მარიკო ებრალიძე იანვარში მეორე ბიჭის დედა გახდება – რისი ატანა უწევს მომღერლის გინეკოლოგ ქმარს

მარიკო ებრალიძე იანვარში მეორე ბიჭის დედა გახდება - რისი ატანა უწევს მომღერლის გინეკოლოგ ქმარსირმა ჭკუასელი, სარკე

ხუჭუჭთმიანი გოგონა ლამაზი ხმით – მარიკო ებრალიძე ასეთი გაიცნო ხალხმა მუსიკალურ პროექტ “ვარსკვლავების აკადემიიდან”. მას შემდეგ მომღერალი მუდმივად ცდილობს, მსმენელს ახალი სიმღერა შესთავაზოს, კონცერტებში მონაწილეობს, თბილისის მერიის ბიგ-ბენდის სოლისტია.

მის კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 5 წლის წინ მოხდა, როცა ჯგუფ “შინ”-თან ერთად “ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით წარდგა. მართალია, ნახევარფინალში ვერ გადავიდა, მაგრამ დიდი გამოცდილება მიიღო და, როგორც თავად ამბობს, იმ დღეს ევროპამ მათგან ინტელექტუალური მუსიკა მოისმინა.

როცა მარიკოს ინტერვიუს ჩასაწერად შევხვდით, აღმოჩნდა, რომ მას თურმე ახლა ძალიან ბედნიერი პერიოდი აქვს – მეორე შვილის მოლოდინშია.

– მარიკო, სასიამოვნო მოლოდინში ყოფილხართ – მეორე შვილს ელოდებით. როდის დაიბადება თქვენი პატარა და სქესი თუ იცით?

– მეუბნებიან, რომ 7 იანვარს, შობას დაიბადება. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გაგვიხარდება, მართლა ასე თუ მოხდება. ეს ნამდვილად ღვთის საჩუქარი იქნება. ესეც ბიჭია და ვნახოთ, როგორი დედა ვიქნები მეორე წრეზე. საერთოდ ძალიან საინტერესოა, იყო მშობელი.

– სახელი უკვე შეურჩიეთ მომავალ ვაჟკაცს?

– რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ჯერ არ მინდა, რომ ვთქვა. ჩემს უფროს შვილს დემეტრე ჰქვია. მისთვის აბსოლუტურად სხვა სახელები მქონდა შერჩეული, მაგრამ დავინახე თუ არა, უცებ ვთქვი, რომ დემეტრეს დავარქმევდი. ლამაზი სახელიც არის და გვარსაც შეეფერება – დემეტრე დოლიძე. მუსიკოსი ვარ და რითმას ყურადღებას ვაქცევ. დემეტრე დოლიძე კი კარგად გაირითმა.

– რამდენი წლის არის დემეტრე?

– სექტემბერში 4 წლის გახდა. ბაღშიც მივიდა, მაგრამ ცოტათი წუწუნებს და აპროტესტებს.

– 30 წელს იყავით გადაცილებული, როცა პირველი შვილი შეგეძინათ. ამ ასაკში ქალი, როგორც წესი, ფსიქოლოგიურად, პიროვნულად მომწიფებულია დედობისთვის. თქვენც ალბათ მზად იყავით ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის.

– 31 წლის ვიყავი, დემეტრე რომ გაჩნდა. რაც უნდა ემზადებოდე, რაც უნდა შეგნებით ეკიდებოდე, გაზომილი, გაწერილი გქონდეს ყველაფერი, როგორც კი ბავშვს დაიჭერ ხელში, იბნევი. აბსოლუტურად ირღვევა ყველაფერი, ოღონდ დადებითად.

რაც შეეხება შვილთან ურთიერთობას, ხანდახან მგონია, რომ ძალიან მკაცრი, მომთხოვნი ვარ. ზოგჯერ კი მგონია, პირიქით, ძალიან ლმობიერი ვარ. მეორე შვილი რომ გამიჩნდება, კიდევ მეტი მოთმინება და ძალისხმევა უნდა გამოვიჩინო. დემეტრეს სიყვარულით ვზრდით. ყველაზე მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის.

– ალბათ გსურთ, გოგონას დედაც გახდეთ.

– როდესაც დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ოჯახი შემექმნა, შვილები მყოლოდა, რატომღაც გოგოზე არ ვფიქრობდი, სამი ბიჭი მინდოდა. მგონია, რომ ბიჭებთან უფრო ადვილად გამომდის ურთიერთობა. გოგოც ღვთის საჩუქარია და ბიჭიც. ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება. რამდენსაც ღმერთი მომცემს, იმდენ შვილს გავაჩენ. შვილები არის სიმდიდრე.

– ხასიათი თუ შეგეცვალათ ორსულობაში?

– როგორ არა, ძალიან აუტანელი გავხდი. ემოციური ვარ, მაგრამ თუ რამე მწყინს, შემიძლია, ადამიანს არ ვაჩვენო. აი, ორსულობის დროს ამის გაკონტროლება ცოტა მიჭირს. ზედმეტად ფეთქებადი, ცოტა პრეტენზიული ვარ.

– ამ ყველაფრის გაგება არ გაუჭირდება თქვენს ქმარს, რომელიც გინეკოლოგია. მოგვიყევით მასზე, როგორია თქვენი გაცნობის, სიყვარულის ამბავი.

– ჩემი მეუღლე არის ქირურგი, ლაპარასკოპისტი, გინეკოლოგი გიორგი დოლიძე. ის თავისი საქმის პროფესიონალია. ერთ-ერთ კლინიკაში გავიცანი. ჩემს ნათესავთან მივედი, რომელიც იქ მუშაობდა და სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მაშინ 29 წლის ვიყავი, გიორგი – 30-ის. 2 წელი და რამდენიმე თვე შეყვარებულები ვიყავით, მერე დავქორწინდით. უკვე 5 წელია ერთად ვართ.

– რა არის თქვენი ოჯახის საფუძველი, საყრდენი?

– ვერ იტყვი, რომ მარტო ნდობა, სიყვარული ან პატივისცემაა, ყველაფერი ერთადაა – დათმობა, ხანდახან არდათმობა, ხანდახან ჩხუბი, ხანდახან კამათი.

– ხშირად კამათობთ?

– კი, ძალიან ხშირად.

– ძირითადად რაზე კამათობთ?

– ყველაფერზე.

– ადამიანებთან ურთიერთობაში რა თვისებებს ამჟღავნებთ და ზოგადად როგორი ხასიათი გაქვთ?

– მხიარული ვარ, ხანდახან მოწყენილიც, ზოგჯერ ჩაფიქრებულიც. ხანდახან იმდენად უყურადღებო ვარ, შეიძლება მანქანა სადღაც მივახეთქო.

– როდის ხართ ყველაზე ძლიერი და როდის – ყველაზე სუსტი?

– ყველაზე სუსტი და დაბნეული მაშინ ვარ, როცა დემეტრე ავად ხდება. ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა სცენაზე ვდგები და ჩემ ირგვლივ ყველა კარგად არის.

– თქვენს შემოქმედებაში იყო მნიშვნელოვანი ეტაპი – “ევროვიზია 2014”, რომელშიც არცთუ მაღალ შედეგს მიაღწიეთ. რა გამოცდილება მიიღეთ, როგორი გაკვეთილი აღმოჩნდა თქვენთვის?

– “ევროვიზია” დიდი გამოწვევა, ექსპერიმენტი იყო ჩემთვის. ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ჯგუფ “შინ”-თან ერთად წარდგე სცენაზე, პლუს, როცა ევროპის მასშტაბით მილიონობით მაყურებლის წინაშე გამოდიხარ და შენს ქვეყანას წარადგენ, ცოტა საშიშიც კი არის. ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო ჩემგან და ვთვლი, რომ, ასე თუ ისე, თავი გავართვი. ფინალში ვერ გადავედით, მაგრამ საქართველოდან ჩვენი სათქმელი წავიღეთ.

– არადა სწორედ საქართველოდან საკმაო კრიტიკაც მიიღეთ.

– კრიტიკა ყოველთვის არის. მთავარია, ლანძღვა არ იყოს.

– თავად თუ ხართ კმაყოფილი იმ შედეგით? უკეთესს არ ელოდით?

– ვისურვებდი, უკეთესი ყოფილიყო, ფინალში გადავსულიყავით და გაგვემარჯვა. ჩვენი მინიმალური დავალება, მინიმალური მიზანი იყო, რომ საქართველოს თავისი სათქმელი ეთქვა და ეს მოვახერხეთ.

კონკურსებში არ მიმართლებს, მაგრამ ვთვლი, რომ იქიდან იმაზე მეტი მომაქვს, ვიდრე არის გამარჯვება და რაღაც ტიტული. პირადად მე “ევროვიზიიდან” ბევრი რამ წამოვიღე, უბრალოდ საქართველოს პირველი ადგილი ვერ მოვუტანე. ამ შეფასებისას ცოტა ეგოისტი ვარ, მაგრამ რა ვქნა, ასეა.

– როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გადახვედით ნახევარფინალში მაშინ, როცა საუკეთესო მუსიკოსები იდექით სცენაზე?

– ეს ევროპას უნდა ვკითხოთ. ზოგი ამბობს, რომ ამის მიზეზი პოლიტიკაა, ზოგი ამბობს, არაო. მე მახსოვს ჩვენი გამოსვლა ამსტერდამში, სადაც დიდ დარბაზში გვქონდა წარმოდგენა და პირდაღებულები გვისმენდნენ. ამბობდნენ, ეს არ არის უბრალოდ მუსიკა, ეს არის ნაწარმოები და ამით ევროპამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, პირველივე წამებიდან იგრძნობა, რომ ეს არის ხარისხიანი, ინტელექტუალური მუსიკა, რაც “ევროვიზიას” დიდი ხანია არ ჰქონიაო.

– დასანანია, რომ ქართული საესტრადო მუსიკა დღეს წინ კი არ დგამს ნაბიჯებს, არამედ უკან. საერთოდ, როგორ ფიქრობთ, დღეს არსებობს კი შოუბიზნესი საქართველოში?

– შოუბიზნესი არსებობს, ოღონდ აქაური, იმიტომ, რომ ხალხი მღერის, აქვთ იდეები, მუსიკას ქმნიან, კონცერტები იმართება. სამაგიეროდ არ არსებობს ამერიკული, რუსული, ევროპული შოუბიზნესი და ვერც იარსებებს. ჩვენთან არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. წელს ისეთი თბილისობა იყო, მეტი შოუ და მეტი ბიზნესი რაღა გინდათ?! ეს იყო სასწაული!

– შოუბიზნესის წარმომადგენლებიდან ვისთან გაქვთ ახლო ურთიერთობა?

– ჩემი მეგობრები არიან – ვაჟა მანია, მარიამ ბოლქვაძე, მიშო სულუხია, სალომე ბაკურაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მაია ბარათაშვილი, ნინი გველესიანი… ბევრი მეგობარი მყავს.

– “პირველ არხზე” მიგყავდათ გადაცემა “სიტყვების თამაში”. რატომ წამოხვედით ტელეკომპანიიდან?

– წამყვანი შეიცვალა. ალბათ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე.

– რთული იყო გადაცემის წაყვანა?

– საკმაოდ. ერთია, როდესაც სცენაზე დგახარ, იპრანჭები, კამერასთან ან შენს პარტნიორთან ფლირტაობ და მეორეა, როცა სტუდიაში ზიხარ და უყურებ ლინზას, რომელიც ძალიან გაშინებს, შენ კი მიმიკების აქეთ-იქით თამაშის გარეშე უნდა წაიყვანო ინტელექტუალური გადაცემა. ძალიან მხიარული კოლექტივი მყავდა და მუშაობას მიმსუბუქებდნენ.

უკვე ძალიან მენატრება ტელევიზია, კამერა, გასწორებული ხერხემლით სტუდიაში ჯდომა.

– გამოთავისუფლებული დრო რითი შეავსეთ, რას საქმიანობთ?

– 11 წელია, თბილისის მერიის ბიგ-ბენდის სოლისტი ვარ, სტუდია “ანა-ბანაში” ვოკალს ვასწავლი, კვირაში ერთი დღე ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი. დავდივარ ივენთებზე, კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილებშიც მიწვევენ. ჩემი საქმე არის სიმღერა, სცენაზე დგომა და ქუჩასა და მიწისქვეშა გადასასვლელშიც ვიმღერებ, თუ მომიწევს.

– სცენაზე დგომა მუდმივად ფორმაში ყოფნას მოითხოვს, მათ შორის – დიეტებს. ეს ჩვენი მომღერლებისთვის კარგად ნაცნობი თემაა.

– დიეტებს – არა, სწორ კვებას ვიცავ. მაკიაჟს ყოველდღე არ ვიკეთებ. ერთხელ ცნობილი ადამიანისგან შენიშვნა მივიღე, ძალიან კლაუდია შიფერი ხომ არ გგონია თავიო. მაშინ პატარა ვიყავი და, მით უმეტეს, მაკიაჟი არ მჭირდებოდა.