,,ბერძენმა დებმა მიპატრონეს, გულის ოპერაცია გამიკეთეს”- რას ყვება 67 წლის ქართველი ემიგრანტი

,,ბერძენმა დებმა მიპატრონეს, გულის ოპერაცია გამიკეთეს"- რას ყვება 67 წლის ქართველი ემიგრანტილილი მატარიძე ქართველი ემიგრანტია საბერძნეთში. ის სოფელ სალხინოდანაა და ემიგრაციაში 16 წელია იმყოფება. მან ,,სპუტნიკს” თავისი ცხოვრებიდან საოცარი ამბები მოუყვა:
-აქ რომ ჩამოვედი, 51 წლის ვიყავი, ახლა 67-ის ვარ. ათენში ოჯახის დამხმარედ ვმუშაობ. საბერძნეთში 11 წელი არაჩვეულებრივ ოჯახში ვმუშაობდი. გულის რთული ოპერაცია ათენში გავიკეთე. ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, ბერძენმა დებმა, ჩემი თავი ქვეყნის საუკეთესო ქირურგს ჩააბარეს. მათ მიპატრონეს და ბოლოს მომიყვანეს ქალი, რომელიც ბებიასაც უვლიდა და მეც მეხმარებოდა.

ესენი არიან დები გიორგია და ევი კარანდასები. გაიხარა გიორგია კარანდასმა, მან მე სიცოცხლე მაჩუქა. საბუთები მაქვს, ამიტომ საქართველოში შვებულებით ერთი ან ორი თვით ყოველ წელს დავდივარ. საბუთებიც იმ კარგმა ოჯახმა გამიკეთა.

ჩემი სიყვარულის ამბავსაც გეტყვით: 16 წლის ასაკში სიყვარული მეწვია. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გავთხოვდი. მამას მოსკოვის და ლენინგრადის კლინიკებში დავყავდი. პირველად სწორედ იქ უთხრეს, რომ საოპერაციო ჯერ არ ვიყავი და ყველაზე რთული წლები მაშინ მექნებოდა, როცა შვილის გაჩენაზე ფიქრს დავიწყებდი. ოჯახის მხრიდან ჩემი გათხოვების წინააღმდეგობის მიზეზიც ეს იყო. მამას ეშინოდა, სიძე ვერ მოუვლის ჩემს შვილსო…

გასულ წელს ორი ყველაზე ახლობელი ადამიანი – მეუღლე და დედა დავკარგე. მე და უჩა მის გარდაცვალებამდე მთელი თვე ერთად ვიყავით. ის სიკვდილზე არ საუბრობდა, მხოლოდ ერთხელ მითხრა, წავალ და თან წავიღებ შენს სიყვარულს, მიყვარდი, ძალიან მიყვარდიო…

ცხოვრება გრძელდება და მეც ვალდებული ვარ ვიცოცხლო, რადგან არიან ადამიანები, ვისთვისაც ფასეული ვარ. ჩემი შვილები დღეს პრესტიჟულ სამსახურებში არიან და სულ მთხოვენ,  საქართველოში დავბრუნდე. მე ვეუბნები, ცოტაც მაცადეთ და დავბრუნდები–მეთქი. დავბრუნდები და მერე ბედნიერად ვიცხოვრებ იმ ჩემს ბუდეში…

ახლა როცა ვუფიქრდები, ალბათ ჩემი ცხოვრებიდან ელადაში გატარებულ წლებს ამოვიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ აქ წამოსვლით, პირველ რიგში, საკუთარი თავი გადავირჩინე. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ უჩას შევიყვარებდი. სიყვარული სიცოცხლეა და მანამდე ცოცხლობს, სანამ მას კვებავ.

სპუტნიკი