ნინი კუპრაძე: “ადრე დედას არაფერს ვუჯერებდი” – რითი განსხვავდება და რითი ჰგავს თამარ ბაღაშვილს ერთადერთი ქალიშვილი

ნინი კუპრაძე: "ადრე დედას არაფერს ვუჯერებდი" - რითი განსხვავდება და რითი ჰგავს თამარ ბაღაშვილს ერთადერთი ქალიშვილიირმა ჭკუასელი, სარკე

ცნობილი ტელეჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის, ქალიშვილი, ნინი კუპრაძე, ბავშვობაში თურმე ამბობდა, რომ ჟურნალისტი არასდროს გახდებოდა. მართლაც სულ სხვა პროფესია აირჩია, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მიხვდა, რომ სწორედ ჟურნალისტობა სურდა. ამჟამად მუშაობს კიდეც ტელევიზიაში, “რუსთავი 2”-ზე, დილის გადაცემაში, 15 დეკემბრიდან კი ამავე არხის მეგა შოუ “დიდი სცენის” თანაწამყვანად ვიხილავთ.

ახლა ამბობს, რომ პოლიტიკური ჟურნალისტი არასდროს გახდება, მაგრამ მთლად კატეგორიულად მაინც ვერ არის, რადგან საკუთარმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მომავალში გამორიცხული არაფერია.

24 წლის ნინი 3 წლის გოგონას დედაა. დანარჩენს მისი ცხოვრების შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ნინი, გვიამბეთ ბავშვობაზე, როგორ გახსენდებათ ის წლები.

– ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული. ძალიან ბევრ წრეზე დავდიოდი, თითქმის ყველაფერზე. დედაჩემს არასოდეს დაუძალებია, გინდა თუ არა, ამაზე და იმაზე იარეო, მე თვითონ სულ მრავალფეროვანი მოთხოვნები მქონდა – ხატვა, ცეკვა, მუსიკა. განვითარებისთვის ცოტ-ცოტა ყველაფერი მოვსინჯე.

– დედათქვენს, ტელეჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს, ყოველთვის დატვირთულ რიტმში უწევს მუშაობა, ხშირად აქვს რეპორტაჟები ცხელი წერტილებიდან, უცხოეთიდან, ექსტრემალური სიტუაციებიდან, ამას ემატება საინფორმაციო გადაცემის წაყვანაც. ფაქტია, რომ მისთვის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ დროს და ენერგიასაც უთმობს მას. ამ ფონზე როგორია თქვენი დედაშვილობა, ბავშვობაში მასთან ურთიერთობის დეფიციტი არ გქონდათ?

– დედის დეფიციტი მქონდა, მაგრამ ამას არც კომპლექსი დაუტოვებია ჩემთვის და არც რაიმე ტრავმა. შეიძლება ჩემთან ერთი კვირა არ ყოფილიყო, მაგრამ კვირადღეს ერთად ვატარებდით. ერთი საათიც რომ ვყოფილიყავით ერთად, ერთ კვირას აანაზღაურებდა ხოლმე.

– ანუ პროტესტი არ გიჩნდებოდათ?

– პროტესტი მიჩნდებოდა მაშინ, როცა საზღვარგარეთ მიდიოდა. მინდოდა, მეც წავყოლოდი. პროტესტი მიჩნდებოდა – “როდის ჩამოხვალ?” და ა.შ. როცა აქ იყო, ღამე ხომ მაინც მოდიოდა და ჩემთან ერთად იძინებდა. უცხოეთში როცა იყო, ღამით ვერ ვიძინებდით ერთად, ამიტომ მიჩნდებოდა პროტესტი.

ისე კი, მისი საქმიანობა მომწონდა, არ მაღიზიანებდა.

– სადილებს ვინ გიმზადებდათ?

– ბებია.

– რას ნიშნავს, იყოთ ასეთი პოპულარული ჟურნალისტის შვილი, როგორი შეგრძნებაა ეს?

– სასიამოვნოა, რადგან სიამაყის განცდა გიჩნდება, როცა ქუჩაში თამართან ერთად დადიხარ. არ არსებობს, ყველას მოსწონდეს შენი პროფესია, შენი საქმიანობა, ზოგი გაგლანძღავს, მაგრამ არ მახსენდება, დედაჩემისთვის ვინმეს ცუდად მიემართა. ქუჩაში რომ დადის, იმხელა სითბოს და სიყვარულს იღებს, რომ ამით ვამაყობ.

– ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის შვილი გაურბის მშობლის პოპულარობას და დამოუკიდებლად ცდილობს თავის დამკვიდრებას.

– ამას მეც ვაპირებ, მაგრამ არასოდეს შემაწუხებს, ვინმე თუ იტყვის, ეს თამარ ბაღაშვილის შვილიაო. ამ სფეროში ახლა დავიწყე მუშაობა და მაშინვე ნინი კუპრაძე ვერ გავხდები. რაღაც გზა უნდა გავიარო და ამისთვის დრო მჭირდება. როცა ამ დროს გავივლი და პროფესიულად გავიზრდები, რა თქმა უნდა, ნინი კუპრაძე ვიქნები. ახლა ჯერ კიდევ ვარ თამარ ბაღაშვილის შვილი და ეს არანაირ კომპლექსს და პრობლემას არ მიქმნის.

– როგორც წესი, არ სურთ ხოლმე, მშობლების გზას გაჰყვნენ. თქვენ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– პატარაობისას ვამბობდი, რომ მსახიობობა მინდოდა და ჟურნალისტი არასდროს გამოვიდოდი. მაინც მოვედი ტელევიზიაში და ახლა ვერ ვხვდები, ამის გარეშე როგორ უნდა ვიყო, სხვა რაღაც როგორ უნდა გავაკეთო.

პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ. ტურიზმის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემს უნივერსიტეტში შესაძლებელი იყო, პარალელურად მეორე პროფესია აგერჩია და ჟურნალისტიკა ავირჩიე, რადგან მაინც ახლოს იყო ჩემთან. 3 წელი ორივე პროფესიას ვსწავლობდი. მერე აკადემიური მქონდა აღებული და ახლა მეოთხე კურსზე ვარ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე.

– გიმუშავიათ თქვენი ძირითადი პროფესიით?

– არა და არც ვაპირებ.

– გინდათ, თქვენც იმუშაოთ ცხელ წერტილებში, საინფორმაციო გამოშვებაში?

– არა. პოლიტიკური ჟურნალისტი არასოდეს გამოვალ! იმ რიტმს, იმ დაღლას ვერ გავუძლებ! ამ ეტაპზე მირჩევნია კულტურის სფეროში მუშაობა, ვიდრე პოლიტიკის, თუმცა მომავალში არაფერია გამორიცხული.

– მკითხველს თქვენი პირადიც აინტერესებს. როგორც ვიცი, უკვე დედა ხართ, თუმცა მარტოხელა. ადრე გათხოვილხართ. შეგიძლიათ, რომ მოგვიყვეთ თქვენი სიყვარულის შესახებ და რატომ დამთავრდა ეს ურთიერთობა?

– ერთმანეთი გავიცანით ბაკურიანში და გაცნობიდან სულ რაღაც 8 თვეში დავქორწინდით. 19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი – ჩემს დაბადების დღეზე. ჩემი მეუღლე იყო ბექა ცქიტიშვილი. 4 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ძალიან მეგობრულად გავშორდით. აზრების თანხვედრა აღარ იყო. აღარც მგონია, რომ კიდევ ჩხუბით შორდებოდნენ ერთმანეთს წყვილები.

დღემდე არაჩვეულებრივი, ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი პატარა გოგონას, ნიტას, გარშემო ვტრიალებთ ორივე. დღე არ გავა, არ ვილაპარაკოთ – აბა, ბავშვი როგორ არის და აბა, რა ხდება ახალი და კარგი. ასე ვამჯობინეთ, მეგობრობა უკეთესად გამოგვდის, ვიდრე თანაცხოვრება.

– შესაძლოა, რომ შერიგდეთ?

– შერიგებით – არა.

– როგორ ადამიანს ისურვებდით გვერდით, რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რითიც მამაკაცს აირჩევთ?

– ძალიან რთული კითხვაა. ჩამოყალიბებულ პასუხს ვერ გაგცემთ, როგორი მამაკაცი უნდა იყოს ჩემ გვერდით, არც კრიტერიუმები მაქვს. სწორად არ მიმაჩნია, კრიტერიუმების მიხედვით არჩევდე ვინმეს. ჩემთვის მთავარია ადამიანური ურთიერთობები და ის, რომ მასთან თავს კარგად გრძნობდე. ეს ნებისმიერ ურთიერთობას ეხება.

– ახლა თქვენს გოგონასაც ხომ არ აქვს დედის დეფიციტი, როგორც ბავშვობაში თქვენ?

– განსხვავება დროის ფაქტორშია. მე ნიტას მეტ დროს ვუთმობ, რადგან სამსახური ამის საშუალებას მაძლევს. როდესაც პოლიტიკაში მომუშავე ჟურნალისტი ხარ, მაშინ ეს ვერ ხერხდება. სამსახურიდან რომ მივდივარ, მე და ჩემი შვილი მთელ დროს ერთად ვატარებთ.

– როგორი ბებიაა თამარი?

– თამუნასა და მის ბებიობაზე ძალიან ბევრი შემიძლია, ვილაპარაკო. რაც ჩემთან ვერ გააკეთა სხვადასხვა მიზეზის გამო, ნიტასთან ყველაფერს ერთად ინაზღაურებს. შვილიშვილის მიმართ უზომოდ მზრუნველი, თბილია, ყველაფერს უთმობს. მასთან ზუსტად ისეთი ხდება, როგორიც ნიტას უნდა, რომ იყოს – თამაშს ვგულისხმობ. თუკი თავისუფალი დრო აქვს, ყოველთვის ნიტასთან არის. ნიტაც ამით სარგებლობს და, თუ რამის ყიდვა უნდა ან რამე სურვილის ასრულება, ჩემ მაგივრად თამუნასთან მირბის.

– როგორი ბავშვია ნიტა?

– მოუსვენარი, ძალიან აქტიური. ყველაფერი აინტერესებს და ერთი წამი არ ჩერდება.

– ვინ გეხმარებათ შვილის გაზრდაში?

– საბავშვო ბაღში დადის და ძიძაც მეხმარება.

– დედასთან ერთად ცხოვრობთ?

– კი, ჯერჯერობით მე, დედა და ბავშვი ვცხოვრობთ ერთად.

– სამსახურის, ოჯახის მიღმა რა ინტერესები და გატაცებები გაქვთ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– თავისუფალ დროს, რა თქმა უნდა, ნიტასთან ვატარებ. როცა ბავშვი მამასთან ერთად არის, ჩემს მეგობრებთან ვარ, ისინი განტვირთვაში მეხმარებიან. ვცდილობთ, დასვენების დღეებში ქალაქგარეთ გავიდეთ. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ბევრ რაღაცას ვასწრებ-მეთქი, რადგან ამდენი დრო არ მაქვს.

– ვიცი, რომ ძალიან ახლო მეგობრები ხართ თქვენ და მაკო კვიტაიშვილი – მომღერალი და ტელეწამყვანი. როდის დამეგობრდით?

– ჩვენი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა ბექა გავიცანი. მაკო ბექასგან გავიცანი, მისი საუკეთესო მეგობარი იყო. მაკო ძალიან მიყვარს და კარგი მეგობარია, თან ძალიან ვგავართ ერთმანეთს ხასიათებით, ზოგი გარეგნობითაც გვამსგავსებს. ხასიათებით ერთი-ერთში ვართ და ამიტომაც ვუგებთ ასე კარგად ერთმანეთს. მაკო ნიტას ნათლიაა.

– დედა თუ გაძლევთ პროფესიულ რჩევებს?

– რა თქმა უნდა. დედა კრიტიკული თვალით მიყურებს. უნდა, კარგი ვიყო და შენიშვნებს ამიტომაც მაძლევს. თითქმის ყოველი ჩართვის მერე მირეკავს და მეუბნება, რა იყო კარგი.

– ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– რა თქმა უნდა, თამუნასი. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ყველაფერში ვთანხმდებით-მეთქი, მაგრამ ის არასოდეს ერევა არც ჩემს პირადში და არც საქმიანობაში. არ არსებობს, მკითხოს, რა ხდება სამსახურშიო. ისედაც ყველაფერს მატყობს. შეიძლება სხვამ ვერ შემამჩნიოს, მაგრამ ხომ იცით, დედები როგორები არიან, მართლა ყველაფერს მატყობს.

ადრე არაფერში ვუჯერებდი, ეს ალბათ ასაკობრივი პროტესტი იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ უნდა, უკეთესი ვიყო და უკეთესად ვიყო, ამიტომ ვცდილობ, რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია, ყველაფერი გავითვალისწინო. ვინ მოგცემს უკეთეს რჩევას და დარიგებას, თუ არა დედა?!

– რითი განსხვავდებით და რითი ჰგავხართ ერთმანეთს დედა-შვილი?

– მე უფრო გაფანტული ვარ, თითქოს დავფრინავ, ის აბსოლუტურად ყველაფერში მობილიზებულია. მე ფეთქებადი ვარ, დედა ძალიან გაწონასწორებულია. იმით ვგავართ ერთმანეთს, რომ ორივეს ძალიან ხისტი ხასიათი გვაქვს, ასევე, სწორად გაანალიზების უნარი გაგვაჩნია. ეს თამუნამ მასწავლა და ამას ვამბობ და ვიტყვი ყველგან. მან მასწავლა, რაღაც ამბიდან სწორად გამოიტანო ის, რა არის კარგი და რა – ცუდი. მგონია, რომ ცუდის და კარგის გარჩევა ყველაზე მაგარი რაღაც არის.

– ბოლოს თქვენს გარეგნობასა და ჩაცმის სტილზეც გკითხავთ.  24 წლის ასაკში როგორ ზრუნავთ ამ ყველაფერზე?

– ძალიან ჩვეულებრივად, არაფერი მაქვს გაკეთებული. რაც შეეხება ჩაცმას, თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, გამოპრანჭვა არაფრით შემიძლია. ახლა კი შეიძლება მოითხოვოს ეთერმა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ისეთ სტილში წავიყვან, ზედმეტი არაფერი იქნება.