ეკა კვალიაშვილი: “საშინელი კომენტარებით პირდაპირ მირტყამენ”

ეკა კვალიაშვილი: "საშინელი კომენტარებით პირდაპირ მირტყამენ"რუსუდან ადვაძე, სარკე

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა, რომელსაც ავტოიმუნური დაავადება გაფანტული სკლეროზი აწუხებს, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც ამბობს, უფინანსობის გამო წამლის ყიდვა უჭირს. ვარსკვლავმა რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო კონცერტიც გამართა. იმედოვნებდა, იმდენ ფულს მოაგროვებდა, რომ სხვა დაავადებულებსაც უწილადებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე თანხა მოგროვდა, სამაგიეროდ მომღერლის მისამართით ბევრი ნეგატიური კომენტარი წამოვიდა სოციალურ ქსელში.

სულ პირველად მსგავსი საქველმოქმედო საღამო ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად 6 წლის წინაც გაიმართა. იმ პერიოდში ახალდადგენილი ჰქონდა ეს რთული დაავადება და ფული გამოკვლევებისთვის სჭირდებოდა. მაშინ ხალხმა ეკას 80 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა, თუმცა მომღერლამდე ამ თანხის დაახლოებით მესამედი მივიდა.

– ეკა, საქველმოქმედო საღამომ როგორ ჩაიარა, კმაყოფილი ხართ?

– საღამომ ფანტასტიკურად ჩაიარა და ძალიან დიდი მადლობებიც გადავიხადე. მამუკა ჩარკვიანი მოვიდა, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, ჯემალ სეფიაშილი, ლაშა ღლონტი… სამწუხაროდ, ჩემმა ნუკამ (ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი. რედ.) ვერ იმღერა, ყელი ჰქონდა საშინელ მდგომარეობაში. სხვებს რომ არ გადასდებოდა, იმიტომ უფრო არ მოვიდა.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს და კოლეგებს გვერდში დგომისთვის, უზომოდ მომნატრებია სცენა, სიმღერა, ჩემები… მადლობა, ერო, ვინც გულთან მიიტანა და მიიტანს ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას. მადლობა რუსთაველის თეატრს.

ამ ქვეყანაში დაუფასებლად ვგრძნობ თავს, როგორც მომღერალი, როგორც ხელოვანი. სირცხვილია ეს ამბავი. ქვეყანა გატაშიტუშებულია და თათრულ სიმღერებს მღერიან ქართულ ენაზე, აქამდე დავიდა ჩვენი გემოვნება. ყველას მოუმართოს ღმერთმა ხელი, მაგრამ ჩემგან შორს არის ასეთი რამ.

– გულისხმობთ, რომ თქვენნაირ პროფესიონალს ნორმალურ პირობებში არ უნდა სჭირდებოდეს თავის გადასარჩენად დახმარების თხოვნა?

– დიახ, ეს არ უნდა მჭირდებოდეს. სხვაგვარად კი ვერ “ვქაჩავ”. ჩემთვის არაფრით შეიძლება ნერვიულობა. სოციალურ ქსელში ისეთ კომენტარებს მიწერენ… ეს ცუდი ენერგეტიკაა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ადამიანს. ამ ქალმა შეგვჭამაო, წერენ. ჩემი მეგობარი მეუბნება, მოდი, რა, ახალი ჰიტები გააკეთეო. სულ ახალი არ არის, რასაც აქამდე ვაკეთებ?! კონცერტი არ მქონია და…

2003 წლიდან რომ დაიწყო დაბლოკვები, იმდენი ნერვიულობა და გაჭირვება გამოვიარე… ლოს ანჯელესში მეპატიჟებოდა ერთი პროდიუსერი. სიმღერაც კი მაჩუქა. ჩემი ბრალია, აქ რომ დავრჩი. მაშინ სხვანაირი იყო თბილისი და ვერ წარმომედგინა ჩემი თავი სხვაგან. სხვა მუღამი ჰქონდა ამ ქალაქს. ახლა სულ ეკლებზე ვზივარ. ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ, მაგრამ რთულია, აქ რაღაც გააკეთო.

წელიწადში მხოლოდ ორ კონცერტში რომ მიიღებ მონაწილეობას და თან ამის ფასმაც ისე დაიწია, რომ სამარცხვინო თანხამდე დავიდა. ორ კონცერტში აღებული ფული სადამდე უნდა გეყოს?! გავიგე, რომ ოკუპანტ ქვეყანაში კორპორატიულ საღამოებზე 50 000 ევროდან ზემოთ იღებენ და სიმღერებიც ძვირი ღირს.

კარგი, მე ცუდი მომღერალი ვარ, მაგრამ ჩემი ნუკაც ცუდია?! მე გადამიარ-გადმომიარეს, მაგრამ ნუკას მიმართაც… ამ დროს გაიძახიან, ვაიმე, რა ნიჭიერიაო.

– ფიქრობთ, თქვენც და ნუკასაც სპეციალურად გბლოკავენ?

– თუ მივაგენი იმ ცბიერს, იმ შხამიანს, რომლისგანაც იზრდება ეს ყველაფერი… მიგნებულიც მაქვს და, თუ დავამტკიცე, რომ ასეა, უნდა მიფრთხილდეს! ლოიალური ადამიანი ვარ, მაგრამ წყობიდან თუ გამომიყვან, მტერს!

– საქართველოშიც ხომ ტარდება კორპორატიული საღამოები, იქაც არ გეპატიჟებიან?

– არა, მე აღარსად მეძახიან, რადგან თათრულ-სომხურ სიმღერებს ქართულად არ ვმღერი! ჩრდილოვანი კულტურა ჰქვია სარესტორნო კულტურას, რომელიც ამუშავებს რესტორნებს, კაფეებს, ბარებს. ჩრდილოვან კულტურაში უამრავი ნიჭიერი, დონე მომღერალი და მუსიკოსია, მაგრამ თავისთვის, ჩუმად მუშაობენ.

ისეა ათქვეფილი ეს ჩრდილოვანი კულტურა საესტრადოში, რომ პრეტენზიებიც კი აქვთ, შენ წინ გადაირბინონ. მასას ეადვილება ამ ხალხის მოსმენა და მათთვის არ ენანება ფული.

ერთმა ქალმა დაწერა ჩემზე, ჩემი მეზობელი ისე ავად არის და, რადგან ეკა კვალიაშვილი ცნობილია, მაინცდამაინც ამას უნდა მივხედოთო. უამრავი საქველმოქმედო კონცერტი მაქვს ჩატარებული, საიდანაც კაპიკი არ ამიღია და გადაურიცხავთ ვიღაცეებისთვის ფული. ეს ბოღმა რატომ აქვთ, ვერ ვიგებ. იყვნენ თვითონაც ცნობილები, რა ვქნა, რა დავაშავე?! ამ ქალბატონს მივწერე, სამწუხაროა, რომ თქვენი მეზობელი ახალგაზრდა ქალი ავად არის და, მე თუ შემომივიდა თანხა, მასაც დავეხმარები აუცილებლად, მაგრამ მე რომ დღეს ცნობილი ვარ, ამით რა დავაშავე-მეთქი და გაჩუმდა!

არსად მითქვამს და ახლა ვიტყვი – სოლო კონცერტი რომ ჩავატარე 1999 წელს, დილით გავედი ბაზრობაზე, გავავსე სატვირთო მანქანა პროდუქტებით და ძეგვის ბავშვთა სახლში ჩავიტანე. ახალი წელი იყო, 1 იანვარი და საწყობი ცარიელი ჰქონდათ, საჭმელი არ ჰქონდათ.

– ამ ბოლო საქველმოქმედო საღამოდან რა თანხა შემოგივიდათ?

– ერთხელ რომ შევალ აფთიაქში, იმდენი. არ გამიპიარებია ეს ამბავი. ტელეარხები არ ყოფილან. სამაგიეროდ ფანტასტიკური კონცერტი გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ტაში-ტუში მომღერალი რომ ვყოფილიყავი, დარბაზი გადაივსებოდა და სპონსორებიც გამომიჩნდებოდნენ, მაგრამ ახლა აქედან შემოსული თანხა არ მაძლევს საშუალებას, რომ ვიმკურნალო. ნაწყენი ვარ. თბილისი სიყვარულის ქალაქი იყო, დღეს კი რა ხდება, არ ვიცი.

ჩემი ბინაც კი არ მაქვს. მქონდა ფული, რომ შემეძინა, მაგრამ, რადგან არანაირი შემოსავალი არ მქონდა, ხან წამლის ფული მოვაკელი, ხან კომუნალური გადასახადების, ხან ბავშვებისთვის დამჭირდა… ნაგირავებიდან ნაქირავებში გადასვლა მომიწია. ერთი ქართველი ებრაელია ისრაელში. ის დამიკავშირდა, მითხარი, რა წამლები გინდა და გამოგიგზავნიო.

– ახლა რა სახის მკურნალობა გჭირდებათ?

– გადასაღები მაქვს ხერხემალი, მარჯვენა ფეხი და ხელი… მარცხენა მხარეს თავის საშინელი ტკივილები მაქვს. მაქვს ასევე ალერგიული რეაქციები და 24 საათი წამლებს ვსვამ, რომლებიც იმ წუთას მიხსნის ტკივილს. ეს დაავადება დიდი ხანია მქონია და ვერავინ იგებდა. მთელი ცხოვრება დავიტანჯე. მაწუხებდა რაღაც და არ ვიცოდი, რა მჭირდა. ხან რის ექიმთან მივდიოდი და ხან რის.

ეს დაავადება არსად ჩანს, თუ კონტრასტი არ შეიყვანეს ვენაში და ისე არ გადაიღეს ტომოგრაფია. მეუბნებოდნენ, ყველაფერი წესრიგში გაქვსო. ვეუბნებოდი, ვერ ვხედავ-მეთქი. ერთი პერიოდი სახის მარჯვენა მხარე წამერთვა, ვეღარ ვაკონტროლებდი, პარალიზებული მქონდა. უცბათ დამინიშნეს მკურნალობა და გამოვედი მდგომარეობიდან.

ხელი, ფეხი მიჩერდება. ლიფტი არ იყო, კიბეზე ფეხით ჩავედი და ვკიოდი, ისეთი ტკივილი დამეწყო ფეხისა და ხერხემლის. საშინელი დაავადებაა. ვინც განმიკითხავს, ღმერთმა აშოროს ეს დაავადება, მაგრამ წაიკითხონ ან სხვა გაფანტული სკლეროზით დაავადებულს ჰკითხონ.

ნერვულ დაბოლოებებზე განილევა მიელინი. დენის მავთულებზე რომ იზოლენტა იყოს დახვეული და ის განილიოს, დაახლოებით ასეთი რამაა. ეს ავტოიმუნური დაავადებაა, რა დროსაც შენი იმუნიტეტი საკუთარ თავს ჭამს. რთული და აგრესიული ფორმა აქვს ამ შიშველ ნერვებს და შეიძლება ჰალუცინაციაც გამოიწვიოს, შეიძლება პარალიზებული გახდე.

– სიარული გიჭირთ?

– ძალიან მიჭირს სიარული. თუ დამეღალა წელი და ხერხემალი, თუ არ დავჯექი, ფეხს და ხელს ვეღარ ვაკონტროლებ. თვალებშიც გადამითეთრდება ხოლმე. მეტყველებასაც მიშლის. ახლა კი ვმეტყველებ, მაგრამ პერიოდულად მიჭირს.

– როგორი ცხოვრების წესი გაქვთ ახლა, უმეტესად წევხართ?

– არა, არ ვწევარ. შემიძლია თუ არა, ყოველდღე ჩავდივარ ჩემი 5 წლის შვილიშვილთან, ლუკასთან ერთად და ცოტას დავდივარ, რომ სისხლმა იმოძრაოს. ვფიქრობ, რომ ჩავწვე, მერე უარესი იქნება. თუ გართულებული მაქვს მდგომარეობა, სიმღერაშიც ხელს მიშლის. ვცდილობ, დიდხანს არ ვიდგე ფეხზე, რომ ხერხემალი არ დამეღალოს. ყოველდღე მაქვს თავის ტკივილი და ალერგია. ჩემი ენერგია სადამდე გაქაჩავს, არ ვიცი.

ლუკა ჩემთან ცხოვრობს. კიბეზე რომ ჩავდიოდი იმ დღეს, ვტიროდი. წინ დამიდგა და მეუბნება, ეკა, გამომხედე, ყველაფერი კარგად არის და უფრო კარგად იქნება, დაწყნარდიო. ასეთი არაჩვეულებრივი ბიჭია.

– ნუკა და მისი უმცროსი ბიჭი თქვენთან ერთად არ ცხოვრობენ?

– არა, ცალკე ცხოვრობენ. მეც ასე მირჩევნია.

– შემოქმედებით მუშაობას ახერხებთ?

– იმდენად მიყვარს ჩემი საქმე და იმდენად მაგარი ვარ, როგორც ხელოვანი და როგორც პიროვნება, ახალ სიმღერებსაც ვქმნი, მაგრამ სახლში ვზივარ.

– სხვა რაიმე საქმითაც ხომ არ ხართ დაკავებული?

– მე ვარ არტისტი, სიმღერების ავტორი, ვოკალისტი. სხვა რამე რატომ უნდა ვაკეთო?! ამის გარდა, არაჩვეულებრივი ნაშრომები მაქვს. ეს არის სულიერებასთან დაკავშირებული ნაშრომი და დიდი სურვილი მაქვს გამოვცე, მაგრამ ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ნაშრომში აკადემიკოსის წოდება მომცეს. ასე რომ, აკადემიკოს ეკა კვალიაშვილს ესაუბრებით! (იცინის).

ძალიან მინდა, მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის კაბინეტი გავხსნა. ეს არის სულიერებაზე დაფუძნებული, ძალიან საინტერესო რამ. ბევრს დაურეკავს ჩემთან და ბევრს დავხმარებივარ. ამხელა გაჭირვებისა და პრობლემების შემდეგ რომ ფეხზე ვდგავარ, ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ ეს ფსიქოლოგია მეხმარება.

ასევე, ჩემს ცხოვრებაზე ვწერ წიგნს, რომელიც სერიოზული ბესტსელერია. მე ის თაობა ვარ, რომელმაც ბევრი პერიპეტია გამოიარა და ყველაფერი აღწერილი მაქვს, ასევე ჩემი პირადი ცხოვრებაც. ისეთი საინტერესოა, ვერ მოწყდებით. თურმე წერაც შემძლებია.

ერთი სიტყვით, მე ამ ქვეყანაში ვარ ვარსკვლავი, კარგი მომღერალი, მაქვს ავტორიტეტი, მაგრამ არ მაქვს ბინა, კონცერტები და შესაბამისად არ მაქვს შემოსავალი, არ მაქვს შესაბამისი დაფასება.

– 6 წლის წინ როცა ჩატარდა თქვენი საქველმოქმედო საღამო, მაშინ ძალიან დაგეხმარათ ხალხი.

– მაშინ რომ ვერ გავარკვიე, რა თანხა გადმომირიცხა ხალხმა, ადვოკატი ავიყვანე. მაინტერესებდა, რამდენი გადმოირიცხა ჩემამდე. აღმოჩნდა, რომ შემოვიდა 84 ათასი ლარი და ჩემამდე 27 ათასი მოვიდა. ახლაც დაიბეგრება შემოსული თანხა და იმდენად ცოტა მოვა ჩემამდე…

უბრალოდ, მართლა მოვისიყვარულე ჩემთვის მონატრებული სცენა და კოლეგები, თორემ პრობლემა პრობლემად დარჩა. არ ვწუწუნებ, მხოლოდ ვყვები ამბავს, რაც ჩემს თავს ხდება და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოს საშინელი კომენტარებისგან. თუ ვინმეს არ უნდა ჩართვა ქველმოქმედებაში, მათი ნებაა.

– თქვენ გვერდით რომ დღეს მამაკაცი არ არის, თქვენი ხასიათის გამოა, რაიმე შეცდომა დაუშვით თუ ღირსეული არ შეგხვდათ?

– მე შეცდომა არ დამიშვია! ჩემ გვერდით მამაკაცი იმიტომ არ არის, რომ ვერ გაქაჩეს. მამაკაცი ისეთი უნდა იყოს, რომ ოჯახში ჩემზე არ გადაიაროს ყველაფერმა. თუ ასეთი არ არის და თავიდან მოგაჩვენა მხოლოდ თავი, ჩემ გვერდით როგორ იქნებოდა?! ასეთ დროს მივდივარ, რადგან არ მჭირდება. ზედმეტი ტვირთი არავის სჭირდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი