“მინდა, ვიპოვო შვილი, რომელიც 1966 წელს შეგვეძინა და დედამისმა წაიყვანა ჩემგან და დამიმალა”

"მინდა, ვიპოვო შვილი, რომელიც 1966 წელს შეგვეძინა და დედამისმა წაიყვანა ჩემგან და დამიმალა"მინდა, შვილის პოვნაში დამეხმაროთ. მართალია, დიდი ხნის ამბავია, მაგრამ იქნებ არსებობდეს ვინმე, რომელიც შვილს მომაძებნინებს. უკვე ასაკში ვარ და ახლა უფრო მეტად გამიძლიერდა სურვილი, ჩემი ბიჭი ვნახო.

ეს ისტორია 1965 წლის შემოდგომით დაიწყო. შევხვდი 28 წლის გოგოს, რომელიც მაშინ აზერბაიჯანში ავტომანქანების, ტრაქტორების სარემონტო ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა. მას ყველა ნინა გრიგორევნას ეძახდა. გვარი არ მახსოვს, მგონი, ალისევსკაია იყო.

მაშინ 30 წლის ვიყავი, უცოლშვილო. ნინო გრიგორევნა კი ქმარს იყო გაშორებული. ერთი შვილი ჰყავდა – პატარა გოგონა.

მე და ამ ქალმა ერთად ცხოვრება დავიწყეთ. 1966 წელს შეგვეძინა ბიჭი, რომელსაც იური დავარქვით. ბავშვი 4 თვის იყო, როცა ნინამ მითხრა, უნდა გაგშორდეო. ვთხოვე, ეთქვა, სად მიდიოდა, მაგრამ დამიმალა, გამომიცხადა, არ გეტყვი, სად წავალო.

ჩემგან მართლაც წავიდა და იურიც წაიყვანა. ნინას სამსახურში მივედი, რომ ჩემი შვილის და ამ ქალის ამბავი გამეგო, მაგრამ არც იქ მითხრეს. შეიძლება დამიმალეს ან მართლა არ იცოდნენ მისი ასავალ-დასავალი.

ამის შემდეგ მე საქართველოში დავოჯახდი, სამი შვილი შემეძინა. ამჟამად კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. ნინასთან დაშორების დღიდან შვილი აღარ მინახავს და მათზე არც არაფერი მსმენია.

ძალიან მაინტერესებს, ჩემი შვილი როგორი კაცი დადგა. მინდა, გავიცნო და ყველაფერი ვუამბო, რაც ჩემსა და დედამისს შორის მოხდა.

“სარკის” მკითხველების იმედი მაქვს, იქნებ დამეხმაროთ და დაკარგული შვილი მაპოვნინოთ.

“სარკის” ერთგული მკითხველი