ანა ქურთუბაძე: “შვილი ეკრანზე რომ მხედავს, დედა ანას მეძახის”

ანა ქურთუბაძე: "შვილი ეკრანზე რომ მხედავს, დედა ანას მეძახის"ირმა ჭკუასელი, სარკე

ანა ქურთუბაძე ეკრანზე 12 წლის წინ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” გამოჩნდა. მაშინ 19 წლის იყო. 31 წლის ასაკში კი ისევ კონკურსანტი გახდა და ამჯერად – “მხოლოდ ქართულის”.

ანა პროფესიონალი მსახიობია, მუსიკისა და დრამის თეატრში მუშაობს. ერთი პერიოდი თამაშობდა სერიალში “შუა ქალაქში”, სადაც ცოტა დაბნეულ გოგონას ასახიერებდა. რეალურ ცხოვრებაში კი მიზნები დასახული აქვს, ზუსტად იცის, რა უნდა. სწავლას აგრძელებს და კონსერვატორიაში ჩაბარებას აპირებს. მის ცხოვრებაში ეკრანული გმირი დაბრუნდა, ამჟამადაც ტელეკომპანია “იმედის” სერიალში თამაშობს – “მისამართის გარეშე”.

– ანა, შემდგარი მსახიობი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ “მხოლოდ ქართულში” მონაწილეობა, რას შეგმატებთ ეს პროექტი?

– იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიახლეები, თავგადასავლები მიყვარს. მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა მომღერლის ამპლუაში. აქამდეც ხშირად მიმღერია, მაგრამ მინდოდა, სცენაზე მარტო ვმდგარიყავი და სიმღერა ისე შემესრულებინა.

სპექტაკლებში მიწევს მღერა, მაგრამ ეს საერთოდ სხვა რაღაც არის. მეგონა, ჩემი პროფესია დამეხმარებოდა და გარკვეულწილად ასეც მოხდა, მაგრამ პირველ ორ ლაივ კონცერტზე სულ მქონდა განცდა, რომ რაღაც პერსონაჟი უნდა ვყოფილიყავი, რადგან სპექტაკლებზე ჩემი პერსონაჟი მღერის. პროექტში სულ სხვა რაღაც ხდება, აქ პირიქით, საკუთარი თავი უნდა წარმოაჩინო, ანუ ანა ქურთუბაძე როგორ მღერის. ამ კონკურსში ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ.

– მანამდე იყო “ჯეოსტარი”, ასევე ძალიან პოპულარული მუსიკალური პროექტი, სადაც მონაწილეობდით. ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– ეს იყო 12 წლის წინ და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი – 19 წლის. იცით, ის დრო როგორ მახსენდება? თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი, ძალიან შებოჭილი ვიდექი, ვერ ვიხსნებოდი, ვერც ვმღეროდი. საკუთარი თავი გამოვცადე და ეს უფრო პატარა ბავშვის მცდელობა იყო. პროექტი მალე დავტოვე, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოცდილება მივიღე და სამსახიობო კარიერაშიც ძალიან წამადგა.

– აპირებთ, სიმღერის მიმართულებით გააგრძელოთ პროფესიული გზა?

– რატომაც არა? მინდა, მუსიკალური კუთხით განვვითარდე და, სხვათა შორის, ერთ კვირაში გამოცდა მაქვს საგუნდო-სადირიჟოროს განხრით. მუსიკალურ ათწლედში ვაპირებ ჩაბარებას, მე-8, მე-9 და მე-10 კლასები უნდა გავიარო. შემდეგ ვაპირებ, კონსერვატორიაში იმავე სპეციალობით ჩავაბარო და საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დავამთავრო.

– თეატრის სცენა არ გაკმაყოფილებთ?

– ძალიან მაკმაყოფილებს, მაგრამ ჩემთვის ეს იგივეა, ბავშვებს რომ ეკითხებიან, დედა უფრო გიყვარს თუ მამაო. საერთოდ სხვადასხვა რაღაც არის, ერთმანეთთან ვერაფრით ვაკავშირებ, გარდა იმისა, რომ ორივე შემთხვევაში სცენაზე დგახარ.

– აუტსაიდერებში დგომა რამდენჯერმე გამოსცადეთ. როგორ უმკლავდებოდით ამ მძიმე მომენტებს?

– კონკურსში თუ ფსიქოლოგიურად მყარად არ ხარ, არაფერი გამოვა. საკმარისია, ერთხელ დადგე აუტსაიდერებში, რომ სულიერად გატყდე და შემდეგ ტურში იმის მეოთხედიც ვერ გამოავლინო, რისი შესაძლებლობებიც გაქვს. მგონია, რომ მე ფსიქოლოგიურად ძალიან მყარად ვდგავარ და აუტსაიდერებში ყოფნამ მეტი სტიმული მომცა, გამაძლიერა.

– ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაგარჩინათ მაშინ, როცა უკვე ფაქტობრივად გავარდნილი იყავით პროექტიდან. ეს თქვენთვის ალბათ ძალიან ემოციური მომენტი იყო.

– საოცრება იყო! როგორც იცით, მე და მარიამ მახათაძე ვიდექით აუტსაიდერებში. გამოაცხადეს, პროექტს ანა ქურთუბაძე ტოვებსო და მე და მარიამი ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ნიკა გვარამიას ვერ ვხედავდი. ჯერ აუტსაიდერად რომ გამომაცხადეს, ეს იყო დიდი ემოცია, მერე – პროექტი დატოვეო და უცებ უკნიდან ბავშვების, ჩვენი კონკურსანტების, ხმა და გაურკვეველი შეძახილები მომესმა.

ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. დავიბენი. უცებ მარიამმა მიმატრიალა და დავინახე, რომ ნიკა გვარამია ამოვიდა სცენაზე. მაინც არ მიფიქრია, რომ ვეტოს დადების უფლებას გამოიყენებდა. მეგონა, იტყოდა, სამწუხაროა, რომ პროექტი ანა ქურთუბაძემ დატოვაო. მან კი გამოაცხადა, რომ არც ერთი კონკურსანტი დატოვებდა შოუს.

მერე ეს ჩანაწერი გადავახვიე და ვნახე, რომ სახეზე ემოციის ნატამალი არ მაქვს, რადგან ეს იყო შოკი! ვეღარაფერს ვგრძნობდი, მთელი სხეული დამიბუჟდა. მერე უკვე ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, როცა გავაანალიზე, რომ პროექტში დავრჩი.

– ზოგადად ცხოვრებაში მებრძოლი ხართ?

– კი, მებრძოლი სული მაქვს. არასდროს ჩამიქნევია ხელი.

– ძლიერი იმედგაცრუება გამოგიცდიათ?

– რა თქმა უნდა და ძალიან ბევრჯერ, მაგრამ იმავე წამიდან ყველაფერი თავიდან დამიწყია ახალი ენერგიით. ნებისმიერ იმედგაცრუებას ვიღებ დადებითად, რადგან მგონია, რომ ცხოვრება თუ ია-ვარდებით გაქვს მოფენილი, არაფერი გამოვა.

– ვინ გგულშემატკივრობთ კონკურსში?

– მთელი ჩემი სამეგობრო. ზოგადად სამეგობრო და მეგობრობა ჩემთვის ერთ-ერთი პირველია – რასაკვირველია, ოჯახის შემდეგ, თუმცა ისიც ჩემი ოჯახია. ისე მიდგანან გვერდში, ნეტა, მათ როცა დასჭირდებათ, მეც შევძლო ასეთი მხარდაჭერა, პირველ რიგში, მორალურად.

– თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.

– მყავს ძალიან დიდი ოჯახი, რომელსაც მეც შევმატე ჩემი პატარა ოჯახი, სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ. ჩემი შვილი, თინა, უკვე წლის და 8 თვის არის. მყავს ერთი და და სამი დისშვილი. და ჩემზე 11 წლით უფროსია. ბოლო წლებში ჩვენ შორის თითქოს ასაკობრივი სხვაობა შემცირდა და მეგობრობა დავიწყეთ. მანამდე დედაშვილური დამოკიდებულება გვქონდა. სამწუხაროდ, მამაჩემი 2008 წელს გარდაიცვალა. მყავს მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა და მინდა, რომ იმის ნახევარი მაინც გავუკეთო ჩემს შვილს, რაც დედამ ჩემთვის გააკეთა.

– თინა როგორ აღიქვამს, დედას რომ ეკრანზე ხედავს?

– “დედა ანა”, – ასე იძახის ხოლმე. პროექტს უყურებს და ძალიან ბედნიერია.

– ბუნებრივია, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გექნებათ. ვინ გეხმარებათ ბავშვის მოვლაში?

– აბსოლუტურად ყველა, ვინც კი ჩემ გარშემოა. ძიძაც მყავს. ყველა და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ თინამ დედის დანაკლისი არ იგრძნოს.

– 31 წლის ხართ. განვლილ ცხოვრებას თვალს რომ გადაავლებთ, არის რამე ისეთი, რასაც ნანობთ?

– დიდი სისულელე იქნება, ვთქვა, არაფერს ვნანობ-მეთქი. რასაკვირველია, რაღაც ნაბიჯებს ვნანობ და, უკან რომ დავბრუნდე, სხვანაირად მოვიქცეოდი. ვერც იმას გეტყვით, რომ ჩემი ცხოვრება არასწორად წარვმართე და მას გლობალურად შევცვლიდი. დღეს მე რაც ვარ და როგორი აზროვნებაც შემიძლია, ეს ჩემი ცხოვრების დამსახურებაა და თუნდაც არასწორად გადადგმული ჩემი ნაბიჯების. როგორიც დღეს ვარ, ეს ძალიან მაკმაყოფილებს, მაგრამ მინდა, მეტი ვისწავლო და ყველაფერი წინ მაქვს.

– დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალი სიმღერა და ახალი პერსონაჟი გელოდებათ წინ. საინტერესოა, რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი როლი.

– ყველა როლი იმდენად განსხვავებულია და იმდენად შვილივით არის, რომ ვერ გამოვარჩევ. თითოეულში დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ადამიანს ხუთი შვილი რომ ჰყავს, ერთმანეთისგან ხომ ვერ ასხვავებს და იგივეა როლების შემთხვევაშიც. ყველა თავისებურად მიყვარს.