გიორგი ბიბილაურმა 140 კილო დაიკლო – “ქართველი გოლიათი ბავშვი, “მარშუტკებს” რომ ათრევდა, მე ვიყავი”

გიორგი ბიბილაურმა 140 კილო დაიკლო - "ქართველი გოლიათი ბავშვი, "მარშუტკებს" რომ ათრევდა, მე ვიყავი"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

შეიძლება ბევრმა გაიხსენოს გოლიათი ბიჭუნა, რომელიც წლების წინ სამარშრუტო მიკროავტობუსებს ხელით ათრევდა. ის ბავშვი, გიორგი ბიბილაური, ახლა 21 წლის არის და ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი თავის მთავარ გამარჯვებაზე, იმაზე თუ როგორ დაიკლო 140 კილოზე მეტი.

13 წლის ასაკში გიორგი 260 კილო იყო. ჭარბი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გახდა, ამას ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა და ერთ დღეს გადაწყვიტა, საკუთარი თავი ბრძოლაში გამოეწვია. თუ როგორ მოახერხა წონაზე გამარჯვება, ამის შესახებ გიორგი ბიბილაური “სარკეს” დაუფარავად უამბობს.

– გიორგი, როდის იყავით ყველაზე დიდი წონის?

– 13 წლის ასაკში 260 კგ ვიყავი. ჩემმა წონამ სწორედ ამ ასაკში მიაღწია მაქსიმუმს. ქუჩაში რომ გავდიოდი, მოსახლეობის მხრიდან აგრესია მოდიოდა, შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებოდნენ და ა.შ. ამ ისტორიების გახსენებაც კი არ მინდა. ხალხი არ იღებდა განსხვავებულს და, როგორც გითხარით, მათგან აგრესიასაც ვგრძნობდი.

– სკოლაშიც იყავით ბულინგის ობიექტი?

– თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლაში საერთოდ არ იყო ბულინგი, მეტიც, ძალიან გახსნილი ვიყავი როგორც ჩემს კლასელებთან, ასევე უფროსკლასელებთან.

სკოლაში კიბეებზე ასვლა ძალიან მიჭირდა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. როცა ჩემმა წონამ მაქსიმუმს მიაღწია, მივხვდი, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

– რა მოიმოქმედეთ, როგორ გამოუცხადეთ ბრძოლა ჭარბ კილოგრამებს?

– გადავწყვიტე, ფიტნესკლუბში მივსულიყავი და სწორი კვებაც დამეწყო. ერთ წელიწადში 120 კგ დავიკელი. მთლიანობაში კი 140 კგ-ზე მეტი მაქვს დაკლებული. სიმართლე გითხრათ, ახლა წონას აღარ ვუყურებ, უკვე სხეულის შენებაზე ვარ გადასული და ციფრები ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენს.

– ყოველდღიურად რა დისკომფორტს აწყდებოდით ჭარბი წონის გამო?

– ტანსაცმლის ყიდვა და ჩაცმა უდიდესი პრობლემა იყო. ასაკით უფროსი ადამიანების ონლაინმაღაზიებიდან ვიწერდი. ტრანსპორტში შესვლაც მიჭირდა, ავტობუსში რამდენიმე ადამიანის სკამი უნდა დამეკავებინა. სიარულიც პრობლემა იყო ჩემთვის. რაჭაში ერთხელ დაახლოებით კილომეტრნახევრიანი მანძილის დასაფარად 4 საათამდე დამჭირდა. ან საერთოდ არ გავდიოდი გარეთ და ჩაკეტილი ვიყავი სახლში, ან მხოლოდ პარკში გავდიოდი.

– როდის გაგექცათ წონა?

– ბავშვობიდანვე პუტკუნა ვიყავი. 6 წლის ასაკში 60 კგ-ს ვიწონიდი. თუ გახსოვთ, ადრე ქართველი გოლიათი ბავშვი “მარშუტკებს” რომ ათრევდა, ის მე ვიყავი. მერე კიდევ მოვიმატე. 2006 წელს რუსი გოლიათიც დავამარცხე.

– ჯანმრთელობის პრობლემებიც ხომ არ შეგექმნათ?

– ჭარბი წონა საშინელებაა. მქონდა ჰორმონული დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლისა და ქოლესტერინის პრობლემები. სუნთქვა მიჭირდა. დაწოლილი ვერ ვიძინებდი, რადგან ვიხრჩობოდი, ამიტომ დამჯდარს მეძინა.

– სწრაფი შედეგისთვის ბევრი ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაციას იკეთებს. თქვენ რატომ არ მიმართეთ ქირურგს?

– ბავშვობაში ვფიქრობდი, ოპერაცია გამეკეთებინა, მაგრამ მითხრეს, რომ 18 წლამდე არ შეიძლებოდა. ამიტომაც მივედი ფიტნესკლუბში და იმ დღიდან ვარჯიშით მოვიწამლე. ახლა უკვე თვითონ ვეხმარები ხალხს, როგორც ჭარბწონიანებს, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებულ ადამიანებს.

– ანუ გოლიათი ადამიანი, რომელსაც მოძრაობაც კი უჭირდა, დღეს მწვრთნელია?

– დიახ. ვარჯიშის დაწყებიდან 7 წლის შემდეგ გავხდი მწვრთნელი. ორი საერთაშორისო სასწავლებელი დავამთავრე, ახლა მესამეში ვსწავლობ და საერთაშორისო სერთიფიკატს ავიღებ.

ჩემს მწვრთნელს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. მისი უშუალო დამსახურებაა, რომ დღეს ამ ფორმაში ვარ და შემიძლია, სხვასაც დავეხმარო.

– როგორ ეხმარებით სხვებს, ვარჯიშის გარდა, რა არის მთავარი ამ დროს?

– მაქსიმალურად ვცდილობ კომუნიკაციის დამყარებას, ვამხნევებ, მოტივაციას ვაძლევ. აქ მოსული ადამიანები თვითონაც მაძლევენ მოტივაციას, მეუბნებიან, თქვენი შედეგით აღფრთოვანებულები ვართო.

მინდა, ჭარბწონიან ადამიანებს ვუთხრა: ნუ წუწუნებთ ზედმეტ კილოგრამებზე, მიბრძანდით, იშრომეთ და შედეგსაც მიიღებთ. დაფიქრდნენ, რა უნდათ, სიამოვნებთ მოშვებული ცხოვრება თუ სურთ, ჯანსაღ ცხოვრებას მიჰყვნენ, რომ თავიანთი სხეული მოეწონოთ და სიამოვნება მიიღონ.

– როგორ გედგათ ოჯახი გვერდით ამ წლების განმავლობაში?

– ოჯახი რომ არა, ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. დედა და და ძალიან მედგნენ გვერდით. ეს იყო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ასევე კვების კუთხით ხელშეწყობა. ჩემი საფიქრალი მხოლოდ ვარჯიში იყო, საკვებზე დედა და და ზრუნავდნენ. ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჭარბი წონა დამემარცხებინა. ამას დღემდე ვებრძვი და დანებებას არ ვაპირებ.

– წონის და იმიჯის ცვლილებამ თქვენს პირადშიც ხომ არ გამოიწვია დიდი ძვრები, სიყვარული ან გატაცება ხომ არ გეწვიათ?

– ამ ეტაპზე თავისუფალი ვარ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მეტი ვივარჯიშო და ბევრი ვისწავლო. ჯერჯერობით სხვა მიზანი მაქვს დასახული. მინდა, ჩემს სფეროში საუკეთესო, ძალიან მაგარი მწვრთნელი ვიყო.