყო. მუსიკა ძალიან უყვარდა. მან შექმნა პირველი კერძო ხმის ჩამწერი სტუდია “აია”. მამაჩემის იდეა იყო, რომ გიტარაზე დაკვრა მესწავლა. მან მირჩია, ჩამეწერა სიმღერა “ქალს, მშვენიერ ქალს”.  მე და მამამ კომპოზიტორ მაია კვატაშიძესთან სახლში რამდენიმე სიმღერა მოვისმინეთ. მამამ ამ სიმღერაზე შეაჩერა არჩევანი და წამოვიღეთ. მამა უსმენდა, ფიქრობდა და არანჟირებისთვის მსუბუქი როკის მიმართულება აირჩია. მითხრა, გიტარით უნდა იმღეროო. ჰიტად იქცა.

-რატომ მიატოვეთ შემოქმედებითი საქმიანობა?

– მამა ამას ბოლომდე ვერ ეგუებოდა და მსაყვედურობდა. მეუბნებოდა, ხალხი შენგან ახალ სიმღერებს ელოდებაო. იყო მიზეზები, რის გამოც ეს მოხდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

– ახლა რას საქმიანობთ?

– ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ოჯახური ბიზნესი გვაქვს. ჩემი მეუღლე თეიმურაზ (გიგა) გადელია ყოფილი ფეხბურთელია. ერთი შვილი გვყავს, გიო.

– როცა უკან იხედებით, რას გრძნობთ, თქვენს ცხოვრებაში შეცვლიდით რამეს?

– კი, შევცვლიდი. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მამა გარდამეცვალა. მისი ავადმყოფობის შესახებ ადრე რომ გაგვეგო, მის გადარჩენას შევძლებდით. საუკეთესო კლინიკაში წავიყვანეთ ისრაელში. ჩემი მეუღლე გვერდიდან არ მოცილებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან გვიანი იყო.

მამამ ბევრი რამ მასწავლა, რომ უნდა ვიყო ორგანიზებული, მოწესრიგებული, პრაგმატულად მოაზროვნე… გარდა ამისა, ყოველთვის გრძნობდა, როგორ ხასიათზე ვიყავი ჩემი გამოხედვით, თვალებით, დუმილითაც კი. ის იყო განუმეორებელი, შეუდარებელი და შეუცვლელი ადამიანი. ძალიან მენატრება.