“მან ყველა ღონე იხმარა, რომ მომწონებოდა” – მაცაცო სებისკვერაძის სიყვარულისა და სიმღერის გზა

"მან ყველა ღონე იხმარა, რომ მომწონებოდა" - მაცაცო სებისკვერაძის სიყვარულისა და სიმღერის გზაია ქუთათელაძე, სარკე

“სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება” – ეს სიტყვები საოცარი სიზუსტით ასახავს კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის განვლილ გზას. 18 წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი სიმღერა და უკვე 55 წელია მსმენელის გულსა და სულს ატკბობს მისი მელოდიები.

კომპოზიტორ რეზო ლაღიძეს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდა, განსაკუთრებულად მოსწონდა ახალგაზრდა კოლეგის გამორჩეულად ქართული, ინდივიდუალური სტილი და ყოველთვის უმეორებდა – ასე გააგრძელე, “ფოკუსნიკური” მუსიკისკენ არ გაიხედოო. და მართლაც, მაცაცო სებისკვერაძის მიერ შექმნილი სიმღერები ძალიან ქართული, არაყალბი, ჟრუანტელის მომგვრელია.

კომპოზიტორის ცხოვრება, შემოქმედება უამრავი საინტერესო ისტორიით, მოვლენით არის სავსე, რომლებსაც ქალბატონი მაცაცო “სარკესთან” იხსენებს.

– ვიცი, რომ ბებიამ შეგარქვათ მაცაცო და დღეს მთელი საქართველო ამ სახელით გიცნობთ. თქვენი ნებართვით, მეც სიამოვნებით ვისარგებლებ ამით და ამ სახელით მოგმართავთ.

– პატარაობისას ბებია მეფერებოდა, ჩვენი მაცაცო, ჩვენი მაცაცუნა გოგოო და ასე შემრჩა ეს სახელი. დღეს რუსუდანის დაძახებაზე შეიძლება არც გამოვიხედო.

– ქალბატონო მაცაცო, მაშინ გავუყვეთ გზას შინისაკენ. გაიხსენეთ ბავშვობა, თქვენი დაწყვილება მუსიკასთან, მნიშვნელოვანი დღეები, ადამიანები, რომლებმაც გარკვეული როლი ითამაშეს თქვენს ცხოვრებაში.

– მთავარი ადამიანები მშობლები იყვნენ. მათ სკოლის ასაკიდან უყვარდათ ერთმანეთი, სტუდენტობის პირველივე წელს შეუღლდნენ და მალე მეც გავჩნდი. პატარა ასაკიდან მახსოვს გზა და მატარებელი, როცა მშობლებს ზესტაფონში მივყავდი ბებია-ბაბუასთან, მგზავრების ხუმრობანარევი შეკითხვა: “ნეტავ, ეს ბავშვი ამ ბავშვების ბავშვია?”.

მამა აგრონომი იყო. კახეთში, შირაქის ველზე გაუშვეს სამუშაოდ და ჩვენც წაგვიყვანა. გაოცებული შევყურებდი თვალუწვდენელ პურის ყანებს, როგორ ნელ-ნელა გადადიოდა მწვანე ფერი ოქროსფერში, როგორ თავთავდებოდა და მწიფდებოდა პური…

ჩემს მშობლებს უყვარდათ კინო, თეატრი, ოპერა, ცეკვა, სიმღერა. სპექტაკლების სანახავად თბილისში ჩამოდიოდნენ. ერთხელ პრემიერის სანახავად ჩამოსულებმა სალაროში ბილეთი ვერ იშოვეს. მამა თეატრის დირექტორთან შევიდა და უთხრა, შირაქიდან ჩამოვედით პრემიერისთვის, უარი არ მითხრათ, როგორმე ბილეთი მომეცითო. მახსოვს, დედის ბედნიერი სახე, როცა მამა ბილეთებით გამოვიდა.

სასკოლო ასაკის როცა გავხდი, ჩვენი ოჯახი ზესტაფონში დაბრუნდა, რადგან შირაქში სკოლა არ იყო. მამამ ზესტაფონში დაიწყო მუშაობა, სახლიც ააშენა. გვქონდა ჩვეულებრივი ხაზის რადიო. მე და ჩემმა დამ ზეპირად ვიცოდით ყველა გადაცემის დრო. ვუსმენდით სიმღერებს, რადიოდადგმებს, განსაკუთრებით “პოეზიის ხუთი წუთი” გვიყვარდა. ზესტაფონში ჩქეფდა თეატრალური ცხოვრება, ჩამოდიოდნენ გასტროლებზე, თეატრში იდგმებოდა წარმოდგენები. მშობლებს ყველგან დავყავდით.

მუსიკასთან როდის დავწყვილდი, ასე კონკრეტულად არ მახსოვს. სულ მიზიდავდა, მიყვარდა მოსმენა, ვმღეროდი, ამიტომ მუსიკალურ სკოლაში გადაწყვიტა დედამ ჩემი მიყვანა.

გამოცდებზე მითხრეს: “ალბათ “ჟუჟუნა წვიმას” გვიმღერებ”. “არა, “დაისის” უვერტიურას”, – ვუპასუხე. “რა?!” – გაიკვირვეს მასწავლებლებმა. “დაისის” უვერტიურას”, – გავიმეორე და დავიწყე მელოდიის შესრულება. დედა, ეს რა გენიოსი მოგვევლინაო, გაიცინეს და მიმიღეს.

კარგად ვსწავლობდი. ერთხელ ჩვენს სასწავლო ოთახში დირექტორმა შემოიხედა, რა კარგია, მაცაცო რომ არის გაკვეთილზე. კულტურის სამინისტომ შემმოწმებელი გამოაგზავნა და თქვენთან შემოვიყვანო. გაკვეთილზე დაგვესწრო ქალბატონი, რომელიც,შემდეგ გავიგე, ნათელა კენჭიაშვილი იყო.

საღამოს მუსიკალური სკოლის დირექტორი მოვიდა დედასთან და უთხრა, ნუნუ, ქალბატონმა ნათელამ თქვა, ეს ბავშვი ნიჭიერთა ათწლედში უნდა სწავლობდეს, თუ ჩამოიყვანენ თბილისში, ჩემთან მოიყვანონ, დავეხმარებიო.

მშობლებმა ითათბირეს და გადაწყდა – დედა და შვილები წავიდოდით თბილისში, იქ ბინა გვქონდა ბარნოვის ქუჩაზე და საცხოვრებლის პრობლემა არ გვექნებოდა. მამა სამსახურის საქმეებს მოაგვარებდა და მოგვიანებით ჩამოვიდოდა.

ნათელა კენჭიაშვილი იყო ის, ვინც პირველმა შეაფასა ჩემი ნიჭი და მომცა მიმართულება. მისი მოსწავლე გავხდი და სასწავლებელი წარჩინებით დავამთავრე.

სამწუხაროდ, მამა ვეღარ ჩამოვიდა. მას მოულოდნელად მუცელი ასტკივდა, ექიმთან მისვლა არც უფიქრია, მალე გამივლისო. მეზობელმაც უთხრა, სათბურა დაიდე, ალბათ გაცივდიო. ეს იყო ტრაგიკული შეცდომა. ბრმანაწლავგახეთქილს პერიტონიტი დაემართა და ვერ გაადარჩინეს.

– კონსერვატორიაში სწავლობდით საფორტეპიანო განყოფილებაზე. როგორ შემოგეპარათ სიმღერა პროფესიაში?

– კონსერვატორიაში რვა გამოცდა ჩავაბარე და რვა ფრიადი მივიღე. სიმღერის შექმნა სპონტანურად მოხდა. დაბადების დღეზე დედამ მედეა კახიძის ლექსების კრებული მაჩუქა. გადავშალე და უცებ მხვდება სტრიქონი – “ვარ მზითა და სიყვარულით ხვავრიელი”. საოცრად მომეწონა, გავაგრძელე კითხვა და ისევ – “მე ვარ ახლად გამომწვარი დედამიწა და შენს ირგვლივ დღე და ღამე ვბრუნავ”.

ამ დროს ვარ 18 წლის გოგო, რომანტიკული, მეოცნებე, მიყვარს თავად სიყვარული! შემიპყრო აღმაფრენამ და თავისთავად მოვიდა მელოდია. ასე დაიწერა პირველი სიმღერა.

ჩემი მეზობელი იყო მანანა შარაშიძე, რომელიც მაშინ უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა და მედეა ძიძიგურთან ერთად დუეტში მღეროდა. უკვე სახელგანთქმულები იყვნენ, მოდურები. სიმღერა მანანას მოვასმენინე, თან ვუთხარი, ეს ორი ხმისთვის უკეთესი იქნება-მეთქი. მაშინვე აიტაცა, მედიკოსთან ერთად ვიმღერებო. ბატონი აკაკი ძიძიგური ტელევიზიის დირექტორი იყო და სიმღერა ტელევიზიით გაჟღერდა.

შემდეგ დედის თანამშრომელმა ნანი ბრეგვაძესთან წამიყვანა. ის უკვე “ორერაში” მღეროდა და პოპულარული იყო. სიმღერა ნანისაც მოეწონა და თავის დეიდაშვილ ცისანასთან ერთად ხშირად მღეროდა. მოკლედ, თბილისში დაბადების დღე ან ლხინის სუფრა ისე არ დამთავრდებოდა, ჩემი სიმღერა არ ემღერათ.

აქ უკვე გამოჩნდა ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი. ტელევიზიაში ყოველთვიურად გადიოდა სატელევიზიო ჟურნალი ქალებისათვის “იავნანა”, რომლის რედაქტორი იყო ქალბატონი ნუნუ ხავთასი – ფუმფულა, ომახიანი, საქმიანი, ენერგიული. უკითხავს, ვისია ეს სიმღერა, მანანა და მედიკო რომ მღერიანო. უპასუხეს, პატრა გოგოა, ცნობილი არ არისო. დამიბარა და მითხრა, ამ სიმღერას ჩემს ჟურნალში (გადაცემაში) გავუშვებო.

მართლაც ასე მოხდა. მერე მითხრა, იცოდე, როგორც კი ახალ სიმღერას დაწერ, მოიტანე და მაშინვე ტელევიზორში გამოგიყვანო. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

მეორე სიმღერის დასაწერად ბიძგი ისევ ლექსმა მომცა. როცა წავიკითხე “ვარსკვლავების ჩიხტიკოპით დახურული საქართველოს მადლიანი ზეცა”, ჟრუანტელმა დამიარა, გავითანგე. ის პატრიოტული ნაპერწკალი, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია, აკიაფდა და დაიბადა სიმღერა “ვკეცე, ვკეცე”, რომელიც პირველად ტალანტების კონკურსში გამარჯვებულმა ქალთა ტრიო “პალიტრამ” შეასრულა.

განსაკურთებული სიცოცხლე ამ სიმღერამ “ქართული ხმების” შესრულებით შეიძინა. გოგი დოლიძემ მითხრა, მაცაცო, ზაურ ბოლქვაძე ისე მღერის, რომ მოისმინო, არ გადარჩებიო. ვუთხარი, მოიყვანე, მოვისმენ, იქნებ მაინც გადავრჩე-მეთქი. მართლაც უნიკალურად მღეროდა.

– თქვენ მუშაობდით და მეგობრობდით დიდ რეზო ლაღიძესთან. როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?

– კონსერვატორია დავამთავრე, ცოტათი ცნობილიც ვიყავი უკვე ჩემი სიმღერებით. ამ დროს პუშკინის სახელობის ინსტიტუტში გაიხსნა მუსიკის კათედრა, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც ბატონი რეზო ლაღიძე გახლდათ. კიდევ ერთი ჩემი მეზობელი ჩაერია კეთილი სიტყვით ჩემს ცხოვრებაში – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი ვანო სარიშვილი. ინსტიტუტის რექტორს დაურეკა, ერთ ნიჭიერ გოგოს რეზოსთან დააწყებინე მუშაობა, სიმღერებს წერს, ხელი უნდა შევუწყოთო.

ბატონ რეზოს მოსწონდა ჩემთან საუბარი, განსაკურთებით – იმერული კილო, რომელსაც ზოგჯერ გამოვურევდი, თავადაც იმერელს ესლაბუნებოდა იმერული გამოთქმები.

როცა გავთხოვდი, მკითხა, როგორი ბიჭია, ხომ უყვარხარო, მერე – სმა და ქეიფი თუ უყვარსო. შევიშმუშნე და ჩუმად ჩავილაპარაკე, კი, უყვარს ქეიფი-მეთქი. გაიცინა, აბა, კარგი ბიჭი ყოფილა, უკვე წყნარად ვარო.

ჩემს სიმღერებს ვასმენინებდი, მიფასებდა: “ეს ძალიან კარგია”, “აქ კარგი გადასვლა იყო”, “კარგი “პესნაა”, “მე უნდა მომასმენინო, აბა, ვის?!..”.

უკვე შეუძლოდ იყო, როცა მითხრა, მაცაცო, ახლა რომ წერენ “ფოკუსნიკურ” სიმღერებს, მათ არ აჰყვე, შენი სტილი და ინდივიდუალურობა შეინარჩუნე, გული მწყდება, კინოში რომ არ მუშაობ, მოვკეთდები და ყველა რეჟისორს გაგაცნობ, ვიცი, კარგ კინომუსიკას დაწერო. ვეღარ მოასწრო, ვეღარ გამოკეთდა.

რამდენიმე სპექტაკლი მუსიკალურად გავაფორმე, კინომუსიკა კი ოცნებად დამრჩა, თუმცა დღევანდელ ფილმებს რომ ვუყურებ, ვერც ვხვდები, რა უნდა დავუწერო. ეტყობა, არც მათ იციან, ვინც ამ ფილმებისთვის წერენ – ფილმი სხვაა, მუსიკა სულ სხვაგან მიდის, სხვა ემოცია, გაუგებარი ნოტები… არადა თუ რამ კარგი სიმღერა შექმნილა, სულ ქართულ ფილმებში გაჟღერებულა და დღემდე ცოცხლობენ.

– რადგან ბატონ რეზოს მოეწონა თქვენი პირადი არჩევანი, იქნებ მოგვიყვეთ თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე.

– 27 წლის ვიყავი. უკვე შემდგარი კომპოზიტორი. ბევრი მეგობარი მყავდა, განსაკურთებით – ვაჟები. უყვარდათ ჩვენთან თავმოყრა და დედაჩემს სთხოვდნენ, ოღონდ თქვენთან ვიქეიფოთ და ბევრი არაფერი გვინდა – მაცაცოს სიმღერები, პური და ყველიო. ძალიან მიფრთხილდებოდნენ. ჩვენი ძმა ხარო, ხანდახან ხუმრობით ამასაც მეტყოდნენ.

გათხოვებაზე დიდად არ ვფიქრობდი. თანატოლი ყმაწვილები ცოტა თავქარიანებად, დაუღვინებლებად მეჩვენებოდნენ. მე ვსწავლობდი, დღეში 5-6 საათი ვმეცადინეობდი. სერიოზული, ოჯახისმოყვარე გოგო ვიყავი.

ედუარდ გერსამიას შემთხვევით შევხვდი. 37 წლის იყო – მეცნიერი, უკვე პროფესორი. საკავშირო ინსტიტუტში მუშაობდა. ერთ დღეს თავის დირექტორთან ერთად იყო სუფრასთან. რომ გამეცნო და სახელი მითხრა, გამეცინა, ცკ-ის მდივანი ედუარდ შევარდნაძე გამახსენდა. ვუთხარი: “ეს რა სახელი გქვია, მაგას ვერ დაგიძახებ. შინაურული, შერქმეული სახელი არაფერი გაქვს, რომ ის დაგიძახო?”. მითხრა, გვარის გამო სკოლაში გერციკას მეძახდნენო. მეც გერციკას დაგიძახებ-მეთქი, ვუთხარი.

მართლაც ასე ვეძახდი. შემდეგ ჩემი დედამთილი ბუზღუნებდა, მაგას კარგი სახელი დავარქვი და ის დაუძახოსო.

მოკლედ, ვსხედვართ სუფრასთან და ვმღერი – “დელი, დელი, დელასა, შენ მირჩევნიხარ ყველასა”… დირექტორი მიუბრუნდა გერციკას და სიცილით უთხრა, მგონი, შენ გიმღერისო. ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. არც პირველი დანახვით შემყვარებია და მერეც დიდხანს ვყოყმანობდი. მან ყველა ღონე იხმარა, რომ მომწონებოდა. მაშინვე მიხვდა, ვინ ვიყავი, როგორი შინაგანი ბუნება მქონდა, რომ კარგი მეუღლე და კარგი დედა ვიქნებოდი.

სერიოზული დამოკიდებულება მქონდა ოჯახის მიმართ. ვფიქრობდი, რომ მეუღლის სახით ძლიერი საყრდენი მქონოდა. დედამ მითხრა გადამწყვეტი სიტყვა – შვილო, 10 წელი დიდი სხვაობა არ არის, შემდგარი კაცია, პროფესორი, კარგ შვილებს გაზრდითო.

მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს. მას ეამაყებოდა ჩემი სახელი, მე – მისი განათლება. შვილები სიყვარულში გავზარდეთ. არც დამხმარე ქალი მყოლია და არც ძიძა. ყველაფერს ვასწრებდი. ჩემი მეუღლე ხშირად მეტყოდა, მაცაცო, ეს საქმე შენ უკეთესად გამოგივაო და დამშვიდებული მიდიოდა სამსახურში.

– თქვენი ქალ-ვაჟიდან მარიკა სამეცნიერო სამუშაოს გაჰყვა, დავითი კი ხელოვნებას ემსახურება. მას არ ჰქონია სურვილი, მუსიკისკენ წასულიყო?

– დათუნას ხმაც კარგი ჰქონდა და მუსიკალური ნიჭიც, მაგრამ არც ერთმა მოვინდომეთ მუსიკოსობა ან მომღერლობა. ვიცოდი, რა რთულია ჩვენს სფეროში ყოფნა, არ ვურჩიე, ამ გზას გაჰყოლოდა. სამი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, ორი – საქართველოში და ბოლოს ინგლისში – კინოაკადემია. ინგლისში მისი ნამუშევრები რომ ნახეს, უთხრეს, უკვე ისეთი პროფესიონალი ხარ, ჩვენ ვეღარაფერს გასწავლითო.

– თქვენს სიმღერებს საუკეთესო მომღერლები მღეროდნენ და მღერიან, ყველა სიმღერა ცოცხლობს. მსმენელი პირველივე ნოტიდან ხვდება, რომ ეს არის მაცაცო. რა საიდუმლო მაგია ჩააქსოვეთ ისეთი, დღემდე რომ ატყვევებს ადამიანების გულებს?

– ჩემთვის პირველი არის სიტყვა. ლექსმა სული უნდა ამიფორიაქოს, ამიყოლიოს, სიმღერის შექმნა მომანდომოს. ვერ გეტყვით, ზუსტად როგორ ვარჩევ. არიან დიდი პოეტები, მაგრამ მე ვერ ავამღერე. შეიძლება ერთმა სტრიქონმა შემომკრას, გამომაღვიძოს, სანუკვარი რამ გამახსენოს, ოცნების სამყარო მომატაროს.

ერთხელ ჯანსუღ ჩარკვიანთან მივედი, მისამღერი მჭირდებოდა. დამიწერა და თან მეორე ლექსი საჩუქრად მომცა. მწერალთა კავშირიდან ტაქსით წამოვედი. იქვე გავშალე ფურცელი და წავიკითე – “მზითა და მთვარით ამავსებს შენი ნათელი სახეო”. სანამ სახლში მივედი, უკვე ვიცოდი, როგორ უნდა დამეწერა, მისამღერი როგორი იქნებოდა. ისიც ვიცოდი, რომ გოგი დოლიძეს ვამღერებდი. თითოეულ ფრაზას ვაგემოვნებდი, როგორი ტემბრით, როგორი რიტმით, როგორი გრძნობით უნდა ემღერა.

ყველაზე კარგად მე ვიცი, რას განვიცდი, როცა სიმღერა იწერება, ისიც ვიცი, როგორ უნდა შესრულდეს. სანამ ცოცხალი ვარ, ვერავის მივცემ უფლებას, ჩემი სიმღერა საკუთარი ინტერპრეტაციით ან სხვა არანჟირებით შეასრულოს. მე როგორც დავწერე, ისე უნდა შესრულდეს!

– დაბოლოს, ჩვენი ჟურნალის სახელით გილოცავთ შემოქმედებით იუბილეს. 55 წელი – ეს არის დიდი წარმატების წლები. თქვენ საუკეთესო კომპოზიტორების რიცხვში ხართ. რას ეტყვით ამ გადასახედიდან ჩვენს მკითხველს?

– ეს იყო დაუღალავი შრომის, ძიების, შექმნის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის წლები. მადლობა ჩემს მსმენელს, რომელიც ასე ერთგულად მომყვება. სიმდიდრეს გამოკიდებული არ ვყოფილვარ. ვიცი, ამქვეყნიდან არავის არაფერს ატანენ. მთავარი რაც რჩება, სახელი და დათესილი სიკეთეა. ცხოვრობ იმისთვის, რომ ადამიანები გიყვარდეს. იცხოვრეთ სიყვარულისთვის – ეს გადაგვარჩენს!