მაგდა ვასაძე: “მწვრთნელი ავიყვანე და 16 კილო დავიკელი”

მაგდა ვასაძე: "მწვრთნელი ავიყვანე და 16 კილო დავიკელი"ირმა ჭკუასელი, სარკე

წლების წინ ქობულეთელმა დამწყებმა მომღერალმა მაგდა ვასაძემ მუსიკალურ ტელეპროექტ “ახალ ხმაში” სცადა ბედი და მაშინვე აღმოჩენად იქცა. შემდეგ “იქს ფაქტორში” გააკეთა დამაჯერებელი განაცხადი. მას მერე მისი მუსიკალური კარიერა გრძელდება და ვითარდება. მღეროდა ჯგუფებთან ერთადაც და ცალკეც. საბოლოოდ სოლო კარიერა აირჩია. ცვლილებების მოყვარულია როგორც შემოქმედებაში, ისე იმიჯში. მიზანსწრაფული და ჯიუტი ხასიათი ეხმარება ჩანაფიქრის ასრულებაში. შეძლო, ვარჯიშით და სწორი კვებით წონაში მკვეთრად დაეკლო და გარეგნობა ისე შეიცვალა, მისი ცნობა ძნელია. განვლილ გზასა და დღევანდელ ეტაპზე მაგდა “სარკეს” ესაუბრება.

– მაგდა, მაყურებელმა გაგიცნოთ ტელეპროექტ “ახალი ხმით”, სადაც პირველად გამოჩნდით და დიდი ეფექტი მოახდინეთ. გაიხსენეთ ის პერიოდი, მაშინდელი თქვენი ემოციები და მოლოდინები. შემდეგ რა მოჰყვა ამ პროექტს?

– ის პერიოდი ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, რადგან პირველი ნაბიჯები გადავდგი მუსიკალურ კარიერაში. ეს იყო 2012 წელს. მანამდე ყოველთვის ვუყურებდი ამერიკულ “ვოისს” და ძალიან მომწონდა. სულ ვფიქრობდი, ნეტა, საქართველოშიც დაიწყონ ეს პროექტი-მეთქი და ძალიან გამიხარდა, როცა გამოაცხადეს, რომ იწყებოდა. მაშინ 26 წლის ვიყავი.

– შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში იყო ბენდი “გუფი ლენდი”. რატომ დატოვეთ ეს ჯგუფი?

– 2013 წელს დამიკავშირდა მუსიკოსი გუფი და დაახლოებით 5 წელი ვიმუშავეთ ერთად. იმიტომ დავტოვე, რომ ძალიან გადავიღალე. ბევრი კონცერტი გვქონდა. დღეში სამი კონცერტიც გვქონია. მივხვდი, რომ შეიძლებოდა ხმა დამეკარგა და სამომავლოდ ვეღარ მემღერა, ეს კი ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნებოდა. მართლა ძალიან ბევრჯერ ვიყავი ექიმთან. ის მეუბნებოდა, გაჩერდი, ასე არ შეიძლებაო. მეც გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის მომევლო. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო მიზეზი, თორემ დღეს მე და “გუფი ლენდი” ისევ ვმეგობრობთ და დავნათესავდით კიდეც.

– “იქს ფაქტორში” უკვე შემდგარი მომღერალი მიხვედით. რატომ გადაწყვიტეთ მასში მონაწილეობა და რა მოგიტანათ ამ მეგა შოუმ?

– “გუფი ლენდისგან” როცა წამოვედი, გადავწყვიტე, სოლო კარიერა დამეწყო. იყო კიდეც იქ სიუჟეტებში ნაჩვენები, რომ მე დავტოვე “გუფი ლენდი” და სოლო კარიერის დაწყებას ვაპირებდი. სწორედ ამის გახმაურება მინდოდა, რომ მე აღარ ვარ ბენდის წევრი და მე ვარ ცალკე მაგდა ვასაძე.

ყველაზე მეტად ქართველ მომღერლებს საქართველოში რაც გვენატრება, მინდოდა ძალიან დიდ სცენაზე დგომა და სიმღერა. დამირეკეს კიდეც და მთხოვეს, იქნებ გამოხვიდეო. “იქს ფაქტორით” გამიხსენა ხალხმა და კონტაქტები აღდგა.

– ახლა რა ეტაპზეა თქვენი კარიერა, ისევ “ცალკე მაგდა ვასაძე” ხართ?

– მერე გავაკეთე ჩემი ბენდი. წელიწადნახევარში სხვადასხვა მიზეზების გამო დაიშალა ეს ჯგუფი და ისევ მარტო ვაგრძელებ კარიერას. ყოველთვის ვცდილობ, რაღაცა სიახლე ვნახო, ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია.

– ახლა სად მღერით?

– ძირითადად კონცერტებზე ვმღერი, დახურულ ივენთებზე დავდივარ და მაქვს შემოთავაზებები. სხვადასხვა ბენდები მთავაზობენ, კონკრეტული ივენთისთვის ვიყო სოლისტი. ვაკეთებთ რეპერტუარს და შესაბამისი ანაზღაურებაც მაქვს.

– მხოლოდ სიმღერით ირჩენთ თავს თუ სხვა რაიმე საქმიანობითაც ხართ დაკავებული?

– ეს არის ჩემი პროფესია და ძირითადად ვმღერი. ჯერჯერობით სხვაგან არსად ვმუშაობ და ასე თუ ისე მყოფნის. რომ გითხრათ, თავზე გადამდის-მეთქი, ასე არ არის. ზოგადად, საქართველოში, მგონია, არც ერთი მომღერალი არ არის ძალიან მაგრად. ყოველი შემთხვევისთვის, სასიცოცხლოდ და იმისთვის, რომ მე და შვილმა თავი ვირჩინოთ, სრულიად საკმარისია. უფრო მეტი შემოსავალიც შეიძლება ჰქონდეს მომღერალს. უბრალოდ, ამჟამად მართლა ცუდი პერიოდია, კრიზისია საქართველოში და გაჭირვებულები კიდევ უფრო მომრავლდნენ.

– თქვენი არაერთი კოლეგა უცხოეთში წავიდა. თქვენ არ გიფიქრიათ წასვლა და კარიერის იქ მოწყობა?

– დიახ, ბევრი მიდის, მაგრამ იქაც უნდა დაგხვდეს ვიღაც. უცხოეთში რომ ჩახვიდე და იქაც რესტორანში იმღერო, აზრი არ აქვს. მოშორებული ხარ საკუთარ ოჯახს, დედმამიშვილებს, საქართველოს და სადღაც მუშაობ გადაკარგულში, თან ისევ რესტორანში.

იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ მაშინ მე უკვე ჩემს რაღაცას ვაკეთებდი და ვერ წავიდოდი, რადგან კონტრაქტით ვიყავი აქაც, თუმცაღა არც იმას ვნანობ, რომ არ წავედი. ვინც წავიდა იმ პერიოდში, არ აეწყო ისე საქმეები და ძალიან ბევრი დაბრუნდა. თუ კარგი შემოთავაზება იქნება, რა თქმა უნდა, დავთანხმდები.

– მაგდა, ვარცხნილობას, თმის ფერს ხშირად იცვლით. რატომ, იმიჯის განახლება მოგწონთ?

– მე ბავშვობიდან ასე ვარ. სულ უცნაურად ვიკეთებდი თმებს. პატარა რომ ვიყავი, ვერ ვიღებავდი. როგორც კი წამოვიზარდე, მგონი, აბსოლუტურად ყველანაირი ფერი მედო თავზე. მიყვარს მრავალფეროვნება. წითელი თმა დაახლოებით 5 წელი მქონდა და ძალიან მომბეზრდა.

სალონში ჩემს სტილისტს ვუთხარი, თეთრი ფერი მინდა-მეთქი. ქერას დასმას კიდევ არა უშავს, თეთრის დასმა ცოტა რთულია, წითლიდან – მით უმეტეს. მთელი დღე გავატარე სალონში. მერე ეს გასწორება მომბეზრდა, თან თმა აშკარად დაიწვა და შევიჭერი ასე მოკლედ. ახალი სიცოცხლე შემოაქვს თითქოს ახალ ვარცხნილობებს, ვიცვლები და მომწონს.

– რამდენი ხანი აპირებთ ამ ვარცხნილობის დატოვებას?

– ძალიან რთული კითხვა დამისვით. შეიძლება ხვალ ავდგე და სხვა რაღაც გავიკეთო.

– ზოგადად გარეგნობაზე ზრუნვას რა დროს უთმობთ?

– უკვე ერთი წელია, ძალიან დიდ დროს ვუთმობ ამ ყველაფერს. ერთი წელია, რაც რეგულარულად ვვარჯიშობ. ავიყვანე მწვრთნელი, დავიწყე სწორი კვება და 16 კილოც დავიკელი.

– დიეტებს არ იცავთ და მხოლოდ სწორი კვებით მიხვედით ამ შედეგამდე?

– დიახ. არანაირი დიეტა, მხოლოდ სწორი კვება. თავიდან 3 თვე ვიყავი მკაცრ სწორ კვებაზე, თან ვვარჯიშობდი. ერთბაშად მინდოდა კარგი შედეგი. გამიჭირდა ვარჯიშის დაწყებაც, კვების სწორად დაცვაც, მაგრამ იმდენად შევეჩვიე, დღეს ჩემს შვილს კარტოფილს რომ შევუწვავ, საერთოდ არ მაქვს სურვილი, შევჭამო.

ცხიმიანი, ტკბილეული, აბსოლუტურად ყველაფერი ამოღებული მაქვს კვების რაციონიდან. დაბადების დღეზე თუ წავედი ან მეგობრებთან ერთად სადმე, რა თქმა უნდა, იქ ხაჭაპურიც შეიძლება ვჭამო, მაგრამ მეორე დღეს აუცილებლად სწორი კვება გრძელდება. სხვანაირად ვერ შეინარჩუნებ წონას. გადავწყვიტე, ასე ვიკვებო მთელი ცხოვრება, სადამდეც შევძლებ.

– როცა ასეთ მკაცრ შეზღუდვებს უწესებთ საკუთარ თავს, ეს განწყობაზე უარყოფითად არ მოქმედებს?

– სხვათა შორის, ძალიან ბევრი მეუბნებოდა, დიეტას ვიცავ და რაღაც ცუდ ხასიათზე ვარო. მე არასოდეს ვიყავი ცუდ ხასიათზე. პირიქით, იმის მოლოდინით ვიყავი, რომ ამით ძალიან კარგ შედეგს მივიღებდი. ყოველთვის შემართებით ვიყავი. ვარჯიში არის საოცრება და ძალიან ბედნიერი გამოვდივარ სავარჯიშო დარბაზიდან.

– 13 წლის ბიჭი გყავთ. გარდატეხის ასაკში მყოფ შვილთან სწორად აგებთ ურთიერთობას? როგორი დედა ხართ?

– ეს ალბათ ლუკას უნდა ჰკითხოთ, რადგან საკმაოდ დიდია და დამოუკიდებელი აზრები აქვს. ადრე ლუკა ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა ქობულეთში. მერე, როცა უკვე ფინანსურად მოვძლიერდი, თბილისში წამოვიყვანე.

მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვია. ორივე ერთად ვცდილობთ, პირველ რიგში, ერთმანეთის მეგობრები ვიყოთ. ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით. ვცდილობ, რაღაც დღეები გამოვყო ლუკასთვის და გავისეირნოთ ერთად ან კინოში წავიდეთ. პანიკიორი დედა ნამდვილად ვარ. ტელეფონი თუ გამორთო და ვერ დავუკავშირდი, შეიძლება თბილისი ავწიო ჰაერში. თან დღეს ისეთი რაღაცები ხდება მოზარდებში, მართლა ყველაფერი საშიშია უკვე.

– ყოველთვის იცით, სად არის თქვენი შვილი?

– კი, ყოველთვის ვიცი, სად არის. მშობლის პატივისცემა აქვს და ეს ყველაზე კარგია.

– რა ინტერესები აქვს, ხომ არ უნდა, დედის კვალს გაჰყვეს?

– ლუკას მოსწონს, როცა მე სცენაზე ვდგავარ და ვმღერი. ბავშვობაში ამბობდა, მეც მინდა მომღერლობაო, მაგრამ მე ხომ ვიცი მისი მუსიკალური შესაძლებლობები. ზოგჯერ მხვდებიან მშობლები, რომლებიც ამბობენ, ვაიმე, საოცრად მღერის ჩემი შვილიო და რომ მოუსმენ, დიდი არაფერი კი არა, საერთოდ მონაცემი არ აქვს ბავშვს. ლუკა მღერის, შეუძლია იღიღინოს მეგობრებთან ერთად, კი, ბატონო, მაგრამ მომღერლის კარიერისთვის უფლისგან უნდა გქონდეს ნაბოძები ხმა თავიდანვე.

ლუკა ძალიან მაგარია მათემატიკაში. სამომავლოდ თვითონ გადაწყვეტს, საით წავა. ამ ბოლო დროს ამბობდა, ინჟინერი უნდა გამოვიდეო. ვნახოთ, რას იზამს.

– თქვენ რითი გგავთ?

– ზოგადად ჯიუტია ლუკა, მეც ჯიუტი ვარ. შეიძლება ჩემი ხასიათი აქვს, არ ვიცი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ეცვლება ხასიათი. ზაფხულში ქობულეთიდან უფრო დინჯი ტიპი ჩამოვიდა თბილისში.

– რთულია ბიჭის დედობა?

– ზოგადად გამიგია, რომ ძალიან რთულია ბიჭის დედობა, მაგრამ ლუკა მართლა არ არის ეგეთი ბავშვი. მეშინია, თვალი არ ეცეს.

– მარტოხელა დედობას ადვილად ართმევთ თავს?

– მე თუ რაღაცას დავისახავ მიზნად, ამას ყოველთვის ვაკეთებ. თავიდან ცოტა მეშინოდა ლუკას წამოყვანა თბილისში, რადგან სულ კონცერტები მქონდა და სახლში არ ვიყავი ძირითადად. აი, ამ ყველაფერზე ვნერვიულობდი. თბილისში 6 თვე ძიძა ავუყვანე. მერე მითხრა, არ მინდა ძიძა, ნუ გეშინია, მარტოც დავრჩები სახლშიო. ჩემი მეგობრებიც მეხმარებოდნენ და მამიდაც.

– რატომ გაშორდით თქვენი შვილის მამას?

– პატარები ვიყავით, რაღაცები აგვერია და სულ ვკამათობდით. დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან.

– ზოგადად, შესაძლებელია დანგრეული ურთიერთობების აღდგენა და ისევე გაგრძელება, როგორც საწყის ეტაპზე იყო?

– გააჩნია, რისთვის დაინგრა ურთიერთობა. არ ვიცი. მე, მაგალითად, არ მჯერა.

– როგორ ადამიანს ისურვებდით გვერდით? რა არის ის მთავარი, რაც თქვენ გვერდით მყოფ მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს?

– პირველ რიგში, უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი. როგორც ვხვდები, ძალიან უჭირთ დღეს ადამიანებს ურთიერთობა. რაც ყველაზე მეტად მეზიზღება, არის ტყუილი. მირჩევნია, იყოს ცუდი, მაგრამ იყოს სიმართლე. ამას უფრო ვაფასებ. მეგობრობაშიც ასე ვარ და ცხოვრებაშიც.

წყვილში პატივისცემა უნდა იყოს აუცილებლად. ორივემ უნდა შევქმნათ ურთიერთობის კომფორტი. ჯერჯერობით ასეთი კანდიდატი არავინ არის.

– თქვენს განვლილ ცხოვრებას როგორ შეაფასებდით?

– მე ჩემს ცხოვრებაში გადადგმული ყველა ნაბიჯი მიყვარს, ბავშვობიდან მოყოლებული, იმიტომ, რომ ამ ცხოვრებით ვიცხოვრე და ზუსტად ვიცი, მომავალში როგორც ვიცხოვრებ, ისიც მეყვარება.

– თქვენი ცხოვრების დღევანდელ ეტაპს როგორ შეაფასებთ?

– მე მგონი, ყველაზე კარგი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველანაირი კუთხით. კიდევ უფრო დამოუკიდებელი გავხდი. მე და ჩემი შვილი ერთად ვართ, მაქსიმალურად ვუთანხმებთ ერთმანეთს ყველაფერს და სრული იდილია გვაქვს.

კარიერაშიც მაქვს ბევრი შემოთავაზება. ჩემს პროდიუსერთან ერთად უკვე დავიწყე მუშაობა ახალ სიმღერაზე. ვაპირებ კლიპის გადაღებას, რომელიც სოციალურ ქსელში განთავსდება. მინდა, ახალ წლამდე მოვახერხო და იმედია, ხელს არაფერი შემიშლის. უახლოესი გეგმა არის ეს – სიმღერის გაკეთება და კლიპის გადაღება, რომელიც იქნება ჩემი და სხვისი არავისი.