გვანცა გიორგობიანი: “შეიძლება ამ ინტერვიუს შემდეგ სასწაული მოხდეს და ვინმემ მითხრას: “გვანცა, მჭირდები”

გვანცა გიორგობიანი: "შეიძლება ამ ინტერვიუს შემდეგ სასწაული მოხდეს და ვინმემ მითხრას: "გვანცა, მჭირდები"ირმა ჭკუასელი, სარკე

მსახიობი გვანცა გიორგობიანი თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უსაქმოდ არასოდეს ყოფილა. სხვადასხვა თეატრებში მუდმივად ჰქონდა როლები და დასამახსოვრებელ სახეებსაც ქმნიდა. მერე მის ცხოვრებაში არჩევანის დრო დადგა – ან თეატრში უნდა დარჩენილიყო, სადაც დაბალი ანაზღაურება ჰქონდა, ან აეროპორტის უშიშროების სამსახურში ემუშავა, სადაც მაღალი ხელფასი ექნებოდა. არჩევანი აეროპორტზე გააკეთა. გათხოვების შემდეგ კი იქიდანაც წამოვიდა.

გვანცა ისევ სამსახურის ძიებაშია და მზად არის, სრულიად ახალ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რადგან ახლა მთავარი მისთვის სტაბილური შემოსავალია.

– გვანცა, დიდი ხანია, არსად გამოჩენილხართ. რას საქმიანობთ, რა ხდება თქვენს შემოქმედებაში?

– სამწუხაროდ, ამჟამად არსად ვმუშაობ.

– რატომ? რა გახდა ამის მიზეზი?

– ზუსტად ერთი წლის წინ “იბერიის” მფლობელებმა ტელეკომპანია დახურეს. მე “იბერიის” ე.წ. ხმა ვიყავი, ვახმოვანებდი ტელესერიალებს, ქართულ ფილმებს, მულტფილმებს და ა.შ. 4 წელი ვიმუშავე და ამ სამსახურს სამოთხე შევარქვი. ეს იყო ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა, იქ ვისვენებდი და ვივსებოდი. სულიერი საზრდო იყო ჩემთვის.

სამწუხაროდ, ტელეკომპანია დღემდე დახურულია. ვცდილობდი, სამსახური მეპოვა, არაერთ ტელეარხს მივმართე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ასევე დიდი სურვილი მქონდა, დავბრუნებულიყავი კონსტანტინე გამსახურდის სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც 11 წელი გავატარე, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ეს შევძელი. ჩემ ირგვლივ ყველგან შტატების პრობლემაა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში.

ახლა უკვე იმ დონეზე ვარ მისული, მზად ვარ, ნებისმიერ საქმეს მოვკიდო ხელი, თუნდაც ჩემს პროფესიასთან არ იყოს ახლოს. თეატრისა და კინოს მსახიობი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ იმდენად მტკივა და იმდენად განვიცდი უმუშევრობას, სახლში ჯდომას, მზად ვარ, ნებისმიერ ახალ საქმეს მოვკიდო ხელი. გამოწვევების არ მეშინია, მთავარია, შემოთავაზება იყოს.

– ანუ ამ ეტაპზე თქვენთვის მთავარია, ფინანსურად იყოთ უზრუნველყოფილი?

– დიახ, ფინანსურად რომ ვიყო უზრუნველყოფილი. მინდა, ჩემი პროფესიით ვიმუშაო, მაგრამ ამ შემთხვევაში იძულებული ვარ, სხვა სამუშაოსაც დავთანხმდე, რადგან პენსიონერი მშობლები მყავს და ჩემი გვერდში დგომა სჭირდებათ.

მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში პენსია ძალიან დაბალია, წამლების ფასი კი მაღალია, ასევე მაღალია პროდუქტების ფასები, გადასახადები… ფაქტობრივად შეუძლებელია, პენსიონერმა 200 ლარით იყიდოს წამლები, საკვები, გადასახადები გადაიხადოს, ექიმთან წავიდეს…

– დღეს რა შემოსავლით ცხოვრობთ?

– დღესდღეობით ოჯახში ჩვენი მარჩენალი არის ჩემი მეუღლე.

– რატომ წახვედით თეატრიდან, თავის დროზე რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

– თეატრიდან დაახლოებით 2009 წელს წამოვედი. მაშინ იქ 200 ლარი მქონდა ხელფასი და ამ ფულით არათუ ოჯახის რჩენას ვერ შევძლებდი, საკუთარ თავსაც ვერ შევინახავდი. ამიტომ პოლიციის აკადემიაში გარკვეული სწავლების კურსები გავიარე, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე, პოლიციის სერტიფიკატი ავიღე და 8 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საავიაციო უშიშროების სამსახურში ვიმუშავე – საზღვარზე ვიდექი, ღამეებს ვათენებდი და პოლიციის ფორმა მეცვა. სპეცკონტროლის ჯგუფში ვიყავი.

მაშინ განმიმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გამორიცხულია, საქართველოს მოქალაქეს ბიუჯეტიდან ორი ხელფასი ერიცხებოდეს, ერთ-ერთს უნდა შეელიო. გადავწყვიტე, აეროპორტში მემუშავა, რადგან იქ ანაზღაურება 4-ჯერ მეტი იყო, ვიდრე თეატრში. მერე იქიდანაც წამოვედი.

– აეროპორტი რაღატომ დათმეთ?

– აეროპორტიდან მას შემდეგ წამოვედი, რაც ოჯახი შევქმენი. შვილი შემეძინა და დედა გავხდი. აეროპორტი მოითხოვს ღამეების თენებას, იქ არ არსებობს ახალი წელი, აღდგომა, შობა. იძულებული გავხდი, დამეტოვებინა, რადგან 24 საათი მიწევდა მუშაობა, მე კი შვილი უნდა გამეზარდა…

მენატრება სცენა, ჩემი უსაყვარლესი ტელეკომპანია “იბერია”. მინდა, ჩემი პროფესიით ვიმუშაო და ბედნიერი ვიქნები, თუ რომელიმე თეატრი კარს გამიღებს და დამიძახებს ან რომელიმე ტელეკომპანიაში ვინმეს თუ დავჭირდები.

დიდი გამოცდილება მაქვს, არაერთ თეატრში მიმუშავია – “თავისუფალ თეატრში”, “თეატრალურ სარდაფში”, “ტრაგიკომედიის თეატრში”, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში… ყველა როლი შვილივით მიყვარს, შეუძლებელია, რომელიმე გამოვარჩიო.

– სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კულტურის სამინისტროს თანამშრომლის, ელისოს, როლს თამაშობდით. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, რა მოგიტანათ ამ პროექტმა?

– მგონია, რომ ჩცდ ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული და წარმატებული პროექტია. არაერთ სერიალში მითამაშია – “მგლების ხორუმი”, “ყავა და ლუდი”, “ქაღალდის ტყვია”… არაერთი კარგი სერიალი გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ, მე მგონი, “ჩცდ” ყველაზე წარმატებულია. 8 წელიწადია უკონკურენტოა.

ვთვლი, რომ, როგორც მსახიობს, ამ ტელესერიალმა ყველაზე მეტი რამ მომცა – პოპულარობა. არასდროს დამავიწყდება ის დღეები და თვეები. შეიძლება ითქვას, ეს იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის. მიკვირს, ამდენი წელი გავიდა და ისევ მცნობენ ადამიანები. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

– ასეთი პოპულარობის შემდეგ უმუშევრად დარჩენა და სახლში ჯდომა ალბათ ორმაგად ძნელია.

– დიახ და ძალიან გულგატეხილი ვარ, დანაღვლიანებული. ძნელია, გადმოგცეთ ის, რასაც განვიცდი. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ერთი პერიოდი ყოველ კვირას იბეჭდებოდე ჟურნალების ყდებზე, მთელი ქალაქი გცნობდეს, მაგრამ გავიდეს პერიოდი და აღარ ჩანდე.

იმედი მაქვს, ჩვენი ინტერვიუ ბედნიერი აღმოჩნდება, დამიკავშირდებიან და სამსახურს შემომთავაზებენ. მეტყვიან, გვანცა, შენ გვჭირდები და, მოდი, აი, შენთვის გვაქვს საქმე, სამსახური და შტატიო…

ყოველთვის ვიცი, რომ აგრესიას მოაქვს აგრესია, ბოროტებას – ბოროტება, სიკეთეს – სიკეთე. მე თუ რამეს ვითხოვ, ვითხოვ ტკბილი, თბილი ენით, რომ იქნებ ვინმემ გულთან ახლოს მიიტანოს, ჩემთვის რაღაც გამონახოს და დამასაქმოს. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება, როცა საქმეს მოვკიდებ ხელს, რადგან ზღვა ენერგია მაქვს და მინდა, საყვარელ საქმეში დავხარჯო.

– აქამდე რატომ არავის სთხოვეთ დახმარება?

– ვისაც კი ვიცნობდი, ყველას ვთხოვე, ჩემი ეს ტკივილი გულთან ახლოს მიეტანათ, ჩემთვის რეკომენდაცია გაეწიათ. პირველ რიგში, ისეთ ადამიანებს მივმართე, რომლებსაც ეს შეუძლიათ, მაგრამ ჯერჯერობით არსაიდან არაფერი ისმის. შეიძლება მოხდეს სასწაული და გამომეხმაურონ. მე მჯერა სასწაულების და შეიძლება ამ ინტერვიუს შემდეგ ვინმემ მითხრას: “გვანცა, მე მჭირდები”.

– იმედია, ასეც მოხდება. მოგვიყევით შვილზე, დედობაზე.

– საოცარი შვილი მყავს – ნიკოლოზ ჩაჩუა, რომელიც მაბედნიერებს! 11 იანვარს 3 წლის გახდება. ძალიან მუსიკალურია, უკვე მოცარტს უსმენს და ძალიან მოსწონს ჯანსულ კახიძის სიმღერები. არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. იმედი მაქვს, ამ საქმეს სერიოზულად მოეკიდება. ძალიან გონიერი, ჭკვიანი, კარგი ბიჭია. ნიკოლოზი გარეგნულადაც და ხასიათითაც მამას ჰგავს.

რაც შეეხება ჩვენს დედაშვილობას, თბილი დედა ვარ. ნიკოლოზი რომ დაიბადა, 38 წლის ვიყავი. ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაც მინდოდა, დედობა იყო, ამიტომ ნიკოლოზი ჩემი ნანატრი შვილია. როცა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვს, როცა მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდი და ღმერთი შვილს გჩუქნის, რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებულად, სხვანაირად ეპყრობი, მის სიყვარულს უფრო სხვანაირად შეიგრძნობ.

მოსიყვარულე და მზრუნველი დედა ვარ. მთელი ჩემი ენერგია, დრო ნიკოლოზს ეკუთვნის. დედობა – ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა შვილის წინაშე.

– როცა გათხოვდით, ამბობდით, რომ ქმრის ნათესავებმა დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიგიღეს. დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?

– მეუღლის ნათესავებთან, მისი ოჯახის წევრებთან, ჩემს დედამთილთან დღემდე ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს.

– დედამთილთან ერთად ცხოვრობთ თუ ცალკე?

– ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ძალიან თბილი და ცივილური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

– ეკითხებით რჩევებს ცხოვრებისეულ საკითხებში თუ გირჩევნიათ, დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები?

– უფროსი ადამიანების რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. რა თქმა უნდა, დედამთილის რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ და დედის რჩევასაც – ყოველთვის. როდესაც ადამიანი გამოცდილია, პლუს – ჭკვიანია, ყური უნდა დაუგდო. საბედნიეროდ, დედაც ძალიან ჭკვიანი, ბრძენი და გამოცდილი მყავს და დედამთილიც.

– პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ცოლქმრული ჰარმონია არ დაირღვეს და სიყვარული არ გაუფერულდეს?

– ცოლქმრული ჰარმონიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიყვარული. ყველას ვურჩევ, ოჯახები სიყვარულით შექმნან. ყველას ვუსურვებ დიდ და ლამაზ გრძნობას. სიყვარული იმდენად ძლიერი გრძნობაა, რომ ბევრ რაღაცაზე თვალსაც დაგახუჭინებს.