დალი ჩიტალაძე და გიორგი ნაზღაიძე შემოსავალს იყოფენ – “მთელი ცხოვრება ყველას ვემსახურები!”

დალი ჩიტალაძე და გიორგი ნაზღაიძე შემოსავალს იყოფენ - "მთელი ცხოვრება ყველას ვემსახურები!"ირმა ჭკუასელი, სარკე

მოდის ექსპერტი და ბლოგერი, დალი ჩიტალაძე, კულინარიულ შოუ “მასტერშეფში” დიდი ხმაურით გამოჩნდა. თავისი საფირმო სოუსი და კერძიც დიდი ემოციებით მოამზადა პროექტის სამზარეულოში და მაყურებელს კიდევ ერთი განსხვავებული შტრიხით წარუდგა – შოუში მის გვერდით იყო ასისტენტი, გიორგი ნაზღაიძე, რომელსაც დალი ხან მწვანილის მიწოდებას სთხოვდა, ხან რომელიღაც ინგრედიენტის შეცვლას. ხალხმა ამ ურთიერთობაში რაღაც “მონათმფლობელური” დაინახა და დალი ჩიტალაძის მისამართით კრიტიკამ და კილვამ არ დააყოვნა – ბიჭს მონასავით ექცევაო.

როგორი ურთიერთობა აქვთ სინამდვილეში მათ, რა ფუნქციას ასრულებს გიორგი დალის ცხოვრებაში, ამაზე “სარკესთან” თავად საუბრობენ და გრანდიოზულ გეგმებსაც გვიმხელენ.

სტატია დაწერილია დალი ჩიტალაძის ”მასტერშეფიდან” გაშვებამდე.

– როგორ, რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი?

გიორგი: დალი რომ გავიცანი, ჟურნალ “ოქეიში” ვმუშაობდი. ერთ-ერთ რუბრიკაში კულინარიულ თემაზე ჩავწერე. მახსოვს, მაშინ ვაშლის ღვეზელის რეცეპტი ჩაგვაწერინა. შემდეგ მოდის კვირეულებზე ვხვდებოდით ერთმანეთს. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი ერთად მუშაობა დავიწყეთ. ახლა ფოტოხელოვანი ვარ და ფოტოგრაფად ვმუშაობ. სამხატვრო აკადემიაში ფოტოგრაფიაზე ვსწავლობ, მეორეკურსელი ვარ.

– ქალბატონო დალი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ გჭირდებოდათ ასისტენტი?

დალი: მე ვარ ბლოგერი. ბლოგერს კი აუცილებლად სჭირდება ფოტო და ვიდეოგადაღებები, პლუს “იუთუბ არხი” გავხსენი. ძალიან იშვიათია, რომ თანამშრომელი შენი მეგობარი გახდეს. დიდ კომპანიებშიც მიმუშავია, მაგრამ ყველა თანამშრომელთან არასოდეს მიმეგობრია. გიორგი კი უკვე ჩემი ოჯახის წევრია. არამარტო ერთად ვმუშაობთ, ანაზღაურებასაც ვიყოფთ.

– რა პრინციპით შეარჩიეთ გიორგი, რატომ მაინცდამაინც ის?

დალი: ძალიან კარგი რეკომენდაცია გაუწიეს. ვაკვირდებოდი პრესლანჩებზე, პრეზენტაციებზე და ყოველთვის დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა. რამდენიმე ფოტო გადამიღო, რომლებიც ძალიან მომეწონა. ზუსტად ასეთ ადამიანს ვეძებდი.

– როგორია თქვენი ურთიერთობა სამსახურის მიღმა?

დალი: ჩვენი სამსახური იმდენ დროს მოითხოვს, ძირითადად სულ ერთად ვართ. კინოშიც მივდივართ, თეატრშიც.

გიორგი: ხშირად მეკითხებიან, რამდენი დღე მუშაობო. როცა ონლაინსივრცეში მუშაობ და ბლოგს აკეთებ, გრაფიკი დალაგებული არასდროს გაქვს. ეს საქმე დიდ შრომას მოითხოვს. შეიძლება დღე ისე გავიდეს, მე და დალიმ ერთმანეთი ვერ ვნახოთ, მაგრამ ტელეფონით 24 საათის განმავლობაში გვაქვს კონტაქტი.

დალი: გიორგი საოცრად ყურადღებიანი, კეთილშობილი, ნიჭიერი ახალგაზრდაა. უსაყვარლესი ადამიანია. ყველამ ინატრეთ ასეთი მეგობარი გვერდით!

გიორგი: ჩვენ უცებ დავმეგობრდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლებს შორის არსად მინახავს ისეთი ურთიერთობა, როგორიც მე და დალის გვაქვს.

დალი: ჩემთვის ყველაზე დიდი დანაშაული არის, როცა ადამიანს მადლიერების გრძნობა არ აქვს და ჩემ გვერდით ასეთები ვერ ხარობენ. გიორგი კი მადლიერი და ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია.

– “მასტერშეფშიც” გამოჩნდა, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. როგორ აღმოჩნდა გიორგი შოუს კადრებში?

დალი: “მასტერშეფში” მისი გამოჩენა აბსოლუტურად დაუგეგმავი იყო. ასე ვთქვათ, ბავშვი შემოაგდეს შოუში.

გიორგი: სანამ გადაღება დაიწყებოდა, დალის მართლა დასჭირდა რაღაც და მივაწოდე. პროდიუსერებმა ეს შოუს ნაწილად გამოიყენეს და მერე გადაწყვიტეს, რომ კასტინგის განმავლობაში, როცა დალის რაღაც დასჭირდებოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი.

– სწორედ ამის გამო უარყოფითი კომენტარები გაკეთდა. ისიც კი დაიწერა, დალი მონასავით ექცეოდა.

დალი: ჰოდა, ხალხს იმდენი ინტელექტი არ აქვს, რომ რეალობა და შოუ ერთმანეთისგან გაარჩიონ. მე ვარ მონათმფობელი?! მთელი ცხოვრება აქეთ ვემსახურები ყველას! ალბათ ღმერთისგან მაქვს ეს მისია, რომ ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებზე ვიზრუნო – შვილი იქნება, მეუღლე, მეგობარი თუ ნათესავი. ჩემს მეგობრებს ჰკითხეთ, როგორი ვარ! მინდა, რომ ყველა ბედნიერი, ჯანმრთელი იყოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. უცხო ადამიანებს კი ვერ დავუწყებ იმის მტკიცებას, ხალხნო, მონათმფლობელი არ ვარ-მეთქი.

კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ, ვირტუალური კამათი არ მიყვარს. შეიძლება ვეკამათო ჩემს ახლობელს, რადგან ვიცი, რომ შედეგს გამოიღებს. თუ ვიცი, რომ ადამიანი ვერაფერს გაიგებს, არც დაველაპარაკები.

ასე რომ, არ ელოდოთ ჩემგან, ვინმემ გამომიწვიოს. როგორც კი დავინახავ, რომ ჩემს პირადშიც ან ჩემს ვოლზე ვიღაც შემოვარდა და ცუდი დამიწერა, არც ვპასუხობ, ვბლოკავ და ვუშვებ. მე არ მინდა ნეგატივი, მინდა პოზიტივი!

გიორგი: როცა ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ეს არის შოუ, უარყოფით კომენტარებსაც ვერ მიიღებ სერიოზულად. ეს იყო ჩვეულებრივი გათვლა რეიტინგზე, შოუ დაიდგა.

– ქალბატონო დალი, რატომ გადაწყვიტეთ “მასტერშეფში” საკუთარი ძალების მოსინჯვა?

დალი: ხალხო, თქვენ არ იცით, ღამეები არ მძინავს იმაზე ფიქრით, რა გავაკეთო, როგორ გავიზარდო, როგორ მივაღწიო პროგრესს. დაბრკოლებების გადალახვა ადრენალინია ჩემთვის. კონკურსები არ მიყვარს, მაგრამ ეს ახალი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში და მინდა, ამ დარგშიც მეტი პროფესიონალიზმი შევიძინო. ყველანაირი საქმის მაღალ დონეზე კეთება მიყვარს.

ამჯერად მინდა, ჩემი ცოდნა კულინარიაში გასცდეს საოჯახო კულინარიას და ამ დარგში პროფესიონალი გავხდე. მერე მექნება იმის ამბიცია, რომ პატარა კაფე გავხსნა. შეიძლება მთავარი შეფი არ ვიყო, მაგრამ ხელმძღვანელი ვიქნები. ვიტყვი, ეს გემო კი არა, აი, ეს გემო მინდა-მეთქი და სხვა გამიკეთებს.

– გაქვთ იმედი, რომ ამ პროექტში გაიმარჯვებთ?

დალი: გამარჯვების და წარმატების იმედი რომ არ მქონდეს, ამ პროექტში ნამდვილად არ მივიდოდი.

– პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზეს თუ თავად მიიღეთ გადაწყვეტილება, კონკურსანტი გამხდარიყავით?

დალი: მე გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი.

– ძლიერი კონკურენტები გყავთ?

დალი: არ ვიცი, ვნახოთ. კონკურენცია არასოდეს მაშინებს, რადგან ეს შენს პიროვნულ და პროფესიულ ამაღლებას უწყობს ხელს.

– მგონი, ჟიურიმ ძალიან მკაცრად შეგაფასათ.

დალი: ჟიური მკაცრია და ობიექტური. ლევან კობიაშვილის და კონსტანტინე თედელურის კულინარიული შედევრები გასინჯული მაქვს და აღფრთოვანებული ვარ. ქართულს გვაწოდებენ, მაგრამ ძალიან საინტერესოდ. ზოგჯერ მათ მიერ მომზადებული კერძები რომ გამისინჯავს, შური მიგრძვნია, ასეთი რამ მე რატომ ვერ მოვიფიქრე-მეთქი.

რაც შეეხება ლუკა ნაჭყებიას, მას რესტორანი არ აქვს და მის მიერ მომზადებული კერძები არ გამისინჯავს.

მიყვარს ნიჭიერი ხალხი და მათთან პაექრობა. მინდა, ჩემი გაკეთებულიც მოვაწონო და რაღაც ახლებურად მივაწოდო.

– ნერვიულობდით, როცა პირველად წარდექით ჟიურის წინაშე?

დალი: ძალიან, მუხლები მეკეცებოდა. მე ვარ საოჯახო კულინარიის მოყვარული და საოჯახო კულინარიაში ნამდვილად ვერავინ მჯობნის. ახლა მინდა, პროფესიონალი გავხდე და ამისთვის ბევრი ვიმუშაო.

– გურმანი ხართ?

დალი: ძალიან. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება არის კარგი მუსიკა, კარგი ჭამა და გრძნობა. მეტი არაფერი.

– რომელი კერძი გიყვართ გამორჩეულად?

დალი: მიყვარს ყველაფერი, რაც გემრიელია.

– “სარკესთან” თქვენც გითქვამთ და მომღერალი ანრი ჯოხაძეც ამბობდა, რომ არაჩვეულებრივ შუს აკეთებთ. როგორც ვიცი, რეცეპტს არ ამხელთ.

დალი: რეცეპტს ასე არ ვარიგებ. მოვა დრო, როცა შუს საჯაროდ გავაკეთებ.

– “მასტერშეფში”?

დალი: იმედია, “მასტერშეფშიც”, ყოველ შემთხვევაში, ჩემს “იუთუბ არხზე” მალე დავდებ. ოღონდ ჯერ “მასტერშეფში” ტაფებით ხმალაობას მოვრჩე. დარწმუნებული ვარ, ათეულშიც მოვხვდები და ფინალშიც ვიდგები.

– ქალბატონო დალი, სანამ შოუში გამოჩნდებოდით, სამწუხარო ამბით მოექეცით საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თქვენი ვაჟი სადარბაზოში დაჭრეს. ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

დალი: ჯერჯერობით სიარული უჭირს და ყავარჯნებით დადის. ძალიან დიდი ჭრილობა ჰქონდა. მთავარია, გადავრჩით და დამნაშავე დაიჭირეს, მაგრამ ჯერ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საბოლოოდ განაჩენი არ გამოუტანიათ.

– გარდაგეცვალათ ძმა, და… როგორ ახერხებთ, ამდენი ტრაგედიის მერე იყოთ ასეთი ენერგიული, ხალისიანი, ლამაზი, ეძებდეთ სიახლეებს და ა.შ. რა გაძლევთ ამ ყველაფრის ძალას?

დალი: ტრაგედიები და პრობლემები ყოველთვის რჩება, აი, აქ, ჩემს სახლში და ჩემს გულში. ეს არის ჩემი მძიმე ჯვარი, რომელიც მარტომ უნდა ვზიდო. მოხუცი მშობლები მყავს და მათაც ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. აგერ შვილი, აგერ მეუღლე, ეს საქმე… ვახერხებ ყველაფერს.

მინდა, ყველა ახალგაზრდამ დააფასოს თავისი ასაკი და ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნოს. სანამ ჯანმრთელი ხარ, იცოდეთ, წლები მხოლოდ ციფრებია. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, მაქვს ენერგია და ყველაფერში ჩემი ხასიათი მიწყობს ხელს, რადგან გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ვიცი, დღეს თუ ცუდად ვარ, ხვალ კარგად ვიქნები. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ გავიღვიძე, კარგად რომ ვარ, მზიანი ამინდი რომ არის.

შეიძლება ძალიან პატარა რაღაცამ გამახაროს და ძალიან პატარა რაღაც მეწყინოს, მაგრამ ვცდილობ, წყენა ნაკლებად გამოვხატო. პოზიტივი და ოპტიმიზმი პრობლემების გადალახვის უნარს გაძლევს. ჩემი ცხოვრების დევიზი ასეთია: რატომ უნდა ვინერვიულო, თუ იმ რაღაცას არაფერი ეშველება და, თუ ეშველება, მით უმეტეს, რატომ უნდა ვინერვიულო?! არ მინდა, ვიფიქრო: “რა მეშველება?”. რას ჰქვია, რა მეშველება?! თუ ცოცხალი, ჯანმრთელი ვარ, რაღაც იქნება.

ღმერთი არასდროს მტოვებს. ყოველთვის ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც გვერდით მიდგანან. ოჯახიც ჩემ გვერდითაა. მეგობრებით ვარ მდიდარი და არა – ფულით.

ღმერთი ყველაფერს ერთად არ გაძლევს… დის წასვლა კარგი მაგალითი იყო ჩემთვის. დიანამ ინერვიულა ისეთ რაღაცაზე, რასაც არ ეშველებოდა და სტრესმა დამართა ის, რომ დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ვცდილობ, არ ვიფიქრო, რომ ჩემი და აღარ არის. ის ისე გავზარდე, როგორც საკუთარი შვილი. ჩემს შვილსა და ჩემს დას შორის 8 წელი იყო ასაკობრივი განსხვავება, ჩემს დასა და ჩემს შორის – 9 წელი.

მე, ჩემმა შვილმა და ჩემმა დამ, რომ იტყვიან, ერთმანეთი გავზარდეთ. დიანას იმედი მქონდა, მაგრამ ასე დამტოვა.

უფრო მეტი პრობლემა დამედო მხრებზე, მაგრამ ვუძლებ.