მარიამ მახათაძე: “მამასთან ურთიერთობა არ მაქვს, რაც დიდი ტკივილია ჩემთვის”

მარიამ მახათაძე: "მამასთან ურთიერთობა არ მაქვს, რაც დიდი ტკივილია ჩემთვის"ირმა ჭკუასელი, სარკე

23 წლის მარიამ მახათაძის ძალიან დიდი ოცნებაა, მამას შეხვდეს და მასთან ურთიერთობა ჰქონდეს. 8 თვის იყო, როცა მისი მშობლები გაიყარნენ და ბავშვობიდან მოყოლებული ამ დარდს დაატარებს. თუმცა ეს ადამიანებთან ურთიერთობისას არ ემჩნევა და ამას ვერც პროექტ “მხოლოდ ქართულში” შეატყობთ.

მარიამი ყველასთვის პოზიტიური, დადებითი ენერგიით დამუხტული გოგოა და არც კონკურსანტებს აღიქვამს მეტოქეებად, თითოეულს თავის მეგობრად მიიჩნევს. მისთვის უპირველესი სცენაზე დგომა და სიამოვნების მიღებაა.

– მარიამ, სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვათ, თქვენს ოჯახში სხვებიც მღერიან?

– ძალიან მუსიკალური ოჯახიდან ვარ. დედაჩემის დედის, ანუ ბებიაჩემის, ძმა იყო ბატონი გურამ ყურაშვილი, რომელიც აფხაზეთის ეროვნული კაპელის ქორმაისტერი გახლდათ. ახლახან გარდაიცვალა და ეს კაპელაც მისი სახელობის არის. დეიდას კონსერვატორია აქვს დამთავრებული. დედაჩემი “ერისიონის” სოლისტი იყო. დედაც კარგად მღერის და მამაც.

ძალიან პატარა, 8 თვის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები გაშორდნენ. მამასთან დღემდე არ მაქვს ურთიერთობა და ეს ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვის. დედას მეორე ქორწინებიდან შვილი არ ჰყავს. ჩემს მამობილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, ვაჟი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მე, დედას, დედის მეუღლეს და ჩემს ძმას, რომელთანაც სისხლით ნათესაური კავშირი არ მაქვს.

5-6 წელია, რაც დედა და ჩემი მამობილი ერთად ცხოვრობენ და ძალიან შეხმატკბილებული ვართ. მამის მაგივრობასაც მიწევს, იმდენად კარგი პიროვნებაა. ახლა ძალიან მგულშემატკივრობს.

– თქვენ რა ასაკიდან ამღერდით?

– ბავშვობიდან ვმღერი. მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე. ამჟამად იურისტი ვარ, მაგისტრატურის პირველ კურსზე ვსწავლობ, მაგრამ ვაპირებ, კონსერვატორიაში ჩავაბარო ვოკალის განხრით.

– რატომ გადაწყვიტეთ იურისტობა?

– ბავშვობიდან მომწონს. მიყვარს სამართლიანობის დაცვა და მინდა, უფრო აკადემიური ხაზით წავიდე და ლექტორი გავხდე კერძო სამართლის მიმართულებით.

– მუშაობთ თქვენი პროფესიით?

– თავიდან რამდენიმე ბანკში ვმუშაობდი, მერე, სანამ პროექტში მოვიდოდი – ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში. ამჟამად სწავლაც შეჩერებული მაქვს და მუშაობაც, რადგან დრო არ მაქვს.

– კარგი სამსახური, მიზნები გქონიათ და რატომ გადაწყვიტეთ, კონკურსანტი გამხდარიყავით?

– როგორც კი ეს პროექტი გამოჩნდა ეკრანზე, ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო. აქ რომ მოვედი, იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ამ პროექტში ისეთ მუსიკოსებთან გაქვს ურთიერთობა, რომ ყველანაირად გიკვალავენ გზას საკუთარი თავის საპოვნელად, რომელ ჟანრში ხარ უფრო ძლიერი და ზოგადად რა გინდა მუსიკაში.

– ვის მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ კონკურენტად?

– იმდენად შეკრული გუნდია, კონკურენცია არ იგრძნობა. ერთმანეთისგან მხარდაჭერას ვგრძნობთ. ჩვენთვის თითოეული ტური კონკურსი კი არ არის, არამედ ჯადოსნური კონცერტი და გამომსვლელები ერთმანეთს ვავსებთ.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად გაქვთ გამარჯვების შანსები?

– ჩემთვის ყველაზე სანერვიულო ის არის, რომ ზარებით მხარდაჭერა მაკლია. სხვა მხრივ, როდესაც სცენაზე გამოვდივარ, სიამოვნებას უფრო ვიღებ, ვიდრე ვნერვიულობ. ჩემი გამარჯვების შანსები დამოკიდებულია გულშემატკივარზე. მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ საკუთარი თავი წარმოვაჩინო და ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტიც ვარ. ვძლიერდები, როდესაც კომპეტენტური მუსიკოსები ჩემ მიმართ დადებით ემოციებს გამოხატავენ. ამიტომაც მინდა, პროექტში დიდხანს დავრჩე.

– გამოგიცდიათ ისეთი ძლიერი განცდა – სიხარულთან ან მწუხარებასთან დაკავშირებული, რამაც კვალი დატოვა თქვენს პიროვნებაზე? ანუ თქვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი ან ყველაზე კარგი მოგონება რა არის?

– ცუდი მოგონება ის არის, რომ ძალიან მინდა, ერთ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა და, სამწუხაროდ, არ მაქვს – მამაჩემს ვგულისხმობ. ეს ბავშვობიდან ტკივილად დამდევს. არ მიყვარს ჩემს სევდაზე საუბარი და ასე საჯაროდ არასდროს ვლაპარაკობ, მაგრამ სულ გულში მაქვს. მინდა, მამასთან მქონდეს ურთიერთობა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამომდის.

– მას არ აქვს ამის სურვილი?

– შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ამიტომ საერთოდ არ ვიცი, რას ფიქრობს. ჯერჯერობით მეც გაურკვევლობაში ვარ და ალბათ ისიც.

– არ გიცდიათ, მამას შეხვედროდით?

– ეტყობა, ფსიქოლოგიურად ჯერ არ ვარ მზად, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა. რაღაც უკან მხევს და ალბათ ისიც ასეა.

– როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

– ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც პროექტის ათეულში დამასახელეს, თან პირველი ჩემი სახელი და გვარი თქვეს. ჟიურის წევრმა სოფო ნიჟარაძემ გამოაცხადა, მარიამ მახათაძე გახდა ათეულის წევრიო.

– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდით, რა თვისებებით გამოირჩევით?

– ვცდილობ, ჩემში ნეგატიური, უარყოფითი ემოციები გავაქრო. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინაც დიდ პოზიტივს გამოვცემ. მხიარული, მეგობრული ვარ. ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანს ვახარებ. მეგობრებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან თბილი, მეგობრული და პოზიტიური ვარ.

– ცუდ ხასიათზე რა გაყენებთ, ყველაზე უარყოფითად რა მოქმედებს თქვენზე?

– როცა მატყუებენ ან ვგრძნობ, რომ ჩემ ირგვლივ ვინმე იჩაგრება და უსამართლობა ხდება. ასეთ ადამიანს გვერდზე არასოდეს ჩავუვლი, აუცილებლად ჩავერევი. შეიძლება ჩემი ხასიათის ცუდი მხარე ის არის, რომ ფიცხი ვარ, როცა მაბრაზებენ, თუმცა ეს თვისება ცოტ-ცოტა დავაბალანსე, დადებითისკენ გადავწიე.

– სიყვარულიც ძალიან ცვლის ადამიანს. ყოფილხართ შეყვარებული?

– კი, შეყვარებული მყავს, ცოტა ხანია, რაც ეს ურთიერთობა დაიწყო.

– ახალ წელს მასთან ერთად ხომ არ შეხვდით?

– ეს ოჯახური დღესასწაულია და ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდები. 31 დეკემბერს ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი.

– როგორი კაბა გეცვათ?

– ჩემი წელია, ვირთხის წელში ვარ დაბადებული და ახალ წელს ძალიან ფერადი ვიყავი, ჭრელი ტანსაცმელი მეცვა. ნაძვის ხეც ასეთი მაქვს – ჭრელი და გრანდიოზული. წელს განსაკუთრებულად მოვემზადე, რადგან ჩემი წელია და ციფრებიც ძალიან მაგარია – 2020! ამ წელიწადისგან ძალიან დიდ წარმატებას ველოდები და შესაფერისად დავხვდი.

– მგონი, სარკესთან ძალიან მეგობრობთ. გიყვართ გაპრანჭვა?

– კი, ძალიან პრანჭია ვარ. მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები. სულ ვცდილობ, მოწესრიგებული ვიყო, კარგად ჩავიცვა. ყოველდღე სხვადასხვა რაღაც მაცვია. სახის კანის მოვლა ძალიან მიყვარს. არ არსებობს ისეთი დღე, გარეთ მოუწესრიგებელი გავიდე.