თემურ ქურდიანი: ”5 დღე გვიშიმშილია 4.000 მეტრზე, თოვლის წყალი დაგვილევია…”

თემურ ქურდიანი: ”5 დღე გვიშიმშილია 4.000 მეტრზე, თოვლის წყალი დაგვილევია...”ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

“მთამსვლელობა ჩემთვის სპორტი აღარაა, ეს ცხოვრებაა”, – ასე დაიწყო საუბარი 22 წლის ქუთაისელმა მთამსვლელმა თემურ ქურდიანმა “სარკესთან”. ახალგაზრდა მამაკაცი ექსტრემალური სპორტით წლების წინ დაინტერესდა. ადრენალინი, ექსტრიმი, გართობა, შეუდარებელი სანახაობა – ეს ყველაფერი უბიძგებს, კვლავაც დაადგეს იმ გზას, რომელიც სირთულეებით არის სავსე. ამ სირთულეებსა და გამოწვევებზე ახალგაზრდა სპორტსმენი “სარკეს” ესაუბრა.

– თემურ, ახლახან საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა დალაშქრეთ. ნებისმიერ მწვერვალზე ასვლა რთულია, შხარას თავისებურება რაშია?

– მე და ჩემმა მეგობარმა ბექარ ფაჯიშვილმა ექსპედიციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დავგეგმეთ ყველა დეტალი. ბევრი ვარჯიში და მარშრუტის შესწავლა დაგვჭირდა, რადგან ძალიან დიდი მთაა შხარა და მარშრუტიც გრძელია. 6 ღამე და 7 დღე დაგვჭირდა ასვლისთვის და ჩამოსვლისთვის, მანამდე კი თვეები ვიმუშავეთ ყველა დეტალის გასარკვევად. ბევრი ინფორმაცია მოვიძიეთ ამ პერიმეტრზე, რადგან ძალიან სახიფათო ადგილია.

ამ ადგილზე ქართველი მთამსვლელი და ფოტოგრაფი გურამ თიკანაძე დაიღუპა. ზღვის დონიდან 5203 მეტრია. რაც დავგეგმეთ, იმისგან განსხვავებული მარშრუტი დაგვხვდა, საცოცი ინსტრუმენტებით ცოცვა მოგვიწია ყინულის ფერდებზე. 2 დღე ცუდი ამინდი იყო, ხილვადობა არ იყო, მაგრამ, დაბრკოლებების მიუხედავად, შხარა თავისი სამყაროთი ძალიან განსხვავებულია.

– რამდენიმე დღის წინ დალაშქრეთ ლადო ასათიანის სახელობის მწვერვალი 3.842 მეტრზე. როგორც ვიცი, ეს ექსპედიცია იმით იყო განსხვავებული, რომ არანაირი დაზღვევა არ გამოგიყენებიათ. ასე რატომ გადაწყვიტეთ?

– ჩვეულებრივი სპორტის სახეობაა მეკლდეურობა, მთამსვლელობა, მაგრამ არის რაღაც მიმართულებები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. მთაზე ზოგადად მთამსვლელები დაზღვევით მოძრაობენ, თოკებით და მთელი აღჭურვილობით, მაგრამ არის კიდევ ერთი განხრა – გატაცება, ფანატიზმი. ეს არის მთაზე დაზღვევის გარეშე ასვლა.

ამ შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერი მოძრაობა ფატალურად დასრულდეს. ერთი ხელის ან ფეხის მოცურება შეიძლება საბედისწერო გახდეს, მაგრამ ადრენალინი არის ძალიან დიდი. ამ დროს შენი ურთიერთობა და სიახლოვე მთასთან უფრო მძაფრია, უფრო აღიქვამ ამ სიამოვნებას. უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს, ყოველი ნაბიჯი არის გამარჯვება.

– რა ასაკიდან გაგიტაცათ სპორტის ამ სახეობამ და რომელი მწვერვალი დალაშქრეთ პირველად?

– როგორც ყველამ, მეც კლდეზე ცოცვით, მეკლდეურობით დავიწყე. ეს იყო 12-13 წლის ასაკში. ეს არ იყო სპორტი, ეს იყო უბრალოდ გატაცება. შემდეგ უკვე 17 წლის ვიყავი, დიდ ექსპედიციაში რომ წავედი თეთნულდზე. შეიძლება ითქვას, აქედან მოვინათლე მთის სამყაროში.

– ექსპედიციაში მარტოც დადიხართ თუ მუდამ თანამოაზრეებთან ერთად ხართ?

– არის შემთხვევები, როდესაც მარტო ვლაშქრავ სხვადასხვა მწვერვალებს, ამას თავისი ხიბლი აქვს. უმეტეს შემთხვევაში მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავდივარ. ყველასთან ერთად ვერ წახვალ ექსპედიციაში.

თემურ ქურდიანი: ”5 დღე გვიშიმშილია 4.000 მეტრზე, თოვლის წყალი დაგვილევია...”– მთამსვლელობა ზოგადად ექსტრიმია, მაგრამ შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე კონკრეტული შემთხვევა, როცა ხიფათი ძალიან ახლოს მოვიდა?

– იყო შემთხვევები, როდესაც ქვათაცვენაში მოვყევით. მეტიც, ჩემს მეგობარს შხარის ექსპედიციაში ჩაფხუტზე ქვაც კი მოხვდა. ყოფილა, 4-5 დღე გვიშიმშილია 4 ათას მეტრზე. ცუდი ამინდები დაგვემთხვა და მარაგი დაგვიმთავრდა. სასმელი წყლის გარეშეც ბევრჯერ დავრჩენილვართ და გამდნარი თოვლის წყალი დაგვილევია.

– ოჯახში თქვენი ამ სახიფათო გატაცების წინააღმდეგები არ არიან?

– ოჯახში ზოგს მოსწონდა, ზოგი მგულშემატკივრობდა, ზოგი კიდევ პირიქით, ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა მთაზე, ცდილობდა, ხელი შეეშალა, რადგან ალბათ ნერვიულობდა ჩემ გამო. როცა მიხვდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა და აკრძალვა ვერ მიშველიდა, ახლა გვერდით მიდგანან.

– რამდენად გიწყობთ ხელს ხელისუფლება, ფედერაცია, გრძნობთ მათგან გვერდით დგომას და მხარდაჭერას?

– თვითონ ეს სპორტი ძალიან ძვირადღირებულია. აღჭურვილობა, გადაადგილება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მთამსვლელთა ფედერაცია გვეხმარება ექსპედიციების  განხორციელებაში, ძირითადად სწორედ ფედერაციის წყალობით ვგეგმავთ ტურებს. კარგი იქნებოდა, კერძო ბიზნესი რომ უფრო დაგვიდგეს გვერდით და ინვესტიციები ჩადონ სპორტის ამ სახეობაში.

– მინდა, პირადზეც გკითხოთ. ამ მიმართულებით თუ გრჩებათ დრო, უკვე შეარჩიეთ ცხოვრების თანამგზავრი?

– ხშირად სხვადასხვა რეგიონებში ან საზღვარგარეთ მიწევს ყოფნა, სადაც არც ტელეფონთან მაქვს წვდომა და არც ცივილიზაციასთან. აქედან გამომდინარე, ძნელია დრო დაუთმო სიყვარულს, საერთოდ არაფერი ხდება ამ მიმართულებით ჩემს ცხოვრებაში. ეს გამოწვევაც ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე მთაზე ვარ შეყვარებული.

– როგორი უნდა იყოს გოგონა, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს?

– ამაზე არ მიფიქრია, თუმცა ბუნებრივია, ის აუცილებლად უნდა სცემდეს პატივს ჩემს ამ გატაცებას. გვერდით ვერ მეყოლება ადამიანი, რომელიც ვერ გაიგებს ჩემს დამოკიდებულებას ბუნების, მთისა და ექსპედიციისადმი.. მე დაოჯახების შემდეგაც ვგეგმავ ექსპედიციებში მონაწილეობას, რადგან ეს უკვე ჩემთვის უბრალოდ სპორტი არ არის, ეს ჩემი ცხოვრებაა.

– რომელი მწვერვალის დალაშქვრას აპირებთ უახლოეს მომავალში?

– საფრანგეთის ალპებში ვგეგმავთ ექსპედიციას. სეზონი წინ არის და ჩვენც ბევრი მაგარი და ამბიციური გეგმა გვაქვს.