ფემინისტმა ირინა ტორონჯაძემ და ჩოხოსანმა ლევან სამყურაშვილმა ერთმანეთი მოათვინიერეს

ფემინისტმა ირინა ტორონჯაძემ და ჩოხოსანმა ლევან სამყურაშვილმა ერთმანეთი მოათვინიერესავთო ჩიტიძე, სარკე

უფლებადამცველი, ფემინისტი ირინა ტორონჯაძე გათხოვდა და ამ ნაბიჯით საკუთარი ოჯახიც და სამეგობროც გააკვირვა. ტრადიციებთან და სტერეოტიპებთან მებრძოლი აქტივისტის რჩეული ჩოხოსანი და “გრუზინული” გარეგნობის მუსიკოსი ლევან სამყურაშვილია. მასთან ერთად ცხოვრების შედეგად ირინას შეხედულებები ბევრ რამეზე რადიკალურად შეიცვალა. წყვილი ტრადიციული ქორწილისთვისაც კი ემზადება. ირინას წრიდან ბევრი თვლის, რომ მან ფემინისტურ პრინციპებს უღალატა. თავად რას ფიქრობს თავის არჩევანზე, ამის შესახებ ქვემოთ შეიტყობთ ახალბედა ცოლ-ქმართან ინტერვიუდან, სადაც თავიანთ ამბავს გულწრფელად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე ყვებიან.

ლევანს ბევრი პროფესია აქვს გამოცვლილი. მცირე ხანს პოლიტიკაშიც იყო, მაგრამ იმ პერიოდის გახსენებაც არ უნდა. მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს და ზოგადად ამ მიმართულებით ხედავს თავის მომავალს.

ლევანის ძმა ცნობილი მუსიკოსი მერაბ სამყურაშვილია, რომელიც წლებია “იუმორინას” ერთ-ერთი სახეა. ბევრს ძმები ტყუპები ჰგონია, მაგრამ მათ შორის 6 წელია ასაკობრივი სხვაობა. მსგავსება იმდენად დიდია, რომ ლევანმა მერაბი “იუმორინაში” რამდენჯერმე ისე ჩაანაცვლა, მაყურებელი ვერ მიხვდა.

– თქვენი სიყვარული დამალული იყო? სოციალურ ქსელში ჩანდა, რომ ბევრი მეგობრისთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდა ეს ამბავი.

ირინა: დამალული იმდენად – არა, რამდენადაც ჩვენი ურთიერთობა იყო სატესტო რეჟიმში. ჩემი აზრით, ორმა ადამიანმა თვითონ უნდა გაარკვიოს ურთიერთობა, გამოსცადონ, რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს და შემდეგ გაამჟღავნონ. ჩვენც 3-4 თვე ვიცხოვრეთ ერთად და ამის შემდეგ მივედით იმ აზრამდე, რომ გვინდა ოჯახის შექმნა.

თანაცხოვრებამდე დაახლობით 2 წლით ადრე გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ თავიდან ურთიერთობა არ აეწყო. ლევანი იმდენად განსხვავებული ტიპაჟი იყო და იმდენად განსხვავებული ფასეულობები ჰქონდა, ჩავთვალე, რომ არაფერი გამოვიდოდა. გამოხატულად “მოგრუზინო” ტიპი იყო, მე – გამოხატულად ფემინისტი და ლიბერალი, ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ ასეთ ფუნდამენტურ ქართულ ფასეულობებზე გაზრდილი კაცი არ შემეფერებოდა. მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა და გადაფასდა.

– ანუ პირველივე პაემანზე დაასკვენით, რომ თქვენგან წყვილი არ გამოვიდოდა?

ირინა: პირველი პაემნის ემოციები იყო, რომ მომწონს, მიზიდავს, მასკულინურ-ფემინური ფლუიდები გაიცვალა, მაგრამ ამის იქით როცა დავფიქრდი, მივხვდი, ჩვენგან წყვილი არ გამოვიდოდა. მეორე წელს ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო, სადაც ლევანი მღეროდა და ჩოხაში იყო გამოწყობილი. ამჯერად ჩოხა აღარ აღმოჩნდა ხელისშემშლელი ჩემთვის და ურთიერთობაც დაიწყო.

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ გათხოვება მომინდებოდა, ჩემს სახლში მამაკაცის ადგილი იქნებოდა და ამით არ დავიღლებოდი. გამოხატულად ინტროვერტი ვარ. მიჩვეული ვარ, რომ ჩემი აზრია დომინანტი. როდესაც გავაცნობიერე, რომ ჩემს ტერიტორიაზე კაცმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, ეს უკვე ჩემთვის ნამდვილი ეგზოტიკა იყო. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ძალიანაც მომეწონა.

– ლევან, რთული არ იყო ასეთი მსოფლმხედველობის ქალთან ურთიერთობის დაწყება? იცნობდით მის ფემინისტურ-ლიბერალურ ნატურას?

ლევანი: ირინა პირველად ეკრანზე დავინახე და მომეწონა. შემდეგ “ფეისბუქით” მივწერე და ავუხსენი, რომ არც მანიაკი ვიყავი და არც მექალთანე. დიდი დრო დამჭირდა, ირინასთვის ამეხსნა, რომ “გრუზინი” ტიპი არ ვიყავი.

ირინა: ჩვენი გაცნობა უფრო ბუნებრივი იმ გარემოებამ გახადა, რომ ჩვენი ოჯახის ახლობლის ცოლის ბიძაშვილი აღმოჩნდა. ამიტომაც ნდობა მეტად გამიჩნდა და სოციალურ ქსელში მიმოწერაშიც ავყევი.

ლევანი: თავიდან სურვილი მქონდა, მამაკაცებზე მისი წარმოდგენა შემეცვალა. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ თავის გამოსვლებში მამაკაცებთან მიმართებაში ხშირად ცდებოდა, მაგრამ ამ პროცესში ისე მოვიხიბლე, შედეგი სახეზეა. აღმოჩნდა, რომ იმ ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც ქალისა და მამაკაცის თავისუფლებას ეხება, ერთი აზრი გვქონდა.

ირინა: აღმოვაჩინეთ, რომ ის შეფუთვა, რაც მე მქონდა, ანუ ლიბერალური, ძალიან ახლოს იყო ქართულთან და ლევანის შემთხვევაშიც ჩოხის მიღმაც იყო ლიბერალური ფასეულობები. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო აღმოჩენა იყო ჩემთვის.

– რა იპოვეთ ისეთი ერთმანეთში, რამაც თქვენში სასიყვარულო ქიმია გამოიწვია?

ირინა: ენერგეტიკულად ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ერთნაირი დოზით გვიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ერთნაირი დოზით გვიყვარს სახლში ყოფნა. ლევანს შეუძლია ჩემი მოსმენა და სხვა რაღაცების დანახვა ჩემი თავდაცვითი რეაქციის მიღმა, რაც ძირითადად ღრენით გამოიხატება.

– მანამდე მამაკაცების მიმართ უფრო აგრესიული ურთიერთობის ფორმა გქონდათ არჩეული?

ირინა: მე მიყვარს ჩხუბი და კამათი. ვცდილობ, ჩემი აზრი იყოს დომინანტი. მიყვარს, როდესაც ვეკამათები და საკუთარ აზრს არგუმენტირებულად მისაბუთებენ. ამის გამო ხშირად ვერ ლაგდებოდა ურთიერთობები მამაკაცებთან. ყოფილა შემთხვევა, პირველივე პაემნიდან გავქცეულვარ. აქამდე არ მიმართლებდა, რომ გარეგნობა, გონება და ნიჭი ერთმანეთს დამთხვეოდა. ლევანის სახით გამიმართლა.

– ლევან, არ გაგიჭირდათ აქტიური ფემინისტის თაყვანისმცემლობა? ალბათ ყველა სიტყვასა და ქმედებაზე უნდა დაფიქრებულიყავით, რომ შენიშვნა არ მოეცა.

ლევანი: ყოველთვის გულახდილი ვიყავი. ირინას შეხედულებებს ვაფასებ, მაგრამ ჩემი აზრი ყოველთვის მაქვს. პაემანზე მეც შეშინებული მივედი, რომ ტაფა არ მომხვედროდა თავში. რატომღაც საქართველოში ბევრს ლიბერალიზმი სხვა რაღაცებში ერევა. რეალურად კი ლიბერალიზმი სამ ფუნდამენტურ ღირებულებაზე დგას, ესაა – თანასწორობა, ტოლერანტობა და თავისუფლება.

არ მჯერა ისეთი ქართველობის, როცა კაცი საქართველოს სადღეგრძელოს ყანწით სვამს, ნაბახუსევზე კი მერვე სართულიდან პარკით ნაგავს ისვრის.

ირინა: მომწონს, ქართულ ტრადიციებში კაცი გამოხატულად მასკულინური რომ არის და ქალი – გამოხატულად ფემინური, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს საფუძველი ურთიერთჩაგვრის. სატელევიზიო დებატებში ვერ მივაღწიე, რომ საზოგადოებას ეს გავაგებინო.

ტრადიციებში არ მომწონს ჩაკეტილობა და გაუაზრებლობა. ქალს როცა ეუბნები, გრძელი კაბა ჩაიცვიო, უნდა აუხსნა რატომ და რისთვის. ზოგს ჰგონია, რომ არ მომწონს, მამაკაცი გზას თუ დამითმობს. ძალიანაც მომწონს, ამას ფემინიზმი არ ეწინააღმდეგება.

ლევანი: ირინას ეკრანზე რომ ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი, მის უკან ძალიან ქალური ნატურა იდგა და არც შევცდი. სინამდვილეში ძალიან მოსიყვარლე, თბილი, მზრუნველი ქალია. რაც კი შეიძლება ქალს კარგი თვისება ჰქონდეს, ყველაფერი მასშია თავმოყრილი.

– ბევრს ეგონა, რომ ფემინისტი ოჯახს არ ქმნის. თქვენ გარშემოც იყო ეს აზრები?

ირინა: კი, ბევრმა მითხრა, კომპრომისზე წახვედიო. ყოველთვის ვამბობდი, რომ გათხოვება ქალისთვის ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. ქალს სჭირდება თვითრეალიზება და განვითარება.

ქართულ სინამდვილეში ხშირად მიიჩნევა, რომ კაცი უნდა განვითარდეს და ქალი მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციით შემოიფარგლოს. მეორე უკიდურესობა ის არის, რადგან ფემინისტი ხარ და თვითგანვითარებაზე ზრუნავ, არ უნდა გათხოვდე. უკიდურესობები განათლების ნაკლებობის შედეგია. ზომიერება ყველაზე კარგი ვარიანტია. ჩემ მიმართ ნამდვილად იყო კითხვები, რადგან გათხოვდი, საკუთარ თავს უღალატეო. ამაზე ვიხალისე.

ხუმრობით ლევანს კი ვეძახი მოთვინიერებულ “გრუზინს”, მაგრამ სინამდვილეში აქეთ მომათვინიერა. აბჯრით შეიარაღებული რომ ვიყავი ნებისმიერ ოპონენტთან, ეს კუთხეები უფრო შემირბილა.

ლევანი: მე ყოველთვის ძლიერი ქალები მომწონდა.

– როგორ გადანაწილდა თქვენს ოჯახში ფუნქციები და ვალდებულებები? ასე მგონია, ამ საკითხზე წინასწარ შეთანხმდებობით.

ლევანი: პედანტობა ჩემი თვისებაა. გართულება მაქვს სისუფთავეზე და ამიტომ ვერავინ მასწრებს ჭურჭლის რეცხვას. მარტოს დიდხანს მომიწია ცხოვრება. გარკვეული პერიოდი ევროპაშიც ვიყავი, ძალიან მივეჩვიე დამოუკიდებლობას და უფრო ლიბერალური შეხედულებების გავხდი.

ირინა: ვისაც რა შეგვიძლია, იმ მხარეს ვავითარებთ. პროდუქტების საყიდლად ხშირად დავდივარ. რაც შეეხება ფინანსებს, არ არის პრობლემა, ვისაც რა გვაქვს იმ მომენტში, ისე ვართ. შეიძლება ლევანმა მომცეს ფული და შეიძლება მეც მივცე. ამ ნაწილში ცალსახად თანამედროვე რელსებზე ვდგავართ, რადგან არ ვთვლი, რომ კაცი უნდა იყოს შემომტანი ოჯახში.

პატრიარქალური სისტემა სწორედაც რომ კაცს ჩაგრავს, რადგან ეუბნება, შენ უნდა იყო ფულის შემომტანი ოჯახში და ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა გქონდესო. ეს არის იმის ხარკი, რომ ქალი მხოლოდ “კუხნაში” უნდა იყოს.

ლევანი: ეს კომპლექსი მაქვს – მე თუ არ ვიხდი რაღაცის საფასურს, ცუდად ვგრძნობ თავს.

– როგორია თქვენი კონფლიქტი?

ირინა: ლევანი ამ დროს მეუბნება, ძალიან საყვარელი, მაგრამ ცოტათი მგელ-ძაღლა ხარო.

ლევანი: ჩვენი ჩხუბი სკანდალური არ არის. მაქვს თვისება, რომ არაფერი დავიტოვო გულში, ირინამ კი ერთდღიანი ჩაბოღმვები იცის. ძალიან ხშირად მოგვდის ჩხუბი თამაშებთან დაკავშირებით.

ირინა: ძალიან აზარტული ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, რას ვთამაშობ – ბილიარდს, ბოულინგს თუ სხვას, აუცილებლად უნდა მოვიგო და ამის გამო ვხოცავთ ერთმანეთს. წაგებას ვერაფრით ვაღიარებ. თან ლევანს ეს მომენტი დაჭერილი აქვს და უფრო ნერვებს მიშლის, როცა ხედავს, რომ იგებს.

ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვიჩხუბეთ და დავდეთ პირობა, რომ ერთად აღარ ვითამაშებთ, რადგან ამან შეიძლება სერიოზულ უთანხმოებამდე მიგვიყვანოს. ლევანმა ისიც კი მითხრა, მოდი, ფსიქოლოგთან მივიდეთო, მაგრამ თამაშზე უარის თქმა უფრო სწორი გადაწყვეტილებაა.

ასევე ძალიან ვარჩევთ ფილმებს, რომლებსაც ერთად უნდა ვუყუროთ. ფილმში არ უნდა იყოს კაცის მხრიდან ღალატი, რადგან ამას ძალიან განვიცდი. ამას წინათ ვუყურე ფილმს, სადაც ღალატი იყო, ძალიან გავბრაზდი და მთელი ჯავრი ლევანზე გადმოვიტანე. მთელი დღე არ ველაპარაკებოდი.

ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულთან ერთად პატივისცემაა ყველაზე მნიშვნელოვანი. აქამდე არც კი დავფიქრებულვარ, ვის რა მოვალეობა აქვს ოჯახში. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ემოციურად და ენერგეტიკულად შევწყობოდით ერთმანეთს. სხვა დანარჩენი – ბრილიანტის ბეჭდები და ძვირფასი საჩუქრები – ჩემთვის მნიშვნელოვანი არასოდეს გახდება. წუთიერი ყურადღება და ყვავილების თაიგული ბევრად ძვირფასია ჩემთვის.

– ხელი როგორ გთხოვათ ლევანმა?

ირინა: ასე არ ყოფილა, მოდი, ცოლად გამომყევიო. ჩვენ უკუღმა დავიწყეთ. ჯერ დავიწყეთ ერთად ცხოვრება, შემდეგ გავიცანით ერთმანეთის ოჯახები და მერე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. ახლა იქნება ხელმოწერა და შემდეგ ჯვრისწერა.

– ტრადიციულ ქორწილს გეგმავთ?

ირინა: კი. ჩვენი ქორწილი იანვარში იქნება. უკვე შევიკერე ტანზე მომდგარი თეთრი კაბა. მე ეს უფრო მომწონს, ფაშფაშას ვერაფრით ჩავიცვამ. ძალიან დიდი მონდომებით ვემზადებით, ცეკვებსაც ვდგამთ, გვინდა, რომ კარგი გასართობი პროგრამა გამოვიდეს. პატარა, 70 კაციანი ქორწილი იქნება.

– როგორ მიგიღეს ლევანის მშობლებმა ასეთი მებრძოლი ფემინისტი?

ირინა: ლევანს თბილი მშობლები ჰყავს. სხვათა შორის, გაცნობისას ლევანის დედისგან არ მიგრძვნია შეფასებითი რაღაცები, პირველივე წუთიდან იყო მიმღებლობა ერთმანეთის მიმართ.

რაც შეეხება ჩემს მხარეს, რადგან 37 წლის ვიყავი, მეგონა, ჩემი გათხოვება არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ ისე გაუკვირდათ და ისე ჩამებღაუჭნენ, სახტად დავრჩი. ყველამ ემოციურად მიიღო – დედამაც, მამამაც, ჩემმა დებმაც. ჩემი დათმობა გაუჭირდათ.

ლევანი: ჩემს მშობლებს ასეთი რაღაც უფრო ჰქონდათ – ეს გოგო შენ როგორ გამოგყვა ცოლადო.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება დაოჯახების მერე?

ირინა: ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. აქამდე დაქალებთანაც კი 3 საათზე მეტ ხანს ვერ ვძლებდი, მერე მბეზრდებოდნენ. ახლა ეს ადამიანი ისეა ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი, რომ მის გარეშე ვერ ვძლებ. ახლახან ევროპაში იყო და სულ “ჩატში” ვიჯექი, ისე მენატრებოდა. ასეთი რამ აქამდე არ დამმართნია.

ლევანი: ჩემიც რადიკალურად შეიცვალა. ირინამ ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, რადგან ბოლო დროს დეპერესიული მომენტები მქონდა. ირინას გამოჩენით ბედნიერად პირველად ვიგრძენი თავი.