ნინი შონიამ ძმასთან ურთიერთობა 5 წლის შემდეგ აღადგინა

ნინი შონიამ ძმასთან ურთიერთობა 5 წლის შემდეგ აღადგინარუსუდან ადვაძე, სარკე

პროექტ “მხოლოდ ქართულის” ყველაზე პატარა მონაწილე, 18 წლის ნინი შონია თითქმის ყოველ ტურში ესემესლიდერია. თვალებბრჭყვიალა აბაშელ გოგონას, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, დედა მუსიკის მასწავლებელი ჰყავს, მამა – ძიუდოისტი. ნინი დედის კვალს გაჰყვა, მისი ერთადერთი ძმა, გიორგი – მამისას.

თავის დროზე ნინიც ძმასთან ერთად ვარჯიშობდა ძიუდოში და თავის დაცვა შესანიშნავად შეუძლია. გიორგის კი სიმღერის გამოცდილება აქვს. ნინი ამბობს, რომ ძმა მასზე უკეთესად მღერის, მაგრამ გიორგის მაინც ჭიდაობა ურჩევნია.

ნინი და გიორგი შონიებმა “სარკეს” თავიანთ ცხოვრებაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე უამბეს.

გიორგი: მე და ნინი ბავშვობაში სულ ერთად ვიყავით. ნინი და სიმღერა თითქოს ერთად დაიბადნენ. სიმღერა მისთვისაა შექმნილი. პატარაობიდან მღერის და იპრანჭება.

ნინი: ლაღი და მხიარული ბავშვობა გვქონდა. მე და გიორგი სულ ერთად ვიყავით. არავისთან მიყვარდა ისე თამაში, როგორც ჩემს ძმასთან. სულ რაღაც მარცხი მომდიოდა, სულ ვტიროდი, მაგრამ მაინც მისკენ მიმიწევდა გული. ხან დავეცემოდი ჭიდაობისას, ხან ხელს მატკენდა, ხან ფეხს… მამა ერთად გვავარჯიშებდა ჭიდაობაში. მამა გიოს ავარჯიშებდა და რომ ხედავდა, მეც მომწონდა სპორტის ეს სახეობა, ერთად გვაყენებდა და ილეთებს გვაკეთებინებდა.

– ნაზი გოგო ჩანხართ და ამ დროს შეგიძლიათ, ბიჭსაც დაეჭიდოთ?

ნინი: კი, თავისუფლად შემიძლია, ყველა მოვიგერიო.

გიორგი: ბავშვობიდან რაღაცნაირ ძალას ფლობდა. ახლაც უცნაური ძალა აქვს და დარწმუნებული ვარ, სპორტს რომ გაჰყოლოდა, იქაც წარმატებას მიაღწევდა. თითქოს ყველაფერი შეუძლია ამ ჩვენს ნინიკოს.

ნინი: გიორგისაც უზომო ნიჭი აქვს სიმღერის და ძალიან მაგარი ხმაც აქვს. მგონი, ამ მხრივ ჩემზე ნიჭიერია, მაგრამ არ ისურვა მღერა. ჩვენი დიდი ბებია მომღერალი იყო – თამარ წურწუმია. ბევრ საკრავზეც უკრავდა. ჩვენები აღნიშნავენ, რომ მისი გენების დამსახურებაა ეს ყველაფერი. დედაც მუსიკოსი გვყავს და, რა თქმა უნდა, მისი გენებიც გვაქვს.

გიორგი ბავშვობაში ჩემთან ერთად დუეტში მღეროდა და კონცერტებზეც გამოვდიოდით. ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა. ახლაც ვთხოვ, იმღეროს, მაგრამ არ უნდა, რადგან ჰგონია, არ შეუძლია. არადა დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იმღერებს.

გიორგი: ბოლო 8 წელი ყაზახეთში ვვარჯიშობდი ძიუდოში. მამაჩემი იქ წავიდა სამუშაოდ და მეც თან წამიყვანა. ახლა თბილისში ვვარჯიშობ. სიმართლე გითხრათ, სიმღერის დრო არ მაქვს, თორემ სიმღერაც ძალიან მიყვარს და ცეკვაც. მეგობრებთან ერთადაც კი არ ვმღერი, მხოლოდ ნინისთან ერთად წავუმღერებ ხოლმე. კომპლექსი მაქვს, მგონია, რომ არ გამომდის. მხოლოდ მე და ნინი ვუბერავთ.

ნინი: კი არ ვუბერავთ, გიო ბით-ბოქსს მიკეთებს, მე ვმღერი და ამგვარად ვერთობით. კომპლექსი აქვს და არ მღერის, არადა ისეთი ხავერდოვანი ხმა აქვს, აუცილებლად გამოუვა, მომღერლობას თუ გადაწყვეტს.

გიორგი: ყაზახეთში ვცხოვრობდი და სულ ვოცნებობდი, საქართველოს სახელით მეჭიდავა და ახლა ამის შანსი მაქვს.

ნინი: როცა ყაზახეთში წავიდა, მე 12 წლის ვიყავი, გიო – 15 წლის. მაშინ ბავშვურად წავკამათდით და წასვლისას არ ველაპარაკებოდი. რომ გავაცილეთ, მეგონა, უკეთესად ვიცხოვრებდი, რადგან სულ ნერვებს მიშლიდა. მერე რომ გავაცნობიერე, ჩემი გამრთობი გვერდით აღარ მყავდა, ის ბოლო წაკამათება ძალიან ვინანე.

ოჯახის ასე დაშლა, პირველ რიგში, ჩვენი მშობლებისთვის იყო რთული და ამავე დროს – ჩვენთვისაც. მე მამა მენატრებოდა, გიოს – დედა. ეს დიდი მონატრება ინტერნეტის საშუალებით და ყოველდღიური კომუნიკაციით გადავლახეთ. 8 წელია მამა არ მინახავს და თან ისეთი კარგი მამაა, ვიცი, ჩემ გვერდით რომ იყოს, ბევრი რამ უფრო გამიადვილდებოდა. როცა რაიმე სირთულეა ჩემს ცხოვრებაში, მუდამ ვურეკავ და აზრს ვეკითხები. მასთან ურთიერთობა სულ მაკლია. სოციალური ქსელით მთელი ოჯახი ერთად ჩავერთვებით ხოლმე და ყველაფერს ერთად ვარჩევთ.

გიორგი საქართველოში 5 წლის მერე ჩამოვიდა და ისეთი გაუცხოებულები ვიყავით… სულ ვფიქრობდი, ადრე როგორ ახლოს ვიყავი მასთან, როგორ ვთამაშობდით ერთად-მეთქი. რაღაცნაირი მორიდების გრძნობა მქონდა. დარწმუნებული ვარ, გიორგიც დაძაბული იყო, მაგრამ ერთი კვირის მერე ყველაფერი ისევ ისე აეწყო.

გიორგი: კი, მეც ასე გაუცხოებული ვიყავი, მაგრამ ერთი კვირის მერე ყველაფერი დალაგდა.

ნინი: ახლა ისევ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

– გიორგის ცეკვაც ისევე კარგად გამოსდის, როგორც სიმღერა?

ნინი: გიორგის ცეკვის უზომო ნიჭი აქვს. ერთად ვცეკვავდით ანსამბლში, სანამ ყაზახეთში წავიდოდა. პატარაობიდან ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, იმდენად მოხერხებული და სხარტი იყო ცეკვაში. ქართული ცეკვისთვის შესაფერისი მუხტი ჰქონდა და ძალიან მწყდება გული, რომ აღარ ცეკვავს.

გიორგი: დრო საერთოდ არ მაქვს. სულ ვარჯიში, შეკრება… ცეკვისთვის ნამდვილად არ მცალია.

– ნინი, ძმას თაყვანისმცემლებზეც უყვებით?

ნინი: კი, ყველაფერი იცის, ვის მოვწონვარ, ვის – არა… გიორგი სულ მეკითხება, ვინმესთან ურთიერთობაში დახმარება ხომ არ მჭირდება. ყველაფერს ვუყვები და თვითონაც მეუბნება, რომელიმე გოგო თუ მოეწონება და მეკითხება, როგორიაო. ერთმანეთის მიმართ შენიშვნები თუ გვაქვს, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ. გიორგი ძალიან კეთილშობილი ადამიანია.

– ნინი, ვინმესთან ურთიერთობის მოგვარებისას დაგჭირვებიათ ძმის დახმარება?

ნინი: ჯერჯერობით არ დამჭირვებია. ოფიციალური სახე ჯერ არც ერთი ურთიერთობისთვის მიმიცია, მაგრამ გიორგი ყოველთვის მზადყოფნაშია, რომ თუ საჭირო იქნება, ჩაერთოს. ყოველდღე მეკითხება, ვინმე ხომ არ არის შენს ცხოვრებაში, ვინც არ გსიამოვნებს ან გაწუხებსო.

გიორგი: თაყვანისმცემელი, რა თქმა უნდა, ბევრი ჰყავს, მაგრამ ჩემი დახმარება ჯერ არ დასჭირვებია. ნინი არ მეუბნება, ვინმე თუ მოსწონს, მაგრამ მე ყველაზე ვეუბნები, ვინმე თუ მომწონდა ან ახლა თუ მომწონს. ჩემი არჩევანი მოსწონს ხოლმე, რადგან ერთმანეთს ვგავართ.

ნინი: მთლად ვერ დაგეთანხმები… ყველას ვერ ვუწონებ. მინდა, ნებისმიერ ურთიერთობაში მის გვერდით ძალიან კარგი ადამიანი იყოს. თუ არ მომწონს ვინმე ვიზუალურად ან საქციელით, პირდაპირ ვეუბნები. თვითონაც ასეა – თუ ვინმე არ მოეწონა, მეუბნება. საერთო ჯამში, კარგი გემოვნება აქვს.

– ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს?

ნინი: ძალიან ვგავართ. მაგალითად, ორივე მხიარულები და პოზიტიურები ვართ. სულ ვცდილობთ, ყველაფერი დადებითად აღვიქვათ. ერთად როცა ვართ, შეგვიძლია, უმნიშვნელო ამბავზეც კი სიცილით დავიხოცოთ. ცალ-ცალკეც მხიარულები ვართ, მაგრამ ერთად – განსაკუთრებით.

– გიორგი, ნინის “მხოლოდ ქართულში” მოხვედრას და თითქმის ყველა ტურში მის დიდ წარმატებას როგორ აღიქვამთ?

გიორგი: ნინი კასტინგზე რომ გამოვიდა, მაშინვე ვიცოდი, რომ ამ პროექტის ლიდერი იქნებოდა. ვიცი, როგორც მღერის. მისი ბევრი კონცერტი მაქვს მოსმენილი.

ნინი: კასტინგიდან მოყოლებული სულ ჩემ გვერდითაა და მგულშემატკივრობს. მოახერხა, კასტინგზე ჩემთვის ეყურებინა. იქ სხვა მსმენელს არ უშვებენ. მხოლოდ გიორგიმ მოახერხა, რომ ჟიურის წინ მდგომი ვენახე.

– შემოიპარა?

ნინი: კი, შემოიპარა.

გიორგი: ნაცნობობით მოვიპოვე იქ შესასვლელი ბილეთი. ყველა გულშემატკივარი სხვა ოთახში იდგა და ისე ელოდებოდა მონაწილის გამოსვლას, მე კი ისეთ ადგილზე მოვახერხე დადგომა, ვერავინ შემამჩნია. ნინის პირდაპირ ვუყურებდი.

– ამბობენ, მეგრელების მხარდაჭერა მოქმედებს ნინის ლიდერობაზეო. მართლა ესაა რეალური მიზეზი?

ნინი: რატომღაც ყველა იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ მეგრელების გულშემატკივრობის გამო ვარ ესემესლიდერი, მაგრამ სხვა კუთხეების იმდენი წარმომადგენელია ჩემი გულშემატკივარი… იმერეთი, გურია, ქვემო ქართლი მირეკავს და არამხოლოდ სამეგრელოა ჩემ გვერდით. რა თქმა უნდა, სამეგრელოც ჩემი გულშემატკივარია, მამა ზუგდიდელი მყავს და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

გიორგი: ნინის ყველა გამოსვლა მომწონს. შეიძლება ხანდახან რაღაც არ გამოუვიდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მართლა საოცრად კარგად მღერის. ვინც მხარს არ უჭერს, არ იცის, რას ჩაებღაუჭოს და… ეს მათი სულელური არგუმენტია. ჩემი და უზომოდ ნიჭიერია და ეს იმ ადამიანებმაც კარგად იციან, რომლებსაც არ უნდათ, რომ ნინიმ მოიგოს. სცენაზეც უზომოდ ანათებს!

ნინი ჩემთვის უკვე გამარჯვებულია და ისედაც – 100%-ით იმსახურებს გამარჯვებას და ასეც იქნება.

ნინი: ამ პერიოდში, როცა ძალიან გადაღლილი ვარ ამ პროექტის გამო, გიორგი უზომოდ თბილია და მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შემიწყოს, არ გადამტვირთოს. იცის, როგორ სტრესულ სიტუაციაში მიწევს ყოფნა, ამიტომ ყველანაირად მემსახურება და მიმსუბუქებს გადაღლას.

– დედა აბაშაში მარტო ცხოვრობს?

ნინი: დიახ, დედა მარტო ცხოვრობს აბაშაში. მუსიკის პედაგოგი და მგალობელია იქ. დატვირთული გრაფიკი აქვს და ამით ახერხებს ყველაფრის გადატანას. ძალიან რთულია, ქმრისგან და ერთი შვილისგან ასე შორს იყო და, ახლა მეც რომ თბილისში წამოვედი… უნივერსიტეტში ვსწავლობ და სხვა გზა არ იყო. მართლა ძალიან გვეცოდება დედა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზას ვერ ვპოულობთ.

დედა ძალიან ემოციურია, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოჯახი მალე ერთად იქნება. მე და გიორგი თბილისში მამიდებთან ერთად ვცხოვრობთ. სამი მამიდა გვყავს. ერთი სპეციალურად “მხოლოდ ქართულისთვის” დანიიდან ჩამოვიდა, რომ ჩემთვის ექომაგა. ყველა გვერდში მიდგას და ჩემი დიდი ოჯახი მამხნევებს.

– ნინი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობთ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ნინი: აბიტურიენტობის წლებში კარგად არ ვიცოდი, რა პროფესია უნდა ამერჩია, გარდა სიმღერისა. კარგად არც მიფიქრია, როცა ფსიქოლოგიურზე ვაბარებდი და ახლა სხვა ფაკულტეტზე გადასვლას ვაპირებ. ისევ ვერ გადავწყვიტე, რა ვქნა. უფრო სიმღერისკენ ვიხრები. მინდა, ეს სფერო ფუნდამენტურად შევისწავლო და კონსერვატორია ავირჩიო, მაგრამ ცალსახად გადაწყვეტილი არ მაქვს. ფსიქოლოგია კი ნამდვილად არ ზის ჩემს ინტერესებში.

“მხოლოდ ქართული” სანამ დაიწყებოდა, ვფიქრობდი, ქართული ცეკვების ანსამბლში შევსულიყავი. მე და გიო პატარაობიდან საზღვარგარეთ დავდიოდით ცეკვის ანსამბლიდან და მინდოდა, ეს საქმე გამეგრძელებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე.