მაია ჯორჯაძე: “გიოს თბილ სუნთქვას, მის ხელის შეხებას ვგრძნობ” – გიო ხუციშვილი ცოლ-შვილს ისევ სიმღერებით ეხმარება

მაია ჯორჯაძე: "გიოს თბილ სუნთქვას, მის ხელის შეხებას ვგრძნობ" - გიო ხუციშვილი ცოლ-შვილს ისევ სიმღერებით ეხმარებაია ქუთათელაძე, სარკე

მომღერალი გიო ხუციშვილი წელიწადნახევარია, რაც ამქვეყნიდან წავიდა. მსმენელს დააკლდა საოცარი სითბოთი და ულამაზესი ხავერდოვანი ხმით შესრულებული ქალაქური სიმღერები, ოჯახს – მზრუნველი და საიმედო საყრდენი, მეგობრებს და საზოგადოებას – კარგი ადამიანი…

უმძიმესი ტკივილის გადალახვაში მის ცოლს, მაია ჯორჯაძეს, ისევ გიო ეხმარება. ყველგან გრძნობს მის უჩინარ თანადგომას, ზოგჯერ ხელის მსუბუქ შეხებასაც კი და ხვდება, რომ გიო არსად წასულა, მის გვერდით დარჩა.

გიოს უმცროსი ვაჟის, ზუკას, პასუხისმგებლობა კი გაორმაგდა. ახლა მან უნდა მოუაროს მამის შემოქმედებით მემკვიდრეობას. ახალგაზრდა მომღერალი ინტენსიურად მუშაობს ბენდთან ერთად და მალე კონცერტებს შესთავაზებს მსმენელს. ორი გამოსვლა უკვე ჰქონდათ კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ გიოზე წარსულ დროში ლაპარაკი, დედა-შვილი მაინც ჩვეული გულითადობით დამხვდნენ და თავაზიანად მიმასპინძლეს. საუბარიც ნელ-ნელა აეწყო.

– მაია, როგორც იტყვიან, თქვენ და გიო ერთსულ და ერთხორც იყავით, ორივეს საოცრად გიყვარდათ მუსიკა და ერთმანეთს ავსებდით. ამავე დროს თქვენი კარიერა გვერდზე გქონდათ გადადებული და იყავით გიოს “შინაური” კომპოზიტორი, კონცერტმეისტერი, პროდიუსერი, მდივანი… როგორ შეიქმნა ეს “ტანდემი”, როგორ ასწრებდით ამ ყველაფერს და, საერთოდ, როგორ დამეგობრდით მუსიკასთან?

– სრულიად პატარა, 5-6 წლისა, ვაწყობდი ფორტეპიანოზე რაღაც ჩემეულ მუსიკალურ ფრაგმენტებს. ჩემი ბავშვობის ბედნიერი ხანა პიონერთა სასახლეს უკავშირდება. ჯერ ქალბატონ შურა ჯანელიძესთან ვსწავლობდი, შემდეგ მოვხვდი “მზიურის” მეორე თაობაში. ეს იყო დაუვიწყარი, საოცარი დრო. ხალისიანი, გემოვნებიანი სიმღერები, მოგზაურობა, საზაფხულო შეკრებები.

სკოლის დამთავრების შემდეგ პუშკინის სახელობის ინსტიტუტში (დღევანდელი ილიაუნი) ჩავაბარე მუსიკის ფაკულტეტზე. ჩვენი კათედრის გამგე იყო კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე. სწავლის დაწყების პირველივე დღეს ჩვენი ჯგუფელის დაბადების დღე იყო. როგორც წესი, ბევრი ვიმხიარულეთ და ვიმღერეთ.

იქვე სპონტანურად ჩამოყალიბდა კვარტეტი, რომელიც შემდგომში პუშკინის კვარტეტის სახელით გახდა ცნობილი. მთელი სტუდენტობის პერიოდი ვმღეროდით. გვქონდა გამოსვლები ფილარმონიაში, გასტროლები სხვადასხვა ქვეყანაში.

დაბადების დღეზე შეხვედრები თითქოს სიმბოლური იყო ჩემთვის. ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდი გიოსაც. ისიც მღეროდა, მეც. დავმეგობრდით, საერთო შეხედულებებმა, სიმღერის სიყვარულმა დაგვაახლოვა, მეგობრობა სიყვარულმა შეცვალა და ჩვენი ოჯახიც შეიქმნა, თუმცა მეგობრობა მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა.

გიო ძალიან კარგად მღეროდა. ოჯახში, წვეულებებზე, მეგობრების წრეში. იმდენად მორიდებული იყო, სცენაზე დადგომაზე არც ფიქრობდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ თავისი ნიჭი ასე არ უნდა დაეკარგა.

მამუკა ჩარკვიანმა, რომელთანაც მეგობრობდა, დააძალა, მოდი, ჩავწეროთ ჩვენი სიმღერა და ვიმღეროთ ერთადო. ასე დაიწყო გიოს ნაბიჯები ქართულ ესტრადაზე. შემდეგ გათამამდა, როცა საზოგადოებამ კარგად მიიღო მისი ნამღერი.

მეც ყველანაირად ვუწყობდი ხელს. ყველა ტექნიკურ საკითხს ვუგვარებდი, ისიც მიეჩვია. ნოტების მოტანა, ჩამწერი სტუდიის შერჩევა, აბა, ხვალ ორ საათზე გვაქვს სტუდია, არ დაგავიწყდეს, დღეს ტელევიზიაში მიდიხარ, ბენდის ბიჭები მოდიან… – ამ ყველაფერს მე ვახსენებდი. ერთი სიტყვით, მდივანიც ვიყავი, მენეჯერიც და მუსიკალური პროდიუსერიც.

– საზოგადოებაში გიოს ყველა იცნობდა – თბილი, ხალისიანი, თავაზიანი, მეგობრული. როგორი იყო ოჯახში?

– ოჯახშიც ასეთივე იყო, ძალიან თბილი და ყუარდღებიანი. უამრავჯერ რეკავდა სახლში, სულ აინტერესებდა, როგორ ვიყავით, ვინ სად გავდიოდით, როდის ვბრუნდებოდით, რას ვაკეთებდით. უყვარდა ოჯახში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ქეიფიც უყვარდა და დროსტარებაც, ხშირად გასტროლებზეც დადიოდა, ამბობდა, ორი დღის შემდეგ სხვაგან ყოფნა მიჭირს, ჩემს სახლში მინდა, უთქვენოდ არ შემიძლიაო.

გაბრაზება იშვიათად იცოდა. ძალიან მრისხანე ხასიათი ჰქონდა გაბრაზებისას, მალე გაუვლიდა და ისევ ის გიო იყო, უშუალო და ალერსიანი. ზუკას ამბების კურსში იყო მუდმივად. შვილს ხმამაღლა არასდროს მიმართავდა. ზუკაც ჭკვიანი ბავშვი იყო, მამის სიყვარული და რიდი ჰქონდა. ჩვენ არასდროს გაგვიფრთხილებია, რომ საღამოს მოსვლა არ დაეგვიანა, მაგრამ რადგან იცოდა, მამა ინერვიულებდა, ყოველთვის დროზე ბრუნდებოდა.

ზუკას აღზრდაში სულ მეხმარებოდა, ჩვილობის ასაკიდან. საერთოდ გიო იყო ოჯახის საყრდენი და დიდი იმედი. მე საგარეო საქმეებით არ მაწუხებდა, შეიძლება ბევრჯერ სირთულეც შეხვედრია, როგორც ყველას, რადგან ოჯახის უზრუნველყოფა მარტივი არ არის, მაგრამ ყველაფერს ისე აგვარებდა, სირთულე მე არ მეხებოდა.

გიოს წასვლა ჩვენთვის საშინელი დარტყმა იყო, დღესაც ვერ გამოვსულვართ მდგომარეობიდან და ბოლომდე გაცნობიერებულიც არ გვაქვს, რომ ჩვენთან აღარ არის. გვიჭირს ყველას, მე, ზუკას, ქეთის (ზუკას მეუღლე), მაგრამ, იცით, რა? არ ჩამითვალოთ, რომ რაღაცას ვიგონებ ან ვაჭარბებ, გიოს გვერდით ყოფნას მუდმივად ვგრძნობ, მის თბილ სუნთქვას, ხელის შეხებას.

ამას სხვებიც მეუბნებიან. რამდენიმე ხნის წინ სრულიად უცხო ადამიანის წერილი მივიღე უკრაინიდან. ისეთი რამ მომწერა, რაც ჩვენს ოჯახში მოხდა და მხოლოდ ჩვენ, ოჯახის წევრებმა, ვიცოდით, ეწერა – გიო დამესიზმრა და ის მომიყვაო.

მისი და ნატო გელაშვილის მეგობრობა საყოველთაოდ ცნობილია. ნატოსაც გამუდმებით ესიზმრებოდა, სანამ ერთ დილით არ ადგა და გიოზე სიმღერა არ დაწერა. მითხრა კიდეც, შენი ქმარი მანამ არ მომეშვა, სანამ სიმღერა არ დამაწერინაო.

ოჯახის საძირკველი სიყვარულია, ხოლო როცა სიყვარული და მეგობრობა ერთად არის, შენი მეორე ნახევარი სულიერად მუდამ შენთან იქნება.

– ზუკამ როგორ გადაიტანა მამის წასვლიდან პირველი ხანები?

– ზუკას თავის შემოქმედებაში ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა აღებული. ეს ჯერ მუტაციის პერიოდს უკავშირდებოდა, შემდეგ ექვსი წელი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და ძალზე დაკავებული იყო. გიოს შემდეგ, როცა მისი სიმღერები ბევრმა შეასრულა, ზუკამ გადაწყვიტა, მამის შემოქმედებითი დანატოვარისთვის მოევლო და თავად შეესრულებინა. მან იპოვა ძალა საკუთარ თავში და მიხარია, რომ კოპირება კი არ მოახდინა, არამედ სრულიად სხვა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით ახალი სიცოცხლე მისცა ამ სიმღერებს.

ახლა შეკრიბა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, შექმნა ბენდი. თითოეული მათგანი უკრავს და მღერის კიდეც. მათ რეპეტიციებში მეც აქტიურად ვარ ჩართული. ეს ჩემთვისაც საყვარელი საქმეა და ერთგვარი თერაპიაც არის. ასე რომ, გიოს სიმღერები, მისი საქმის გაგრძელება გახდა ჩვენი მთავარი საქმე და ჩვენი მკურნალი.

– ზუკა, როგორ გახსოვს შენი პირველი გამოსვლები სცენაზე და გქონდა თუ არა რაიმე უპირატესობა მამის სახელის გამო?

ზუკა: სიმღერა როდის დავიწყე, არ მახსოვს. მიყვებიან, რომ ძალიან პატარას დამსვამდნენ როიალზე, უკრავდა დედა და მე ჩემებურად ვმღეროდი. პირველად სცენაზეც თითქოს თამაშით გამოვედი, რაღაც გასართობს ჰგავდა და ძალიან მიხაროდა. მამას კონცერტებზე დავყავდი, კულისებში დროს მხიარულად ვატარებდი და სცენაზე გამოსვლაც არ გამჭირვებია. იმ დროს არანაირ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდი, ბავშვი ვიყავი, მეფერებოდნენ, მიხაროდა ტაშის დაკვრა და სულ ეს იყო.

რაც შეეხება მამის სახელს, ფაქტია, საზოგადოებისთვის ყოველთვის გიოს შვილი ვიყავი. მე ეს სახელი ჩემი წინსვლისთვის ნამდვილად არ გამომიყენებია. არც სკოლაში მისარგებლია იმით, რომ ვმღეროდი და სცენაზე გამოვდიოდი, როგორც სხვებს, მეც ისე მთხოვდნენ სწავლას პედაგოგები.

ახლა სხვა რეალობის წინაშე ვდგავარ. გიომ ძალიან დიდი სიმდიდრე დაგვიტოვა, უზარმაზარი სიყვარული, პატიოსანი სახელი და არაჩვეულებრივად შესრულებული, მხოლოდ მისთვის დაწერილი სიმღერები. მე ამ ყველაფრით ვამაყობ, ვალდებული ვარ, გავუფრთხილდე და მოვუარო ამ განძს.

როცა მუსიკალურ ოჯახში იბადები და იზრდები, თავისთავად გიჩნდება სურვილი შენც მიბაძო მშობლებს. თუ უფალი ინებებს და ნიჭსაც გიბოძებს, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა. სიმღერა ძალიან მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამ საქმეს ვემსახურო.

მაგრამ მხოლოდ სიმღერა არ მაკმაყოფილებს, მრავალფეროვნება მიზიდავს და მინდა, ბევრი რამ ვისწავლო, ჩემი თავი ბევრ საქმეში მოვსინჯო. მაქვს პროფესია, 6 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ახლა ბენდი შევკრიბე და მინდა, მთელი ენერგია ამ საქმეში დავხარჯო. უკვე ორი გამოსვლა გვქონდა კლუბებში, ასევე ზაფხული იყო და პატარა კონცერტები მოვახერხეთ დასვენებასთან ერთად. წინ ბევრი კონცერტი გველოდება, ჩვენ თავს არ ვზოგავთ, დედა ძალიან მიწყობს ხელს, ამ ყველაფერში ჩართულია და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის.

– მამა და დედა სიმღერის სიყვარულმა დააახლოვა და შეაუღლა ერთმანეთს. შენ როგორ შეხვდი შენს სიყვარულს?

– ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, კლასელები ვართ და ყოველთვის გამორჩეულად ვმეგობრობდით. შემდეგ მე სასწავლებლად ამერიკაში წავედი და ძალიან მომენატრა ქეთი. როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს უბრალოდ მეგობრის მონატრება არ იყო, ეს უფრო ძლიერი, უფრო მწველი იყო. ერთი სიტყვით, მიყვარდა ძალიან და გადავწყვიტე, ცხოვრება მისთვის დამეკავშირებინა. აღმოჩნდა, რომ ქეთისთვისაც არ იყო უცხო ეს გრძნობა.

ძალიან ვღელავდი, როცა ხელი უნდა მეთხოვა. ფუნიკულიორზე დავპატიჟე, ვუთხარი, კონცერტი მაქვს-მეთქი. მე კი ამ დროს ყველაფერი მოფიქრებული მქონდა. ძალიან დამეხმარნენ ფუნიკულიორის ხელმძღვანელები. სატელევიზიო ანძაზე ავიყვანე, ყველაზე მაღლა, იქიდან გადმოვხედეთ გაკაშკაშებულ თბილისს, ამოვიღე კოლოფი და ჩვენი სიყვარულის ნიშნად მივართვი ბეჭედი.

მერე, რა თქმა უნდა, ტრადიციისამებრ, ოჯახშიც ვეწვიეთ და უკვე მშობლებს ვთხოვე მისი ხელი.

როცა იზრდები სიყვარულით სავსე ოჯახში და უყურებ მშობლების ურთიერთპატივისცემას, მხარში დგომას, ერთმანეთის სიყვარულს, მონატრებას, მოფერებას, თავისთავად შენშიც ფესვს იდგამს ტრადიციული მამაკაცის თვისებები, რომ შენც ზუსტად ისე უნდა გააღმერთო შენი მეორე ნახევრი, როგორც ამას შენი მამა აკეთებდა.

ჩვენ შეუღლების შემდეგ ცოტა ხანი ვიცხოვრეთ მარტო. ეს იყო ოჯახური თანაცხოვრების პირველი წელი, ხოლო შემდეგ მშობლებთან დავბრუნდით. ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარით და მამასთან ერთად გავატარეთ მისი ცხოვრების ბოლო წლები. მამასთვის ქეთი იყო არა რძალი, არამედ ქალიშვილი, საოცრად უყვარდათ ერთმანეთი.

მაია: გიოს და ქეთის დამოკიდებულება იყო ძალიან გამორჩეული, თბილი და ნაზი. მაშინაც კი, როცა უკვე ძალიან ცუდად იყო და წამოდგომა უჭირდა, ქეთის დანახვაზე სახე გაუნათდებოდა, თავს ძალას დაატანდა, მოწესრიგდებოდა და აუცილებლად წამოუდგებოდა, დაჯდებოდა და ქეთის ისე ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი აწუხებდა.

– მაია, თქვენ ოცდაცხრა წელი გაატარეთ ერთად, ეს თითქოს ძალიან ბევრია და ამავე დროს ძალიან ცოტაც. რა იყო მთავარი თქვენს ცხოვრებაში?

მაია: მთავარი იყო სიყვარული. სიყვარული ყველაფერს გიიოლებს. გიო ისედაც არ იყო რთული ადამიანი. ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, სულ კონცერტები, კონცერტები, მაინც არ ისვენებდა, ჩქარობდა, ეტყობა, უნდოდა,  ყველაფერი მოესწრო.

უყვარდა სიურპრიზები. მეტყოდა: “ბილეთები ავიღე და მივდივართ ერთად უცხოეთში”. ვეტყოდი: “ახლა დაბრუნდი გასტროლებიდან, დაისვენე”. არა, შენთან ერთად უფრო დავისვენებო. არ იფიქროთ, ვაიდეალებ და ვალამაზებ, მართლა ასეთი იყო, მის გვერდით ცხოვრება ნამდვილად ბედნიერება იყო. ჩვენც ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით, ვკამათობდით კიდეც, ვებუტებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ ვცხოვრობდით. ძალიან მანუგეშებს ის საყოველთაო სიყვარული, რაც გიომ დატოვა.

ზუკა: ამას წინათ მამას საბუთებს ვათვალიერებდი. გამიკვირდა, იმდენ ადგილას მუშაობდა თურმე თავისი ცხოვრების მანძილზე. ბევრი რამ მოასწრო – კინოში გადაღება, სამსახური, სიმღერა, მეგობრებთან ურთიერთობა და ყველაფერთან ერთად ჩვენ მისი ნაკლებობა არასდროს გვიგრძვნია.

მეც მინდა, მამის მაგალითზე ვიცხოვრო, ვიმღერო და ისეთი ოჯახი მქონდეს, როგორიც მას გაუხარდებოდა. მე ვალდებული ვარ, იმ აკორდიდან გავაგრძელო ცხოვრება, სადაც მან დაკვრა შეწყვიტა.