ნუცა ჯანელიძე: “ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, ცაზე ისეთი ცისარტყელა იყო, შოკში ვიყავით!”

ნუცა ჯანელიძე: "ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, ცაზე ისეთი ცისარტყელა იყო, შოკში ვიყავით!"ლელა დევდარიანი, სარკე

მუდამ მომღიმარი და პოზიტიური მუსიკოსი, პიანისტი, ვოკალის პედგოგი ნუცა ჯანელიძე, ჯგუფ “ფორტეს” (12 ოქტომბერს “ფორტემ” 30 წლის იუბილე აღნიშნა. კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ვარსკვლავის გახსნით დაგვირგვინდა) უცვლელი კონცერტმეისტერი, დღეს ისევ აქტიურად საქმიანობს, მაგრამ საქართველოში დაუფასებლად გრძნობს თავს. “სარკესთან” დაუფარავად აღნიშნა, რომ სხვა ქვეყანაში სიამოვნებით წავიდოდა. მის სახელთან ასოცირდება ტელეპროექტი “ნუცას სკოლა”, რომელმაც დიდ შემოქმედებით სიხარულთან ერთად დიდი გულისტკენაც დაუტოვა…

თავის პროფესიულ და პირად საქმიანობაზე ნუცა ჯანელიძე “სარკესთან”, როგორც ყოველთვის, ღიად საუბრობს.

– ქალბატონო ნუცა, მოდით, გავიხსენოთ თქვენი ტელეპროექტი “ნუცას სკოლა”, რომელსაც ბევრი დღევანდელი პოპულარული მომღერალი ემადლიერება. როგორ დაიწყო ეს გადაცემა, ვისი იდეა იყო მისი გაკეთება და თქვენ როგორ მოხვდით იქ?

– “ნუცას სკოლამდე” იყო ძალიან საინტერესო ეპიზოდი “იმედში” ჩემი მუშაობისა. ნიკუშა გომელაური და მე ვმუშაობდით ერთად. იყო ძალიან იუმორისტული 10 წუთი ყველა დილის პროგრამის დამთავრების დროს სამი თვის განმავლობაში. ამის მერე მოსკოვიდან ჩამოყვანილმა კაცმა უთხრა დილის პროგრამის რეჟისორს, გოგა ჭყონიას, ეს ქართველები ნიჭიერი ხალხი ხართ და “ფაბრიკასავით” რომ გააკეთოთ ქართული ვერსიაო. გოგამ უთხრა, თქვენ არ იცით, ქართველები როგორ მღერიანო და ასე გადაწყდა “ნუცას სკოლის” დაარსება.

– სახელის დარქმევა თქვენთან იყო დაკავშირებული?

– არ იცოდნენ, რა დაერქმიათ გადაცემისთვის. მერე იფიქრეს და თქვეს, ნუცა აგერ არის, თან უკრავს და მოდი, დავარქვათ “ნუცას სკოლაო”. ასე მოვხვდი იქ. 8 თაობა გამოვზარდეთ და იყვნენ ერთმანეთზე უკეთესი ბავშვები. მარტო მშობლები და ბებია-ბაბუები კი არ უყურებდნენ, ერთხელ ზურა ჟვანია შემხვდა და მითხრა, ძალიან მომწონს და გიყურებთ ყოველთვისო.

– ახლა, როცა თქვენს გამოზრდილ ბავშვებს ხვდებით, რა ახსენდებათ იმ პერიოდიდან?

– ახსენდებათ მარტო ჩემი ჩხუბი. სულ ვჩხუბობდი და ახლაც ეგრე ვარ ბავშვებთან. სულ ვკამათობ და ვაკრიტიკებ, რადგან მინდა, რომ მაქსიმალურს მიაღწიონ და ისევ მათ სასიკეთოდ ვაკეთებ ამას. ძალიან მკაცრი ვიყავი და ვარ ჩემს მოსწავლეებთან.

– თქვენ როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

– ეს იყო ერთ-ერთი საყვარელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ დავიწყე მუშაობა ისეთ შენობაში, რომელიც სრულიად ახალი იყო თავისი მოწყობილობით, პროგრამით. მისი მეპატრონე იყო ბადრი პატარკაციშვილი. იქ სამსახურის დაწყება იყო ძალიან პრესტიჟული. მაია ყიფიანმა, დილის პროგრამების პროდიუსერმა, დამირეკა და, როცა მივედი ამ შენობაში, სასწაულად მოწყობილი და კომფორტული იყო!

– როდის დასრულდა თქვენი ეს “საყვარელი პერიოდი”?

– 7 ნოემბრის ამბავი რომ ატყდა, მაშინ დამთავრდა ეს ყველაფერი. იმის მერე აღარ გაგრძელებულა “ნუცას სკოლა”. წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთ ტელეწამყვანს უთქვამს, თუ გინდათ, რაღაც გემოვნებიანი და ღირებული გავაკეთოთ ჩვენს ეთერში, მოვიყვანოთ ქალბატონი ნუცაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

2010-ში გაკეთდა დიდების “ნუცას სკოლა”, მერე გაკეთდა პატარების. 2012 წელს კი დამთავრდა და დამთავრდა ყველაფერი. იმის მერე, ჩემდა გულსატკენად, აღარ გაგრძელებულა. ორჯერ მივედი და ვთხოვე სხვადასხვა ადამიანს, რომ ისევ გამეკეთებინა “ნუცას სკოლა” და ძალიან შევცდი. მერე წამოვიდა ეს ინგლისურენოვანი სიმღერები, რომლებიც ყვირილზე და ღრიალზე იყო აწყობილი.

– როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს ტენდენცია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტად ინგლისურენოვან სიმღერებს მღერიან? ამით უკეთესად წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს?

– მეტიჩრობაა ეს და სხვა არაფერი. მე სადაც ვასწავლი ბავშვებს, ჯერ მშობლიურ სიმღერებს ვასწავლი და მერე დანარჩენს. ჩვენ მისაბაძი არავისი არაფერი გვაქვს. პირიქით, აქეთ უნდა მოგვბაძონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც ბანანებს ჭამდნენ, როცა ჩვენ უკვე დამწერლობა გვქონდა.

– ახლა რას საქმიანობთ?

– ჯგუფ “ფორტეზე” რომ არ ვილაპარაკოთ, ყველამ იცის, მანდ რომ ვარ. კიდევ ვმუშაობ კერძო ბაღში, სადაც კვირაში ერთი დღე ყველა მის ფილიალში ვამეცადინებ ბავშვებს. ვარ ორგანიზაცია მუსიკის აკადემიაში პედაგოგად. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა ცნობილმა პიანისტმა, ვაკო შიუკაშვილმა, რომლის თაოსნობითაც შეიქმნა ეს შესანიშნავი ორგანიზაცია – მუსიკის აკადემია, დამირეკა და მთხოვა, რომ მივსულიყავი პედაგოგად. მეც სიამოვნებით მივედი.

ძალიან მიყვარს იქ მისვლა იმიტომ, რომ კოლექტივს ვცემ პატივს და თვითონაც პატივს მცემენ. თუ ურთიერთობა არ არის შიგნით კოლექტივში, არც ბავშვი მინდა და არც მაგათი ფული. როცა ვხედავ, რომ მოდიან და მოდიან ბავშვები, ეს მე ენერგიას და სტიმულს მმატებს.

– მუსიკა რა არის თქვენთვის?

– ჯერ ერთი, პროფესიაა, რომელსაც დავეუფლე იმიტომ კი არა, რომ დედას და მამას უნდოდა ასე, მართლა მიყვარდა, მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს პროფესიას. არავის ხათრით არ დამიწყია ამ პროფესიის ათვისება, თუ არ ჩავთვლით გენეტიკას. დედაჩემი იყო მუსიკოსი, ვოკალისტი და კონსერვატორიადამთავრებული.

მუსიკა ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა და ბევრი სასიამოვნო წუთის მოგონების გამომწვევი. ყველანაირი მუსიკა არის ჩემთვის მისაღები, როცა ის კარგია. თანამედროვე დამახინჯებული არ მომწონს, თანამედროვე მაგარი ძალიან მომწონს.

– მიუხედავად იმისა, რომ თქვენს საყვარელ საქმეს აკეთებთ და რეალიზებული ხართ, გეტყობათ, რომ გულდაწყვეტილი ხართ. რა არის ამის მიზეზი?

– რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ. წავიდოდი აუცილებლად სხვა ქვეყანაში სიამოვნებით, ოღონდ გადასახლებით და მოქალაქეობით – არა. დროებით წავიდოდი.

ერთი პერიოდი ჯგუფი “ფორტე” ვცხოვრობდით მოსკოვში. 3 წელი იქ ვმუშაობდით არჩილ გომიაშვილთან. ძალიან დიდ პატივს გვცემდნენ, ძალიან დიდ სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდით ყველასგან. დღეს აღარ არის უხერხული ფინანსებზე ლაპარაკი, ფინანსურადაც კარგად ვიყავი და ყველაფერი. სხვათა შორის, კერძო მოწაფეებიც მყავდნენ, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ იქ მეძებნა მუდმივი სამსახური, თორემ რაღაცას აუცილებლად მოვახერხებდი. ვერ წარმომედგინა იქ დარჩენა, როცა აქ ოჯახი მყავდა. თუმცა იმ სამმა წელიწადმა ოჯახიც გადამარჩენინა.

წავიდოდი რუსეთში, სიამოვნებით წავიდოდი ავსტრიაში საცხოვრებლად. ძალიან მიყვარს იაპონია, რომელიც საოცრად კარგი, ჩამოყალიბებული, ზრდილობიანი ქვეყანაა.

– რადგან ოჯახი ახსენეთ, მოგვიყევით თქვენი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილზე. ვინ არიან თქვენი უახლოესი და უძვირფასესი ადამიანები?

– ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანე. ერთი წელია, რაც ჩემი ძმა, ირაკლი, დაიღუპა. მხატვარი იყო და იმდენად განათლებული, ლურსმნის დაჭედებიდან დაწყებული კოსმოსამდე, ყველანაირ თემაზე დაგელაპარაკებოდა, ყველაფერი იცოდა.

რომ ჩაწვა, მოიტანა ონკოლოგიის წიგნი, თავისით კომპიუტერში ეძებდა იმას, რა სჭირდა და რა უნდა ექნა. ბიოფსიის ისე ეშინოდა, ოღონდ იქ არ წამიყვანოთ და ყველანაირ ტკივილს ავიტანო, გვეუბნებოდა. ვერც მოვასწარით წაყვანა, ისე დაიღუპა. კვირას, ღამით გარდაიცვალა და დილით, 6 საათზე, ისეთი ლამაზი ცისარტყელა იყო ცაზე, რომ შოკში ვიყავით.

დღემდე ვერ ვინელებ. არის სიმღერები, რომ ვუსმენ, სულ მისი სახე წარმომიდგენია. “ბითლზი” და სტინგი უყვარდა ძალიან.

მყავს სამი ძმისშვილი. არც ერთი არ ხატავს. გოგონები დაოჯახებულები არიან. ბიჭი, ლადო ჯანელიძე, ძალიან კარგად მღერის და ძალიან ნიჭიერი ბიჭია, არ ვამეტებ ნამდვილად. მიჰყავს საღამოები, მაგრამ სტაბილურად არ მუშაობს. ამდენი თაობა, ყველა, ვცხოვრობთ ერთად.

– თანხმობით და მშვიდობიანად? სხვადასხვა ასაკის და ინტერესების მქონე ადამიანების სიმრავლე ერთ ჭერქვეშ რთული არ არის?

– რთული არ არის. რატომ, იცით? ყველას აქვს თავისი კომპიუტერი და სრული სიმუნჯეა სახლში. ვერ წარმოიდგენთ, რომ რვა კაცი ვცხოვრობთ ერთად. მე სხვაზე რას ვლაპარაკობ, ღამის 3 საათამდე სერიალებს ვუყურებ ტელეფონში.

– მუდამ მომღიმარ და პოზიტიურ ქალთან ასოცირდებით. ყოველთვის ასეთ განწყობას როგორ ინარჩუნებთ?

– არ უნდა იყო შურიანი. ეს არის თურმე ყველაფრის მამოძრავებელი ძალა. შურიანი როცა არ ხარ, არც ასაკი გეტყობა. მოწყენილ ადამიანთან ურთიერთობა საშინელებაა! იმისგანაც ცუდ ენერგიას იღებ, შენც შენი რაღაც სადარდებელი გაქვს და დიდი შენობა შენდება შენს თავზე უარყოფითი ენერგიის. შეიძლება ვიღაცამ თქვას, მაგას რა ენაღვლება, გაიცინებსო, მაგრამ ასე არ არის, ყველას თავისი პრობლემა აქვს.

ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის და ყოველდღიურად არ ვლაპარაკობ ამაზე, არ ვიმჩნევ, ინტერვიუში თუ ვიტყვი. ასევე, აუცილებლად უნდა ვაკეთოთ სიკეთე. ვისაც შეუძლია, პატარა სიკეთე აკეთოს, ვისაც შეუძლია – დიდი აკეთოს.

– საკუთარი ბინა რატომ არ გაქვთ?

– რაღაც მიზეზების გამო უკვე რამდენიმე წელია სახლი არ გვაქვს და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ.

– ცნობილი სახე ხართ, სცენაზე, ეკრანზე ჩანხართ. გარეგნობაზე, ფიზიკურ ფორმაზე ზრუნვა ალბათ თქვენი ყოველდღიური წესია.

– როცა ფული მაქვს, თავს კარგად ვუვლი. ვცდილობ, სახეზე არ წავისვა არაფერი, გარდა დამატენიანებელი კრემისა, ისიც – ექიმის გამოწერილის. არ შეიძლება დიდი დოზით ყავა. 20 წელი არ მქონდა ნაჭამი პომიდორი და ნიგოზი.

წნევაც რომ მაქვს მაღალი, ყავას მაინც ვსვამ. ერთხელ გადავწყვიტე, იქნებ ყავის ფული ყოველთვის არ მქონდეს, გადავალ ჩაიზე-მეთქი და თვალი ვერ გავახილე, სულ უღონოდ ვიყავი და დავიწყე ისევ ყავის დალევა. შეიძლება რაღაც დავიკლო, მაგრამ ვერ დავიკლებ ყავას და თმის საღებავს!

– საინტერესოა, ამ გადასახედიდან თუ ნანობთ, ოჯახი რომ არ შექმენით?

– არა, არ ვნანობ.

– რატომ?

– არ ვიცი. შეიძლება ღმერთი ფიქრობს, იმიტომაც არ გაღირსე არაფერიო. ეტყობა, ასე იყო გადაწყვეტილი სადღაც. ბევრი მომწონებია, ბევრს ჰქონია ჩემდამი რაღაც, მაგრამ არ შედგა, პლუს-მინუსი არ მივიდა ერთმანეთთან.