მანიკა ასათიანი: “ქმართან თუ არ კამათობ, ესე იგი ის არ გაინტერესებს”

მანიკა ასათიანი: "ქმართან თუ არ კამათობ, ესე იგი ის არ გაინტერესებს"ლელა დევდარიანი, სარკე

მოდელმა და ტელეწამყვანმა მანიკა ასათიანმა პირად და საქმიან ცხოვრებაში თითქმის ერთდროულად გადადგა მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ნაბიჯები. 17 წლის იყო, როცა ცხოვრება კალათბურთელ ბექა წივწივაძეს დაუკავშირა და ამავე პერიოდში გამოჩნდა ტელევიზიაში. ახლა უკვე გამოცდილი ცოლი, დედა და ტელესახეა, ზრდის ბიჭუნას და “იმედში” შაბათ-კვირას დილის გადაცემა მიჰყავს.

გასული ზაფხული მანიკასთვის საკმაოდ დატვირთული იყო, მხიარული დასვენების პარალელურად მის ცხოვრებაში მოხდა სამწუხარო ამბავიც. ამ ყველაფერზე მომხიბლავი ტელეწამყვანი “სარკეს” უამბობს.

– მანიკა, როგორ დაიწყეთ ახალი სატელევიზიო სეზონი, როგორი სამუშაო გარემო დაგხვდათ?

– ჩემს გადაცემას დავუბრუნდი ტელეკომპანია “იმედში”. შაბათ-კვირის დილის გადაცემის წამყვანები ერთი ოჯახივით ვართ. ეს დამატებით გვაძლევს იმის ძალას, რომ ძალიან კარგი პროდუქტი შევქმნათ. ერთად მუშაობა გვიხარია. დილით ადგომა რთულია და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები, მაგრამ ამ ერთობით ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.

სტუმრებზეც იმავეს თქმა შემიძლია. მათთვისაც რთულია დილით ადგომა, მით უმეტეს, შაბათ-კვირას, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვახერხებთ, რომ მათაც სიამოვნებდეთ ჩვენთან ერთად დღის დაწყება.

– როგორც ვიცი, ზაფხულს განსაცდელების გარეშე არ ჩაუვლია. თუ თქვენთვის მძიმე არ არის, მოგვიყევით ამაზე.

– ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ორი დიდი დანაკარგია. რამდენიმე წლის წინ ბაბუა გარდამეცვალა, მამის მხრიდან და ახლახან ბებია დავკარგე – დედის მხრიდან. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ბებიები და ბაბუები თანაბრად იყვნენ ჩართული ჩემი და ჩემი და-ძმის აღზრდაში.

ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი, რადგან ორი უძვირფასესი ადამიანი დავკარგე. მათზე მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ჩემთვის სამაგალითო ადამიანები იყვნენ. ძალიან მენატრებიან, მაგრამ ვიცი, რომ სადღაც არსებობენ. მათ გვერდში დგომას სულ ვგრძნობ.

– გასული ზაფხული როგორ გაატარეთ? სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტოებს აქვეყნებდით.

– დიახ, მეც ავყევი კამპანიას “იმოგზაურე საქართველოში” და ჯერ ბათუმში ვიყავი, მერე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც თითო-თითო დღით. როდესაც ამოვწურე საქართველო, რამდენიმე დღით კარლოვი ვარში წავედი. მერე მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი ესპანეთში, იბიცაზე, შემდეგ – ისევ კარლოვი ვარში და ამის შემდეგ დავუბრუნდით თბილისს.

– რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ ამ მოგზაურობამ?

– იბიცაზე მეორედ ვიყავი და უკვე ვიცოდი, რა დამხვდებოდა. რაც შეეხება კარლოვი ვარს, ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქალაქი გახდა. საოცარი ბუნება, ჰაერია. ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა დაისვენოს. მიუხედავად იმისა, რომ სიჩუმე და განმარტოება დიდად არ მიყვარს, წელს ამ ყველაფერზე გავგიჟდი! ალბათ დამიდგა დრო, როცა ასეთი დასვენება მჭირდება.

– თქვენი ქმარი, ბექა წივწივაძე, აგრძელებს სპორტულ ცხოვრებას?

– დიახ. ბექა არამხოლოდ კალათბურთელია, სპორტული მიმართულების ხელმძღვანელია ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ძალიან ბევრს მუშაობს განვითარებისთვის.

10 წელი სრულდება, რაც მე და ბექა ერთად ვართ. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ოჯახური თანაცხოვრების და ერთმანეთთან ურთიერთობის.

– ყოველ ცოლქმრულ წყვილს თავისი გამოცდილება და თავისი გზა აქვს, ყველაფერი ინდივიდუალურია. ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თქვენ და ბექას რა გასწავლათ ოჯახურმა ცხოვრებამ, სტაბილური ურთიერთობის რა “რეცეპტები” შეიმუშავეთ.

– ზოგადი განმარტებების გაცემა ძალიან რთულია. ზოგჯერ წყვილი სიყვარულით ქორწინდება, მაგრამ მერე აღმოაჩენენ, რომ სულ სხვა ინტერესები აქვთ ცხოვრებაში, ერთმანეთს ვერ უგებენ. სადაც ურთიერთგაგება არ არის, ასეთი ოჯახის დანგრევა ტრაგედია არ მგონია.

მეც სიყვარულით გავთხოვდი, მაშინ 17 წლის ვიყავი. ჩემი და ბექას ინტერესები მეტნაკლებად ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ შორისაა, ეს არის ურთიერთგაგება და ნდობა. ამაზე აგებული ნებისმიერი ურთიერთობა მყარია.

მეცოდება ის ოჯახები, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება არ არის, სადაც სულ უთანხმოება და ყოველდღიური ჩხუბია. ყველას აქვს იმის შანსი, რომ ბედნიერება იპოვოს. ძალიან კარგია, ვისაც გაუმართლებს და მთელ ცხოვრებას ერთ ადამიანს დაუკავშირებს.

– ზოგჯერ უმნიშვნელო პრობლემის გამოც ინგრევა ოჯახები.

– პატარ-პატარა მიზეზის გამო დანგრეული ოჯახები ძალიან მენანება. ყველა ოჯახშია უთანხმოება, კამათიც და ეს ძალიან ბუნებრივია. თუ არ კამათობ, პატარ-პატარა უთანხმოებები არ არის, ესე იგი ის ადამიანი რაღაცნაირად არ გაინტერესებს. კამათში იბადება ჯანსაღი აზრი, მაგრამ ეს ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს და ამას შვილებმა არ უნდა უყურონ.

– თქვენი შვილი, გიორგი, რამდენი წლის არის და როგორ ხასიათს ამჟღავნებს?

– გიო მეორე კლასშია. როგორც ყველა ბავშვი, ისიც ცელქია, მაგრამ დამჯერიც არის, კარგადაც სწავლობს, მოტივირებულია. არ სჭირდება დაძალება, რომ ისწავლოს. ძალიან კარგი თაობა მოდის და ეს მახარებს.

– მამის მსგავსად კალათბურთს თუ თამაშობს?

– ფეხბურთს თამაშობს და მამამისი განსაკუთრებულად უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ბექა კალათბურთელია, გიოსთვის ეს არ მოგვითხოვია. სპორტის ამ სახეობაზეც იარა, მაგრამ ფეხბურთი უფრო მოსწონს და იყოს იქ, სადაც თვითონ უნდა. თავისუფალი არჩევანის უფლებას ვაძლევთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროფესია აირჩიო და იქ იყო, სადაც გსიამოვნებს ყოფნა და არა იქ, სადაც შენს მშობლებს უნდათ, რომ იყო.

– სამსახური და ოჯახი – როგორ ანაწილებთ დროს, რომ არც კარიერაში შეგეშალოთ ხელი და ოჯახის საქმეებსაც გაართვათ თავი?

– არც ერთს ვაკლებ ყურადღებას და არც მეორეს. ესეც მეტწილად ბექას დამსახურებაა, ძალიან მიწყობს ხელს. სახლიდან როცა გავდივარ, მშვიდად ვარ, რადგან ბექა არის ბავშვთან. ეს სამსახურშიც მიმარტივებს ყველაფერს და ოჯახშიც. ვცდილობ, სანამ გიო სკოლაშია, სამსახურის საქმეები მოვასწრო. ბავშვს დედა არ ენატრება. როცა ბექა დაკავებულია, გიოსთან მე ვარ და ასე ვუწყობთ ერთმანეთს ხელს.

– “სარკის” მკითხველმა იცის, რომ საკმაოდ კარგი კულინარი ხართ და სამზარეულოში ფუსფუსი გიყვართ. ახლა რამდენად ახერხებთ ამას?

– არასდროს მყოლია დამხმარე სახლის საქმეებში. სამზარეულოშიც მე ვაკეთებდი ყველაფერს და სხვა საქმეებსაც მე ვაგვარებდი. ბოლო დროს მე და ბექამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახში მჭირდება ქალი, რომელიც მომეხმარება. ეს თუნდაც იმისთვის მჭირდება, რომ გიოსთან ურთიერთობისთვის მეტი დრო მქონდეს.

სამზარეულოს ბევრი დრო მიაქვს და ძალიან ვიღლებოდი, საქმეებს ვეღარ ვანაწილებდი. რამდენიმე დღეა, რაც ერთი ძალიან კარგი ქალი მეხმარება. მგონია, რომ ტვირთი მოვიხსენი, მშვიდად ვარ.

– ახლა ალბათ თავის მოვლისთვისაც მეტი დრო გექნებათ.

– ისეთ ასაკში არ ვარ, რომ განსაკუთრებული რაღაცები მჭირდებოდეს. არც თმაზე მაქვს პრობლემა, არც კანზე. უბრალოდ ვარჩევ თავის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომლებიც კონკრეტულად ჩემი კანისთვის და თმისთვის არის განკუთვნილი.

კოსმეტოლოგთან საერთოდ არ ვყოფილვარ, ჯერჯერობით არ მჭირდება. გენეტიკაც ხელს მიწყობს, დედაჩემს ერთი ნაოჭიც არ აქვს. გარკვეული ასაკის შემდეგ კი კოსმეტოლოგს მივაკითხავ. მაგალითად, მე ძალიან მომწონს მიმიკური ნაოჭი, რომელიც ასაკთან ერთად ჩნდება. ეს ქალს უხდება კიდეც.

– საოცარი ხარისხის და ფერის თმა გაქვთ. ესეც გენეტიკის დამსახურებაა?

– თმისთვის ხარისხიან შამპუნსა და კონდიციონერს ვიყენებ და ვიკეთებ თმის ფილერსაც, რომელიც მკვდარ და არაჯანსაღ თმას აცოცხლებს. კარგია, თვეში ერთხელ თუ გამოიყენებ. არც ძვირი სიამოვნებაა, საკმაოდ ხელმისაწვდომია.

– წლებთან ერთად თქვენი ჩაცმის სტილი რამდენად შეიცვალა?

– ჩემი ჩაცმის სტილი ძალიან თავისუფალია. ვერ ვიტყვი, რომ საეკრანო ჩაცმულობა ძალიან განსხვავდება ჩემი ყოველდღიური სტილისგან. პიჯაკებთან ბოტასები მომწონს და პირიქით – ქუსლიან ფეხსაცმელთან თვისუფალი სტილის ზედა-ქვედა, რომ გაანეიტრალოს და არ იყოს ერთი სტილი. მოკლედ, ყველაზე მეტად ქეჟუალი მომწონს.

– დაბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

– ყველას, ეს იქნება ქალი თუ კაცი, ვურჩევ, აუცილებლად შეიყვარონ საკუთარი თავი. იპოვონ ის პროფესია, რომელიც მოსწონთ და საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებთ, რომ ლაღი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ.