ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი სიყვარულს 5 წელი მალავდნენ – “რაც ჩემს ცხოვრებაში ლევანი არსებობს, დაძაბული აღარ ვარ”

ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი სიყვარულს 5 წელი მალავდნენ - "რაც ჩემს ცხოვრებაში ლევანი არსებობს, დაძაბული აღარ ვარ"ავთო ჩიტიძე, სარკე

ტელესახე ნანიკო ხაზარაძე მას შემდეგ, რაც მისი პირველი ქორწინება გაყრით დასრულდა, ყოველთვის გაურბოდა პირად ცხოვრებაზე საუბარს. ამიტომაც ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მეორედ შექმნა ოჯახი. მისი რჩეული იურისტი ლევან მათითაშვილია. ეს ამბავი “იმედის” “შუადღის” წამყვანმა საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო, როდესაც სოციალური სტატუსი შეიცვალა და მის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა აღნიშვნა – ლევან მათითაშვილზე დაქორწინებული.

როგორც აღმოჩნდა, ლევანი ნანიკოზე დიდი ხანი იყო შეყვარებული. მას სოციალური ქსელით გაეცნო და ნანიკო მალე დარწმუნდა, რომ ის სწორედ ის ადამიანი იყო, რომელსაც მიენდობოდა და დაეყრდნობოდა. წყვილს ოფიციალურად ჯერ არც ხელი მოუწერია და არც ჯვარი დაუწერია, თუმცა სრულფასოვან ცოლ-ქმრად მიიჩნევენ თავს.

მათ ერთობლივი რადიოპროექტიც გააკეთეს – რადიო “იმედში” უძღვებიან გადაცემას “ორი აზრი”. ისინი ცხოვრებაშიც და ეთერშიც ახერხებენ იმას, რომ, განსხვავებული აზრების მიუხედავად, საერთო დასკვნამდე მივიდნენ.

თავის პირად გამოცდილებასა და ახალი ოჯახური ცხოვრების შესახებ ნანიკო ხაზარაძე “სარკესთან” საუბრობს.

– ნანიკო, თქვენი პირველი ქორწინების შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამ ხნის განმავლობაში თქვენ გვერდით ოფიციალურად არასდროს ყოფილა მამაკაცი, რომელსაც ქმარს უწოდებდით. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– პირველ რიგში, გადაწყვეტილება ლევანმა მიმაღებინა, რადგან ჩემ გვერდით აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც დამაფიქრა, რომ შეიძლებოდა ოჯახი შემექმნა. ეს ადამიანი თავისი გამოჩენის დღიდან ძალიან დიდ კომფორტს მიქმნის ცხოვრებაში. მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო დამოუკიდებელი პიროვნება, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის ახერხებს, მაგრძნობინოს, რომ ჩემ გვერდითაა.

საერთოდ ძალიან ერთნაირი ხასიათი გვაქვს, ბევრ რამეს ერთნაირად ვხედავთ და აღვიქვამთ, ერთნაირად ფეთქებადები ვართ. თავიდანვე მეუბნებოდა, ერთმანეთს ძალიან ვგავართო. მე ასე არ მეგონა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი.

– როგორ გამოჩნდა ის თქვენს ცხოვრებაში? ალბათ თავიდან იყო ნაცნობობა, მეგობრობა…

– არა, დაახლოებით ხუთი წლის წინ სოციალურ ქსელში მომწერა. მე კი ჩვევა მაქვს, რომ უპასუხოდ არავის ვტოვებ. კარგად მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრება მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.

მეორე დღეს ეთერში სტუმრად გვყავდა მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი. უცებ გვარმა დამაფიქრა, გამახსენდა წინა დღეს ლევანის მოწერილი და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი.

– რა იპოვეთ ამ ადამიანში, რასაც ამდენი წელი ეძებდით?

– იმდენად მიჩვეული ვიყავი, რომ ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მქონდა აღებული, თავიდან ძალიან გამიჭირდა მოდუნება და მოშვება. ლევანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბევრი რამ საკუთარ თავზე აეღო. სულ ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები საფიქრალი და საზრუნავი მქონდეს.

– რატომ გაგიჭირდათ მის გვერდით მოდუნება? პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ გარკვეული შიში ხომ არ გქონდათ, რომ ისევ იმედგაცრუებას იგრძნობდით?

– ალბათ მაინც ნდობის მომენტი იყო. ადამიანს რაც ასაკი ემატება, მით ნაკლებად ენდობა სხვებს. ლევანთან მიმართებაში ინტუიციას და ბედს მივენდე. მივხვდი, რომ ისეთი ადამიანი ვიპოვე, ვის გვერდითაც ბედნიერად ვიგრძნობდი თავს. მასაც ჩემნაირად სახლში ყოფნა უყვარს.

სანამ გამიცნობენ, ჩემი საუბრის მანერიდან გამომდინარე, უხეში ვგონივარ ყველას. ლევანიც გარეგნულად სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად აბსოლუტურად სხვა ადამიანია, ძალიან კეთილი და თბილი.

– მეტად სპონტანური იყო თქვენგან სოციალურ ქსელში პოსტი, რომ გათხოვდით.

– ჩვენი ურთიერთობის შესახებ დიდი ხანი არავინ არაფერი იცოდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს ჩემს ცხოვრებაზე. რაღაც მომენტში კი დადგა ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე, ეს გამესაჯაროებინა.

ჩვენ ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვართ, არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია. ვთვლით, რომ ასეთი რაღაცები ჩვენს ურთიერთობას არ სჭირდება. ჩვენს ურთიერთობას ხელის მოწერა არც არაფერს შეჰმატებს და არც არაფერს დააკლებს. ასედაც ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ.

– რაიმე კონკრეტული დეტალი, თუნდაც წვრილმანი, შეგიძლიათ დაასახელოთ, რითიც ლევანი სულიერი კომფორტის განწყობას გიქმნით?

– ძალიან მშვიდი გახადა ჩემი ცხოვრება. ახლაც მიხარია, რომ სახლში მისულს იქ დამხვდება. ზუსტად ვიცი, ჩაიდანი გაცხელებული დამხვდება, რადგან იცის, რომ სახლში შესვლისთანავე ყავას ვსვამ. ჩვენი ურთიერთობა ასეთი პატარ-პატარა დეტალებია, რომელიც ძალიან მივსებს და მილამაზებს ცხოვრებას. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან უმნიშვნელო იყოს ის ფაქტი, რომ სახლში ცხელი ჩაიდანი დახვდება, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერია. ასეთი პატარა დეტალებისგან შედგება მთელი ჩვენი დღე.

აღარ ვარ დაძაბული, ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში ლევანი არსებობს. რაღაც რომ გამიჭირდეს, საოცარ იმედს ვგრძნობ. ნებისმიერ ემოციებს, კარგსაც და ცუდსაც, მას ვუზიარებ და ყოველთვის მზად არის, მომისმინოს და გვერდში დამიდგეს.

– ვისი იდეა იყო, რომ თქვენი ოჯახური დუეტი რადიოში გადასულიყო და გაეკეთებინათ გადაცემა “ორი აზრი”?

– ეს პროდიუსერის დამსახურებაა. ამ ადამიანმა რამდენიმე დღე გვიყურა ერთად, შეესწრო ჩვენს სიამტკბილობას, კამათს და გადაწყვიტა, ჩვენგან რადიოდუეტი შეექმნა. ამ გადაცემას ჰქვია “ორი აზრი” და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბევრ რამეში განსხვავებული აზრები გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ ერთ აზრამდე მივდივართ.

– რაში ვერ უგებთ ერთმანეთს, რა დროს იყოფა თქვენი აზრები?

– არ ვიცი, მაგრამ ლევანს აქვს უნარი, დამიმტკიცოს, რომ ხანდახან თეთრ მაწონზე ვამტკიცებ, შავია-მეთქი. ჩვენი ნებისმიერი კამათი საბოლოოდ ლევანის გამარჯვებით სრულდება. რაც მთავარია, კონფლიქტში მე ჩემს პოზიციას კი არ ვთმობ, არამედ მიხსნის და მაგებინებს. მან მოახერხა და რობოტული ცხოვრების სტილიდან გამაადამიანურა.

– 46 წლის ხართ და ასაკს არ მალავთ. არ განიცდით წლების მატებას?

– ცოტა შოკში მაგდებს ეს ასაკი, მაგრამ სხვა დანარჩენი ჩემს ცხოვრებაში ძველებურად რჩება.

46 უკვე ბევრია. ერთადერთი ის მახარებს, რომ, როცა გაიგებენ ჩემს ასაკს, უკვირთ, არაფერი გეტყობაო. მერე მაინც ვხვდები, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი გავლილი მაქვს. ცოტა სევდიანია წლების მატება, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ.

– როცა უკან იხედებით, უფრო მეტი ტკივილი გახსენდებათ თუ სიხარული?

– ერთი კარგი თვისება მაქვს, ტკივილი ტკივილად არ მახსენდება, ყველაფერ სტრესულს იუმორით ვიხსენებ. ვცდილობ ხოლმე, ჩემს ცხოვრებაში არსებული მინუსები პლუსებად გადავაქციო. სხვანაირად უბრალოდ ვერ გადარჩები. მე ჩემი ცხოვრებიდან არაფერს წავშლიდი და არც არაფერს დავამატებდი.

– ცოტა ხნის წინ, როდესაც თბილისში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მხრიდან თავდასხმის ფაქტები გახშირდა, სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ფსიქიატრთან მკურნალობა არ არის სირცხვილი და ეს გზა თქვენც გაიარეთ. რა პრობლემას ებრძოდით?

– სიტყვა ფსიქიატრი უკვე გვაფრთხობს და ბევრი არ უტყდება საკუთარ თავს, რომ ამ პროფილის ექიმის დახმარება სჭირდება. მე არასოდეს ვმალავდი, რომ ფსიქიატრთან დავდიოდი და ვმკურნალობდი. ზედმიწევნით ვიცავდი მკურნალობის კურსს, ვსვამდი ყველა წამალს და შედეგიც მივიღე. დღეს ყოველგვარი პრეპარატების გარეშე შემიძლია თავი მშვიდად ვიგრძნო.

– კონკრეტულად რა დიაგნოზთან გქონდათ საქმე?

– უფრო რომ განვაზოგადო, იყო პოსტტრავმული ნევროზი. ამ დიაგნოზით არ არის რთული ცხოვრება, თუ ამას აღიარებ და მის მართვას ისწავლი. ძალიან არ მომწონს, როდესაც ადამიანს ელემენტარული მკურნალობა სჭირდება, ის კი ამ მდგომარეობას თავის ხასიათს აბრალებს.

– სანამ უშუალოდ ფსიქიატრთან მიხვიდოდით, ამ დაავადების ყველაზე ცუდი გამოვლინება რა იყო?

– იყო რამდენიმე ინციდენტი. ერთხელ ღონისძიების წაყვანა შევწყვიტე, რადგან ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. შემდეგ რადიოში ისე ცუდად გავხდი, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ერთხელაც ტელევიზიაში გადაცემის დაწყების წინ გავხდი ცუდად და სტუდიაში ვერ შევედი. ეს სამი შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემი შფოთისთვის მიმეხედა.

მე ყველას მოვუწოდებ – თუ განიცდით გაურკვეველ დისკომფორტს და გგონიათ, რომ უბრალოდ დეპრესიაში ხართ, აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს ან ფსიქიატრს, რომ დასაწყისშივე შეძლოთ ამ დაავადების მართვა. ნუ შეგრცხვებათ, რომ ფსიქიატრთან ნამყოფი ხართ. ის ისეთივე ექიმია, როგორიც სტომატოლოგი, გასტროენტეროლოგი და სხვა.

– იმედზე “შუადღის” ახალი სეზონი უკვე გახსენით. ძალიან სტაბილური აღმოჩნდა თქვენი ამ არხზე მუშაობა. იპოვეთ საკუთარი თავი ამ ამპლუაში, დაასრულეთ ძიებები?

– მე ზოგადად ძიება და სიახლეები არ მაშინებს. ყოველთვის მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. ცხოვრებაში ბევრ სფეროში მიმუშავია – კავშირგაბმულობაში, ქარხანაში, პრომო გოგონად. სადაც ვარ, ყოველთვის ასი პროცენტით ვიხარჯები. მართლაც, უკვე ათი წელია, სტაბილურად ვმუშაობ “შუადღეში”, მაგრამ ვცდილობ, სულ სიახლეები შევთავაზო მაყურებელს.

– არის ისეთი საქმე, რომლისთვისაც აქამდე ვერ იცლიდით და გინდათ, მომავალში მაინც გააკეთოთ?

– ჩემი ცხოვრების მთავარი მოწოდება მედიცინა იყო და საბოლოოდ ალბათ მოხალისედ წავალ რომელიმე საავადმყოფოში. ჩავაბარე საექთნოზე და დაუსწრებელი ჯგუფის შევსებას ველოდები. ერთი წელია ვერ შეივსო. იმედი მაქვს, მალე გამოჩნდებიან მსურველები, ოცნებას ავიხდენ და ცოტა სამედიცინო განათლებას მივიღებ. ექიმობისთვის ასაკი აღარ მიწყობს ხელს, მაგრამ მინდა, ექთნის კვალიფიკაციამდე მაინც მივაღწიო.

– ლევანის ძმასთან, პლასტიკურ ქირურგ კოტე მათითაშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? სარგებლობთ იმით, რომ ის თქვენი ახლობელია და შეგიძლიათ გარკვეული პროცედურები ჩაიტაროთ?

– ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, როგორც პლასტიკური ქირურგისთვის, ჯერ არ მიმიმართავს. სულ ვთხოვ, თვალების გარშემო გამიკეთოს რამე ჯადოსნური პროცედურა, მაგრამ მეუბნება, არაფერი გჭირდებაო. ვიცი, ადრე თუ გვიან მას აუცილებლად მივაკითხავ. ძმები ერთმანეთს ჰგვანან, ძალიან კარგი ძმობა აქვთ, ყველაფერში ჩანს, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ და პატივს სცემენ.